მე მხოლოდ მახსოვს..


მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა, 
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია
და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი