ქართლის ცხოვრება


– ვაი, დედასა მტრისასა! –
შეხლა-შემოხლა გმირთა…
– ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! –
პირზე შემხმარი სიტყვა.

მტვერი
ფერხისა მათისა –
სქელი
ღრუბელი ვითა.

ელვა
აბჯრისა მათისა –
ელვა
ცათანი ვითა.

ხმაი
პირისა მათისა –
ხმა
ქუხილისა ვითა.

სროლა
ისრისა მათისა –
ტეხა
მეხისა ვითა.

ტყორცა
ლოდისა მათისა –
სეტყვა
ხშირჩქარი ვითა.

თხევა
სისხლისა მათისა –
ღვარი
წვიმისა ვითა…

და…
სოფლად მოვარდნა მაცნეთა –
შეცხადებანი ქვრივთა:
ცვენა
ცრემლისა მათისა –
წვეთნი
წვიმისა ვითა.

გაზრდა
შვილისა მათისა –
ვით
გამოჩენა მზისა.

ღიმი
თვალისა მათისა –
ვითა
სარტყელი ცისა.

ჟღერა
ბაგისა მათისა –
ვითა
ჭიკჭიკი სირთა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი