მოხუცი მიამბობდა
მიამბობდა მოხუცი, ოხვრითა და ხველებით, ჩიფჩიფებდა სიბერე, როგორც ღამე ველებში. გარედ ქარი ხაოდა გამოუცნობ ბგერებით, ტყის ხმაური ისმოდა ბუების სიმღერებში, ეხლაც მათმა ძახილმა გორებს გადაუარა: "თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ _ არა??!!" და მოხუცმა მიამბო... ო, ბევრი რამ ძალიან, ქაჯების მონატაცმა გოგომ, ოქროს თმიანმა, სატრფოს დაშორებულმა, შხამი როგორ დალია, როგორ გადაარჩინა ანგელოზმა ფრთიანმა. ხმამ ქარის მონატაცმა თავზე გადაგვიარა: "თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ არა???!!!" კვლავ ვუსმენდი გულდაგულ, გარედ ღამე ზმუოდა, ბაყაყების ყიყინი მოისმოდა შორიდან, ციმციმებდა ვარსკვლავი, თითქოს რამეს სტყუოდა, მთვარე იმზირებოდა აყუდებულ გორიდან, მოხუცს ძილმა მოსტაცა, მოურჩენი იარა, ბუები კვლავ სტიროდენ: "იპოვნეო თუ არა?.."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი