სიზმარი ვნახე


სიზმარი ვნახე, ამ დილით
ცას უცინოდა სახე,
ოცნება იყო ნამდვილი
ის, რაც სიზმარში ვნახე.

ზურგით მატარა წიქარამ,
მექცა მეგობარ მწყემსად,
იარა, ბევრი იარა
და ნატვრისხეზე შემსვა.

გულში მიდუღდა სინათლე,
ჩიტებს შევეკარ ფიცით,
რაც მე იმ ხეზე ვინატრე,
შენ აგიხდება, ვიცი!

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
არ გაგაკარებ ღრუბლებს,
მინდა იებით აგივსო
იაჟუჟუნა უბე.

ცხადში ხომ შენზე ვლოცულობ,
სიზმარშიც შენ ერთს გნახავ,
გუშინ სიმღერა იყავი,
სიხარული ხარ ახლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი