თორმეტი წლის კაცი
ეს ამბავი ქვემო სვანეთში, ლაშხეთში, მიამბეს. ამბავი, მართალია, პატარაა, მაგრამ მე მასში დიდ აზრს ვხედავ და იმედია, თქვენც იმავეს დაინახავთ (მწერლის მინაწერი). I ერთ საღამოს, როცა ჟახუნდერში ბინდი ჯერ არ შესულიყო, ხოლო უსიცოცხლო მზე დაკლული მამალივით შუშარის თხემზე ფართხალებდა, გელა ონიანი შინ დაბრუნდა და მეუღლეს უთხრა: - ნუგზარდ სგა ლაიქვას, ბაზი ლაჯოგთე ღურიდ, ჭემ ჩხვანხიდნას (ნუგზარმა ჩაიცვას, ამაღამ ლაჯოგს მივალთ, თივა ჩამომატანინოსო). ბარში რომ დასაკრეფი დაიკრიფება და დასაწური დაიწურება, ვაშლი და კომში რომ სხვენში შებარგდება და ხარიხებზე ჩამოკონწიალებულ ჩურჩხელებს მზე წითლად მიეფიცხება, აქ, ამ მაღალ მთებში, ძველ თოვლს ახალი ემატება, მჟავე წყლები იყინება, ბალანაშლილი საქონელი ბოსელში ზანტად იცოხნება, ლაჯოგის სათიბებში კი გათიბულ ფერდობებზე ქარი ცოცხით დათარეშობს და იმ საქონლის ზამთრის სარჩოს სქელ ხორხოშელა თოვლს აყრის... აი, ასეთი ნოემბერი იდგა იმ წელს ჟახუნდერში. თივები კი სათიბიდან ჩამოსატანი გახლდათ და ამ საქმის გადადება არ იქნებოდა. ნუგზარმა, თორმეტი წლის ბიჭმა, კარგად იცოდა, რომ წინ ძნელი გზა ედო. პირველად არ მიჰყვებოდა მამას ლაჯოგში. იცოდა ბიჭმა, ოცდაოთხი საათი თოვლსა და ყინულ-წყალში უნდა ეტოპა. ჰქონდა რაღაც უსიამოვნო წინასწარი გრძნობა, მაგრამ მისთვის უცხო იყო დაზარება - მხნეობა ესწავლებინა მისთვის ცხოვრებას. გასრიალდა ღრმა შუკაში ორი მარხილი. ცივი, თითბირისფერი მთვარე გამოკრთა გაქცეულ ღრუბლებში და მთა-მთა, კიბე-კიბე მიჰყვა მარხილებს. წინა მარხილში ბუხულა ონიანი ჩათბუნულიყო, ბუბა ვასილის ვაჟი, ნუგზარის ბიძაშვილი. გზა კილომეტრ-ნახევარზე მეტი ვაკე იყო. მთელი საათი მისრიალებდნენ. ... ბიჭი თავისას ფიქრობდა და მამა თავისას. ვინ იცის, რას ფიქრობდა მაღალი და ხმელ-ხმელი, გოროზი და მშრომელი კაცი... ბიჭი კი... ბიჭი ფიქრობდა ვრცელ ქვეყანაზე, რომელიც არ ჰგავდა ალბათ პირქუშ სვანეთს, ფიქრობდა ჭრელ, მხიარულ ქალაქებსა და გველეშაპივით გაწოლილ ვეება შავ ზღვაზე, რომელიც ასე კარგად გამოჩნდებოდა ხოლმე ჯვრის მწვერვალიდან გათენებისას... „ჯვარ“, - ასე ერქვა საყვარელ მწვერვალს, რომლიდანაც სულ მალე ხელისგულზე დადებულივით უნდა გამოჩენილიყო ვრცელი ქვეყანა. დაღმართი მოთავდა, მარხილი ბოგირზე გასრიალდა და აღმართს შეუდგა. ხარები ქშენით შეუდგნენ ტყიან შეღმართს, გზა ნაცნობი იყო მათთვის. ხარებს წინამძღოლი არ სჭირდებოდათ და მამა-შვილი ფეხით მისდევდა მარხილს. - ხომ არ მოგშივდა? - ჰკითხა მამამ. - არა, - მიუგო ბიჭმა, - ბარემ ჯვარზე ვისაუზმოთ. გათავდა ციცაბო და მწვერვალს გადაადგნენ. ხარები თვითონ შეჩერდნენ პაწია ვაკეზე. გამთენიის ნისლი დააბოტებდა ირგვლივ და არაფერი ჩანდა ჯერჯერობით. „ჯვარ“ - ასე ერქვა საყვარელ მწვერვალს, რომელიც სულ მალე საძულველ მწვერვალად გადაიქცეოდა ბიჭისათვის. II ჯერჯერობით კი მზე იყო მოსალოდნელი, მზე წითელი და ვეებერთელა, თუმცა უძლური და უსიცოცხლო. მამა-შვილი მარხილზე იჯდა და საუზმობდა. ნისლი როგორღაც მალე გაიკრიფა, მზე ამოიწვერა და გადასახედი გაეხსნათ. შორს გამოჩნდა თურქეთ-აჭარის სანაპირო, უფრო ახლოს - იმერეთ-სამეგრელოს კორტოხები, კიდევ უფრო ახლოს - რაჭა-ლეჩხუმის მთები და ბოლოს, ხუთიოდ კილომეტრზე, ლაჯოგის თავქვე დაკიდული მთები. მამა რატომღაც არ ჩქარობდა, რაღაც უცნაურად გარინდებულიყო. მარხილში ჭალს მიყრდნობოდა და დაღლილი გამოიყურებოდა. - მოვასწრებთ, მამი, - გაამხნევა ბიჭმა, - კარგი ამინდი გამოდის. მამამ არაფერი უპასუხა, მერე მძიმედ წამოდგა. ბიჭი მარდად ჩამოსკუპდა მარხილიდან. ორივემ კარგად იცოდა, რომ მძიმე სამუშაო ჰქონდათ წინ: ორმოცდარვა ნაბაარე, ორმოცდარვა მცირე ზვინი დადიოდა მარხილზე, მაგრამ აღმართზე ერთ გზად ატანა შეუძლებელი იყო და ლაჯოგიდან ჯვარამდე ორი გზა ჰქონდათ გასაკეთებელი. მძიმედ ჩაჰყვა მამა ფერდობს. აქ უკვე წინამძღოლი სჭირდებოდათ ხარებს, თანაც მაღალი, რაკი ბეჭი უღლისათვის უნდა მიებჯინა და ხარები შეემაგრებინა. ფრთხილად ჩაივაკეს ფერდობი, ფრთხილად, ფრთხილად ადგამდნენ ფეხს თოვლ წაყრილ, ვერცხლისფრად მბზინვარე მოკლე ბალახს. აი, ლაჯოგიც. მამა-შვილმა სექტემბერში ერთად გათიბა ეს ფერდობი. ბუბა და ბუხულაც იქვე თიბავდნენ, ხელმარჯვნივ. მაშინ ნახატს ჰგავდა სათიბი, ჭრელი ალპური ყვავილებით მოფენილიყო იქაურობა. ... მთელ საათს მუშაობდნენ. ეჩქარებოდა მამას პირველი ტვირთის ფერდობზე ატანა. დასცხათ და ტყაპუჭები გაიხადეს. იღებდნენ სათითაოდ ყოველ ნაბაარეს, ფერთხავდნენ თოვლისაგან, აცლიდნენ სველ, შემპალ თივას და კოხტად, მოწიწებით დებდნენ მარხილზე. შეღმართში ბიჭის რიგი იყო და ახლა ის წაუძღვა ხარებს. გამოცდილი იყო და ფრთხილობდა, სავალს ურჩევდა ხარებს. მამა დაღმართიდან მიუდგა დატვირთულ მარხილს, ბეჭით გაამაგრა და ასე მიჰყვა. ხარებმა თითქოს იცოდნენ, რომ სარჩო მათი იყო და ისინიც ფრთხილობდნენ, ცდილობდნენ, მარხილი არ მოსცურებოდათ. ქარმა დაჰქროლა და მარხილი შეატორტმანა. ჯვარზე რომ ავიდნენ და პაწია მინდორზე მარხილი შეაჩერეს, ქარი უკვე გვარიანად წეწავდა თივას. მამამ ეჭვით ახედა დამხრჩვალ მზეს და სათოვლე ღრუბლებს. სათითაოდ გადმოაწყვეს ოცდაოთხი ნაბაარე და კვლავ ფერდობზე დაეშვნენ. III - რაღაც ცუდად ვარ, - თქვა მამამ, მიწვა და ცას ახედა. - ბუბას ხომ არ დავუძახო, მამა? - არ გინდა, გამივლის. - მაინც რა გტკივა, მამი? - არ ვიცი. - მე დავაწყობ, - თქვა ბიჭმა და ოცდაოთხი ნაბაარე ფრთხილად დააწყო. ჩქარობდა, თან მამას თვალს არ აცილებდა. უცებ ქარმა დაჰქროლა, ბიჭს ნაბაარე წაართვა და წააქცია. მამა წამოდგა, მარხილს ბეჭი შეუდგა და ჯვარს ახედა. ბიჭი საბელში სწვდა ხარებს და ისინიც უმალ გაიძაგრნენ, თოვდა. ჰოი, რას თოვდა!.. და ასასვლელი იყო ჩამოთეთრებული ფლატე! ... ვინ იცის, რას ფიქრობდა მამა. ბიჭი კი მამაზე ფიქრობდა. ახლა მთავარი იყო, ჯვარზე გადამდგარიყვნენ ჟახუნდერის მხარეს.. ჯვარზე რომ აივაკეს და ბუბა შემოეგებათ, ბიჭს მაშინღა გაუმრთელდა განახევრებული რწმენა. მთავარი სიძნელე უკვე ჩავლილი იყო. ... უცებ მარხილი მამის მხარეს მოცურდა. უცნაურად მოცურდა, ისეთ ადგილას მოცურდა, სადაც არ უნდა მოცურებულიყო, იქ ძნელი არ იყო მარხილის გატარება. ბიჭმა მარხილი გააჩერა და მამის განკარგულებას დაელოდა. წელამდე თოვლში იდგა და ვერაფერს ხედავდა. - ჰაუ! - გასძახა მამას და თოვლში ფეხის მონაცვლება სცადა. პასუხი არ იყო. - ჰაუ! - გასძახა ისევ, - წავიდეთ? არც ახლა იყო პასუხი. ბიჭმა საბელს ხელი უშვა და თოვლში ბორძიკით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მამა იქ არ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო. ის მარხილთან მიწოლილიყო თოვლში და მძიმედ, აჩქარებით სუნთქავდა. - ბუბა! გვიშველე, ბუბა! ბიჭმა მამასთან ჩაიმუხლა და სახეზე თოვლი მოსწმინდა. არც გაუგია, როგორ წაადგათ თავზე ბუბა ვასილი. ბიჭი მოიცილა და ახლა თვითონ ჩაიმუხლა: – რა მოგივიდა? - მცივა, - ამოთქვა მამამ, - ცუდად ვარ. - ცეცხლს დავანთებ, - უთხრა ბიჭს ბუბამ, - ფიცრულში ჩავირბენ და ცეცხლს დავანთებ. ბუბამ დაღმართი გიჟივით ჩაირბინა და თვალს მიეფარა. ფიცრული ნახევარ კილომეტრზე იყო. მამა-შვილი კვლავ მარტო დარჩა. - შეგიძლია წამომაყენო? - ჰკითხა მამამ, - უღელს ხელს მოვკიდებ და ნელ-ნელა ჩავალ ფიცრულამდე. ბარბაცით წამოდგნენ. ძლივს მივიდნენ უღლამდე. მამა მთლად მოეშვა და უღელს ჩამოეკიდა. ბიჭი ხელს აშველებდა თან ხარებს წინ უძღოდა. გული უფრიალებდა, ფიზიკური და სულიერი დაძაბულობისაგან კანკალმა აიტანა. უცბად მამის სხეული ბიჭს დააწვა მთელი სიმძიმით, მოცურდა და თოვლში გაიშალა. - შვილო, - წყნარად უთხრა შვილს, - ბავშვებს მიხედე და დედას პატივი ეცი... ხე-ტყე მოზიდული გვაქვს, შენ იცი, ზედა სართულს თუ გააწყობ... კისერი გადაუვარდა და დადუმდა. ყველაფერი გათავდა. ბიჭი წამოვარდა და გაქცევა დააპირა, იწივლა ქარმა და თვალთ დაუბნელდა... გონს რომ მოვიდა, ფეხზე იდგა და სციოდა. ათოვდა შუბლზე, ათოვდა ფარღალალა ქოხში, მაგრამ გვიანღა იყო... აი, ეს პაწია ამბავი მიამბეს ლაშხეთს და მეც გწერთ. განა შემეძლო არ მომე წერა? შვიდი შვილი რჩებოდა მამას და მაინც გულმშვიდად შეეძლო ქვეყანას გამოსთხოვებოდა, რაკი ანდერძს მშრომელსა და უნარიანს, მხნესა და მამაცს, თორმეტი წლის კაცს უტოვებდა... (მწერლის მინაწერი).
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი