სარეველა


ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს _ კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _
ცოდვაა სწორედ _
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი