მე იმ დროს ვნატრობ ...
მე იმ დროს ვნატრობ, ჩვენ რომ ვიქნებით, რომ ვიქნებით და რომ არ გავქრებით. რომ გავიხარებთ განძის მიგნებით, კორდებს რომ მოვფენთ ჩვენი აკვნებით. მე იმ დღეს ვნატრობ, ავდრების ბღავილს, ამ პლანეტაზე ქართველისთვის გამწყრალს, რომ ჩავაწყნარებთ და ქართულ ყვავილს რომ გავახარებთ გამზრალს და გამჭკნარს. და მიწის ბურთზე მსაჯულის მკაცრის და მიუდგომლის პირით რომ ითქმის: „დახე, რას შვრება ქართველი კაცი - ეს აქამომდე უცნობი თითქმის!“ იქნება ასე, იტყვიან, მენდე, - ესრეთ ვერ ივლის ყისმათის ჩარხი, - „სად ჭურში იჯდა, სად იყო დღემდე ეს მშვენიერი მამაცი ხალხი?!“ მე იმ დღეს ვნატრობ!.. ჩვენს ათას სტრიქონს დაე, ცხოვრებაც ჩვენი დაშვენდეს - წყეულიმც იყოს, წყეულიმც იყოს, ვინც ცარიელა ნატვრას დასჯერდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი