წინაპართა აჩრდილნი
უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი. ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის. არა თუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა. საქართველო სრულიად სხვაგვარ ქვეყანას წარმოადგენდა! იგი მდებარეობდა დიდ საქვეყნო გზაზე; ამის გამო მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე არ გამოსულა არც ერთი მძლავრი, შესანიშნავი ერი, რომელიც კი თავის სიცოცხლის ჟამს ასცდენოდა ამ გზასა. ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება. ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა. ქართველები ძველ დროშივე მტკიცედ დაადგნენ წარმატებისა და განვითარების გზასა. და თუ ერთ ხელში ხშირად ეპყრათ მახვილი, მეორე ხელიდამ არას დროს არ გაუგდიათ წიგნი და ჯვარი ქრისტესი. ლეკები კი არც ერთხელ არ გამოსულან ველურ, მამაპაპურ მდგომარეობიდან. მერვე საუკუნიდანვე მაჰმადიანობამ იწყო მათ შორის გავრცელება. შემდეგ საუკუნეებში მან მტკიცედ მოიკიდა აქ ფეხი და მთელს დაღესტანში ამაყად ააფრიალა მწვანე დროშა ცოფ მორეულ ფანატიკოსებისა. ასეთია წარსული ლეკებისა და ქართველებისა. ამგვარ განსხვავებას მეთექვსმეტე საუკუნიდან ზედ დაერთვნენ მძლავრი პოლიტიკური გარემოებანი, რომელთა წყალობით მოხსენებული ერნი, დიდხანს ერთმანეთის გვერდზე მშვიდად მცხოვრებნი, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მშიერი მგლებივით დაეტაკნენ ერთმანეთს. I ქართველობას მთელს თავის სიცოცხლეში არას დროს არ ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორიც იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში ლეკები. უბედურება იმაში გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს გვერდში უდგა, მის მეზობლად ცხოვრობდა; ამის გამო ყოველ წამს შეძლება ჰქონდა განცხადებით, თუ ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მის მცხოვრებელთ, აეკლო და დაეხოცნა იგინი. ამგვარმა მტრობამ უფრო თავი იჩინა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს. რასაკვირველია, ქართველებიც გულხელდაკრეფილნი არ დახვდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს. ვაჟკაცობით სახელგანთქმული მთიული ქართველები, ფშავ-ხევსურნი და თუშები მამაცურად გადუდგნენ წინ სამშობლოს მტერს. მალე ქართლ-კახეთის მეფენიც ჩაერივნენ ბრძოლაში. მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს ველ-მინდორზე. მრავალს მათგანს აუტირდა დედა, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელ ომიანობისაგან, ვიდრე ლეკებსა. საქმე იმაში იყო, რომ საქართველოს გაშლილ ველ-მინდორზე ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდობას, ხოლო ქართველებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებს შორის მდებარე დაღესტანში შესვლა; ამის გამო, თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მუდამ უვნებელი რჩებოდა. იქ ხელახლა იზრდებოდნენ მეომარნი და უფრო მეტის მხნეობით და ბოროტებით მოისწაფოდნენ საქართველოსაკენ. პირველად მათ კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება, მაგრამ მალე ისე გათამამდნენ, რომ კახეთსაც აღარ სჯერდებოდა მათი ავკაცობა, იწყეს თარეშობა ქართლში: აკლება და აოხრება სოფლებისა, ხოცვა, ჟლეტა და ტყვევნა მცხოვრებელთა. დღესაც გულს უწუხებს ქართველ მამულიშვილს მაშინდელი განადგურებული, დანაცრებული ნასოფლარები!! ლეკები ხშირად დადიოდნენ დასავლეთისკენ და უღმერთოდ აფუჭებდნენ იმერეთის საზღვრებსაც. მათმა თავგასულობამ იქამდე მიაღწია, რომ მთელი ქართლ-კახეთი გზად და ხიდად გაიკეთეს დაღესტანსა და ოსმალეთს შუა. ყოველივე ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოში მეფობდა კაცი, სახელგანთქმული ვაჟკაცობითა, მხნეობითა და მამულის მაღალის სიყვარულითა. მეფე ერეკლეს ხმალი რომ ერთ დღეს დაღესტნის საზღვრებთან პრიალებდა, მეორე დღეს შუა ქართლში სჩეხდა ოსმალ-სპარსელებს. კაცს გაუჭირდება თქმა - როდის და სად ისვენებდა გასაოცარი გმირი მეფე. საუბედუროდ, ერეკლე მეორეს ხანდისხან პოლიტიკური შორსგამსჭვალულობა ატყუებდა. ამის გამო იგი ხშირად მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან: დაუძინებელი მტერი მის სამშობლოს მოკეთედ ეჩვენებოდა, და მას კი მტრულად შესცქეროდა, რომელთანაც სამშვიდობო მორიგება შესაძლებელიც იყო და სასარგებლოცა. ამიტომ მისმა გასაოცარმა მამაცობამ ბოლოს ჟამს თითქმის უნაყოფოდ ჩაიარა; მისი დიადი ღვაწლი სამშობლო ქვეყნის წყლულს განმკურნებელ მალამოდ ვერ დაედო!.. II ქართლისა და კახეთის მეფეებმა - თეიმურაზმა და ერეკლემ - ტფილისში მოილაპარაკეს და გადასწყვიტეს გალაშქრება ნუხის ხანის, ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ. ეს ჰაჯი ჩალაბი შთამომავლობით სომეხი იყო: ვიღაც ტერტერას შვილი. რა იყო მიზეზი მისი გამაჰმადიანებისა, ამაზედ არა ვიცი რა... სჩანს მხოლოდ ის, რომ იგი კარგი დავაჟკაცებული იყო, როდესაც მაჰმადიან მლოცველებს გაჰყვა მექაში, მიიღო რჯული მაჰმადისა და დაბრუნდა დაღესტანში. თან მოიტანა „ჰაჯის“ (მლოცველი) სახელწოდება. ესეც არ აკმარა თავის გადასხვაფერებას: მან ამ სახელწოდებას მიუმატა „ჩალაბიც“, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველის მაჰმადისაგან შთამომაბლობას. ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზედ მარტო ამ სახელწოდებითაც კი... ხოლო ჰაჯი ჩალაბს სხვა, მაშინდელ დროში დიდად მოსაწონი და სასარგებლო, თვისებანიც ბლომადა ჰქონდა. იგი იყო მხნე, შორ-გამჭვრეტი, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა... მის მოუსვენარ ხასიათს და დიდების მოყვარეობას ცეცხლისა და მახვილის სარწმუნოებამ შესაფერი საგანიც აღმოუჩინა. შეჰკრიბა თავზედ ხელაღებული ავაზაკები და მაჰმადის სადიდებლად იწყო საქრისტიანო კახეთის საზღვრების, საინგილოსი და ნუხის მიდამოების აკლება. ამგვარის მტაცებლობით მალე დიდი ქონება შეიძინა. ამ სიმდიდრით და თავის ცხოვრება-მოქმედებით მთელს დაღესტანში სახელი გაითქვა. ლეკები ხშირად ირჩევდნენ ხოლმე ჰაჯი ჩალაბს თავიანთ ბელადად და ამ დროს ყოველ მის ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავით ემორჩილებოდნენ. ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ ქალაქი ნუხა და მისი მიდამო ადგილები ხელთ ჩაიგდო. ათასნაირის ხრიკებით, ძალმომრეობით, მოტყუებით და მოსყიდვით გაადიდა, გააფართოვა ეს ადგილები და დასასრულ თავისი თავი ნუხის ხანად გამოაცხადა. ჰაჯი ჩალაბს გულით უნდოდა საქართველოსთვისაც წაეგლიჯა რომელიმე ნაწილი, უნდოდა ჩვენშიაც გადმოეყო თავისი გაუმაღძარი ხელი, მაგრამ კარგათ იცოდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, მისი ხმლის ძლევამოსილება და ამიტომ მასთან განცხადებით უსიამოვნებას, ფარულ გაიძვერულ მტრობას არჩევდა. ხშირად გროვდებოდნენ ხოლმე მის სამფლობელოში თავზედ ხელაღებული ლეკები და აქედან ჰაჯი ჩალაბის ხელმძღვანელობით ხან ერთ კუთხეს აოხრებდნენ საქართველოსას, ხან მეორეს, ყოველ ამგვარ შემთხვევაში ნადავლის მეათედი ნუხის ხანისა უნდა ყოფილიყო. თეიმურაზი და ერეკლე კარგათა ხედავდნენ ამ ვერაგი კაცის თვალთმაქცობას, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ დამშვიდება მისი შესაძლებელი იყო; ამის გამო უგზავნიდნენ მეგობრულ წერილებს, ძვირფას საჩუქრებს და სთხოვდნენ მეზობლურ მშვიდობიანობას. ყოველ ამგვარ მოკითხვაზე ჰაჯი ჩალაბისაგან ერთი და იგივე პასუხი მოსდიოდათ მეფეებს: „შეუპოვარი და მხეცთა მსგავსი ლეკები ძალით შემოდიან ჩემს ქვეყანაში, იკლებენ, აოხრებენ მას და შემდეგ აქედან თქვენს სამეფოშიაც გადმოდიანო. მე ამათი მოკავშირე კი არა ვარ, დაუძინებელი მტერი ვარ: სადაც კი მოვასწრობთ, არ ვინდობთ ერთმანეთსაო“. ამგვარ სიტყვებს წინაპირველად შეცდომაში შეჰყავდა ორივე მეფე. მაგრამ შემდეგ სცნეს ჰაჯი ჩალაბის ფარისევლობა. ცხადათ დაინახეს სიმართლე და განრისხებულთ შეუთვალეს მუქარა. ამ მუქარაზედაც ნუხის ხანმა ჩვეულებრივის ფარისევლურის პატივისცემით და მორჩილებით გასცა პასუხი მეფეებს. ამ ჟამადაც სცდილობდა - მოეტყუებინა და დაემშვიდებინა იგინი. ხოლო თვითონ, ყოველ შემთხვევისთვის, სისწრაფით გაგზავნა მთელს დაღესტანში ერთგული მოლები და მოუწოდა მის მცხოვრებელთ წინააღმდეგ საქართველოს მეფეებისა. ამ უკანასკნელთ ყოველივე ეს დაწვრილებით შეიტყეს და მსწრაფლ გასცეს ბრძანება ლაშქრის შეგროვებისა. მოუწოდეს აგრეთვე თავიანთ მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებს და ხუთი ათასი ჯარით გასწიეს ნუხისაკენ. III როდესაც საქართველოს ლაშქარი ჰაჯი ჩალაბის სამფლობელოს დაუახლოვდა, მეფე ერეკლემ გაიყვანა ჯარიდამ ორასი რჩეული ვაჟკაცი, გაუძღვა წინ და გასწია ჩქარის ნაბიჯით მტრის ქვეყნისკენ. ერეკლეს თან ახლდნენ გორისა და ქიზიყის მოურავები: ოთარ ამილახვარი და ზაქარია ანდრონიკაშვილი. როგორც ოთარი, ისე ზაქარია არა მხოლოდ სახელოვანნი, მთელს საქართველოში ცნობილნი ვაჟკაცნი იყვნენ, არამედ გულწრფელი მამულიშვილებიც, რომელთაც სამშობლოსათვის თავდადება თავიანთ ცხოვრების წმიდა, საღვთო საქმედ მიაჩნდათ. ამით ისინი ღვიძლ ძმებსავით წააგავდნენ ერთმანეთს, ხოლო სხვაფრივ მათ შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ზაქარია იყო დაბალი ტანის კაცი, ვეფხვივით მარდი, მამაცი და ბრძოლის დროს ფიცხი და დაუღალავი. შავგვრემან სახეზე მუდამ მხიარული ღიმილი გადაფენილი. მის მარილიან ხუმრობას და კეთილსიტყვიერებას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. რაგინდ მძიმე ნაღველი სწოლოდა რომელსამე კაცს, ოჯახს, საზოგადოებას, საკმარისი იყო იქ ერთი გამოჩენა ზაქარიასი, რომ ყველანი მხიარულს გუნებაზე დამდგარიყვნენ. ეს მხიარულება არ შორდებოდა ზაქარიას თვით გაცხარებულ ბრძოლის და სისხლის ღვრის დროსაც კი. ჩინებული მომღერალი იყო თურმე!.. შემოსძახებდა სიმღერას და ლომივით ეძგერებოდა მტერს; იბრძოდა და თანაც მხიარულად ღიღინებდა, როდესაც ხმლის მოქნევით მარჯვენა ხელი ეღლებოდა, მაშინ მარცხენას წამოიშველიებდა და ამ ხელითაც იმგვარისავე ხერხითა და ძლიერებით ხმარობდა იარაღს, როგორც მარჯვენათი. ოთარ ამილახვარი დევ-გმირული ახოვნების ვაჟკაცი იყო. ამ წარმოსადეგობას ღონე და ძლიერებაც შესაფერი მოსდევდა თურმე. რაც უნდა დიდი ხარი, ან ძროხა ყოფილიყო, ხანჯლის ერთი დაკვრით თავს აგდებინებდა. როგორც ოჯახში, ისე ხალხსა და საზოგადოებაში იყო ჩუმი, ზრდილი, მშვიდობის მოყვარე, მომთმინო, ღვთის მოშიში, ქვრივ-ობლის მოწყალე, გლეხ-კაცის მფარველი და მოსარჩლე. ხოლო ბრძოლის დროს მის მრისხანებას და შეუბრალებლობას საზღვარი ეკარგებოდა. რაც უნდა ღრიანცელი მდგარიყო, მისი მაღალი ბოხი ხმა მაინც კარგად ისმოდა. მტერს მუქარას უთვლიდა, უწმაწურის ენით ლანძღავდა, მთელს ქვეყნიერებას ბრძოლაში ითხოვდა. მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდებოდა. ამისთანა შემთხვევაში ლანძღვა-გინების მაგივრად მტერს აქებდა, ძალასა და მოხერხებას უწონებდა. მაგრამ როცა ამასაც ბოლოს მოუღებდა, დაიღრიჯებოდა და ზიზღით ამბობდა: ბევრი არაფერი შვილი ყოფილა ესეცაო. ანდრონიკაშვილი ბრძოლის ველზე ციბრუტივით ტრიალებდა. ერთს წამში რამდენსამე ადგილას ამოყოფთდა თავსა. ვაჟკაცურ მამაცობასთან ხშირად ხმარობდა ხერხსაცა. მტერს უცებ შეშინებულად ეჩვენებოდა. ნელ-ნელა უკან იწევდა, წაქეზებულ მოწინააღმდეგეს თავისკენ იტყუებდა, მერმე უცბად ერთს გადახტებოდა და ქორივით ეცემოდა თავზე. ამილახვარს ბრძოლის დაწყება არ უყვარდა; პირველ ხანებში ჯარს უკან უდგა და ბრძოლის ველს გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს. შენიშნავდა თუ არა რომელსამე ადგილას მტრის ძლიერებას, იმავე წამს იქ გაჩნდებოდა. შეჩერდებოდა შუა ადგილზე და იდგა იქ „ვით ციხე-ბურჯი მაგარი“, იდგა და ვაი იმის ბრალი, რომელიც მიუახლოვდებოდა: ერთის დაკვრით ვაჟკაცს შუაზე სჩეხდა: ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხმლის ერთი მოქნევით ორი-სამი კაცი წაუქცევია. თავდასხმისა და გაქცევ-გამოქცევის დროს ზაქარია პირველობდა, ხოლო შეჩერებულ ბრძოლასა და მოგერების ჟამს ოთარს ვერავინ შეედრებოდა. IV ორიოდე საათის სიარულის შემდეგ, დაწინაურებულნი შეუდგნენ ერთ მაღალ ფერდობს და როცა აიარეს, შევიდნენ კავკასიის მთის ერთ ვიწრო, ტყით შემოსილ ხეობაში. მიდიოდნენ ფრთხილად. იცქირებოდნენ აქეთ-იქით, ათვალიერებდნენ ყოველ საეჭვო ადგილს, მაგრამ მტრის ჭაჭანებაც კი არსად არა სჩანდა. გავიდა კიდევ ცოტა რამ ხანი და უცებ, სადღაც ტყეში, გავარდა თოფი. ეს თოფის ხმა, როგორც აღმოჩნდა, ნიშანი ყოფილიყო მთის ფერდობზე დაბურულ ტყეში ჩასაფრებულ ლეკებისა. ერთი წამის წინად სამარის მსგავსად გაყუჩებული ხეობა უცებ ჯოჯოხეთურმა ღრიანცელმა მოიცვა. როგორც ნიაღვარი, ისე წამოვიდა ზემოდან შეიარაღებული ჯარი ლეკებისა. მათი ჟრიამული ცამდის ადიოდა. ერეკლემ პირველსავე თოფის გავარდნაზე შეშფოთებით მიიხედა უკან. საჩქაროდ მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა - მსწრაფლ უკან გატრიალება. ზაქარიას ხელით ანიშნა, რომ გაბრუნებულ რაზმს გასძღოლოდა წინ. დაიძრა თუ არა პატარა ლაშქარი ქართველებისა, ახლა წინიდან შემოესია მათ საშინელი ღრიანცელი ლეკებისა. თვით ჰაჯი ჩალაბი მოაქროლებდა ცხენს და მას ხუთასამდე მეომარი მოსდევდა უკან. ერეკლე მიბრუნდა იქით, თავის არწივისებურ თვალებით გაარჩია მომავალი მტრის ჭაღარა წინამძღოლი... - ოთარ, - დაიძახა მან, - ასი კაცი გამოატრიალე აქეთ. ზაქარიასთან წადი, ის აქ გამოგზავნე და შენ შენებურად დაუდექ მტერსა... გარღვევა მტრისა ჯერჯერობით ვერ არის მოსახერხებელი. მეტი ღონე არ არის, მამაჩემის მოსვლამდე უნდა მოვიგერიოთ მტერი... ეჭვი არ უნდა, ისიც მალე გაჩნდება აქა. ოთარი გაბრუნდა, ხოლო ზაქარია ამ დროს უკვე გაცხარებული იბრძოდა თავის მხედრობით. ცოტანი იყვნენ ქართველები, მაგრამ ვინც იყვნენ, ყველას ვაჟკაცობის სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ ქართლ-კახეთში. ვინ მოსთვლის რამდენი ბრძოლა გადაეხადათ ამათ ერეკლესთან ერთად და სწამდათ, რომ დღესაც ისე გაიმარჯვებდნენ, როგორც არა ერთხელ უწინ. ეს რწმენა, მეფე ერეკლეს მათთან ყოფნა და საყვარელი წინამძღვრების ცქერა გმირობის სულს უდგამდა თვითეულ მათგანს და როგორც ლომნი, ისე ეძგერნენ მტერსა. უცებ მეხივით დაიჭექა თოფმა. ამ თოფის ხმას ყველა იქ მყოფმა ქართველებმა ყური მოჰკრეს... თითქმის ყველამ ერთად გადაიწერა პირჯვარი და ერთმანეთს მხიარულად შესძახეს: - ბატონმა დასცალა თოფი, ბატონმა. - და ლეკების რომელიღაც ბელადს დაუბნელა მზე. V ჰაჯი ჩალაბმაც კარგად დაინახა ერეკლე, მოერიდა მასთან პირისპირ შეტაკებას: თითონ უკან დადგა და თავის ჯარს წინამძღვრად დაუყენა ვაჟკაცობით განთქმული თავისი შუათანა შვილი. იგი აღტაცებით მიეგება ამ დანიშნულებას. იმედი ჰქონდა, ერთი შეტევით გაანადგურებდა ქართველების პატარა გუნდსა და მთელს დაღესტანში დიდებულ სახელს მოიხვეჭდა უძლეველი მეფის დამარცხებითა. მაგრამ ესეთი საოცნებო ფიქრები ახალგაზრდა, დიდების მოყვარე კაცისა კვამლივით გაიფანტა პირველსავე შეტაკებაზე, ერეკლემ ახლო მიუშვა გათამამებული მტერი, მერე უცებ ხელში მოიგდო თოფი და ესროლა მის წინამძღოლს. იმავე წამს ამ უკანასკნელს ამოღებული ხმალი ხელიდან გავარდა და თავის რაზმის წინაშე უსულოდ გადმოვარდა ცხენიდან. უბელადო ჯარი შედრკა, ერთ წამს შეჩერდა. მტრის შერყევით საუცხოოდ ისარგებლა ერეკლემ. როგორვ ვეფხვი, ისე ეძგერა ლეკებს თვისის პატარა გუნდით. თავზარი დასცა მას, არივ-დარია და გაირეკა წინ. არეული მოწინავე ჯარი გვერდზე მიაყენა ჰაჯი ჩალაბმა და რიგზე დაყენებული ჯარი მოაგება წინ ერეკლესა. ქართველების ბედზე ბრძოლის ველი ვიწრო იყო და ამის გამო ლეკების ბრბო ვერ იშლებოდა თავისუფლადა. ძალა-უნებურად ბრძოლის დროს იმდენივე ლეკი უნდა მდგარიყო წინ, რამდენიც ქართველი. ამის გამო სიმრავლე მტრისა ჯერ-ჯერობით ვერაფერს აკლებდა მათ. მეფე ერეკლე კარგათ იცნობდა თავის ქართველებს, იცოდა, რომ მათთვის სრულიად საჭირო არ იყო წამდაუწუმ განკარგულების ძლევა და ამიტომ ბრძოლის ველიდან არც კი გამოდიოდა გარეთ. სადაც კი შენიშნავდა მტრის ძლიერებას, მაშინვე იქ ჩნდებოდა საკვირველი მეფე და იმავე წამს ფრთხებშესხმული ქართველები, მოგერების ნაცვლად, თვით ესხმოდნენ მტერსა, ჰფანტავდნენ და მიერეკებოდნენ წინ. სიმრავლით გათამამებული ლეკები ერთმანეთს ეცილებოდნენ წინ დგომას, ქართველებთან ხელჩართულ ბრძოლას, მაგრამ ესეთი თავგამოდება ძვირად უჯდებოდათ. სიმამაცე და სიკვდილის მოურიდებლობა ლეკებისა ამაოდ იმსხვრეოდა ქართველების სულის და მკლავის ძლიერებაზე. ბრძოლის ველზე ეყარნენ ასამდე დაჭრილ-დახოცილი ლეკები, ხოლო ერეკლეს რაზმს ათიოდე კაცის მეტი ჯერ არავინ დაჰკლებოდა. ესეთი მდგომარეობა, რასაკვირველია, ქართველებისათვის არ იყო ცუდი, მაგრამ მათი წინამძღოლნი და მომეტებულად მეფე ერეკლე მაინც არ იყვნენ კარგ გუნებაზე, თეიმურაზ მეფის დაგვიანება მეტისმეტად აწუხებდა მათ. იგი თავისის ჯარით აქამომდე უსათუოდ უნდა გაჩენილიყო ბრძოლის ველზე. ესოდენ ჟრიამულს, თოფის სროლას და მთელი ხეობის დამაყრუებელ გრიალს უნდა უეჭველად მიეღწია მის ყურამდე. მაშ რათ იგვიანებს?.. სად არის? რატომ, ჩვეულებრივ, არ მოისწრაფვის საშველად?.. რათ სტოვებს ამდენს ხანს ამ საშინელ ხიფათში, როგორც თავის სახელოვან პირმშოს, ისე ორას წარჩინებულ მამულიშვილს?.. ესეთი და სხვა ამგვარი ფიქრები ბურუსივით შემოსწოლოდა ქართველი რაზმის წინამძღვრებს და არ იცოდნენ კი, რა პასუხი გამოეძებნათ მათთვის. ერეკლე ძველებურადვე ტრიალებდა ბრძოლის ველზე, იბრძოდა ლომივით, სადაც საჭირო იყო, ახდენდა განკარგულებას, მაგრამ ამასთანავე ცხადათ სჩანდა, რომ მის ძლიერ სულს მშვიდობა და მოსვენება დაჰკარგვოდა. VI მეფე ბრძოლიდან გავიდა. ტყის ნაპირას პატარა მაღლობ ადგილზე შესდგა და გახედა ჰაჯი ჩალაბის მხარეს. გაოცებით შენიშნა, რომ იქიდან ლეკები ნელ-ნელა უკან იწევდნენ და რაღაც საიდუმლოებით მთის კალთას ეფარებოდნენ. ერეკლემ გაიფიქრა: იქ, ალბათ, საფარი აქვთ გაკეთებული და უნდათ წაგვიტყუონ, ან იქნებ სხვა რამ ამბავი ხდება ამ მთის იქით? უნდა უსათუოდ შევიტყოო... აიღო თავი მაღლა და გაიხედა ჯარისკენ. იქვე ახლო შენიშნა ერთი ცხენოსანი. იცნო იგი და პატივისცემით შესძახა: - თავადო, აქ მობრძანდით პატარა ხანს. ამ სიტყვებზედ იმავე წამს ცხენიდან გადმოხტა სისხლში მოსვრილი შუახნის ვაჟკაცი, მაშინდელი დროის ერთი წარჩინებული ქართველთაგანი, ზაალ მაჩაბელი, შორიდანვე თავი მძიმედ დაუკრა მეფეს და მოკრძალებით გაჩერდა მის წინაშე. - რას მიბრძანებთ, შენი ჭირიმე, ბატონო? - აქ შენთან ოსი ხომ არავინ არის? - როგორ არა, ბატონო, გახლამთ, ნარელი ოსია, სანაქებო ვაჟკაცი, სოზირა ხეთაგური. - მაშ დამიძახე ეხლავე აქ... ორიოდ წამის შემდეგ მეფის წინ შეჩერდა მაღალი ტანის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოსი. - ამ მთებში ხომ არსად გივლია? - ჰკითხა მეფემ. - როგორ არა, შენი ჭირიმე, გივლია; პატარა ბიჭი რო იყავი, მა რჯულ-ძაღლებმა დიდი ლევახის ხეობაში, ჭრებასთან დაგიჭირეს, წამოგიყვანეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ხუთი წელიწადი აღარ გაგიშვეს... მერე მე და ერთი ქიზიყელი კაცი გამოვიპარეთ, გზაზე ხუთი ლეკი მოვკალით და იმათი თავები გორში ბატონ თეიმურაზ მიართვი... - ყოჩაღ, ხეთაგურო!.. მაშ იქნება ლეკურიც იცოდე? - იცი, შენი ჭირიმე, ცოტა იცი. - მაშ გასწი ეხლავე... აიმ მთას გადაუარე, გადაიხედე იქით, ყველაფერი დაათვალიერე... თუ მოახერხო როგორმე, მიუახლოვდი ლეკებს, ყური დაუგდე და, თუ გაიგონო რამე, კარგა დაიხსომე... აბა, გასწი... რაც უფრო მალე შეასრულებ ამ დავალებას, იმდენად კარგი იქნება... ღმერთი იყვეს შენი შემწე... ოსმა სიამოვნებით და თავმომწონებით შეხედა მეფეს, გულზე ხელი მიიდო, მძიმედ დაუკრა თავი და გამობრუნდა უკან. თავისი ცხენი ხეზე მიაბა, თოფი და ხმალიც იქვე ხეზე ჩამოჰკიდა. ორი გატენილი დამბაჩა გამოართვა ამხანაგებს, ჩოხის კალთები შალვარში ჩაიკეცა და მოჰკურცხლა. პატარა ხანს კი სჩანდა მისი გასაოცარი სიმარდე, კლდიდან კლდეზე ხტომა, გაბარდულ ბუჩქებში ძრომა და შემდეგ გაჰქრა დაბურულ ტყეში. ამ დროს მეფესთან მოვიდნენ ჯარის წინამძღოლნი. - ბატონო, - წარმოსთქვა ზაქარიამ, - ჰაჯი ჩალაბი რაღაცას გვიპირობს: ორივე მხრიდან თითქმის შესწყვიტა ბრძოლა. - იმედი მაქვს, მალე შევიტყობთ გაიძვერა ჰაჯი ჩალაბის განზრახვას, - ბრძანა ერეკლემ, - მე ამ ჟამად უფრო მამიჩემის მოუსვლელობა მაწუხებს. თუ რაიმე უბედურება არ იყოს იმის თავს, იგი აქამომდე აქ გაჩნდებოდა. ერთი შავი ფიქრი მიტრიალებს თავში: ვაითუ ხანებმა გვიღალატეს, მოხუცი მამა მომიკლეს და... - აქ გასწყვიტა ლაპარაკი, ხმალზედ ხელი წაივლო, და მცირეოდენის სიჩუმის შემდეგ მრისხანებით შესძახა: - განჯის ხანები მუდამ მტრები ყოფილან საქართველოსი. თუ მოხდა რამე, ეს ნამდვილად მისი ბოროტების ნაყოფი იქნება... და ვფიცავ წინაპართ წმიდა საფლავებს, რომ სულ ერთიან ავაოხრებ განჯას, ცხენს კუდით ვათრევინებ ხანსა, მთელს მის გასაგისს დედამიწის ზურგიდან ამოვფხვრი. საშინელი, საზარელი სანახავი იყო ამ დროს მეფე ერეკლე, მისი დიდრონი, შავი თვალები ჯოჯოხეთის მრისხანებას აფრქვევდა გარშემო... მთელი სახე მეფისა მოშავბედებულ ცასა ჰგავდა; კაცს ეგონებოდა - საცაა ჭექა-ქუხილი ასტყდება და ამ საზარელ სახიდან მეხი გადმოვარდებაო. წინაშე მეფისა იდგნენ დიდებული ვაჟკაცნი... მათ არა ერთხელ ენახათ თავზარდამცემი ამბები, არა ერთხელ გამოეცადათ სიკვდილის ბრჭყალებში ყოფნა, მაგრამ არსად არ უგრძვნია მათ გულს შიში, არ შეჩერებულა ერთ წამსაც კი მათი წინ მიმავალი ნაბიჯი; მაგრამ აქ კი მუქარის წარმოთქმის დროს, ყოველ მათგანს რაღაც გამოურკვეველმა შიშმა დაჰკრა თავში. თითო ნაბიჯი გადასდგეს უკან და მორიდებით ჩაღუნეს თავები. მოხუცმა თუშმა, თეიმურაზ მეფესთან შეზრდილმა და აწ მუდამ პატარა კახთან მყოფმა, აღტაცებით შეხედა მას, უხერხულად გადაიწერა პირჯვარი და სასოებით წარმოსთქვა: - ჰეი, შენი ღმერთის ჭირიმე, შენი!.. ქართველი კაცი ტყუილად კი არ ამბობს: „რკინის პერანგი ჩაიცვა, გაჰკრა ხელი და გახიაო“... ერეკლე ბატონიშვილი კაცი კი არა, მდევია, მდევი!.. VII ჰაჯი ჩალაბმა ხელახლა გააჩაღა ბრძოლა. ამ ჟამად თავდასხმიდა და ხმალდახმალ ბრძოლის მაგივრად, მან მიმართა თოფებს. ორივე მხრიდან ქართველებს დაუშინეს ტყვია, მაგრამ ეს თოფის სროლა თითქმის არავითარ ვნებას არ აყენებდა მათ. ესენი ამოეფარნენ ხეებს, კლდეთა, ბუჩქებსა და ისხდნენ იქ უვნებლად: ზოგი მათგანი ჭრილბას იხვევდა, ზოგნი თოფ-დამბაჩებს სტენავდნენ, ხოლო საერთოდ ყველანი, კარგა ძალზე დაღლილ-დაქანცულნი, ისვენებდნენ და მომავლის ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. სწორედ გასაოცარი იყო ამ ხალხის სულის მდგომარეობა! ცხადათა სჩანდა, რომ ყოველი მათაგნი კარგად ხედავდა აწინდელი ვითარების სიძნელე-გაჭირვებასა; მაგრამ, ამავე დროს, თვით მძიმედ დაჭრილთა სახეზედაც კი მზის გულივით ბრწყინავდა ვაჟკაცური მხნეობა და გაბედულობა, იმედი და სასოება. მათ შორის ხშირად ისმოდა ხუმრობა, მხიარული ღიღინი, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, რომელსაც მოსდევდა ხოლმე გულიანი სიცილ-ხარხარი. ხანდისხან ერთი რომელიმე მხიარულად შემოსძახებდა რაიმე საგმირო სიმღერას, ამას მაშინვე მოჰყვებოდა მოძახილი, ბანი და მთელს ხეობას, მთასა და ბარს მოედებოდა დიდებული ხმა, ნათლად გამომხატველი შეურყეველის მამაცობისა და ძლიერი სულის სიმტკიცისა. ამისთანა დროს დაუძინებელი მტერიც კი წყნარდებოდა და, სულგაკმენდილი, ყურს უგდებდა ამ გმირთა გრიალს, მამულის სადიდებელ ჭექა-ქუხილს. მეფე ერეკლე ისევ წეღანდელ მაღლობზე სჩანდა, უზარმაზარი მუხის ქვეშ უნაგირი დაედოთ და მასზე იყო ჩამომჯდარი. მარცხენა ხელით თოფი ეჭირა, მარჯვენაზე ნიკაპი დაეყრდნო და ღრმა ფიქრებს მისცემოდა. ზაქარია და ოთარი ცოტა მოშორებით იდგნენ და დაბალის ხმით რაღაცაზედაც ლაპარაკობდნენ... ერეკლე უცებ წამოხტა, გადადგა ორიოდე ნაბიჯი წინ და დაიძახა: - ზაქარია, მოდი ჩქარა აქა! ამ მხრიდან ტყეში ვიღაც მოდის!.. მოკეთეა, თუ მტერია, აბა ერთი ნახე. - აქედან მტერი ვერ მოვა, ბატონო!.. - მოახსენა ანდრონიკაშვილმა, - მანდ ტყეში ფშავ-ხევსურები დგანან... ოსი ხეთაგური იქნება... - მართლაც და სწორედ ამ დროს მოისმა ხეთაგურისა და ყარაულების ლაპარაკი. მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა თვით ხეთაგურიც. ერეკლემ სიამოვნებით გადახედა ხვითქში გაცურებულ ახლად მოსულს და უთხრა: - მარჯვედ გივლია, გმადლობ! აბა რას იტყვი, ხეთაგურო? უკანასკნელმა თავის დამტვრეულის ქართულით იწყო ლაპარაკი და აღმოჩნდა შემდეგი: ჰაჯი ჩალაბს მოეშორებინა თავის ჯარისთვის სამასი მხედარი და გაეგზავნა აღმოსავლეთისკენ, რათა შემოევლო იმ მთისთვის, რომელიც მდებარეობდა ქართველების მარცხენა მხარეს, შემდეგ შეერთებოდა ხეობაში მყოფ ლეკებს და ამნაირად მოესპო ერეკლესთვის უკან დაბრუნების საშუალება. გარდა ამისა, აღმოჩნდა ისიც, რომ ჰაჯი ჩალაბი ყოველ წამს ელოდა დაღესტნიდან დიდძალ ლეკების მოშველებას. ეტყობა, ჩვენი წინ წატყუება უნდათო, გზის აქეთ და იქით საფრებს აკეთებენო. - მამაჩემზე, ან ერევნის და განჯის ხანებზე ხომ არარფერი გაგიგონია? - ჰკითხა ერეკლემ ხეთაგურსა. - ბატონ თეიმურაზზე და ერევნის ხანზე არაფერი, - უპასუხა ოსმა, - მაგრამ განჯის ხანის ხსენებას კი ყური მოვკარ... ერთი ცხენოსანი თათარი მოიჭრა და რაღაც ქაღალდი მიართვა ჰაჯი ჩალაბს. ამ ბარათის წაკითჴვამ დიდათ გაახარა იგი და რამდენჯერმე ხმამაღლა წარმოსთქვა განჯის ხანის ქება-დიდება. - მსწრაფლ შესხედით ცხენებზე, - დაიძახა მეფემ, - ოთარ, შენ უკან მოჰყევი რაზმსა... თუ, ვინიცობაა, მტერი მოგვეწია, შენ უნდა გასცე პასუხი. ზაქარია, ჩვენ უნდა გავუძღვეთ წინ ჯარსა, მტერი უნდა გავარღვიოთ და საჩვენოსკენ გავქანდეთ. იმედი მაქვს, რომ სინამ ლეკის რაზმი ამ მთას მოუვლის, ან ჰაჯი ჩალაბს, ახალი ჯარი მოეშველება, ჩვენ უკვე სამშვიდობოში ვიქნებით გასული. ბრძანება მეფისა საჩქაროზე იქნა აღსრულებული. ერეკლე დაუდგა თავში რაზმსა. მას უკან მოუდგნენ ზაქარია, მაჩაბელი, რამდენიმე თუში. დაიძრა ჯარი და ხმაგაკმენდილი დინჯის ნაბიჯით დაადგა იმავე გზას, რომელზედაც გამოიარა ამ ხუთიოდე საათის წინად. ლეკებმა, რაღა თქმა უნდა, მალე შენიშნეს მათკენ მიმავალი ქართველები. ასტეხეს ღრიანცელი, საჩქაროზე მოიყარეს გზაზე თავი და იწყეს თოფის სროლა. გავარდა მეფის თოფიც, რომელსაც იმავე წამს ხმა მისცეს მთელი რაზმის თოფებმა... შემდეგ ერეკლე ცხენზე მოტრიალდა. პირი ქართველებისაკენ ჰქნა და მჭექარი ხმით შესძახა: - ხმალი, ხმალი ამ წუნკლებს! ამ ხმას მაშინეთვე მოჰყვა მუქარითა და მრისხანებით სავსე გრგვინვა. როგორც გრიგალი ქარიშხლისა, ისე გაჰქანდა რაზმი ქართველებისა. რისხვა ღვთისა დაატყდათ მაშინ გზაზე მდგომარე ლეკებს: ორასზე მეტი გამოსალმა სამუდამოდ წუთისოფელს. თავზარდაცემულნი გარბოდნენ აქეთ-იქით და მხოლოდ ის გადარჩა უვნებლად ამ საზარელ კაცთ ნიაღვარს, რომელმაც დროზე მოასწრო გზიდან გადახტომა!.. VIII ნიავ-ქარივით მიჰქროდა ქართველთა რაზმი. გადიოდა დრო, ოფლის ხვითქში სცურავდნენ ცხენები, მხედარნი გრძნობდნენ დაღალვას, მაგრამ ცხენების თავის დაჭერა, ერთ წამს მაინც მათი შეჩერება და შესვენება ფიქრადაც არავის მოსდიოდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს ქართველებმა თავისუფლად, როდესაც მშვიდობით გამოსცდნენ იმ ხევს, რომლითაც ჰაჯი ჩალაბის მოხსენებული სამასი კაცი უნდა გამოსულიყო გზაზე. გაიარეს ცოტა რამ მანძილი და მალე სრულიად გავიდნენ სახიფათო ხეობიდან. რაზმი ნელ-ნელა დაეშვა იმ ფერდობზე, რომელზედაც დილას ამოარა. წინ მიმავალმა ერეკლემ პირველმა გადახედა ამ მაღლობიდან შირაქის თვალ-გადაუწვდენელ მინდორს. მსწრაფლ შეაჩერა ცხენი და აღელვებით წამოიძახა: - ღმერთო ჩემო, ამას რას ვხედავ!.. ეს რა ამბავია?!. მთელი ველი შირაქისა, სადამდისინაც კი ადამიანის თვალი გასწვდებოდა, მოფენილი იყო საქართველოს ჯარითა. ეს ჯარი გაყოფილიყო ორად: ხანების ჯარი გარბოდა სამხრეთისაკენ, ხოლო ქართველებისა ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ. გაფანტული ჯარი თავზარდაცემულ, ნადირისგან დამფრთხალ-გადარეულ ცხვრის ფარას წააგავდა. შორს იყვნენ, მაგრამ შეშინებული ხმაურობა, ღრიანცელი ხანდისხან გარკვევით მოჰქონდა ქარსა. ეს არევდარეული ღრიანცელი სიტყვებზედ უფრო ცხადათ ხატავდა გაქცეული ხალხის სულისა და გულის შემაძრწუნებელ მდგომარეობას. მთელი რაზმი ქართველებისა გაქვავებულივით იდგა რამდენსამე წამს ერთ ადგილზე. აღშფოთებულის გულით და ბრაზმორეულის განცვიფრებით ხან გაქცეულ თათრებს გასცქეროდა, ხან ქართველებსა. - რა მომხდარა?.. რა მოსვლიათ, ნეტა? - ნაღვლიანის გაჯავრებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქართველები. ერეკლემ ცხენი მიატრიალა გზის პირად გაჭიმულ, დაბურულ ტყისაკენ და სულგანაბულმა ყური მიაპყრო იქით. პატარა ხანს უკან დაიძახა: - შედით ვინმე ტყეში... აქ ახლო რაღაც ხმაურობა ისმის... ქართველები უნდა იყვნენ. - რამდენიმე ცხენოსანი მაშინათვე შეცვივდნენ ტყეში. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და თან ორი ქართველი ჯარისკაცი მოიყვანეს. - ვინ ხართ თქვენ? ჰკითხა მათ ერეკლემ დანახვის უმალვე. - ბატონ თეიმურაზის ჯარში გახლდით, შენი ჭირიმე... და როცა ჩვენი ჯარი უკან გაიქცა, ჩვენ ამ ტყეში დავიმალენით, თათრებმა დაგვარწმუნეს, რომ მეფე ერეკლე და ყველანი, ვინც კი იმასთან იყვნენ, სულ ერთიან ლეკებმა ამოჟლიტესო, ახლა ამ ტყისთვის მოუვლიათ, გზა უნდა შეგვიკრან და ჩვენც ისევე საქმე უნდა დაგვმართონ, როგორც ერეკლესაო. ბევრი არწმუნა ბატონმა თეიმურაზმა, ეგ ყველა ტყუილიაო... ბევრი ეხვეწა თათრებს, ქართველებსაც... ჯავრობდა, პირიდან ცეცხლს ჰყრიდა, მაგრამ საქმეს მაინც ვერა უშველა-რა... ჯარი შეშინდა, შენი ჭირიმე, და როცა თათრები გაიქცნენ, მეფემ ვეღარც ქართველები შეიმაგრა: ისიც გაიტაცეს და გაჰქანდნენ საჩვენოსაკენ... - ბატონო, - მოახსენა მეფეს ოთარ ამილახვარმა, - ლეკები გამოჩნდნენ. - ამ სიტყვების გაგონებაზე ერეკლემ მსწრაფლ შეწყვიტა ლაპარაკი, ცხენი გაატრიალა უკან და გადახედა მომავალ ლეკებს. - ბლომად არიან, - წარმოსთქვა მან დაფიქრებით, - ტრიალ მინდორში მათთან ამ ჟამად ვერას გავაწყობთ... მეტი გზა არ არი, უნდა მოვერიდნეთ. ზაქარია, შენ გაღმა მხარეს უნდა მიეშველო... ეჭვი არ უნდა, ლეკები იქაურ სოფლებს დაერევიან. ეხლავე გაჰქუსლე. ხვალ, მზის ამოსვლისას, მეც იქ გავჩნდები. ოთარ, შენ უნდა თელავისაკენ გაფრინდე: მამაჩემი იქით იქნება სადმე; წამოიყვანეთ, რაც ჯარი ახლდეს, ან რის შეკრებაც ხელათ მოასწროთ და ხვალ დილაზე უსათუოდ ყვარლისკენ წამოდით, მე კი აქედან სიღნაღში, ან ბაკურციხეს წავალ... ზაქარია და ოთარი მაშინვე გაუდგნენ გზას, ორმოცამდე ჯარისკაცი გაჰყვა მათ უკან. დარჩენილებს მიუბრუნდა ერეკლე და უბრძანა: - ვისაც ცხენები გივარგათ, გამომყევით უკან; ვისაც არა, ამ ტყეში შედით და ეცადეთ, რომ ხვალ დილაზე ყვარელში მოიყაროთ თავი. ამ სიტყვების შემდეგ შემოჰკრა ცხენს ქუსლი. მას გაჰყვა უკან ორმოცამდე კაცი, დანარჩენები შევიდნენ ტყეში. IX ერეკლეს წმინდა არაბული ჯიშის ცხენი ჰყავდა, იგი ძღვნად იყო გამოგზავნილი სპარსეთის მბრძანებლის, გამოჩენილის ნადირ-შაჰისაგან. ნიავსავით მიჰქროდა, როცა იგი ტარებით მიდიოდა, ხოლო ჭენება მისი ჰგავდა შავარდნის ფრენასა. იყო ამასთანავე დაუღალავი, ფრთხილი და ადამიანსავით გონიერი. დალოცვილმა პირუტყვმა თითქო იგრძნო თავის დიდებული პატრონის სახიფათო მდგომარეობა... ერთი ამაყად დაიჭიხვინა და მერმე მოსწყდა დედამიწას: როგორც ელვა, ისე გაჰქანდა ტრიალ მინდორზე. მის ფეხების მოძრაობას თვალს ვერ მოჰკრამდა ადამიანი; ამის გამო შორიდან ისე სჩანდა, თითქო რაღაც ზღაპრული ცხოველი დედამიწის პირად ჰაერში მიცურავსო. ამისთანა ცხენის პატრონს, რაღა თქმა უნდა, ვერავინ მიჰყვებოდა. ამალა მალე ჩამორჩა მეფეს და ბოლოს ეს უკანასკნელი სრულიად მიეფარა მხლებელთა თვალსა. ცხენმა ნახევარ საათამდე ირბინა ამნაირად, მაგრამ შემდეგ კი ნელ-ნელა უკლო ჭენებასა. უცებ შეჩერდა, ერთი ღონივრად გააკანკალა, გაციებულსავით შეაჟრჟოლა, მთვრალი კაცივით წატორტმანდა და გადიღუნა გვერდზე წასაქცევათ. ერეკლემ ძლივს მოასწრო მიწაზე გადმოხტომა. პატიოსანმა პირუტყვმა ერთი კი ამოიხვნეშა და მსწრაფლ დალია სული. პატრონმა მწუხარებით აავლ-ჩაავლო თვალი ცხენსა და მალე შენიშნა, რომ მუცელში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღვირი მიაგდო უსულო ცხენსა და შეშფოთებით მიმოიხედა. ამ დროს მან შენიშნა ერთი ქიზიყელი თავადიშვილი, რომელიც იქვე ახლო მიაჭენებდა ცხენსა. მეფე გადაუდგა წინ და შესძახა: - თავადო, მე ცხენი მომიკვდა და უნდა შენი ცხენი დამითმო. - თავადიშვილი მსწრაფლ მიიჭრა მეფესთან და მოახსენა: - მობრძანდით, ბატონო, შემომიჯექით უკან და ორივენი გავიქცეთ. - ღმერთმა შენც შეგაჩვენოს და ვინც შენ უკან შემოგიჯდეს, ისიცა! დამეკარგე აქედან!.. - ბატონო, აი ცხენი!.. შებრძანდით, შენი ჭირიმე, და უშველეთ თავს, - მოესმა ერეკლეს მეორე მხრიდან. მეფე საჩქაროზე შეხტა ამ ცხენზე და შემდეგ მიუბრუნდა მის პატრონს: - აბა, ჩქარა შემომიჯექ შენც უკან. - არა, შენი ჭირიმე, ცხენი ვერ შეძლებს ორი კაცის ჭენებასა. - ბევრს ნუღარ ლაპარაკობ!.. აგერ ისმის ლეკების ღრიანცელი... ჩქარა შემომიჯექ, თორემ მოგკვლენ... თუნდაც რომ მომკლან, არა უშავს-რა, შენი ჭირიმე!.. ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობავს... თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო... ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ძუძუ. მოისმა ლეკების ხმაურობა... დახანება აღარ შეიძლებოდა. მეფემ შემოჰკრა ცხენს მათრახი, მაგრამ იმავე წამს შეაჩერა და შემოსძახა ცხენის პატრონსა. - მითხარი: ვინა ხარ? სადაური ხარ?.. - ქვემო მაჩხაანელი გლეხი, გაბრიელა ბოსტაშვილი გახლავარ, შენი ჭირიმე!.. X დიდი კაცის ვახშობა მოტანებული იქნებოდა, როდესაც ქვემო მაჩხაანში ერთი ცხენოსანი შევიდა. ამ დროს, რაღა თქმა უნდა, მთელ სოფელს უნდა სძინებოდა, მაგრამ იმ ღამეს, როგორც მოხსენებული სოფლის, ისე მთელი ქიზიყის სამოურაოს მცხოვრებელთა შორის ძილი ფიქრადაც არავის მოსდიოდა. თეიმურაზის გამოქცეულმა ჯარმა მთელს კახეთს და, მომეტებულად, ქიზიყს შემაძრწუნებელი ამბავი მოჰფინა. ქაცი თუ ქალი, მოქალაქენი თუ სოფლელები ამ ამბავმა ერთიან ფეხზე დააყენა. ბევრი იხიზნებოდა, მაგრამ ამაზედ უფრო მომეტებული თოფიარაღში ჯდებოდა. გამარჯვებულ მტერს ყოველ წამს მოელოდა და მას მამა-პაპურ დახვედრას უპირებდა. წინამძღვრების არჩევა და ამის გამო ბევრი ყაყანი და ლაპარაკი ამისთანა დროს სრულიად საჭირო არ იყო. საქმის მოთავედ იგი ხდებოდა, რომელსაც გამოცდილება წინ მიუძღოდა, ვაჟკაცური სული და მამულის სიყვარული ნათელსა ჰფენდა და სხვებისაგან არჩევდა. მაგრამ ხშირად ესეთი რჩეულნიც კი მოქმედების დროს გვერდზე დგებოდნენ და სხვების განკარგულებას ემორჩილებოდნენ. ბევრჯერ გარემოება საზოგადო ასპარეზზედ ისეთებს წამოაყენებდა, რომელნიც მანამდისინ არაფრით განირჩეოდნენ მეზობლისაგან. ბედნიერია ის ერი, რომელსაც სამოქმედო სარბიელი წინ უდევს, ყოველის მხრივ კარგაღებული! ამისთანა ერს თავში ჩაკვრას ვერავინ გაუბედავს: გმირები მას არ გამოელევიან არას დროს! - გაბრიელა ბოსტაშვილი სად ცხოვრობს? - იკითხა უცნობმა ცხენოსანმა სოფელში შემოსვლისთანავე. საჩქაროდ უჩვენეს ერთი გლეხის ქვიტკირის სახლი... ცხენოსანი მივიდა ამ სახლთან და კარებში მდგომ თეთრწვერა ბერიკაცს სალამი მისცა: - გამარჯვება, ბერიკაცო, გამარჯვება შენ. ბერიკაცმა შეხედა მოსულს: გაარჩია, რომ ის უბრალო კაცთაგანი არ იყო... თავი დაუკრა და უპასუხა: - გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა! - გაბრიელა ბოსტაშვილი აქა ცხოვრობს? - დიახ, შენი ჭირიმე, აქა ცხოვრობს. ის გაბრიელა ჩემი ბიჭია. - მაშ, ამაღამ შენი სტუმარი უნდა ვიყვე. - და მხედარი გადმოხტა ცხენიდან. - მობრძანდი, მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. - ხელი სტაცა აღვირს, იქვე სახლის უკან მიაბა ცხენი და თითონ გაუძღვა სტუმარს სახლში. კერის წინ სკამი დაუდგა და ზედ დაბრძანება სთხოვა. როდესაც სანათის შუქზე მოხუცმა ხელახლა შეხედა სტუმარს, რამდენსამე წამს თვალი ვეღარ მოაშორა. რაღაც ფიქრები აეშალა თავში: თითქო სადღაც და ოდესღაც ენახა ეს კაცი, მაგრამ სიბერისაგან დასუსტებული მეხსიერება ღალატობდა და ამის გამო ვეღარ მოეგონა-რა. სტუმარმა შენიშნა მოხუცის მდგომარეობა, გაუღიმა და ჰკითხა: - ერთი ეს მითხარი, ბერიკაცო, გაბრიელა, შენი ბიჭი, ამჟამად სად არის? - ეხლა, ამ წამში სად არის ჩემი ბიჭი, სწორე მოგახსენო, არ ვიცი, იქნება ზეცაშიც არის ეხლა ისა! ამ ორი დღის წინათ კი სალაშქროდ გაჰყვა ჩვენს მოურავს, ზაქარიასა. ანბობენ: მეფეები დამარცხდნენ და იმ რჯულძაღლმა ლეკებმა დიდძალი ქართველობა ამოხოცესო... ანბობენ... კიდევ ვინ იცის, რეებს არ ანბობენ! - მაინც რას ამბობენ? - ღმერთმა დასწყევლოს წუწკი და ბოროტი კაცის დაუყენებელი ენა! ანბობენ, ვითომც ბატონი ერეკლე... - რაო? ლეკებმა მოჰკლესო?.. - ეჰ, შე დალოცვილო, როგორ იქნება? ეგ რა ბრძანებაა! - გაჯავრებით დაიძახა მოხუცმა. - შე თვითონ დალოცვილო, რას ჯავრობ? ვეღარ გეშველა-რა და, ახლა მაინცა სთქვი, რას ამბობენ? - აი იმას ანბობენ, რაც ეხლა შენა თქვი, მაგრამ ტყუილია, მიჰქარავენ. - სწორეთ, სწორეთ მიუქარავს, ვისაც ეგ უთქვამს... მეფე ერეკლე დღეს ბინდისას ბაკურციხეს ბრძანდებოდა. იქიდან კაცები გაგზავნა, რომ ყველა ამ ახლო-მახლო სოფლებიდან ამაღამვე ჯარი მოგროვილიყო სიღნაღში. ბერიკაცი სწორედ გადარეულს დაემსგავსა. ერთი კი შეჰყვირა: ოი, შენ ენას ვენაცვალეო, და შემდეგ იწყო სიცილი, ტირილი, დარბაზში სირბილი, პატარა ბიჭივით ხტუნაობა. მერმე მიირბინა სახლის ბნელ კუნჭულში, ვიღაცას დასტაცა ხელი და იწყო ხმამაღლა ყვირილი: - თინათინ, თინათინ, დედაკაცო, ბატონი ერეკლე ცოცხალიაო, ცოცხალი! - ვინა თქვა ეგ ამბავი, გიორგი, ვინა? - მოისმა მისუსტებული ხმა. - ადე, ადე შე საცოდავო! აი აქა ბრძანდება ის კაცი, ვინც მითხრა. ამ სიტყვებზე დარბაზის ბნელი კუნჭულიდან ბერიკაცმა გამოიყვანა ჯანგატეხილი, გამხდარ-გაყვითლებული დედაკაცი. ამან თავის ღრმად ჩაცვივნული თვალები მიაშტერა სტუმარს, პატარა ხანს უცქირა და მერმე მხიარულად უთხრა ქმარსა: - გიორგი, ამ კაცს სახეზე ეტყობა, რომ ტყუილს არ იტყვის. მაშ, მართალი იქნება, რაც უთქვამს... მადლობა უფალს... აბა, ერთი ჰკითხე: ჩვენი გაბრიელასი ხომ არა იცის-რა? სტუმარი საჩქაროზე წამოდგა ფეხზე. მივიდა მოხუც ცოლ-ქმართან და ალერსიანი, დედაშვილური კილოთი უთხრა თინათინს: - როგორ არა, მოხუცო, როგორ არა!.. დღეს საღამო ჟამზე ვნახე შენი გაბრიელა... ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეცა... კარგათ იყო, კარგათ და ძიელ კარგი ბიჭიცა გყოლიათ თქვენ ისა!.. ღმერთმა მოგცეთ იმისი თავი!.. - ოი, შენ მუხლებს ვენაცვალე, ბატონო! უფალმა პატიოსანმა ადიდოს შენი სიყრმე, გაგიძლიეროს ცოლ-შვილი! ეგ გაბრიელა მეოთხეა, შენი ჭირიმე, მეოთხე, სამი ვაჟკაცი შვილი მომიკლეს იმ შეჩვენებულმა ლეკებმა... მე ისა მკლავს და ის მიდაგამს გულ-ღვიძლსა, რომ ორს თავები დამიჭრეს იმ სასიკვდილეებმა, მესამეს - მარჯვენა, იმ მარჯვენა გასახმობებმა. - საიქიოს, თინათჲნ, ვიღას რათ უნდა ან თავი, ან ხელები, რაც იყო, იყო და გათავდა!.. დაანებე მაგაებს თავი, თორემ ღმერთია შენი თავდები, შენ ეგ „ხელი და თავები“ სწორეთ სამარეს გაგითხრიან, შე საცოდავო! - უთხრა მეუღლეს გიორგიმ. - როგორ თუ საიქიოს ვის რათ უნდა თავი და ხელები? - ყვედრებით შემოუტია ქმარს დედაბერმა, - რათ იცი, კაცო, ემაგისთანა ღვთის საწყენი ლაპარაკი? თუ კაცმა თავი არ დაუკრა, განა შეიძლება ღვთის დიდება? მარჯვენა ხელით თუ პირჯვარი არ გადაიწერა, განა მოხერხდება უფლის ლოცვა-ვედრება? ბერიკაცმა ამაზე პასუხის მიცემა დააპირა, მაგრამ სტუმარი ჩაერია და ეს საღვთისმეტყველო ბაასი შეაწყვეტინა. - მე დარწმუნებული ვარ, მოხუცო თინათინ, რომ შენს გაბრიელს ეგ საქმე არ დაემართება. ღმერთი დაიფარავს და ამ ცოტა ხანში უვნებლად დაგიბრუნდება სახლში. - მიბოძე, ბატონო ხელი... მიბოძე, შენს მზეს ვენაცვალე... - ამ სიტყვებზე დედაბერი მისწვდა სტუმარს და უწყო კოცნა მარჯვენა ხელზე. თანაც ტიროდა და მდუღარე ცრემლით ასველებდა ამ მარჯვენას... სტუმარმა არ გაინთავისუფლა ხელი... მწუხარე დედას თვალი მოარიდა, გვერდზე მიიღო თავი და ცრემლმორეულმა ნაღვლიანად წარმოსთქვა: - იდიდოს, ღმერთო, შენი მიუწვდომელი მარჯვენა! როდემდის უნდა იღვროდეს ასე ქართველი დედის მდუღარე ცრემლები? XI დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სნეული დედაბერ ისევ დაუბრუნდა თავის ლოგინს, მისი ქმარი ვახშმის მზადებას შეუდგა. სტუმარიც სკამზე ჩამოჯდა წეღანდებურათ, ზურგი სახლის ბოძს მიჰყუდა და ჩაფიქრდა. სათნოიანი, ალერსიანი გამოხატულება სახისა შეეცვალა: ამ სახეს ღრმა მწუხარება და ძლიერი ტანჯვა სულისა გადაეფინა. მაგრამ მალე ესეთი მდგომარეობაც სხვა გვარად შეეცვალა: ტანჯვა-ვაების ადგილი ახლა მრისხანებამ დაიჭირა. წარბები შეენასკვა, დიდი თვალები თითქო უფრო გაუდიდდა და შიგ ჯოჯოხეთურმა ალმა აუწყო პრიალი. შავი სქელი წვერ-ულვაში, ცოტა მოზრდილი, მოხრილი ცხვირი, შავგვრემანი სახე, მზისას და ქარისაგან შერუჯული, თვალების მეტყველებას თითქო ბანს აძლევდა, ჯოჯოხეთურ ალში თითქო ნავთს ასხამდა. როდესაც მოხუცმა მასპინძელმა თავი მაღლა აიღო და სტუმარს შეხედა, ძალაუნებურად შიში იგრძნო, უკან დაიწია და აღტაცებით წაიდუდუნა: მთის არწივი შემოფრენილა ჩემს ქოხში და აქედან მთელს დუნიას მუქარას უთვლისო. მერმე თავი ისევ ჩაღუნა და ჩუმად უწყო ლანძღვა-გინება თავის ჩერჩეტ მეხსიერებას, რომელიც ამ ბოლო დროს ასე უხეიროდ ეურჩებოდა პატრონსა. შუაღამე იქნებოდა მოტანებული, როდესაც უცებ სახლის კარი გაიღო და შემოვიდა შეიარაღებული ვაჟკაცი. ბერიკაცმა საჩქაროზე იცნო იგი; ჭაბუკივით წამოხტა და მშვიდობით დაბრუნებული თავისი ბიჭი მამაშვილურად გადაჰკოცნა. შემდეგ სტუმრისაკენ ხელი გაუშვირა და დაბალის ხმით ჰკითხა: - გაბო, შვილო, ეს კაცი ვინ არის? თითქო მინახამს სადღაც და, დალახვროს ღმერთმა ეშმაკი, ვეღარ მომიგონია, სადა. გაბრიელა ბოსტაშვილმა გახედა სტუმარს, რამდენსამე ხანს თვალებდაჭყეტილი, პირდაღებული, სარივით გაშეშებული დარჩა ერთ ადგილას. მერმე თვალებზე მიისვ-მოისვა ხელი, წარსდგა ერთი ნაბიჯი, თავი წინ წახარა და გაოცებით დააშტერდა სტუმარსა. აღელვება მისი ისეთი ძლიერი იყო, რომ სულს ვეღარ იბრუნებდა, გაცივებულსავით მთელი ტანით ცახცახებდა. პირჯვარი გადაიწერა და სასოებით წარმოსთქვა: - შენი ჭირიმე, დედავ, ამას რას ვხედამ? ეს რა ამბავია ჩვენს საწყალ სახლში!! შვილის ამგვარმა მდგომარეობამ ბერიკაცი უფრო მეტად გააოცა, ჩოხის კალთაში ხელი სტაცა, ძირს დასწია და ხმამაღლა უთხრა: - ბიჭო, კაცო, რა მოგივიდა? რა არი?.. რატო არას ამბობ, შე მამაცხონებულო?.. ამ ხმაზე სტუმარი ფიქრიდან გამოერკვა, კარებისკენ გაიხედა, და იმავე წამს მართლა არწივივით წამოფრინდა თავის ადგილიდან, ახალგაზრდა ბოსტაშვილს ხელი მოხვია, მხურვალედ ჩაიკრა გულში და მამაშვილურის გრძნობით წარმოსთქვა: - მადლობა უფალს! შენ რომ იქ ლეკებს მოეკალი, სამარეშიაც ვეღარ მოისვენებდა ჩემი სვინდისი! - ბიჭო, შე წყეულო, შე შეჩვენებულო, მითხარი, ვინა ბრძანდება ეს კაცი? - ბატონი ერეკლე, მამა! მეფე ერეკლე!.. - როგორ თუ ერეკლე?.. ის არი, ისა!.. სწორედ ის არი!.. - შეჰყვირა მოხუცებულმა და თითქმის უგრძნობლად დაეშვა სათაყვანო მეფის წინაშე. XII მეორე დღეს, სისხამ დილა ადრიან, სიღნაღიდან ხუთასი შეიარაღებული ცხენოსანი გავიდა. მათ წინ მიუძღოდა მეფე ერეკლე, რომელსაც გვერდში უდგა ცხენზედ ვაჟკაცურად გამოჭიმული აზნაური გაბრიელ ბოსტაშვილი. მთელი ახალგაზრდობა ქვემო და ზემო მაჩხაანისა, ბოდბისა, ნუკრიანისა და სხვა ახლომახლო სოფლებისა, ყველანი სალაშქროდ გამოსულიყვნენ და თავმომწონებით მისდევდნენ უკან თავიანთ მასახელებელ მეზობელს გაბრიელა ბოსტაშვილსა. მეფემ ქუსლი შემოჰკრა ცხენსა და იმავე წამს მთელი რაზმი მრისხანე გრიგალივით გაჰქანდა გაღმა მხრისაკენ. სამი საათის შემდეგ ქართველები თავს დაესხნენ ჰაჯი ჩალაბის გათამამებულ ავაზაკებს, რომელნიც შემოსეოდნენ იქაურ სოფლებს და ბარბაროსულის ბოროტებით იკლებდნენ და აოხრებდნენ. გაჩნდა საშინელი ხელჩართული ბრძოლა. სამი ათასი ლეკი თავგამოდებით მოესია ერეკლეს ხუთას გმირსა, მაგრამ ბედის ვარსკვლავმა უმტყუნა ჰაჯი ჩალაბს! ბრძოლის ვერლზე გაჩნდნენ ჯერ ზაქარია და მერე მეფე თეიმურაზი ქართლის ჯარითა. სამის მხრიდან შემოუტიეს მტერსა, სწრაფლ შემუსრეს ყოველი ღონე მისი და არევდარეული, თავზარდაცემული გაირეკეს წინ. ორიათასექვსასი დაჭრილ-დახოცილი ლეკი დარჩა იმ დღეს ბრძოლის ველზედა, ხოლო თვით ჰაჯი ჩალაბი გადაურჩა ქართველების მრისხანებას. ეგრძნო სიმუხთლე წუთისოფლისა და ბრძოლის გათავებამდე გაქცეულიყო რამდენისამე მხლებელით. ამ დამარცხების შემდეგ მთელი ხუთი წელიწადი ვეღარა ბედავდნენ ლეკები დაღესტნის მთებიდგან თავის გამოყოფასა, და ამ დროის განმავლობაში მთელი ქართლ-კახეთი სტკბებოდა მშვიდობითა და მოსვენებითა. იმავე დღეს, მზის ჩასვლისას, საქართველოს ძლევამოსილი ლაშქარი დიდის ამბით დაბრუნდა სიღნაღში. წინ მოუძღოდნენ ორნი მეფენი; ჯარი მღეროდა და ეს სიმღერა ედემის წალკოტად გადაშლილს მთელს ალაზნის ველს ეფინებოდა... გომბორისა და კავკასიის მთის ხეობანი ბანს აძლევდნენ და ჯარი კი მღეროდა: „მთიდან მოსული ვაჟკაცი გეზელ ქორივით ჰკიოდა, თავი ხმლით ჰქონდა ნაჩეხი, გულიდან სისხლი სდიოდა, სამოცი ლეკი მოეკლა, უვაჟკაცობას ჩიოდა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი