მატარებელი წვიმაში


ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.
დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.
ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი