გულს ვიფიცებ
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ვბორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი. ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი. თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები. სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი