რაჭა


1
ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი
სორს ქვემოთ ქვემო რაჭაა;
მე თვითონ ზემორაჭველი
გეტყვი: - ისაა, რაცაა!
ვაზი ვაზს გადაჰკონია,
იქ - სხვავაა და კრიხია,
იქ, წესთან, ბარაკონია,
იქ - კვიტაშვილის ციხეა/
იქ - პური ცხვია თონეზე;
იქ - ხვანჭკარაა პაწია,
ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე
სალაპარაკოდ გვაქცია.
იქ - ნიკორწმინდა მღერის ცად,
სხვა კოშკი - სხვა ნაპირზეა...
იქ - ქვემო რაჭის ერისთვად
ავთანდილ შარაბიძეა.
2
რიონს აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!
- მოიწყინე, მურმან, რაზე?
გვიქადიან აღმავლობას!
ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგ
შენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!
- კი ბატონო, მყობადს ველი!
დე, მტრის თვალი შურით ენთოს!
კი, ბატონო! შენი მტერი,
ჩვენი მტერი უიმედოდ!
ვინ ისურვებს დაქცევას და
ზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!
ქვას ვინ ესვრის ამ სევას და
ქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!
მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,
პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:
- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულით
მოაშურებს ხალხი სოფელს!
ხალხის ნიჭი, სანატრელო,
ხალხის ჯიში მაიმედებს,
ვინ, რომელი საქართველო
ჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!
შეხე, საკალმახე დელტას!
აქ ხეორი რიონს ერთვის.
იქ რომ კაცი ყამირს ბელტავს,
სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!
როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,
(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).
მანდ თუ ფაცხა არ განახო
მთა-კორტოხზე წამოდგმული,
მაშინ-ლებანიძე მოკვდეს!
მაშინ მისი ხელი გახმეს!
შეხე, რა მდინარე მოხტის!
შეხე, რა ხეობას ახმევს!..
ჯერ კი აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!
3
უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა,
ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა,
აქეთ - უწერაა, იქ კიდევ - შოვია.
შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია.
მამაღმერთს სილამაზე პირქუშად ჰყვარებია:
ლამაზი ხარო და - მთის რაჭა... ღარიბია.
ქერზე და კარტოფილზე გადივლის იოლად
გლოლა და საგლოვლო, ღები და ჭიორა
მაგრამ აქ სიცისფრეა, სხვა მზეა, სხვა ცაა -
მესამე რაჭაა, მესამე რაჭაა.
ჭრილობა გაუგრილეს რკინით დაშანთული
აქ პოეტს - ფარაონს გაუწყვეს ფანჩატური.
აქ "ნიკორწმინდისას" პეონებს კიბავდა
გალაკტიონი და აბრეშუმს თიბავდა...
კი! ჩემი სამშობლო - ულამაზესია!
კი! ჩემი მდინარე - ურა ფაზისია!
კი! ჩემი სატკივარი - ჩემი ხეობაა!
კი! ქვეყნის დღეობა - ჩემი დღეობაა!
კი! სარწმუნოება ჩემი - მხნეობაა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი