თვალს წყალი დაალევინე!


ტკივილის მოლოდინი _
ასი წურბელა გულში...
ბოლომდე რომ შევასრუტინო
თავი, შევცვალო
ავადმყოფობის ლოგიკა?
ტკივილი-შვება-ტკივილი _
ექიმების შემოთავაზებული რემისია?
მის ჩარჩოში _ ამინდი არავითარი.
მე რომ დავაყენო?
ცის პატარა ნაგლეჯი გალაკტიონისგან,
ლორკასგან _ ოქროს საძოვარი
ხარებისთვის _ ჩემი
პოსტმოდერნისტული სიხარული...
მაგრამ გამშრალ პირზე
მარილის ბოქლომი,
შაქრით მოტყუებული ჩაი
ცივდება მაგიდაზე...
რაც თიხაზე ცეცხლი დამაკლო
ღმერთმა, ქვენა გრძნობებს მოვახმარე,
ტანის ისეთი ჩუმი ძახილით,
რომ თვითონაც ვერ მივხვდი,
რას ვაკეთებ, რატომ ვმალავდი?
რომ ვიღაცის უწურბელო გული
არ შემეწუხებინა თუ საიქიოს
სვეტებიანი ფაქტურა?
დაწყევლილი გენეტიკა
დახმარებას მთავაზობს:
«თვალს წყალი დაალევინე!»
რა ენა ყვავის ნანგრევებში!
რა კაცი მოდის, ცნობილი მზესავით!
უკვე იღიმები მის დანახვაზე.
მეტს ვეღარაფერს გასწავლის,
ათივე თითიდან გამოწოვა,
რაც შეეძლო,
სხვისი სისხლით შეღება,
დაამკვიდრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი