თაფლი გამოტოვა?
ჩაშენებული ვარ მის კედლებში, ზოგჯერ ყირამალა, რადგან ქალაქის ამ მონაკვეთს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა სახე, როგორც ქართლის სოფლებს ატმის სუნი, ხშირად ფერთხავენ, თავის ადამიანებიანად: გინდა ქვესკნელში ჩავარდი, გინდა ცისკენ აიღე გეზი! ნებადართულია ბესიკ გაბაშვილის მიმართ ცალმხრივი სიყვარული. დედას კარაქიანი პური უჭირავს ხელში ფარანივით. თაფლი დაავიწყდა? რომ მომესწრო და ვაჟასთვის მიმეტანა ამ თეთრი პურის კილოგრამები, ან ფიროსმანისთვის! როგორ გათბებოდა! უცხო ჟირაფს აღარ შემოიყვანდა სახლივით პატარა ქალაქში... ამსიგრძე ყელი ან ყულფს ითხოვს, ან დამოკლებას, ეს რომ გააკეთონ და ხელები დაიბანონ? მაგრამ ხელებს არ სვრის სისხლის იდეა, რომელზედაც ტკბილად აჟრიალებთ. მერყევი სიცხე ლითონივით თანაბარი რომ გახდება, თაფლს წავისვამ შაკიკზე და მზეში დავჯდები, ძვირფასი სიმბოლოების გვერდით. ამიტომ ხომ არ გამოტოვა დედაჩემმა ეს ჟესტი თავის დროზე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი