ოთარ ჭელიძეს


გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია,
თიბათვეში, გასთიბავენ და _ თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _
ოთარ, გული მტკივა.
გული მტკივა, მომაშველე რამე,
შემახსენე საზიარო სიყრმე,
მომატყუე, რომ შორსაა ღამე,
ხალისიან საღებავებს მიხმე.
შენც გჭირდება, ძმაო, ჩემი ხელი,
მეც მჭირდება, მომიფინო წყლული.
ისევ შენ და ისევ შენი ცხელი,
მტკივანი და უღალატო გული!
მე ვიგონებ ფიროსმანის ქუჩას,
პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას
მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას
და ცალთვალა შენს პაწია სენაკს.
გავლილია წუთისოფლის ბინდი,
ავლილია მოქანავე კიბე _

გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი,
აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე!
დაღმართ-დაღმართ ვეშურებით ახლა,
ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს,
და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა
ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს.
ჯერ კი მაინც მზე დაგვღუის ციდან,
დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს
თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა:

“ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ”.
დაგეკარგო უნდა ორი კვირით,
მოგიტანო მოძებნილი ხმები,
მომაგებო საკოცნელი პირი,
მოგიშვირო ჭლექიანი ყბები...
შეცდომაზე გვისწავლია, ოთარ,
უშეცდომოდ არ გვივლია გზები,
კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა _
გავწმენდილვართ ძმები...

გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია,
თიბათვეში, გასთიბავენ _ თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _
ოთარ, გული მტკივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი