თვითგვემა
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი