ერთი ...


ერთი ზამთარი,
ალბათ, იმდენს ვერაფერს იზამს, -
მოვა მეორე,
გადაბამბავს კუკიის მიწას;
მოვა მესამე, -
მეოთხეც და მეხუთეც მოვა, -
იქნება ქარი,
იქნება მზე, იქნება თოვა;
და, უცბად, ერთ დღეს,
გაზაფხულიც ხომ იტყვის მისას:
გაფაშფაშდება
და ჭურჭლისას ჩატეხავს ფიცარს...
ამასობაში, -
ათას დღიურ საქმეში ჩამხრჩვალს, -
კაცს მშობლის ბორცვი
მაინც ახსოვს, შოულობს სახსარს;
გაზაფხულია,
გამოსულა ფოთოლი ნორჩი,
ხედავს - რას ხედავს:
დაწეულა სამარხი ბორცვი;
ვაი, სირცვილო!

ბორცვს ჩარღვეულს ჩაჰყურებს დიდხანს,
კაცს, უახოლოეს,
იჭვნეულად მაზანდას ჰკითხავს;
ვიღაც არიგებს,
ვიღაც ძმურად რაღაცას ურჭევს -
შეწუხებული
ურიგდება წარბშეკრულ მუშებს;
რიგი და წესი
ძველთა ჩვენთა შორს განთქმულია -
არა, ხომ ვარგა,
ხომ კარგია, ხომ ქართულია!
სიცოცხლეს ვაშა! -
ის მოზიდავს ხრეშსა და ქვიშას! -
მაგრამ ესეც ხომ,
ეს სიკვდილიც რაღაცას ნიშნავს!
ხომ ლამაზია:
ბაზალტს სწუნობს, ქვაში ერჩევა,
მამის საფლავზე
მშენებლობას კაცი ეწევა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი