ქართლის მიწავ, უტკბილესო ..


ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს!-
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს...
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.
ჩემო მიწავ! ლაჟვარდებში
ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით,
ვინც გაღეღილ საგულეში
ჩაიბნია ვარსკვლავები,
ვინც შებორკა მტრების ზრახვა
ვინც ქმნის მუდამ იგი მე ვარ
მე ჩემს თბილისს მალე ვნახავ
მე ნაომარ არწივს ვგევარ
შორს სახელი გამივარდა
შორს წასულან ჩემი ხმები
მე ოცი წლის გმირი ვარ და
საუკუნე მიმაქვს მხრებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი