შავნაბადა (პოემა)
1 მთებს დაუჩნდათ თეთრი ჯიღა, თეთრი ღამით დანაფარი, - ნისლი გდია ერთი მჯიღა თუ ლამაზის სარაფანი? აქ ჩურჩული ძალზე ნელი ყოველღამე თურმე ისმის, გამოძვრება მერე გველი, იღებს ხვთისო, ცაში ისვრის, ისვრის ცაში, მაგრამ კაცი გზას გადასჭრის ეგზომ მკაცრი. ერთი ხელი გრძელი არის და გველი წვრილწელიანი, - მკლავს ეხვევ, მკლავი ხვითოს ეტანება გველისდარად. კაცი ზმუის, გველიც თითქოს ცას შესწივის შესაზარად. და დილამდის გასტანს ჟრჟოლად გველისა და კაცის ბრძოლა. ჰასაყდარი, ჰა ხეები, ერთურთს დატოლებულები. გაღმით ჩანან ციხეები რუხად აბოლებულები. აქ მოვიდნენ გოგონები და ატირდნენ მოგონებით, ერთზედ შეყვარებულები. - გოგონებო, აქ არ იყოს ჩოხაგაღეღილი, ეშმაკობა არ შეგვიტყოს, გოგონებო, ფრთხილად. იქნებ სძინავს საყდრის შიგნით, ან სვეტს მოეფარა. არ გაგვიგოს გულის ფიქრი, დაიმალეთ ჩქარა. გალავანი ასწლიანი უკერიათ ღერძებს,- გდია ლოდი ხავსიანი და შენობას ეძებს. აგერ მტკვარიც ძველისძველი უკვე ნაპირს გასცდა. გულს ეყოფა ასი წელი ამ ერთი დღის განცდა. და თქვენც, მთებო, რუხო მთებო, კავკასიის დებო, ნიავი ქრის, ლამაზებო, ნანა ჩემო მთებო... მერე დასხდნენ საყდრის გვერდით, გამოეყო ტოლებს ერთი - ხედვა ოდნავ ალმაცერი დობილის მკერდს უღუტუნა, დაისველა თეთრი ცერი და დაიწყო ცუღლუტურად: - ”ალხო, მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფეხი - ფეხმანდუკი. აბდა - უბდა - გადასკუპდა. ჰგევხარ ქაჯებს, მეფევ, დაჯექ, სკუპ”, - მაგრამ ქალმა, ქალაშავამ ღამდებაო, წრე ჩაშალა. ფურჯიხვივით წამოფრინდა, აიყოლა სხვა ქალებიც. ერთი დარჩა... დაიბინდა, დარჩა ოდნავ ნამკრთალები - და გაუწვა ღამის ზეფირს გაღეღილი საკინძეთი. - მეგობარო, ზეცის ტატნობს აუტირდა მიკიოტი. რისთვის დარჩი ასე მარტო, ვითომ სახლში მიდიოდი? გოგო, უკვე დედა გელის, გზას გასცქერის დედაბერი. წადი, ვინმე აუგს გიზამს, მარტოს ვინმე შეგეყრება. ტანი გიგავს სინდის ისარს, მშვილდად ვინმე აგეკვრება. დაბნელდა და როგორაო - სახლში წადი გოგონაო. ძველი იფნი ჭრიალებდა, მკლავმსხვილა და ტანხატულა, ქარმა ნისლი თრიალეთთან კურდღელივით აახტუნა. და გრიგალი ნისლის ციხეს, ხან ლურჯსა და ზოგჯერ ქერას, ხერთვისიდან წამოიღებს ვაზიანში დასაფენად. წამოიღებს არ ასვენებს, ზოგჯერ გეზი აერევა, ასჯერ მაინც ააშენებს, ასმეორედ დაენგრევა. მთვარე მოდის, ის კი დარდობს და დიდებაც დაიჯერა. იგი ას გულს გადაადნობს ერთი გულის მოსარჩენად. წამოხვეტავს ბამბის ფთილებს, ალაგ-ალაგ დაფენს ჩრდილებს, მერე მთვარე, ცივი მთვერე, ღრუბლის ნაბადს მოიფარებს, და ველს ზემოთ მუქი ხენი მოტირალად შექუჩდება. ღამე ფშვინავს გულოხერი, მერე ღამეც გაყუჩდება, არც ნიავი აჩქარდება, არც მდინარე აჩქამდება. და ლოდებზე ცოტა დაბლა ნაბადმოხდილ ყაჩაღებთან, - სიჩუმე და შიშის ზაფრა ხანძარივით გაჩაღდება. გადაუვლის მწყემსის თეოს, ბუ რომ კივის ღამისფერა: -ვერ იპოვნე, თევდორეო, - -ვერა... ვერა. გოგომ ქვევით გაიხედა, მოჰყვებოდა ბიჭი ბილიკს, ზოგჯერ ჩრდილი ჩაიხვევდა ნაბიჯს, დინჯს და ოდნავ ირიბს. ჯერ იფიქრა - დავი,ალო, არ გამოვჩნდე ბიჭთან, ახლა ბიჭი გააქვალოს უსაფუძვლო იჭვმა. უცებ იცნო: უცხო იყო, ტანზე ჩოხა როდი ეცვა, (მერე სხვაბიც ამოვიდნენ და შეგროვდნენ ხესთან ვიდრე, მთამაც ნისლი აიკეცა). მოცისფეროჩრდილებს შლიდა მოქანავე ვერცხლის ფარი, ქარს ჰქონდა შიგდაშიგა მეგობართა ნაუბარი. საუბრობდა მხოლოდ ერთი, და სიტყვები, ასე მკვეთრი, შავ ღამეში ზუზუნებდა, და ჩუმ მეგობართა შორის ვინმე ჩაიფურჩულებდა: -მართალია, ბორის!.. -მართალია! - ღამე ჩუმი იმეორებს ქართან ერთად. -მართალია! - და ჩურჩული დაამოწმებს გულის ფეთქვას, როცა წმინდა გრძნობით ნაქსოვს იშველიებს კობას აზრებს. -რატომ ცოდნა არა მაქვსო, - გოგოს ნატვრა გააბრაზებს. და როდესაც ფრთხილმა თვალმა ამხანაგთა დაშლა ბრძანა, გოგო თუმცა ლოდთან დარჩა, გული ლოდთან არ დამრჩალა. ...ჯერ კი იდგა, როგორც სევდა, მიწისა და ღრუბლებს შორის, მერე ბილიკს ჩასდევდე და ჩურჩულებდა: ბორის!... * * * სახლში იწვნენ, დაწვა ისიც - ძილი სადღა გაპარულა?! სადღაც ზარის რეკვა ისმის, მიწა ოხრავს დაფარულად, ოხრავს მერე, როგორაო, დაიძინე, გოგონაო. * * * გამოცურდა მთვარე-გუნდა, გული დაადარდიანა. დაიძინე, თორემ უნდა დილით ადგე ადრიანად. მალე მთვარეც მთებში ჩავა, დაიძინე, ქალ;აშავავ. * * * ან ჩამოდის დაბლა ეგებ, შუქი ფანჯრებს ისე ათოვს. უძილობას გაიგებენ, ბუებს გაუხარდებათო, ქარმაც ნისლი მოკონაო, დაიძინე, გოგონაო. 2 ქვანან, როგორც კამეჩები, თითქოს აღარც გული იცემთ. რაღაც ჩუმი გალენჩებით იცოხნიან დღეთა ფურცლებს. მაგრამ, როცა ელვის თვალნი ქართან ერთად იალებენ, ღრიალებენ მაშინ მთანი, ლომებივით ღრიალებან. დაიყრიან ყვითელ ფაფარს - ლოდინი ყეფს საზარ ხმაში. ღრიალებენ ისე მძაფრად, ისე მწარედ ყეფენ მაშინ, - აშლის ღრუბლის სველ ჭილობებს გამთოშავი ქარის ფრთები. თითქოს დევნი ქორწილობდნენ, რრიალებდნენ მთვრალი მთები. და დილით კი, როს ცრდილები გაჰყვებიან ღამის ბოდვას - წვანან ისე მორჩილები, თითქოს მშვიდად სძინებოდათ; წვანან, როგორც კამეჩები, ვიდრე ბინდი მზეს დაბადებს, ფშვინავენ და გალენჩებით იცოხნიან განთიადებს. * * * ვერცხლნარევი ზეცის უბე დაზნექილა, დაშაქრულა. მზე ამოჩნდა, მერე ღრუბელს სხივი მოსდო ავშარულად. მესვეური მკერდშიშველა მიწას აყრის სხივთა ულოს. ხევსურული დაშნა ელავს, თუ მართლა მზე ორლესულობს? ალაპლაპდა მღვრიე მტკვარი და იქ, სადაც ქოჩორს ირხევს, ყვინთავს ციხე, რუხი ციხე, ამაყი და მაინც მტკნარი. და ციხეში უმანდილოდ მოიყვანეს გოგო დილით. * * * იქ, უფროსთან, ჩუმი დაღლა წუთით იგრძნო გული ფეთქვამ. -”ნუ ჯიუტობ, გოგო, ახლა სჯობდა ყველაფერი გეთქვა. ვინ იყავით? პასუხს ველი. შენს ხელშია შენი ბედი. გინდა - ქახვალ უვნებელი. გინდა - სიკვდილს შერიგდები”. -”უი, დედას გეფიცებით. გალავანის ახლომახლოს, არავინ არ დამენახოს, არ გამიწყდნენ კარგი ძმები. საყდარია, ქვები ყრია, იქვე ხე დგას ახალგაზრდა. არავინ არ მინახია, იმ ხისა და ლოდებს გარდა. იქნებ კაცისმაგვარ ლანდად ვინმეს მოეჩვენა რამე, ქარი იცის შავნაბადამ, ნისლები და თეტრი ღამე. საყდარია, ქვები ყრია, იქვე ხე დგას ახალგაზრდა, მე არავინ მინახია, იმ ხისა და ლოდებს გარდა. სხვა რა გითხრათ, სულ ეს ვიცი, თუნდ ხატებზე დამაფიცოთ”. -”ქალო, ცრემლი ამაოა, მხოლოდ თვალი გალურჯდება. ხვალ უშენოდ მზე ამოვა - გღუპავს შენი დამუნჯება. გსურს? - იცოცხლე კიდევ დიდხანს, ოღონდ კრების რამე გვითხარ!” მაგრამ ქალი სიტყვის ნაცვლად დუმდა მკაცრად. * * * ო, ეს ღამე... ცივ ლოდებთან მხოლოდ მთვარის ლანდი მოვა, ხე გრიგალებს ელოდება და დუმილის მკაცრი დროა. შავო ციხევ, ქარნი ქრიან მთებს გადაღმა შენაბერი. ნეტავ ლიბო დაგინგრია, მოკვდეს შენი მშენებელი. მოკვდეს ბედთან ნაშარები, ვინც სიშავე დაგიბედა, ვინც კარი და ფანჯარები ცივი რკინის დაგიჭედა. ამ კლდეებმა ბევრი დილა და ბევრი გზა გადაღობა. ხალხის ცრემლით დანესტილა შენი ლიბოს ძვალმაგრობა. გული ვერვინ დაგირბია, ქვის გული და ლურჯი ქავი, ბევრი მკლავი დაგილპია, ჯიშიანი ვაჟის მკლავი. გაციცხლდა და ცაში ადის მათი გული ხვაშიადი. * * * და ამაღამ, როცა ლურჯად ღრუბლებს შუა ელავს ქარი, როცა მთები გაირუჯა და სავლეგო გახდა მტკვარი, როცა მთვარეს სავსე ცურით მოეწყინა სერზე ჯდომა, გახდა ასე საცნაური თმაყვითელი შემოდგომა. აქ ვინ გაძლოს? თანაც გვიან ღამე ფშვინავს შენებრ ბნელი. ნეტავ ლიბო დაგინგრია, მოკვდეს შენი მშენებელი, მოკვდეს იქნებ ცრემლო გვიზღოს ტანჯულ ხალხის დავალევად. წაჰყვეს ჩემი ჩუმი ზიზღი, შენი ჩუმი დანანება. დაჰკრან ზარი... გახსნან კარი, ფოლადისას სტეხენ შვილდებს. შენს კედლებსაც ცეცხლის ქარი, შენს ლიბოსაც ქარი შლიდეს. ოღონდ ჩქარა, თორემ ღელვით ვიღაც მღერის: -”დაცვივიან დღეები, გაივლის დაბინდება, ტანტიტველი ტყეები ისევ აბიბინდება. ცა რომ გადიბარდნება მწვერვალს გადეზნიქება, მაშინ ქარიც ჩადგება, და აღარც მე ვიქნები”. 3 სად წასულან მაინც დრონი, ის დღეები სად წასულან? ის ღრუბლებიც საავდრონი გამქრალან და დათარსულან. შუახანი გადაცვითეს მაშინდელმა გოგონებმა, ბევრი ღიმი გაიცრიცა, დარჩა ბევრი მოგონება. -დიდედება თქვენ, ვინც შიმშილით გაიარეთ გზა საძნელო, დიდება თქვენ, კომკავშირის მილიონო ძნელაძენო! ქარის შემდეგ მზა მოვიდა, ყიამეთში თქვენ რომ გეხმოთ. მოჰყვა გმირთა ხსოვნა წმინდა და გარდასულ ბრძოლის ეხო. ვინც იბრძოდა, ვინც იწოდა, ვისაც ხალხი ჩაჰყვა დარდად. ვინც სხვა სიტყვა არ იცოდა, ერთი სიტყვა ”ბრძოლის” გარდა - მათი ხსოვნის ნიშნად შევსვათ, მათ გაკვალეს გზა საძნელო. ძმებო ასწით აზარფეშა, იყოს გმირთა სადღეგრძელო... * * * ახლა ქართლი ვიღამ იცნოს? ჩვენ, ვინც სიკვდილს ნატვრად ვთვლიდით, აღარ გვეყო მიწა ვიწრო, ცას იმიტომ ავუცვივდით. ამირნობა სდომებიათ, ლომურად რომ ირჯებიან. განა მართლა ლომებია? ჩვენი უბნის ბიწებია. მზეს სიშორე არც ენებოს, ლეგა ღრუბელს ცამ აჯობა. -გამარჯობათ, არსენებო. -როსტომებო, გამარჯობათ... -გამარჯობათ, მეც იქ მივალ, სადაც თქვენი მიჯნა არი, ერთი ჩუმი ჯეილი ვარ, ჩემი ქვეყნის ერთი ლარი. უფრო მარჯვედ, უფრო მკაცრად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის კართან. მთება გახედეთ! ქვების ნაცვლად ძვლები ყრია ქინაპართა. მზეს სიშორე არც ენებოს, ლეგა ღრუბელს ცამ აჯობა. -გამარჯობათ, არსენებო,. -როსტომებო, გამარჯობათ!.. * * * იქ კი, სადაც კვიპაროსებს დაუხრიათ წამწამები, ნაძვი რტოებს იგოროზებს, გრიგალისგან ნაწამები, დგას ძეგლი და ქალაქს იქით გზებსა სინჯავს ცივი მზერა, ან ქარებში იბრძვის ფიქრით, ან შორეულ ხანძრებს ზვერავს. და ერთ დილით ბაღში ერთგან კოლმეურნე ქალი შედგა, დააყურა ხეთა დუმილს და, უცნაურ გრძნობით სავსემ, ძეგლს შეხედა, მერე ჩუმი ფიქრობდა და იდგა ასე. იდგა, სიო მთებსა შლიდა, ტანიც ისე მოტრიალდა, მხოლოდ წარბი მოიშვილდა, მხოლოდ თვალი მოწყლიანდა. გულმაც წუთით იგრძნო სევდა, ნამდვილი და მაინც შორი, მერე ქუჩას მისდევდა და ჩურჩულებდა: ბორის!.. * * * ქართლის მიწავ უტკბილესო, საყვარელო ქართლის მიწავ, ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ! ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს, ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს, კავკასიონს, ცამდე აწვდილს. შვნაბადას, გულდაჟანგულს, ამ ბუცქებს და იმ ქერა ნისლს, დილაობით შენ რომ იცვამ, დაცემულთა დაქცეულ სისხლს, დაღუპუილთა ხსოვნას ვფიცავ, ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს, სანამ ნისლებს შემოახვევს, სააკაძის ხმალის ნატეხს, უკვდავებით ნათილისმარს, ნარიყალას წარსულ სახეს, აწ დარცენილ ლიბოს ვფიცავ! ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს, ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! - თუ ოდესმე, როგორც ძველად, ამ ცას ვინმე შეგვეცილოს... წმინდა ვალის მისახდელად უყოყმანოდ შეგეწირო. მოვკვდე ისე ღიმილმჩენი, ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად. რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ. * * * ჩემო მიწავ! ლაჟვარდებში ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით, ვინც გაღეღილ საგულეში ჩაიბნია ვარსკვლავები, ვინც შებორკა მტრების ზრახვა, ვინც ქმნის მუდამ, - იგი მე ვარ. მე ჩემს თბილისს მალე ვნახავ, მე ნაომარ არწივს ვგევარ. შორს სახელი გამივარდა, შორს წასულან ჩემი ხმები. მე ოცი წლის გმირი ვარ და საუკუნე მიმაქვს მხრებით. 1938 წელი. თბილისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი