კლასიკა


ადამიანის ბოლო ვნება —
ჭამის სიყვარული,
ლიტერატურული პარალელი — რაბლე,
მრგვალი და მონუმენტური
მუცლების მამა!
ქონის ნაჭრებით
მოკირწყლული გზა მიდის მისკენ,
უზმოზე რომ გასინჯო,
მარმარილოდ გადაიქცევი.
მე კი დილას წყალი მიყვარს,
ხისტი, თაფლით გაკეთილშობილებული,
ოღონდ ჩაშაქრების
და გადარბილების მეშინია,
გაქვავებისაც,
სიფხიზლისთვის პილპილს ვხმარობ,
მაღაზიის მურაბაში
კომშის ნაცვლად ღვიძლები ყრია,
გადიდებული, სიყვითლემორეული:
დედაჩემს — შიშისგან,
მამას — ციროზისგან,
ჩემი — უზმოზე ემოციების
ჭამისგან...
ხაზგასმული პილპილი
და ნაღვლიანი მურაბა
წონასწორობას აკარგვინებს მოსახლეობას.
ამომიღებენ სიტყვებიდან
და პირდაპირ ბაზარში
ჩამაგდებენ: ხორცის, ფულის,
ხილის სიმრავლეში, ცხოვრების ზეიმზე.
რაბლე სხვა იყო —
რენესანსის მკრეხელურ ჩარჩოს
მსუქანი ჩუქურთმებით ამკობდა...
კიდევ ერთი რაბლეზიანელი მიყვარს,
ყავის სმამ რომ მოკლა...
ნეტა ამდენი
რემიქსების, კომიქსების,
ტალახში ღორებივით
ჩაწოლილი ბაზრობების,
ამერიკული პრონონსის ფონზე
თუ კლავს კლასიკის სიყვარული?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი