მაინც, გირჩევენ


თქვენ რა იცით, რა დროშები ფრიალებს
წნევის მეორასე ხაზზე!
რა ვერცხლისფერი სტიქიაა.
ლოგიკას ვერ მიუყენებ,
შაქართან ერთად ათქვეფილი სისხლიდან
ნათელ ფორმულას ვერ გამოიყვან.
რაღაც გუმანით კი ხვდები,
როდის დაატეხო თავზე ქიმია,
ყოველგვარი შელამაზების გარეშე,
რა დროს უთხრა, რომ ვალოკორდინი
იების ნაყენია,
როდის გამოწელო პირიდან ენა
და, ძაღლივით, ტკივილი ულოკო,
იქნებ, ნერწყვში რომ ჯადოა,
განგრენა შეაჩეროს,
იქნებ, თვალის ფსკერი რომ ჩაუბნელდა,
ლაზერით კი არ დაწვა,
მთის ბროლი ჩაუყენო,
მთელი სისხლი გამოიწურო,
ცოტა თავი რომ გაუნათდება,
შენგან ლიმონის ნატურმორტი გააკეთოს,
ძეგლივით შეინახავდი საკუთარი საფლავისთვის...
მაინც გირჩევენ, რა უნდა ქნა და რა არა,
როდის იტირო, როდის გაჩუმდე,
სულ ბოლოს,
ქატო და ფქვილი როგორ გაანაწილო
თუ არც ერთია და არც მეორე,
ტკივილისაგან კი პურს ვერ მოზელ
და შიმშილით მოკვდები,
საკმარისი იქნება საერთო კმაყოფილებისთვის?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი