მშვიდობით, ცოლო ..
“მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო..!” ამას ამბობდა, ვინც მოკვდა დღემდე, _ ტახტზე წახდა თუ ომში კვდებოდა, _ ამას იტყოდა, ვინც ვერ თქვა, მენდე, როგორც “ანს” და “ბანს”, რომ შესძლებოდა. თებერვალია და წყალი _ ხეში!.. მაგრამ მოხდება, რაც სხვისთვის მოხდა, და ცელით ხელში, უსიერ ტყეში გაჩნდება იგი პოეტის ქოხთან... “მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო! მაგრამ სდექ, ძველო ჭალის წისქვილო! სდექ-მეთქი, სანამ არ არის გვიან! ვაი, სირცხვილო! ვაი, სირცხვილო! რაც გინდა თქვი და, პოეტი ჰქვია! რას დაუმატებს ათასჯერ ნათქვამს?! რას, რას გვიბარებს, ან ვისთვის კვდება?! რას დაუმატებს სიცოცხლეს _ რადგან პოეტის ბედი სიკვდილით წყდება!.. და წამოიწევს პოეტი მაშინ დ ყურს ცქვეტს მაშინ ღვია და დეკა და შეჩერდება მზე წუთით ცაში და მაღლა ცაში ატყდება რეკა... “მშვიდობით, ნისლო! მშვიდობით, ჯანღო! მშვიდობით, ძმებო! მშვიდობით, მტრებო! მშვიდობით, ჩემო მამაცო ხალხო! მშვიდობით, ჩემო ქორბუდა მთებო! მისახვედრებო, სულ მარტივებო _ თქვენც, თქვენც მშვიდობით, ჩემო საწყლებო. თქვენ, აწ და მარად ტურფა ქვრივებო _ დაქვრივებულო ჩემო ზრახვებო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი