მეშინია!


ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი