ცხრაკარა


ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რომ იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.
ციხეს მდუმარე დარბაზი ჰქონდა,
დამხობილი და უენო ზარი,
და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა
ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი.
მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი,
ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან
და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს.
მეგონა, ქარი უშორეს ზღაპრად
მომახარებდა რამეს საოცარს,
მიმასწავლიდა თამარის საფლავს
და დაუწერელ „ვეფხისტყაოსანს“...
მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს,
ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე,
ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო
და მტკივნეულად ოხრავდა ციხე.
ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე.

1938 წელი, თიანეთი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი1 თვის წინ

გენიალური ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი