ოქტავით დაბლა
ვერ ვცნობ მარაბდელს და მარტყოფელს, ცეცხლი ჩაქრობია ოტარიდს, - ბევრნი გაგვილაჩრდნენ, ვატყობ მე, ცოტანი მამაცობენ, ცოტანი. ცოტნე დადიანი იგვიანებს, სულს ვღაფავთ დაბალი ოქტავით, იდეა გამოშიგნეს იდეალებს, ცოტანი ჯიუტობენ, ცოტანი. ურცხვნი ურცხვთა შორის ურცხვობენ, „პორტფელში“ უსივდებათ „პორტმანი“, - ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს, ცოტანი ქართველობენ, ცოტანი. „ღმერთი აღარ არი?“ - ვჩივი მე, ისრებს მოითხოვენ მშვილდები, მწუხრში გამოჩეკილ ყვინჩილებს ყივილს ვასწავლი და ვმშვიდდები. აღარ მეგობრობენ ხარ-ირმებს, სანაცვლოდ ბაღია და ბოსტანი... ჭკუა უსწავლიათ, ვაიმე, ცოტანი გიჟდებიან, ცოტანი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი