ვახტან მეფის ნანადირევი


ნედლი კვალი დარჩენია ირმის ნუკრის ფეფებს, –
ცეროდენა ნატერფალებს დააჩერდა მეფე…
დააჩერდა…
გაეღიმა…
გადახედა იქ მყოფთ,
ისე, თითქოს ეს იმათი ნატერფალი იყო,

ვახტანგ ნადირს არ გასდევნის, არ გასდევნის, არა! –
თუ ნადირის ნატერფალი მეფის ტერფს არ ტოლობს.
და სტუმარი, ლიხთ-იმერი, ეუბნება ვახტანგს:
– ვერაფერი მოგვიკლავს და… ეგ არი, ბატონო!…

გაიარეს…
გაიარეს…
ტირიფებთან შესდგნენ.
თითონ?! თითონ ტირიფები წყლის ნაპირზე იდგნენ.
– ნადირთა?! ნადირთა მდიდარია ეს ტყე!
მაგრამ, მაგრამ… ფრინველითა უბადლოა ის ტყე.

მღვრიე წყალი გადალახეს, შეჰყვნენ რიყე-რიყე…
(მეფე იყო და მეფესთან მარეკები იყვნენ).

მიდიოდნენ!
მიდიოდნენ! მეფე მიდის პირველიო!
აუფრინდათ!…
აუფრინდათ!…
– ხოხობია!..
-ხოხობია!..

– ხო ყოფილა!
– ხო ყოფილა
ამ ტყეშიაც ფრინველიო!

ხოხობს ქორი მიუსიეს, მიუსიეს, მიუსიეს, –
ამ უღრან ტყეს გადასცილდნენ, შეეფარნენ იმ უსიერს…
დაედევნენ… დაედევნენ…

და
ჩავიდნენ თბილისში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი