თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის - 
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის - 
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის - 
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის - 
თოვლი, თოვლი, თოვლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი1 თვის წინ

საოცარი გრძნობით ნაწერი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი