რუდაქი იტყვის..


პოეტზე იტყვის;-
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის,
რუდაქი იტყვის,
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის;
შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი -
კაცია ისიც -
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი,
ქარაშოტმა დაბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს,
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა,
იტყვიან ერთნი:
„აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა -
ვაზირობა იცოდა ნავსი!“
იტყვიან სხვანი:
„უყვარდაო ლიქნი და ტაში!“
შენ დაგბრალდება _
ჩავარდები დუნიის ყბაში...

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს,
დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს...
კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც -
ასეც და ისეც
ხალხის თვალში ხარ წაგებული!
მაშ გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო -
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!..

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი