სვანეთში წავალ


სვანეთში წავალ: კვლავ მეძახიან,
წელსაც მიხმობენ ჭრელი ზღაპრებით:
სულით ხორცამდე ჩემი ხალხია,
ჩემი მთები და ჩემი ალპები!

ზაფხული პირქუშ მთა-ბარს აჭრელებს,
თეთრ ეცერს თოვლი, მითვლიან, გალხვა,
მაგრამ მე ეცერს რა გამაჩერებს,
სულ მინდა მთელი სვანეთის ნახვა!

ცხუმარს და ბეჩოს მინდა ჩარბენა,
ჩავუჯდე მახვშებს ულვაშებიანს,
უშგულში გავყვე მურზა მარგველანს,
თეთნულდის ძირში - გურამ ჩეგიანს!

სვანეთში წავალ: კვლავ მეძახიან,
წელსაც მიხმობენ ჭრელი ზღაპრებით:
სულით ხორცამდე ჩემი ხალხია,
ჩემი მთები და ჩემი ალპები!

მინდა ჭუნირის ხმაზე ვგალობდე,
სვანური სიმხნე სულში აღვზარდე,
მინდა - გავჯიქდე, მინდა - გავლომდე,
მინდა - გავსვანდე, მინდა - გავსვანდე!

ხალდეს ჭალაში ჯიხვებს ავაფრენ,
აღმა შევყვები ჰადიშის ჩრდილებს,
სხვას თუ არაფერს, სხვას თუ არაფერს,
ორს ხომ ვისწავლი, "ზარსა" და "ლილეს".

რომ დასჭირდება ჩემს მამულს, ვიცი,
(ფუ, ეშმას! მამულს სწერია ჯვარი!)
ვიბარებ: ზვარაკს მშობელი მიწის -
"ვოი-ვო!" - მითხრან სვანური ზარი.

"ვოი-ვო!" - კვნესა თუ ღრენა ჯიქის!
"ვოი-ვო!" - მოდგეს სვანეთის ჯარი!
არამიც იყოს "ვოი-ვო!" იგი,
თუ მამულისთვის ვერ ვიქენ მკვდარი!

ჯერ კი - ცხოვრებას ას წელს ვაპირებ
და უფრო მეტად მჭირდება "ლილე".
აღმა შევყვები ცისფერ ნაპირებს,
კვლავ ვინახულებ ენგურის ჩრდილებს:

"ო, ლილე!" - მინდა მზისთვის ვგალობდე,
სულში შვილივით სიმხნე გავზარდე:
მინდა - გავჯიქდე, მინდა - გავლომდე,
მინდა - გავსვანდე, მინდა - გავსვანდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი