ნადირობა


ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში გოგმანობს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი