XVII საუკუნე
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით, გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა: _ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _ თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს. _ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს, პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს... _ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა; პატარა საქართველოს პალე-როიალში შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს. _ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _ ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!.. ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა პატარა საქართველო, ობოლი საქართველო, მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა; გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი