გეხმარებიან იმ ქვეყნიდან?


შენი უთო ცივია, დედა!
ვეღარ ათბობ ლოგინის თეთრეულს,
რომელიც დაძველდა, დაკორკოშელდა,
თითქოს მარილის მარცვლებზე ვწევარ.
მარილი მაშინ არის მართალი,
როდესაც სიტყვას დაიმგვანებს.
მწარე სიმართლე
იმაში მდგომარეობს,
რომ მე მარტო ვარ,
რომ ვერავის ვერ მოვუყვები,
როგორ მომკლეს,
როგორ გავრბოდი
სისხლით სავსე ჭიქასავით
და მომდევდნენ:
ზომიერები, თანაბრები, ობიექტურები,
რომლებმაც შესაფერის
ჭურჭლად მიმიჩნიეს
თავისი ნერვების ჩასადებად,
ფესვი რომ უნდა გაიკეთონ,
მჭახედ აყვავდნენ!
ხომ სჭირდება თვალის სეირი
ბაბუაწვერასავით ამჩატებულ,
ჩიტის პენსიაზე მყოფ მოსახლეობას!
როცა რძეს პლასტმასის
გემო აქვს,
ზიხარ პურის
და წყლის საპყრობილეში,
ისეთ უჰაერობაში, რომ
პირიდან ფილტვები გიჩანს,
შეგშურდება კაშკაშა პარანოის,
აბა, რა იქნება!
იმ ბოლო იმედსაც, რომ
დედას უთო გაუცხელდა (მზეს მიუერთეს?)
და, შეიძლება, თბილი ლოგინიც
გაახერხოს ამ ჯოჯოხეთში...
დედა, შენგან მივიღე მემკვიდრეობით
ეს სტატიკური მაძღრების
და სისხლით სავსე
მორბენალი ჭიქების ქვეყანა,
რომელიც მაგიდასავით ექცევა მათ
და თუ გადმოაგდო,
ყველანი დავიმსხვრევით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი