ჭოლა
აკლდა ორიღა წუთი ტფილისიდან მატარებლის გასვლას. საკატორღენი აჰყავდათ ვაგონებში – ჟღარუნებდა ბორკილი. წარმოსადეგი თავადი მარილიანად ოხუნჯობდა, სიცილით ბუქნავდა კეთილშობილი მანდილოსანი – თევზივით მოქნილი. – ნამდვილი კომიკი ხართ, ბატონო ტიტიკო! – (ღიმილით პასუხობდა კომპლიმენტს თავადი). ირგვლივ საყურადღებო არაფერი ხდებოდა თითქო, – კვლავ გულიანად კისკისებდა ქალი ტანადი. დარეკეს ზარი – აჩოჩქოლდა მატარებელი გრძელი – ბაქანზე დარჩა ყაყაჩოიანი ყმაწვილივით ჭაღარა რკინიგზელი. ვაგონის ფანჯრიდან ველებს გასცქეროდა, თოვლით გადაბარდნილს, ჭაბუკი ჭოლა. მის თვალებს ცივი ციმბირი ელოდა, სუსტ ფილტვებს – ქარბუქი გამჭოლი. და აი, საცაა მის სოფელს გადასერავს ეს მატარებელი – გველივით მსრბოლი. ალაგ ღოღნაშოზე ყვავები სხედან, ალაგ ბუხრებიდან ამოდის ბოლი. თენდება. სოფელში მამალმა იყივლა. იღვიძებს, იღვიძებს სოფელი ჩემი. ჭოლას არ სჩვევია ტირილი სიყრმიდან, ო, არა, ეს ისე, – წამოსცდა ცრემლი. მატარებელი კი, თითქოს არაფერი! – მიჰქრის და… აღარ სჩანს ქოხები, ღობე. – დედაო, მიშველე! – კინაღამ დაიძახა ჭოლამ, ვით სიყრმეში იცოდა ხოლმე. . . . . . . . . . . ციმბირი. კატორღა. სულს ღაფავს ჭოლა. მომაკვდავს ეჩვენება სოფელი თვისი: დედა ძროხას წველის. საყვარელ ბოჩოლას ჭოლას უმცროსი ძმა ეძახის: ჩივის! . . . . . . . . . . გამოჩნდა ტფილისიც. ტფილისის ქუჩებში დილაა. წყნეთელი გაჰყვირისის: მაწონს! ჭოლა ევაჭრება წყნეთელს ციმბირიდან: – რა ღირსო ქილა მაწონი, კაცო? . . . . . . . . . . ირგვლივ ციმბირია, ირგვლივ ღრმა თოვლია. მთვარე საფლავიდან ადგა. აქ არც ტფილისია, აქ არც წყნეთელია, – ჭოლა აღარ არი რადგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი