ეს იყო წელი ...
ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი, გემთა მლეწავი და გამრიყავი, როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი და დამნაშავე ჩვენვე ვიყავით. როცა აყეფდნენ ჰაუბიცები და ზღვაში შავი ჩაწვნენ ნაღმები... გულის წამღებად სცრიდნენ ღრუბლები, გრიგალიც ჰქროდა გულისწამღები. იდგა ჩრდილებში სიკვდილის სვეტი და მრისხანებას სცდიდა ცელისას. ოცდაცხრამეტი, ოცდაცხრამეტი ბევრს აიწონის შემდეგ წელიწადს, ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი, გადაყოლილი ცეცხლსა და დემონს. როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი, სამარადისო წამებავ ჩემო. როცა წამოდგა ზამთრებით ქარი და დასავლეთში ფრთები გაშალა. როცა ჩამოჰკრავს ბრძოლების ზარი და ომის ღმერთებს შახსნეს ავშარა. თვალით სინჯავდნენ ერებს ერები, სიჩუმე სცემდა გარუჯულ ძარღვებს, წამოდგნენ ლურჯი კრეისერები, ზღვა გააპე და ეძებდნენ ნაღმებს. ტყვიაც ეძებდა სისხლიან წერტილს, ცაც ჩამოწვა და სისხლი წაიცხო. ასე დამთავრდა ოცდაცხრამეტი და მეორმოცე ასე დაიწყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი