პროფესორ გიორგი ნაცვლიშვილს და მის მოწაფეებს


გილიოტინით
ორთავ ხელი, მაჯაში წაჭრილი,
ბასტურმასავით
ჩაწყობილი ემალის ქვაბში,
შემოაქვთ ცალკე,
მოაგორეს ცალკე ყმაწვილი -
ცხრამეტი წლისა,
უწვერული,
სრულიად ბავშვი.
საჭირო არის
წაკერება მაჯაზე მტევნის,
გადარჩენა როგორმე ბალღის,
მაშასადამე
გამოჩხრეკა ყოველი ნერვის,
ზუსტად მორგება
შესატყვისი
ყოველი ძარღვის.
და ჰა, ქართველი
დასტაქრების გამოდის გუნდი,
გადასაჭრელად
უბედური ყმაწვილის ბედის -
ხუთი მამაცი,
ხუთი გმირი, ვაჟკაცი ხუთი
ხელებს იბანს და
ნირშეცვლილი
ყმაწვილთან შედის...
არის თუ არა
ეს, საერთოდ, მასალა ლექსის?!
ვფიქრობ ჩემთვის და
აბუზული ტალანში ვდგავარ;
ხმა გამოისმის
პალატიდან გმინვის და კვნესის,
მეც გასაჭრელი
ამ ხალხს, ვიცი
ხვალ თუ ზეგ ვყავარ.
წუთი წუთს მისდევს,
ხუთნი ბეწვის გადიან ხიდზე
და თორმეტ საათს
დასტაქრების ომი გრძელდება,
ოპერაცია,
დაწყებული საღამოს შვიდზე,
დამთავრებულა __
დილის შვიდზე კიდეც თენდება...
სისრულეშია
მოყვანილი მაჯებზე მტევნის
წაკერება და
შებრუნება ბედ-იღბლის ჩარხის,
დიდი სიფრტხილით
გამოჩხრეკა ყოველი ნერვის,
ზუსტად მორგება
შესატყვისი
ყოველი ძარღვის.
ხოლო დასტაქრებს, -
თუ გარდახდა საბრალო ყმაწვილს,
არანაკლები
მათ გადახდათ საკუთარ წილად, -
ვხედავ: დამსხდარან
და, შემდგომად უმძიმეს ღვაწლის,
ქანცგაწყვეტილთ და
ტანგაუხდელთ სკამებზე სძინავთ...
სძინავთ ვალმოხდილთ,
სძინავთ მაშვრალთ, თენდება გარეთ, -
ჩემი სალამი
და მადლობაც მათ ჩემდა წილად -
ვარ, ვცოცხლობ, დავალ
გარდუხდელი მათდამი ვალით, -
კი, არაერთხელ
მეც ვგდებულვარ
სიკვდილის პირად...
კურთხეულ იყოს,
განწირულის ვინც ცოცხლობს შველით,
თავს დასდგომია
ვინც ჭირშიმყოფს ბნელში სანათით!
იდიდოს ღვაწლი,
გაწეული დასტაქრის ხელით,
დასტაქრის დანით
და დასტაქრის
თეთრი ხალათით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი