მელოდე


მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - 
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,- 
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი