ფანტასმაგორია


ეს რა ვაგნერი აუტყდათ!
რა წყლების დაღვრა სხვენიდან სარდაფამდე!
რა მოლოდინი ბავშვის, რომელიც
ასევე დაიბადება, დროშით თავზე,
ტაშტებში ფეხებჩაყრილი კაცების გარემოცვაში,
ქალების, რომლებსაც ტელევიზორი აორსულებს,
პირველ რიგში
ბატალურ სცენებს უხელმძღვანელებს,
პატეფონის მწვანე კოლოფიდან
ამოღებულ მუსიკოსებს ვაგნერს შეაჭმევს,
დედ-მამას _ დარდს...
ეს ხომ არ იციან,
მუცლით ხომ ვერ დაინახავენ,
მხოლოდ მერე, დიდი ხნის მერე
ცრემლიანი თვალით...
მაგრამ ასეც შეიძლება მოხდეს:
იგივე ვაგნერი,
სისხლისდენა სხვენიდან სარდაფამდე,
მოწყვეტილი ნაყოფი, რომელსაც
მხოლოდ ნათება უნდოდა
და მისვლა დედის ცრემლიან თვალთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი