მისცემდი შენს სისხლს ხეებს?..
მისცემდი შენს სისხლს ხეებს? სულერთია, რომელი ჯგუფის, დადებით თუ უარყოფითრეზუსიანს, მთავარია, გაიმეტო და არ იფიქრო, რომ ხეებისთვის სისხლის გადასხმა ისეთივე სიგიჟეა, როგორც დაუწერელი ლექსი, დაწერ და, სველ ზეწარში გახვეულივით, დაწყნარდება... შემდეგი ეტაპი _ ლობოტომია: ტვინის იმ ნაწილს გაგითიშავენ, ბუნების რომ ესმის. რა დროს ატავიზმია XXI საუკუნეში! ხეს, არ იციან, საიდან მიუდგნენ. როდის აქვს გონება უფრო უმწეო, როცა ძეგლს ჰგავს თუ კვირტებზე რომ მშობიარობს? არ გამორთოთ ტკივილი! თორემ არაფერი აღარ გაჩნდება: სიმწვანე, ბავშვი, სიტყვები, ლექსად დაწყობილი. ხე მაინც შენზე ლმობიერია, ყველა შემთხვევაში, ფოთლებს დაგაყრის, მიწას დაგირბილებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი