ცხენები

იანვარია_მე ვწევარ თხრილში_
რიცხვი პირველი ორმოცდასამის...
თუ გამახსენდა დაწერის ღირსი,
მეც მოვიგონებ ომისას რამეს.
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის.
ვწევარ თხრილში და ვისვენებ ცოტას,
წვიმანარევი თოვლი მასველებს?
ათ წუთს ისვენებს სამივე როტა_
ოცს და ოცდაათს ვინ დაგასვენებს!
მაგრამ თითებს თუმც ბეჭში მკიდებს,
კიდეც მკიდია ბეჭებზე ტვირთი
და ეშმაკურად ბექობზე მიდევს.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ნახართან აღარ ჰყეფს რიხით;
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სახორცეს თვისას ახლა მთებს იქით,
ეს დივიზია ჩემი ბედია,
გადამტანია ბრძოლების დიდის,
სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,
მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის;
პოლკი _ ალპური, ქლუროხ-მარუხის
რვაასმეათე პოლკი ცნობილი _
ამ ჯართის გრგვინვის, ამ რაკა-რუკის
და ამ მარშების ქარში წრთობილი.
ატენილია სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი ბოღმით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
რისხვით, წარბშეკვრით და გულგრილობით,
ამ პირტიტველა ბიჭებით, ჭყინტით,
ილაჯგაწყვეტით და უძილობით.
ვარ დატვირთული დროგის ცხენივით,
ტვირთში შებბმული წეკოს ვაბოლებ,
ათი წუთი მაქვს მე დასვენებიოს,
ლაშქრის დინებას (თოვს!) თვალს ვაყოლებ.
და, უცბად, როგორც ვერცხლის გალია,
უცხო გალია, უცხო ფრთოსნებით,
“სტუდაბეკერი” ჩემს წინ მდგარია,
კრიჭაშეკრული ვარ საოცრებით:
არა ჭენებით გალაფულები _
ნაპატიები და ნასვენები
ძარაზე დგანან არაბულები,
მართლა ფრთიანი დგანან ცხენები _
მოჩითულები ლურჯი ხალებით,
ლურჯი ფორეჯის იაგუნდებით,
დაგეზებული ურჩი თვალებით
როგორც პინგ-პონგის ხტიან ბურთები...
ხართ ისეთები, ხელში ყვავილით
რომ გადმოდგება ქალი აივნით _
ოჰ, ბედნიერო სარდლის ცხენებო,
ათას კილომეტრს თქვენ არ გაივლით!
სიკვდილს მეც შევძლებ _ ეს ტრაქტი მიმძიმს,
კი, მე თუ მივალ, თქვენც მიხვალთ ომში,
მაგრამ თქვენ სხვა ხართ, _ პატივით, ციმციმ,
ტრანსპორტით შეხვალთ
ხვალ სისხლის ტბორში!
და _ ღმერთო ჩემო _ გიჟივით ვნატრობ, _
შენ არ გამიგო, ეს სიტყვა წყენად,
მე ვარ ჯაგლაგი, ორი დღით მარტო,
გთხოვ, გამაცხენო გენერლის ცხენად!..
თოვს. ცნებაო საწყალი კაცის,
ხარ უმწარესი და უტკბილესი.
ანაზდად მესმის ღრჭიალი საჭის _
თოვლში გენერლის დგება “ვილისი”.
ადიუტანტი უმალ ჩამოხტა _
ძარაზე შემდგარს გარს უვლის ცხენებს _
რად შევჩერითო, ჰკითხავს, რა მოხდა?!
გზა მოგვეცითო, მიმართავს ჩვენებს.
ეგ არაფერი! თრაქტზე პიკია _
გზა ჩაუხერგავს ტანკების ჯახანს.
მაგრამ წუთიც და, ისევ მიჰქრიან,
ისევ მიჰყვება აღალი აღალს.
“სტუდაბეკერიც” აიძრა ნელა,
ციმციმ ცად მიდის ჩემი გალია;
მე ვწევარ თხრილში, ამფხიკავ ძნელად _
ცალკე ხორცი ძევს, ცალკე ძვალია...
არც მე ვარ მდიდარი მე ძვლით და ხორცით,
სულიღა ბჟუტავს და ვიკრებ ძალებს;
უეცრად მესმის; _ თამბაქოს მორჩით!
_ჩადექით მწყობრში!_კომბატი ბრძანებს.
_ მარშ _გატენილა სამხრეთის ტრაქტი
ასი ათასი ქვემეხის ლულით,
ათასი რკინით, ათასი წყლულით,
ათასნაირი ჯარების ზვირთით,
წყვდიადის სიღრმით და უძილობით...
და ამოდენა კოშმარის თავზე,
რომელიც წუხს და დუღს გახელებით,
ვერცხლის გალია ჰკიდია ცაზე
და ცად მიგვიძღვის ლურჯა ცხენებით.
_მარშ! _ წარბშეკრული კომბატი ყვირის, _
მეათე დღეა, მარშით გვატარებს.
ულებზე ელავს ცივი მზის დილის,
გააქვთ ჩხრიალი ქვაბებს, მათარებს.
_ წინ, ჩემო მურმან! მოეშვი ფიქრებს,
რომელსაც შავი გრიგალი გიქრობს;
სამშობლო შენი ძალ-ღონეს იკრებს 
_ ხომ გითხრეს, შენზე სამშობლო ფიქრობს!
შენ გაგინათებს ომი გონებას,
მე შენ ჯერ არ გთვლი წყალწაღებულად,
წინ, ჩემო მურმან, იწყებ ცხოვრებას
ბაჩა-ცხენივით თავჩაღებულად.
სდუმს ურაგანი კავკასის კარში,
მარუხ-ქლუროხთან აღარ ჰყეფს რიხით,
როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი
სამწყსოს თავისას ახლა მთებს იქით...
სხვას თუ არა და, ამას გპირდები _
მხნე სიარულით გზა დამოკლდების.
წინ, ჩემო მურმან, გაასპიტებით!
წინ, ჩემო მურმან, ძალთა მოკრებით!
იქ ყუბანია და ცეცხლის ფარდა,
ცა _ გაპობილი კომეტის კუდით...
წინ, ჩემო მურმან, ოცი წლის ხარ და,
წინ, ჩემო მურმან, ფოლადის ქუდით!