იქნებ, გზაში დაიღალა


რა მეზობლები დავკარგე!
რა სიმღერები ფანჯრიდან!
თითქოს რამდენიმე მეტრი
აბრეშუმი გადმოაგდეს,
ჰა, ამოდიო!
ვერ ვუმართლებ იმედს,
თავს ვეღარ ვიგიჟიანებ,
აკადემიურობით დამთრგუნეს,
გაკრული ასანთები ჩამიქრეს ხასიათში.
ამას გულმოდგინედ ვმალავ
და, ასევე, ღია რჩებათ ფანჯრები,
ენებივით გადმოგდებული აბრეშუმი,
სიმღერაც პირზე შეაშრათ
და მაინც რა გულისამაჩუყებლად
ფიქრობენ ჩემზე: `იქნებ გზაში დაიღალაო~,
როცა მე უანგინო ყელში
ვოკალს მიკრიალებენ,
ზედ კონსერვატორიის აგებას ცდილობენ,
იმათ ვუყვარვარ, ამათ უნდა გამომიყენონ,
ყელზე კათედრები გამომაბან
და აკადემიურ გარემოში ჩამძირონ.
ჩემს თავზე ხანძარი
შუქნიშანივით აღარ მუშაობს _
ბრძანება გაცემულია, ზომები _ მიღებული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი