სასჯელის ახალი ფორმა
ნაღველის ყვითელი საღებავი, გადასხმული სტრესებზე, სისხლის კინოვარი — გულზე მაინც შავ-თეთრი ცხოვრება... სახლიც ჩრდილში დგას, ერთი სხივი რომ დაგჭირდეს რადიკულიტში ნემსივით ჩასარჭობად, ვერ იშოვი. ამაზე, შეგიძლია, ჯერ კიდევ, ისე ილაპარაკო, რომ გარშემო მყოფთ ლექსი ეგონოთ. რეფრენი: — რა კარგი იყო, როცა ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობდი და ვიოლინოს გასაღებით აღებდი კარს. ტექსტი, მუსიკა: ხაზგასმული ფალიაშვილი, გუნდი, მზეს მიშტერებული დაჭყლეტილი მრგვალი თვალებით, მაგრამ ბაღი სოლისტების წამწამებს შუა... ვითომ ტრადიცია გამოაგდებს ამ მეტაფორას? თუ შენი გაუცხოებული ხმა, კიდევ რომ შერჩა ვარდის და ზღარბის მონაცვლეობა, მოდულაციები, მიშვებული მეჩხერ კბილებში თაფლის შესქელებამდე... რას გიზამენ? გარდა იმისა, რომ განაჩენი გამოუტანონ შენს ხმას — სიკვდილით დასჯა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი