წუთისოფელი
I სოფელი მარნეულა თითქმის ისეთივე სოფელია,როგორნიც არიან საზოგადოდ ყველა ჩვენებური სოფლები. განირჩევა სხვებისგან მხოლოდ იმით,რომ აქ ორმოცდახუთის წლის წინად დაიბადა ამ ჩვენი მოთხრობის უმთავრესი მოქმედი პირი. სოფელ მარნეულაში ისუნთქა მან საქართველოს წმინდა ჰაერი; პირველად აქ დაინახა მზე და მთვარე, ჩვენის ქვეყნის ლურჯად მოკამკამე ცა, მისი ამაყად თავაღებული დევგმირი მთები, კალმით ნახატი ხეობანი,ტურფათ აყვავებული ველ-მინდორი. სამშობლო ქვეყანა ახლად დაბადებულს დედინაცვლის მსგავსად გამუდმებულის ყინვებით, ან ხანგრძლივის სიცხე-პაპანაქებით კი არ მიეგება,არამედ ნამდვილი დედაშვილურის სიყვარულით მოხვია ხელი, გადაუშალა თავისი მაადლიანი კალთა და უთხრა: იცხოვრე ამ ქვეყნად, ჩემო ძვირფასო! სწოვე ჩემი ტკბილი და ნაამადგარი ძუძუ! ამ ჟამად მე შენი თავი მიჭირს ძლიერ; ულმობელი გარემოებანი მტრულის განზრახვით მეხვევინ გარშემო;აწმყოს მიჩაგრავენ და მომავალს მრისხანებით ემუქრებიან. შეიარაღდი მეცნიერულის განათლებით,გაიმტკიცე ხასიათი მხნეობით და სიყვარულით;ამომიდექ გვერდში: იშრომე, იბრძოლე,შენს აღმზრდელ მიწა-წყალს მოუარე. ახლად დაბადებულს ბავშვს დიდის აღტაცებით მიეგება აგრეთვე აზნაური ბაადურ მჟაუნაშვილი.ამანაც სიყვარულით მოხვია ხელი ბაღანას,გაშლილ სუფრასთან მიიყვანა და იქ მსხდომ სტუმრებს სავსე ჯიხვით მისი სადღეგრძელო დაალევინა. შემდეგ მღვდელს მიუბრუნდა და უთხრა: მამაო, არ შეიძლება, რომ ეს ჩვენი ბიჭიკო, წყლის მაგიერად, ღვინოში მოვნათლოთ? სტუმრებს ეს წინადადება ძლიერ მოეწონათ: მღვდელს ამათაც დაუწყეს თხოვნა, მაგრამ მოძღვარი არ დასთახმდა და ამის გამო წყალში იქმნა მონათლული. სახელად დაარქვეს მიხეილი, პატივსაცემლად იმ მიხეილ ტეხურაშვილისა, რომელსაც მთელ იმ მხარეში სახელი ჰქონდა გავარდნილი აუარებელის ღვინის სმითა. პაწია მიხაკოს დიდი, ცოტათი უკან გადაწეული, თავი დაჰყვა. ბებუამ თავისი დაკოჟიჟებული ხელებით საჩქაროზე გაუსწორა ეს თავი; მერმე ვიწრო არახჩიანი ჩამოაცვა ზედა და სალტებიანი თავსახვევით მაგრა შეუკრა იგი. ასე ჰქონდა შეკრულ-შებოჭილი, ვიდრე ნორჩი, რბილი ძვლები თავის სარქვლისა არ გაუმაგრდნენ. დედისერთა ბავშვს, როგორც მშობელნი, ისე ნაცნობ-ნათესავნი მეტისმეტად ანებიერებდნენ. როცა არ ეძინა, მუდამ ხელში ეჭირათ, ართობდნენ, საალერსო სიტყვებს უხვად ასმენდნენ. ამ საალერსო სიტყვებში თვალსაჩინო ადგილი ეჭირათ იმისთანა ფრაზებსაც, როგორიც არის, მაგ.„მამა ძაღლო“, „წუწკის ტიკა“, იყო „ძაგლო“. ამას, უფროსების გავლენით, მალე „მაერთებული წარმოსთქვა, დედ-მამის კმაყოფილებას და სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა. ამ დროიდან თუ ვინმე ან მეზობელი, ნათესავი შევიდოდა მათ სახლში, მაშინათვე შინაურები მოხსენებულ სიტყვებს ათქმევინებდნენ პაწია ბიჭსა, რასაც გულწრფელი სიცილ-ხარხარით ეგებებოდნენ ყველანი. წარბებს შეკვრა, მუშტის ქნევა, სამაგიეროდ გადახდა ჯერ ისევ აკვანშივე ისწავლა. სამი თუ ოთხი თვისა იყო, რომდესა მამამ ღვინო დაალევინა, ბავშვი დაიღრიჯა, მაგრამ მეორედ და მესამედ კიდევ გაუმეორეს და ესეც შეეჩვია. აღტაცებული ბაადური გულიანად ხარხარებდა, როცა მისი პირმშო ფაციფუცით მიდებდა ტუჩებთან ღვინით სავსე ჭიქას და სანამ არ დაცლიდა,არ მოეშვებოდა.ერთხელ წლინახევრის ბავშვს მუცელს დაგვრიმა. ბებიამ ცოტა არაყი დაალევინა და ბავშვს მუცლის ტკივილი შეუყუჩდა.ამ დროდან ნელ-ნელა იწყეს არყის დალევინებაც.დედ-მამის ფიქრით ღვინისა და „ოტკის“ სმა რძეზე არანაკლებად სასარგებლო იყო პატარა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. სხვადასხვა მწერების მეშვეობით ხშირად ძილი უტყდებოდა აკვანში უღმერთოდ ჩაკრულ ბიჭუნას. ამ გვარ შემთხვევაში მისი ჩხავილი მთელ უბანს ესმოდა. დედა არწევდა აკვანს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უნჯღრევდა თავსა, უბრუებდა ტვინსა, მაგრამ ხანდახან ვერც ეს აჩუმებდა მტირალს. მაშინ დედა თავის საყვარელ შვილს ასმევდა ხაშხაშსა,რომელიც იმავე წამს მკვდარი აძინებდა.სწორედ ამავე საშუალებას ხმარობდნენ, როცა დიდებს ორი-სამი საათით სხვაგან სადმე მოუხდებოდათ წასვლა. როდესაც ბავშვს ცოტაოდენი შეგნება მოემატა,მაშინ ბაადურმა ხელი მიჰყო მის აღზრდა-გაწვრთვნასაც. ოთახში რამდენიმე ძველის-ძველი მხატრობა ეკიდა. მამა ხელის გულზე დაისვამდა შვილს, მეორე ხელით მაგრად დაიჭერდა, ასწევდა მაღლა, მიიყვანდა რომელსამე სურათთან და დაუწყებდა ლაპარაკს: „აი, შვილო, ე რო ჭიდაობენ, ეს ერთი ყარამან გმირია, მეორე ბაყბაყ-მდევი.ხედამ, ყარამანს როგორ დაუძლევია მდევი? დაუჭრია შვიდ-რვა თავი და ახლა დანარჩენებისათვის მიუცია ხელი!.... აი, შვილო, ე წითლად რო ჩანს, ეს სისხლის გუბეა წამომდგარი. მაშ, გმირია, გმირი ყარამანი! აბა, ჩემო ბიჭიკო, ვინძლო შენც ყარამანი გამოხვიდე! ჩემმა წუწკმა ბიძაშვილებმა მამულიც წამართვეს და თითონვე კინაღამ ცემითაც მომკლეს.... შენი ჭირიმე, ბიჭიკო ერთი იმათი ჯავრი ამომყარა!... შემდეგ მიიყვანდა მეორე სურათთან. “აი, ესა, შვილო, თევზ-ქალაა: წელქვემოთ თევზია, წელ ზემოთ-ქალი. ზგვაში დაცურავს თურმე და ვინც ამას დაიჭერს, ოქროს მადნებს იპოვის. რაც ზგვაში ოდესმე ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი ჩაცვინულა, სულ ერთიან ამ თევზ-ქალას ხაზინებშია შეგროვილი. მე ვფიქრობ, რომ ეს თევზ-ქალა მართალი არ უნდა იყოს ჩემის აზრით, ეს ყველაფერი იგავია:თევზ-ქალა ნამდვილად ნიშნავს ფულსა. ფულიც ხომ თევზივით დაცურავს აქეთ იქით და ამასთანავე ქალივით დაუყენებელი, გაუტანელია ეცადე, ბიჭიკო, ეს მუდრეგი თევზ-ქალა მაგრა დაბღუჯო ორივე ხელებით, ეცადე ბლომად იშოვნო ფულები! უმამულო აზნაურიშვილი გინდ ყოფილა ქვეყანაზე, გინდ არა! არც არა ჩემს მამა-პაპას დაუტოვებია რამე ჩემთვის და ვერც არას მე დაგინარჩუნებ, შენ უნდა გვასახელო, ჩემო პაწია. შენ უნდა აამაღლო ოჯახი, გვარი, უნდა შეიძინო ადგილ-მამული, სიმდიდრე“. მესამე სურათზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იყო დახატული. ესენი ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ... და ისეთნაირად ისხდნენ, რომ მართებულს ოჯახში ამ სურათს კედელზე კი არა, ტახტს ქვეშაც არავინ დააყენებდა. ბაადურს კი ყველაზე მომეტებულად ეს სურათი მოსწონდა. რაც უნდა დაღონებული ყოფილიყო, შეხედავდა თუ არა ამ მხიარულ ქალ-ვაჯს, მაშინათვე დარდი და ვარამი მოშორდებოდა მის გულსა. ამ სურათთანაც მიიყვანდა ხოლმე თავის მემკვიდრეს, სიცილით დაუდებდა თითსა და ეუბნებოდა:“შეხე ერთი ამ პლუტებს, როგორ ჩააჰკვრიან და ჩაჰჰგრეხიან ერთმანეთს! ბიჭო, მიხეილ! დააცქერდი რა ეშხიანი და მარილიანი გოგოა ე წყეული! როცა ულვაშები გადიგრიხო, შენც ეგრე გაუსვი გოგოებს ხელი. მამა-შენსაც ამისთანა რამეებში არაუშავდა-რა, მაგრამ შენ უნდა აჯობო მამას. ხომ გაგიგონია: ის ურჩევნია მამულსაო....“ II იზრდებოდა ჩვენი პაწია მიხაკო და ასეთი წვრთნა, ამისთანა დარიგება მისდევდა ყოველდღე უკანა, ვიდრე ექვსი წლის. არ გახდა. ამ დროიდან კი მას ღამე თუ ნახავდა სახლში კაცი, თორემ სხვა დროს სულ გარეთ ატარებდა. მეტისმეტად მოუსვენარი, დაუდეგარი ბავშვი იზრდებოდა. მისი ხასიათის ყველაზე ცუდ თვისებას შეადგენდა შეუბრალებლობა. თუ ერთი დაიბრიყვებდა ვისმე, მთელს დღეს მოსვენებას აღარ მისცემდა, სიცოცხლეს გაუმწარებდა. პატარა ლეკვების წვალება, ჩიტების ბუდეების ჩამოშლა, წიწილ-კრუხის დაწიოკება და სხვა ამგვარები დიდს კმაყოფილებას აგრძნობინებდა მას. მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარსა და ბოროტს თვისებას იჩენდა ხოლმე იხვისა და ბატის ქორფა ჭუჭულების მიმართ. დაინახავდა თუ არა მათ სადმე, მაშინათვე როგორც ქორი, ისე დაეცემოდა და ვაი იმის ბრალი, რომელსაც ამ დროს ხელში მოიგდებდა. ბამბის ქულასავით რბილ ჭუჭულს ნელ-ნელა მოუჭერდა ხელსა და იმ დრომდე აგრძელებდა ამ მოჭერას, სანამ უბედურ სულდგმულს წელებს არ გამოადენდა. საზოგადოდ, წიწილების პატრონთ ისე ყვავ-კაჭკაჭისა და ქორის არ ეშინოდათ, როგორც ჩვენი პატარა აზნაურისა. სამწუხაროდ,მარტო ამით არ იყო გამოწვეული ეს შიში. ვისაც კი ან ბაღსა და ვენახში,ან ბოსტანში ედგა, ანუ ეთესა კარგი, საიასაღო რამ, ყველა ამისთვის პირველად კლანჭები უნდა გაეკრა პატარა მჟაუნაშვილს. არ გამოეპარებოდა არც ნაადრევად მოსხმული კიტრი, არც ახლად შემოსული ბალი, არც დამწიფებული ბუდეშური, დილიდან საღამომდისინ დაძრწოდა, დაძვრებოდა მთელი სოფლის ბაღებსა და ვენახებში... სადაც რას ნახავდა, იმით ამოივსებდა მუცელსა და საღამოზე შინაც უსათუოდ მოიტანდა რასმე. დედ-მამა არა თუ არ უჯავრდებოდა ამ გვარი საქციელისათვის, არამედ დიდად კმაყოფილი რჩებოდა, რადგან მასში ხედავდა ქონების შეძენისა და მოპოვების უნარსა. გახდა რვა წლისა, ცხრისა, გადადგა მეათეში, მაგრამ ბაადური ყურსაც არ იბერტყდა, შვილის მომავალზე სრულებითაც არაფერსა ფიქრობდა. მიხაკოს საბედნიეროდ მას, დაუდევარი, უზრუნველი მამის გარდა, მხნე და გამრჯელი დედაც ჰყავდა. მართალია, ბაადურის მეუღლეს მეზობლები ემდურებოდნენ სიხარბისა და კუდა-აზნაურული ამპარტავნობისთვის, მაგრამ თვით ბაადურს კი მასთან დასამდურებელი ბევრი არა ჰქონდა-რა! ამ ქალის მარად შეუჩერებელი, მშრომელ-გამკეთებელი ხელი რომ არ ყოფილიყო მის ოჯახში, ვგონებ, შიმშილ-წყურვილით სული ამოსვლოდა მას. ვიდრე მიხაკო მეათე წელში გადადგებოდა, იგი უცდიდა ქმარსა. ხშირად ელაპარაკებოდა შვილის სკოლაში მიცემის შესახებ. ხშირად ეჩხუბებოდა, მაგრამ ლოთს და ნაცარქექია ბაადურზე ვერა გააწყო-რა. ცოლმა ცხადად დაინახა, რომ მეტი ცდა აღარ შეიძლებოდა. უსწავლელად შვილის დატოვება მას, სამართლიანად, დიდი უბედურებად მიაჩნდა. ერთი დღე სიბრაზით აფურთხა ქმარსა, გაიგდო წინ შვილი და გასწია ქალაქისაკენ, ჩავიდა ქალაქში და როგორც ჯარა, ისე დატრიალდა ჩვენი მანდილოსანი. არ დარჩენილა მთელს ქალაქში არც ერთი დიდებული ქართველთაგანი, რომელსაც კი არ მისდგომოდეს კარებზე და არ ეთხოვნოს შემწეობა შვილისათვის. მისმა დაშაქრულმა ენამ და გაიძვერულმა ხასიათმა მალე გამოიღო სასიამოვნო ნაყოფი. ამ დიდებულთა შორის აღმოჩნდნენ თითო-ოროლა გულშემატკივარი ადამიანები. მომაბეზრებელ დედაკაცს მოწყალების ხელი გაუშვირეს, მიჰყვნენ გიმნაზიის მთავრობასთან და სახელმწიფო ხარჯზე მიაღებინეს მისი პირმშო. გამარჯვებული დედა მხიარულად დაბრუნდა სოფელში. მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა მისი. წლის გასულს შვილი უკანვე დაბრუნდა: სასწავლებლის მთავრობას „სრული უნიჭობის გამო“ დაეთხოვნა იგი. კვალად დატრიალდა დედა და ახლა სამხედრო სასწავლებელში მიაღებინა თავისი ვაჟი. ორი წლის შემდეგ აქედანაც დაითხოვეს იმავე მიზეზის გამო. შემდეგ მიაბარეს იგი სასულიერო სასწავლებელში, მერე საქალაქო სკოლაში, მაგრამ დედის მეცადინეობა ყველგან უნაყოფო რჩებოდა. სწორედ გასაოცარი ბავშვი იყო მიხაკო! წიგნის კითხვა, სწავლა მას სრულიად არ ეხერხებოდა. ხშირად მთელს დღეს ერთ პატარა რუსულ ლექსსა კითხულობდა და საღამოზე მაინც არც ერთი სტრიქონი არ იცოდა ზეპირად. რუსულისა და ქართული ანბანის დასწავლას სრული ნახევარი წელიწადი მოუნდა. დღე და ღამ თავს იკლავდა, მაგრამ ვერც ერთი ლოცვა ვერ დასძლია. გრძნობდა, საცოდავი, თავის ნიჭიერების სივაგლახეს და მთელი დღე ხშირად დაღონებულ-დაძმარებული დადიოდა. ხანდახან სასოწარკვეთილება მოიცავდა ხოლმე მთელ მის სულიერ არსებასა და ამ დროს წყევლა-კრულვას უგზავნიდა თავის მრისხანე, წარბშეკრულ ბედიღბალსა. მაგრამ ეს ბედ-იღბალი სულ მუდამ მართლა დაღვრემით როდი უყურებდა თავის შვილობილს; იყო ხოლმე დრო, როდესაც მთელი მისი სახე ტკბილად იღიმებოდა, და ამისთანა შემთხვევაში ჩვენს მიხეილს კაცი ვეღარ იცნობდა. სწავლაში ხომ უნიჭო იყო, მაგრამ სხვადასხვა ეშმაკობასა და ცუღლუტობაში მას ტოლი არა ჰყავდა; როდესაც ამხანაგებ მოუნდებოდათ რაიმე ავკაცობის ჩადენა, მაშინათვე მიხაკოს მიმართავდნენ ხოლმე, და თუ ეს იკისრებდა წინამძღოლობას, საქმე უსათუოდ კარგად გათავდებოდა. არ იყო ბუნებით ხელღონიერი ბიჭი, მაგრამ სიმარდით და მოხერხებით თავისზე ბევრად მძლავრ ამხანაგებს ხშირადა სჯობნიდა, როგორც კრივში, ისე ჭიდაობაში. არც სკოლებში ხეტიალმა ჩაუარა სულ მთლად ტყუილ-უბრალოდ ჩვენს გმირს! მათში მყოფობის დროს მას ისწავლა საკმაოდ ლამაზი რუსული წერა. ეს იყო ერთადერთი ცოდნა, რომელიც კი გამოიტანა სკოლებიდან. და სწორედ ამ ცოდნის მეოხებით გაიკვლია მან პირველი გზა და კვალი ცხოვრებისა. III იყო ცივი ზამთრის სუსხიანი დილა, როდესაც უკანასკნელად დათხოვნილ იქმნა საქალაქო სკოლიდან ჩვენი ბატონი მიხეილი. თვალცრემლიანი, სიცივისა და უნუგეშობისაგან წელში ოთხად მოკაკული გამოვიდა ამ სასწავლებლის კარებიდან და უმიზნოთ იწყო ხეტიალი თოვლით სავსე ქუჩებში. ჰაერში განუწყვეტლად გრიალებდა ძლიერი ზენაქარი და ნემსებივით წვეტიან გაყინულ ნამქერს შეუბრალებლად აყრიდა თავსა და პირში საბრალო მოსეირნესა,,,ოხ, დედაჩემო, დედაჩემო!... - კვნესით ამბობდა ეს დრო-გამოშვებით, - რად მიღალატე ასე უდროვოდ?. ეხლა რომ ცოცხალი მყავდე, ასე ოხერ-ტიელად ხომ აღარ ვიქნებოდი დარჩენილი?“.. - ყმაწვილო, რუსული წერა გეცოდინება, წამოდი, შენ გაზრდას, ჩემ მაგივრად ხელი მოაწერე, - მოესმა უცებ ვიღაცის ხმა. მიხაკომ აიღო თავი მაღლა, დაინახა, რომ ის იდგა ნოტარიუსის კანტორის წინ. - როგორ არ ვიცი... - უპასუხა მან ჩასუქებულ, გაბღენძილ ვაჭარს, - მოვაწერ, თუ ერთ აბაზს მაჩუქებ. - ვაა, შე კაი კაცო, ერთ აბაზს როგორ დაგიჭერ, ოღონდ ერთი მალე მომარჩინე იმ ოხერ საქმეს. - აქ საჩქაროზე ამოიღო ჯიბიდან თეთრი აბაზიანი და გადასცა მიხაკოს. ორივენი შევიდნენ პატარა, სუფთა, თბილ ოთახში, სადაც იდგა რამდენიმე მაგიდა, სავსე ნაწერი წიგნებითა და ქაღალდებით. ერთ მაგიდასა და კედელ შუა სავარძელზე იჯდა უცხო, შორეული ქვეყნიდან ოდესღაც გადმოვარდნილი ნოტარიუსი. დამჭკნარ, გაყვითლებულ სახეზე ცხადათ ეტყობოდა, რომ არ იყო ჯანსაღი კაცი, მაგრამ იგივე სახე უფრო კიდევ ცხადად მის გულკეთილობას, სათნოიან ხასიათს აჩვენებდა. დაინახა თუ არა სიცივისაგან გალურჯებული ყმაწვილი კაცი, მაშინათვე თითი გაუშვირა ბუხრისკენ და მამაშვილურის კილოთი უთხრა: - მოდი, ყმაწვილო, ჯერ გათბი და მერე მოაწერე. თეთრი აბაზიანი, ეს ტკბილი ხმა, ეს მხიარული ბუხარი, სითბო-სისუფთავე ოთახისა, ყოველივე ესე გამკურნებელ მალამოდ დაედო მიხაკოს დამწვარ-დაწყლულებულ გულსა, რომლის ცხარე ტკივილი საჩქაროზე გაუყუჩდა, გაუნელდა. გავიდა რამდენიმე წამი და როცა შემდეგ მიხაკომ კალამი აიღო ხელში ის სრულიად აღარა გრძნობდა თოვლიან-ყინულიან ქუჩის გავლენასა; ვაჭრის მაგივრად მტკიცედ და ლამაზად მოაწერა ხელი დაწერილ ქაღალდზე. ეს ნაწერი ნოტარიუსს მოეწონა. ვაჭარი მალე გავიდა კანტორიდან, მიხაკო კი იქვე დასტოვა სახლის პატრონმა. ამისმა კეთილმა გულმა პირველსავე დანახვაზე ცხადად იგრძნო საბრალო მდგომარეობა, რომელშიაც იყო ჩავარდნილი თხელ, საზაფხულო ჩოხაში გახვეული, გამოგდებული მოსწავლე. დაყვავებით და დაწვრილებით გამოჰკითხა ყმაწვილს მისი აწინდელი და წარსული თავგადასავალი... და, როდესაც ყველაფერი შეიტყო, უთხრა: - მე ამ ჟამად მწერალი არ მყავს, თუ გინდა, დარჩი ჩემთანა. აი, ამ ოთახში იცხოვრებ, სასმელ-საჭმელი ჩემგან მოგეცემა. ჯამაგირს ჯერ-ჯერობით ბევრს ვერას დაგინიშნავ: მინდა დაახლოვებით გაგიცნო. თვეში თხუთმეტ მანეთზე მეტს არ მოგცემ. ეს სიტყვები ციურ მანანასავით ეცემოდნენ მიხაკოს სულსა და გულსა, და, როცა გათავდა მათი წარმოთქმა, გულის სიღრმიდან წამოსული მადლობა უსიტყვოდ, მაგრამ უფრო მჭერმეტყველურად, ცრემლითა და ქვითინით, გადმოსკდა. ამ დღიდან მოკიდებული მთელი ხუთი წელიწადი დაჰყო მიხაკომ მოხსენებულ ნოტარიუსთან. ცხოვრობდა მასთან არა როგორც მწერალი, ვინმე გარეშე კაცი, არამედ ვითარცა მისი ოჯახის საკუთარი, საყვარელი შვილი. ორიოდ თვის შემდეგ ჯამაგირი ოცდახუთ მანეთად გაუხადა; მერე სამ თუმნად, ოთხად და ბოლოს ხუთ თუმანსაც აძლევდა. ამასთანავე, ტანისამოსის გარდა, სხვა არაფერზე ახარჯვინებდა არც ერთ გროშსა, რის გამოც მეხუთე წლის გასულს სამას თუმნამდე შესდგა მიხაკოსაგან ბანკში შეტანილი ფული. და იცით, ჩემო ბატონო, ყოველივე ეს სიკეთე რითი გადაუხადა ჩვენმა ვაჟბატონმა თავის კეთილის მყოფელს? ერთ დღეს, როცა მოხუცებული ავადმყოფობის გამო ლოგინში იწვა, სხვა ქაღალდებს შორის ერთ, ავაზაკურად შედგენილ, ყალბ ქაღალდზედაც მოაწერინა ხელი. ამ საზიზღარი ღალატისთვის მან მიიღო ორმოცი თუმანი, ხოლო ყოვლად პატიოსანმა კაცმა – ფიცხელი გამოძიება, რომლის ელდას ვეღარ გაუძლო მისმა დაძაბუნებულმა არსებამ და საუკუნოდ დახუჭა თავისი მადლიანი თვალები. როცა მისი ობლად-ობოლი კუბო ერთ მღვდელსა და ორიოდ მუხა-ხელოსნებს მიჰქონდათ სასაფლაოსკენ, უგნური და ფარისეველი საზოგადოება თითქმის ქვების სროლით მისდევდა მას უკან; ხოლო ჭეშმარიტი შვილი ამ საზოგადოებისა, სულმდაბალი, დამღუპველი პატიოსანი მოხუცისა, ამ დროს საგუბერნიო დიდ ქალაქში სცხოვრობდა თავისუფლადა. ერთ გამოჩენილ ვექილთან ეშოვნა მწერლის ალაგი; სრულიად დამშვიდებულის სინდისით შრომობდა აქ დღე და ღამე, გასაოცარის მოსაზრებით ადევნებდა თვალყურს თავის უფროსის ყოველდღიურ მოქმედებას. სწავლობდა რუსულ კანონებს. საკვირველი სისწრაფით ითვისებდა უფრო იმ კანონებს, რომელთა შინაარსი წაღმაც აიხსნებოდა, უკუღმაც. სწორედ, სასწაული მოხდა!.. კაცი სრულიად გამოიცვალა! ვისაც მჟაუნაშვილი სკოლაში ენახა, ის დღეს მას ვეღარ იცნობდა. იქ თუ მუდამ თავჩაქინდრული, დაღვრემილი დაიარებოდა, აქ მარად მხიარული, იმედ-ნუგეშით სავსე, ამაყად დაბრძანდებოდა. რის შესწავლასაც წინათ დღეებს ანდომებდა, ამ ჟამად, უფრო ძნელის შეთვისებისთვის, საკმარისი იყო საათი. სკოლურმა უკუღმართობამ უბადრუკს გრძნობა-გონება დაუხშო, ცხოვრებამ თავისი ათასფეროვანი თვალსაჩინო ტალღებით ჭკუა გამოუფხიზლა, ნიჭიერება გაუცოცხლა და განუვითარა. ახ, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთიცა და მეორეც მარად ძველებურ, სავაგლახო მდგომარეობაში დარჩენილიყვნენ!.. IV სრული ექვსი წელიწადი დაჰყო მიხეილ მჟაუნაშვილმა მოხსენებულ ვექილთან. ამ დროის განმავლობაში მან კარგა ზედმიწევნით შეისწავლა რუსული კანონები. გამოცდილის ხელმძღვანელისაგან გაიგო და მტკიცედ შეითვისა ზოგიერთი ის ხრიკებიც, რომელთა მეოხებით კანონი ხელში სათამაშებელ ბურთად გადაიქცევა ხოლმე; ხან აღმა უზავს კაცი მას თავსა, ხან დაღმა. დღეს რომ ქვეშ უძვრება, ხვალ ზემოდან გადაახტება; შემდეგ კიდევ ამოსდევს პირში,,კლიაუზნიკობის“ აღვირსა, გადაალაჯებს ზედა და იქითკენ გააჭენებს, საითკენაც ნებავს. ამგვარად დახელოვნებულმა მჟაუნაშვილმა ძლიერ ადვილად გადივლო თავზე ვექილობის გამოცდა, მიიღო უფლება სასამრთლოებში საქმეების დაცვისა და, თითქმის იმავე დღეს, თავი დაანება საგუბერნიო ქალაქსა. ძველი დროების სახელოვანი გმირივით ამანაც დიდ ქალაქში უკანასკნელობას, მიყრუებულ მაზრაში პირველობა არჩია. ორიოდ დღის შემდეგ ეს ღირსეული გმირი ჩვენი უბადრუკი დროებისა გაჩნდა ერთ პატარა სამაზრო ქალაქში. აქ თან მოიტანა შვიდასი თუმნის ბანკის ბილეთი, ერთი რევოლვერი, ხანჯალი და თავის პატიოსან გვამთან ერთად განუზომელი სურვილი სხვების გაფრცქვნა-გაყვლეფისა. მეორე დღესვე სადარბაზოდ გამოცხადდა მოსამართლესთან, მის მდივან-მწერლებთან და ისეთის ოსტატობით იქცეოდა, რომ ყველას თავი მოაწონა, ყველას სასიამოვნო დარჩა მისი გაცნობა. სამიოდ დღის შემდეგ სასამრთლოშიც მიბძანდა. მართალია, ჯერ ისევ დილა იყო, მაგრამ სასამართლოს დარბაზში მაინც კარგა ბლომად შეკრებილიყო სხვადასხვა რჯულის ხალხი. ამ საზოგადოებაში რაღაც, არაჩვეულებრივი, ჩოჩქოლი ტრიალებდა. დაიწყო საქმეების გარჩევაც. მოსამართლის წინაშე წარდგა ერთი უშნოდ ჩასუქებული შუა ხნის კაცი, რომელსაც უკან გაჰყვა საცოდავად შემკრთალ-შეშინებული, თავჩაღუნული გლეხი. პირველი უჩიოდა მეორეს სარწმუნოების შეურაცხყოფისათვის.,,ამან რჯული და ღმერთი მაგინაო“. მოწმეებმა დაამტკიცეს ეს საჩივარი. უბადრუკი პასუხისმგებელი კი ისე გამოყეყეჩებული იდგა, თითქო ყოველივე ეს ლაპარაკი მას სრულიადაც არ შეეხებოდა. ის იყო მოსამართლეს ხელი უნდა მიეყო განაჩენის დადგენისათვის, როდესაც უეცრად ფეხზე წამოდგა ჩვენი მიხეილი, გადასდგა რამდენიმე ნაბიჯი მოსამართლისაკენ და ხმა მაღლა წარმოსთქვა: - ბატონო მოსამართლევ, წეღან ამ გლეხმა მთხოვა დამეცვა იგი; ნება მიბოძეთ, ავასრულო ჩემი მოვალეობა. მოსამართლემ ეს თხოვნა თითქო სიამოვნებით მოისმინა; მაშინათვე მისცა ნება. მიხეილ ბაადურიჩმა ამოახრანტალა, გახამებული პერანგის საყელო გაისწორა და შემდეგ იწყო ლაპარაკი, იწყო ისეთის რიხითა და გაბედულობით, თითქო ამ ხალხსა და ამ დარბაზში ყოფილიყო გაზრდილი და დაბადებული. - ბატონო მოსამართლევ, - წარმოსთქვა მან, - ამ გლეხს აბრალებენ ღვთისა და სარწმუნოების შეურაცხყოფას; მაგრამ იმ სიტყვებში, რომელნიც ამ საცოდავს წარმოუთქვამს, სრულიად არა სჩანს არავითარი მაგგვარი ბოროტება. რჯული და ღმერთი შემაგინაო. ძალიან კარგი, მაგრამ სად არის ამ სიტყვებში შეურაცხყოფა ღვთისა ანუ სარწმუნოებისა? უნდა სულ მთლად უცოდინარი იყვეს ქართული ენისა ის კაცი, რომელსაც არ ესმის, თუ რას ნიშნავს სიტყვა,,რჯული!“. რჯული სხვა არის და სარწმუნოება სრულიად სხვა. პირველი სიტყვა რუსულად ნიშნავს << закон >>-ს, ხოლო მეორე სიტყვა << вера >>-ს. გლეხს უხმარია პირველი სიტყვა და მაშასადამე, სარწმუნოებაზე კრინტიც კი არ ყოფილა დაძრული. ამის შემდეგ იქნება იფიქროთ, ბ-ნო მოსამართლევ, რომ ამ გლეხმა კანონს, სახელმწიფო კანონს მიაყენა შეურაცხება? რაღა თქმა უნდა, არა! რა ესმის სახელმწიფო კანონებისა ამისთანა რეგვენ ადამიანს?! გლეხების შეხედულობით რჯულად იწოდება ყოველი მამა-პაპური ადათი, ზნე, ჩვეულება! ვის არ მოეხსენება, ბატობო, რა ზნისა და ჩვეულებისანი ბრძანდებიან ჩვენებური ვაჭრები? მოტყუება, უღმერთოდ ძარცვა-გლეჯა მოყვასისა, -აი რა შეადგენს მათი აღებ-მიცემობის დედააზრს, მათი მოქმედების მიზანსა და მისწრაფებას! ამისთანა საზიზღარი, უწმინდური ზნე-ჩვეულებანი, მაშ როგორ უნდა მოიხსენიოს კაცმა, თუ არ ლანძღვითა და გინებითა? მე მწამს, რომ თვით წმინდა უმანკოებას ჩაუგონებია ამ უბრალო, გაურყვნელი კაცისათვის ის პატიოსანი სიტყვები, რომელთა გამო სამართლის ულმობელი მახვილის წინაშე წამოუყენებიათ იგი. საბედნიეროდ, ეს მახვილი ამ ჟამად ისეთი ბრძენი და მართლმსაჯული კაცის ხელშია, რომელიც კარგად ხედავს, საით არის სიმართლე და საით დანაშაული. რაც შეეხება სიტყვა „ღმერთს“ ვინ არ იცის, რომ ქართველი გლეხი ამ სიტყვას ორნაირ აზრითა ხმარობს. ერთგვარი აზრით - ღმერთი არის მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა. ამ ღმერთს გლეხი ახსენებს ხოლმე დიდის მოწიწებითა.,,ღმერთო, მიშველე“,,,ღმერთმა გადღეგრძელოს“, ღმერთი იყვეს შენი შემწე – მფარველი“ და სხვა მრავალ ამგვარ ფრაზებს გლეხი თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხმარობს. და, აბა, ჩაუკვირდით, ბატონებო, ამ სიტყვებში რაოდენი ძალა სჩანს ღრმა და ცხოველი სარწმუნოებრივი გრძნობისა, ღვთის დიდებისა და თაყვანისცემისა!.. შემდეგ ამისა, ვინ გაჰბედავს და მოისურვებს - ერთის მხრივ - ესოდენი სასოება ღვთისა და მეორეს მხრივ - ბოროტი შეურაცხება მისი ერთსა და იმავე ადამიანის სულში მოაქციოს? მაგრამ აქ იჩივლეს და ეს საჩივარი მოწმეებმა ფიცქვეშ დაამტკიცეს (თუმცა ზოგიერთ ჩვენებურ მოწმეებზე მე სხვა აზრი მაქვს შედგენილი), რომ გლეხმა ლანძღვა - გინებით მოიხსენია ღმერთიო. ყოველივე ესე შესაძლებელია, მაგრამ გლეხისგან შეურაცხყოფილია არა ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, არამედ სრულიად სხვა საგანი, რომელსაც გლეხები აგრეთვე ღმერთს ეძახიან. რომელია ეს მეორე ღმერთი, ამას ემ წამში შეგატყობინებთ. ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ ჰკითხოთ ბრალდებულსა: ხედავს ეხლა ის ღმერთსა, თუ არა? მოსამართლემ ეს თხოვნა მჟაუნაშვილისა დაუყოვნებლივ აღასრულა და მოხსენებული კითხვით მიმართა გლეხკაცსა. უკანასკნელი ჯერ საცოდავად მოიბუზა, რამდენჯერმე შეიშმუშნა, მერე აიღო თავი მაღლა და ფანჯრებისაკენ დაიწყო ცქერა... გადასდგა იქით ორიოდ ნაბიჯი, გაიშვირა ხელი ცისკენ და წამოიძახა: - აგერა ღმერთი!.. მთელ დარბაზში გაისმა სიცილი, ვექილმა კი ხმა აიმაღლა და ძლევამოსილების რიხით განაგრძო: - ხომ თქვენის ბედნიერის ყურით გაიგონეთ, ბ-ნო მოსამართლევ, რასაც ეძახის გლეხკაცი ღმერთსა! ცა, ანუ ლაჟვარდი სივრცე ჰაერისა. აი, ის ღმერთი, რომელიც ცუდად უხსენებია ბრალდებულსა. ამნაირად, ის სალანძღავი სიტყვები, რომელთა ხმარებისათვის ამ ჟამად სამართალშია მიცემული ეს კაცი, უნდა ითარგმნებოდეს ამნაირად: ასე და ისე მოუვიდეს შენს ზნესა, შენს ხასიათს და იმ ჰაერს, რომელსაც სუნთქავს შენისთანა სულდგმულიო. მე განვმარტე, ბატონო ჩემო, თქვენი განათლებული ყურადღების წინაშე არა მხოლოდ სიტყვები წარმოთქმული ამ ბუნების დავრდომილი შვილისაგან, არამედ ის სული და გულიც, რომლებშიაც დაბადებულან, ხორცშესხმულან მოხსენებული სიტყვები, ამით ვათავებ ჩემს ლაპარაკს, და, სრულიად დამშვიდებული, ველი თქვენს სამართლიან და მიუფერებელ განჩინებას. გლეხკაცი გამართლდა, ხოლო მოჩივარი არა თუ განმტყუნდა, არამედ დაისაჯა კიდეც, ვინაიდან საქმის წარმოებაზე დანახარჯი ფული გადახდა სრულიად იმას. იქ დამსწრე საზოგადოება დიდის ამბით, ტაშის კვრით და ქება-დიდებით მიეგება ახალგაზრდა ორატორს, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის დაკვრით და გულზე ხელის მიდებით უხდიდა ყველას მადლობას. შემდეგ, როდესაც ხალხი წავიდ-წამოვიდა და მარტო დარჩა, ერთი მგლურად დააკრაჭუნა კბილები, ერთი მელურად გაიღიმ-გაიცინა და მერე დაბალის ხმით ჩაილაპარაკა: - ყოჩაღ, ჩემო მიხილ ბაადურიჩ! აფერუმ, ბიჭო!.. აფერუმ ქართველო სპასოვიჩო! V ვგონებ, ყველა ადვილად წარმოიდგენს იმ აღელვებას და მითქმა - მოთქმას, რომელიც გამოიწვია მთელს იმ პატარა ქალაქში მჟაუნაშვილის მოულოდნელმა საქციელმა. არ იყო ისეთი სულ მცირე ოჯახიც კი რომელშიაც „ახალი ადვოკატი“ ლოცვა - კურთხევით არ ყოფილიყვეს მოხსენებული. საზოგადოების განათლებულმა ნაწილმა რამდენიმე კაცი გაუგზავნა მჟაუნაშვილს და მათის პირით გამოუცხადა მთელი კრებულის გულითადი პატივისცემა. ჩვენებურ გაზეთებში დაიბეჭდა რამდენიმე წერილი, რომელშიაც ცამდის იყო აყვანილი „ახალგაზრდა მჭერმეტყველი ორატორი, სულგრძელი და უანგარო ქომაგი ყოველი ჩაგრულ - დავრდომილისა“ მის პატივსაცემლად გამართულ სადილ - ვახშმებს დასასრული აღარ ჰქონდათ. ამგვარის ყურადღებით წაქეზებული ჩვენი მიხეილ ბატონი ყველგან ამბობდა ბრტყელ - ბრტყელ „რეჩებსა“, რომელთა შინაარსს შეადგენდა ფარისევლური ქება - დიდება მასპინძლისა, სტუმრებისა და, საზოგადოდ, ყველა მათი, ვისაც იმ ქალაქში რაიმე უფლება ეპყრათ ხელთა. რა საკვირველია მასაც ეუბნებოდნენ საპასუხო შესხმა - ქებასა და, აი, ერთ სადილზე ერთმა სულგრძელმა, მაგრამ ჭკუა - მოკლე ინტელიგენტმა დალია მისი სადღეგრძელო: აკანკალებულის ხმით, სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილი ფრაზებით იგი შეადარა იმ კაცს, რომლის ღირსეულად განთქმულ სახელს ჩუმად, თავის გუნებაში, ხშირად ეპოტინებოდა ხოლმე ჩვენი თავმოყვარე გმირი. სპასოვიჩის გვარის გაგონებაზე მიხეილ ბეგი წინაპირველად, ცოტა არ იყო, შეკრთა, თავი ჩაღუნა და მოლაპარაკეს ქვეშიდან მორიდებით გამოხედა. მაგრამ მაშინათვე დარწმუნდა, რომ მის გულრწფელობით წარმოსთქმულ სიტყვებში არ იყო არავითარი დაცინვა. საჩქაროზე დაუმშვიდდა გული და სიხარულისაგან აღგზნებულმა ცეცხლმა სახე სრულიად გაუჭარხლა. ეს იყო და ეს!.. ამ დროიდან მოკიდებული პირში თუ ზურგს უკან, საკუთარი გვარის ნაცვლად, მას ეძახოდნენ სპასოვიჩსა. წარმოდგენილი მაქვს, როგორ ეწყინება პატივცემულ მეცნიერ იურისტს, ამ ამბავმა რომ იაროს, იხეტიალოს და მის ყურამდე მიახწიოს!.. რაღა თქმა უნდა, ჩვენი ვაჟბატონი ამ გარემოებას ფიქრადაც ვერ გაიტარებდა. ვინ იცის, იქნება გულში კიდევაც ფიქრობდა, რომ ეს გვარი მის კუდა - აზნაურულ კეთილშობილებას უფრო შეჰფეროდა, ვიდრე სახელოვან პოლონელს. შესაძლებელია!... ქართველ კაცს თუ ერთი ალჩუს დაუჯდა კოჭი, ბევრჯელ ჭკვიანებიც კი სულელდებიან ხოლმე; მაგრამ უკაცრავად, ჩემო ბატონო! რა ჩვენი საქმეა ამაზე ლაპარაკი! VI ჯერ ორი თვეც არ იყო გასული მას აქეთ, რაც ჩვენი სპასოვიჩი დასახლდა მოხსენებულ პატარა ქალაქში, და „სახელი მისი კი უკვე გაითქვა კიდით - კიდემდე“, როგორც იტყოდნენ ხოლმე ძველად ჩვენი მამა-პაპანი. დიდძალი ხალხი მიაწყდა მას იმ მხრის ყოველი კუთხიდან. ვგონებ ძველ ებრაულ ბითეზდას არ ეხვია ესოდენი სიმრავლე ერისა, რაოდენიც დილიდან საღამომდისინ შეუწყვეტლივ ირეოდა მისი სახლის კარ – მიდამოზე. რაღა თქმა უნდა, არც ამ სახლის პატრონი იჯდა გულხელ დაკრეფილი. მთელი დღე ჯარასავით ტრიალებდა. კვირა - უქმე დღეებშიაც კი შეუძლებელი იყო უსაქმოდ მისი ნახვა. ყოველ გვარ გართობას, სიამოვნებას მან სრულიად მიანება თავი. კაცს გაუჭირდებოდა გამოცნობა, თუ როდის იძინებდა, ან რამდენ ხანს ისვენებდა სახელოვანი ვექილი. სისხამ დილა ადრიან ის უკვე უჯდა მაგიდასა და გაცხარებული სწერდა არზებსა. ცხრა საათზე მიდიოდა სასამართლოში, სადაც რჩებოდა ხშირად სამ საათამდე. ამ დროის განმავლობაში იგი იცავდა არა ნაკლებ ორისა და სამის საქმისა. სამ საათზე ბრუნდებოდა შინა და თან მოჰყავდა უსათუოდ რამდენიმე კაცი. სინან ამათ დააკმაყოფილებდა, სხვა, ახალი მომჩივანნი მოადგებოდნენ ხოლმე კარებზე. ასე გრძელდებოდა საღამომდის და ბევრჯელ შუაღამემდისაც. აუსრულდა ჩვენ ვაჟბატონს მთელი თავისი სიცოცხლის ნატვრა - სურვილი, მისწრაფება. ფულმა ბზესავით იწყო მის ჯიბეში დენა! თითო არზის დაწერაში ის იღებდა თუმანსა. თუ სასამართლოშიაც მას უნდა ელაპარაკნა, მაშინ თუმნისათვის თუმანიც უნდა დაემატებინათ. უკეთუ ოლქის სასამართლოში გადავიდოდა საქმე, ხუთ თუმანზე ნაკლებს ხელსაც არ ახლებდა, და თუ პალატაში, - ათი თუმანი ნაღდი ფული უნდა ჩაეთვალათ მისთვის. როდესაც საქმე რთულსა და ძვირფას საგანს შეეხებოდა, მაშინ სხვა გვარის მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ბ-ნი სპასოვიჩი. ამგვარ შემთხვევაში ოცი და ოცდაათი თუმანი სულ მცირე ფასად მიაჩნდა. ასეთ ნაირად დაწყობილ საქმეს, დაუღალავ მხნეობას და საჩივრების ოსტატურად წარმოებას, რასაკვირველია, ჯეროვანი ნაყოფი მოჰქონდათ. დღე ისე არ გავიდოდა, რომ სპასოვიჩს სამი-ოთხი თუმანი არ ეშოვნა; ხანდისხან ისეთი მადლიანი დღეც გამოერეოდა ხოლმე, როდესაც ათ თუმნიანებით იბერებოდა მისი დიდი სოვდაგრული ქისა. ყოველ წამს ასე მარჯვედ ფულის ხვეტამ მას მხნეობა გაუორკეცა, მის შრომისა და გარჯის სურვილს ორბის მძლავრი ფრთები გამოასხა, მაგრამ, ამასთანავე, დიდი მომაკვდინებელი ვნებაც შესძინა. რამდენადაც იზრდებოდა ბანკში დაბინავებული შვიდასი თუმანი, იმდენადვე ემატებოდა მის პატრონს სიხარბე და გაუმაძღრობა. სამი თუ ოთხი თვის შემდეგ ამ საზიზღარმა გრძნობამ სულ ერთიან მოიცვა მთელი მისი მდაბალი არსება. სიხარბემ გასდევნა მისგან ის, არა მცირედი გამოცდილება, რომელიც შესძინა მის,,მწარსამყოფელმა წუთისოფელმა“, სიხარბით დაბრმავებულმა და ფულის ყოველ წამს ცქერით გატაცებულმა მეტ ბარგად ჩარიცხა თითქმის დედის მუცლიდან თან დაყოლილი სიფრთხილე და გაიძვერობა. წლის გასულს საქვეყნოდ მოიგლიჯა ლიბერალ პატრიოტების პირბადე და დაცინვით გადისროლა სანაგვისაკენ. ახლა კი ყველამ ცხადად დაინახა რა შვილიცა ბრძანდებოდა ცამდის აყვანილი მფარველი დავრდომილთა და ჩაგრულთა. მის წინააღმდეგ გაისმა გაჯავრებული ლაპარაკი: რამდენსამე ოჯახმა კარები მიუკეტა, ქუჩებში შეხვედრის დროს ბევრი არიდებდა პირსა. გაზეთებშიაც რამდენჯერმე ფიცხელად იქმნა გაკიცხული. მისი,,კლიაუზნიკური“ ხრიკები, სინდისსა და პატიოსნებაზე აშკარად ხელის აღება, მისი ანგარება და შეუბრალებლობა მთელს ადგილობრივ საზოგადოებას აოცებდა და აშფოთებდა, მაგრამ გაღორებულ - გათამამებული,,აბლაკატი“ ყველა ამას ყურადღების ღირსადაც არ რაცხდა. აინუნშიაც არ იგდებდა. მადლობა უფალს!... იგი აღმოჩნდა ქარაფშუტა, ჭკუა მოკლე ადამიანად... და სწორედ ამ გარემოებამ მოუგრიხა კიდეც მას კისერი. VII ერთ დღეს, სხვა მომჩივართა შორის,სპასოვიჩს ეწვია ახალგაზრდა თავადი გიორგი ბარძიმაშვილი. გიორგი მთელს იმ მხარეში ცნობილი იყო თავისი ვაჟკაცური, რაინდული ხასიათით და კარგი ძველებური დოვლათიანი ოჯახით. ამას ბევრი ბევრი საზიზღარი ამბები გაეგონა მჟაუნაშვილზე, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა მათ: კარგად იცოდა, რომ ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე სხვადასხვა ჭორები დღე და ღამ ყველგან თავისუფლად დაბრძანდებიან და ხშირად თვით უმანკო და პატიოსანი ადამიანის კარებზედაც კი დააბმენ ხოლმე თავიანთ კუდიანურ ფერხულს. ამიტომ მოისურვა შეტყობა ჭეშმარიტებისა და ამით შემოწმება გაგონილისა. ამ მიზნით მოვიდა იგი მჟაუნაშვილთან. - ბატონო მიხეილ! - დაიწყო გიორგიმ მისალმების შემდეგ, -მე მაქვს სამოციოდე დღის მშვენიერი სარწყავი სახნავ - სათესი მამული. ეს ორი წელიწადია რაც ამ მამულის გამო დავი - დარაბა ამიტეხა აზნაურმა სიკო კუდვარდაშვილმა. შარშან, შარშანწინ და წელსაც, მთელი მოსავალი მამულისა იმან მოიტაცა. წელს, სულ ცოტა რომ გითხრა, ორასი კოდი უკვდავება ჭირნახული წაიღო. მიშველე რამე, გეთაყვა. - დიდის სიამოვნებით, - მიუგო ზრდილობიანად მიხეილმა, - დოკუმენტები გაქვთ რამე თუ არა? - ოდესმე გვქონია, მაგრამ ამ თხუთმეტ - თექვსმეტი წლის წინად ცეცხლი წაეკიდა ჩვენს სახლსა; არ ვიცი დაიწვა, თუ მაშინდელ არევ - დარეულობაში გადაგვივარდა სადმე, ეხლა აღარსადა ჩანან. - არა უშავს - რა, უდოკუმენტოთაც შეიძლება საქმის წარმოება... ერთი ეს მიბრძანეთ, მოწმეებს ხომ ვიშოვნით? - ვგონებ, რომ მოწმეების შოვნაც გაჭირდება: მოგეხსენებათ მე სოფელში არა ვდგევარ; ძველის დროდანვე ცალკე გორაზე დამდგარან ჩემი წინაპარნი და მეც იქა ვცხოვრობ, მეზობლები არავინა მყავს. - გარშემო სოფლების მცხოვრებნი? - იმათ, ვგონებ, რომ არა იციან რა ამ საქმისა. - შეიძლება, ოცდაათი თუმანი მიბოძოთ წინადვე? ჩემ სასარგებლოდ კი არა, თქვენი საქმისათვის! - დიდი სიამოვნებით! მაგრამ მსურს კი რომ ვიცოდე: ეგ ფული რანაირად გნებავთ მოახმაროთ ჩემ საქმეს? - გარშემო სოფლებიდან უნდა მოწმეები მოვისყიდოთ. - ძალიან კარგი, მაგრამ ტყუილად და ისიც ოცდაათი თუმნის გულისათვის ვინ იფიცებს? - რას ბრძანებთ, ბ-ნო გიორგი! ოცდაათ თუმნად თორმეტ კაცს ვაფიცებ. ერთი თვე არ არის მას აქეთ, რაც ერთი აზნაური და სამი გლეხი ხუთ-ხუთ მანეთად ფიცით გავხეთქე. აქ, ამ ქალაქში, რამდენიმე გაკოტრებული მედუქნეები არიან, რომლებიც მხოლოდ ტყუილ მოწმობაში აღებული ფულითა სცხოვრობენ. სოფლის საქმეზე ესენი ვაი თუ ვერ გამოდგნენ, თორემ თითო მანეთად ვაფიცებდი... - მერე მაგითი ხომ ხალხი ირყვნება, ზნეობით ეცემა! და გარდა ამისა, სამართალს გზა და კვალი ერევა, რის გამოც შეიძლება მართალი გამტყუნდეს, უსამართლომ და ბოროტმა კი გაიმარჯვოს. - დიაღ, ჩემო ბატონო!.. ყოველივე ეგ ხშირად ხდება. მაგრამ რა ვუყოთ?.. ცხოვრება ბრძოლააო, ბრძანებს დიდებული დარვინი. ვინც ამ ბრძოლაში იმარჯვებს, მისია წუთისოფელი, ხოლო სუსტი და უბედურნი მარზხდებიან და უნდა გამოესალმენ სიცოცხლესა. - თქვენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ ამ ქვეყნად ბატონებად უნდა ვაღიაროთ გაქნილ - გაოსტატებული, სინდისზე ხელაღებული ავაზაკები და მათ ყმებად მართალი და პატიოსანი ადამიანები დავუყენოთ; ქვეყნიერება მძლავრთა და მდიდართ გავუყოთ, სუსტნი და ღარიბები,ჭირიანი საქონელივით, გავწყვიტოთ... - ეგ ჩემი ლაპარაკიდან კი არა, ბუნების კანონებიდან გამოდის... - ეხლა მე ჩვენს სოფელში გლეხებისთვის სკოლის გახსნას ვაპირებ, გამიგონია, სწავლა დიდი ღონეაო... გლეხის შვილები, ჩემგან დაარსებულ სკოლაში, განათლებას მიიღებენ, გაღონიერდებიან... შენის აზრით, მე სულელობას ჩავდივარ, მებრძოლ მტერს ხელში ფარსა და ხმალს ვაძლევ!.. - ცხადია, რომ მაგ შემთხვევაში ვერ იქცევით გონივრულადა!.. - ვერ ვიქცევი გონივრულადა?.. მაშ, რაღას ნიშნავს სულგრძელობა, სიბრალული, მიტევება?.. მაშ, რაღა უნდა ვუყოთ ღმერთს, მაცხოვარს, სინდისს, პატიოსნებას?.. - ყველა ეგენი ერთ დროს დიდ ბობოლებად ითვლებოდნენ, დიდი ხმა და გასავალი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარვინმა თავისი მოძღვრება გამოაქვეყნა, მათ დაჰკარგეს ყოველი მნიშნელობა, და ამ ჟამად იმგვარსავე არქეოლოგიურ ნაშთებს წარმოგვიდგენენ, როგორებიც არიან, მაგალითად, ნანგრევები ძველი ციხე კოშკებისა, ტაძრებისა, აი, შევხედოთ, თუ გნებავთ, აგერ აიმ ძველ მონასტერს!.. საკმარისია ერთი თვალის გადავლებაც, რომ კაცმა ცხადად წარმოიდგინოს, რა საუცხოვო რამ იქნებოდა იგი ერთ დროს, მაგრამ დღეს კი უხეირო ნანგრევებად არის ქცეული და ზედ თავისუპლად დადის ძაღლი და ღორი. - ისე, როგორც შენ ღვთისა, სინდისისა, პატიოსნების გარშემო! - დაიძახა სიბრაზით გიორგიმ. მაგრამ იმავე წამს თავი შეიკავა, გაიღიმა და მშვიდობიანად წარმოსთქვა: - თავი დავანებოთ ამ ლაპარაკს... შენ სწავლული, განათლებული კაცი ბრძანდები, მე სოფლელი ტეტია კაცუნა გახლავარ... შენ დარვინი ზეპირად გცოდნია, მე კი სამსე ყანწების მეტი ხელში თითქმის არა მჭერია - რა. სად შემიძლიან თქვენთან ღრმა საგნებზედ ბაასი... მაგრამ საჭიროდ კი მიმაჩნია, უკანასკნელად გითხრათ, რომ ის თქვენი დარვინი ან კარგად ვერ შეგიგნიათ, და ან დიდი მხეცი უნდა იყვეს... უკაცრავად!.. გადავიდეთ ჩვენს საქმეზე... მოწმების მოსასყიდათ, როგორცა სთქვი, ოცდაათი თუმანი არის საჭირო. ამ ხანად ათი თუმნის მეტი არ გამომყვა ჯიბეში, ეხლა ამას გადმოქცემ, ხვალ თუ ზეგ შემოვივლი თქვენთან დანარჩენ ოც თუმანსაც მაშინ მოგიტანთ. თქვენი გასამჯელო მიბძანეთ ახლა?.. - ბატონი ბრძანდები! ჩემი გასამჯელო ორმოცი თუმანი იქნება; ნახევარი ამ თავით უნადა მიბოძოთ და ნახევარიც საქმის გათავების შემდეგ. ხვალისთვის პირობის ქაღალდი მზად მექნება. - ძალიან კარგი!.. - სთქვა გიორგიმ და წამოდგა ფეხზე. ათ თუმნიანი გადასცა, გამოეთხოვა და გავიდა სახლიდან. VIII გაიარა სამიოდე დღემ და ერთ საღამოს, ესე მეცხრე საათი იქნებოდა, ვიღაცამ კარები დაუკაკუნა სპასოვიჩსა. უკანასკნელი წამოდგა, გააღო კარი და თავის წინ ბინდ- ბუნდში გაარჩია ორი კაცი. ერთი ამათგანი ლაზათიანად იყო ჩაცმულ-დახურული, ხოლო მეორეს გლეხური ჩოხა ეცვა და ხელში ორი ცხენის აღვირი ეჭირა. პირველმა თავი დაუკრა სახლის პატრონს და უთხრა: -მე გახლავართ აზნაური სიკო კუდვარდაშვილი. თქვენთან ერთი საიდუმლო საქმე მაქვს და, თუ შეიძლებოდეს, ნება მიბოძეთ ეხლავე მოგელაპარაკოთ. მჟაუნაშვილი დაფაცურდა: კარი ყურთამდე გააღო, ორივე ხელები ოთახისკენ გაიშვირა და ღიმილით სთხოვა სახლში შემობრძანება. სიკომ მაშინათვე აღასრულა თხოვნა: ოთახში შევიდა, ხოლო კარი ამ ოთახისა ცოტათი ღია გაუშვა. შუა ოთახში ერთი დიდი საწერი მაგიდა იდგა; სტუმარ-მასპინძელმა მიიდგეს ამ მაგიდასთან სკამები და ჩამოსხდნენ მათზე. ამ დროს სიკომ შენიშნა, რომ მაგიდის ერთ ნაპირას იდო რევოლვერი, რომელსაც სახლის პატრონმა დაჯდომის დროს ქაღალდი წააფარა. -ბძანეთ, ჩემო ბატონო, - გვერდზე თავის დახრით წარმოსთქვა მჟაუნაშვიმა, - მიბრძანეთ: რითი შემიძლიან თქვენი სამსახურის გაწევა? - მოგახსენებთ. მე ყური მოვკარი, რომ თავადი გიორგი ბარძიმაშვილი ამ წინაზე ყოფილა თქვენთან და ჩემ წინააღმდეგ ერთი საქმე მოუნდვია. გეთაყვა, ნუ დამიმალავ! მართალია ესა თუ არა? - რად დაგიმალავთ! სწორედ მართალი გაგიგონიათ. - საქმის წარმოებაში რას გაძლევთ თ. გიორგი? - სამოც თუმანს, - წარმოსთქვა თავისუფლად მჟაუნაშვილმა. - ჩემგან ოთხმოცი მიიღეთ, ოღონდ საქმე ისე წაიყვანეთ, რომ ის მამული მე მოვიგო. - როგორ იქნება? რას მიბრძანებთ! - გაოცებით დაიძახა სახლის პატრონმა. - ასი მიირთვით! მჟაუნაშვილმა კაი ხანს ხმა აღარ ამოიღო. წარბები შეიკრა. მჭუნვარებით გადაიფინა სახეზე, ჩაახველა და შემდეგ ნაღვლიანად ამოიოხრა, ვითომც ერთი შემომხედეთ და მიხვდით რა საშინლად ვიტანჯები, რა ჯოჯოხეთური ბრძოლაა ატეხილი ამ ჟამად ჩემს უმანკო სულში, ჩემს სპეტაკ გულშიო. ნამდვილად კი სიხარბისაგან გამოწვეულს სიამოვნების მეტი მას არაფერი არ აღელვებდა იმ წამში. საქმე ოთხმოცი თუმნის გაგონებაზედვე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. - რა ვქნა? ვერ არის კარგი, მაგრამ რას იზამ? თქვენისთანა პატივსაცემ კაცს ხელცარიელს ვერ გავისტუმრებ. მხოლოდ ჩვენ ორის მეტმა ეს საქმე სხვამ არავინ არ უნდა იცოდეს. სამოცი თუმანი ეხლავე უნდა მიბოძოთ. - ემ წამში ჩაგითვლით... მომეცით ხელი, რომ აღარ გადახვალთ ამ თქვენს სიტყვას. მჟაუნაშვილმა საჩქაროზედ გაუწოდა ხელი, რომელსაც სტაცა სიკომ ხელი, მაგრა მოუჭირა და ისე ღონივრად დაიქნია ძირს, რომ მოუმზადებელი სპასოვიჩი პირქვე დაეცა, ამ დროს ოთახში შემოვარდა გლეხურად ჩაცმული გიორგიც, ძირს დაცემული მიხეილ ბეგი ფეხზე წამოაყენა, რამდენჯერმე შეაფურთხა პირში, მერმე ერთი ლაზათიანი სილა გაჰკრა და ზიზღით უთხრა: - ყველაფერი, ყველაფერი მართალი იქნება, რასაც კი შენზე ლაპარაკობენ, შე არამზადა, შე უსინდისო ძაღლო, შენა!.. ეს იცოდე, რომ ყოველდღე სიცოცხლეს გაგიმწარებ, თუ დღესვე აქედან არ გადაკარგულხარ!.. გესმის?.. - მჟაუნაშვილი უცებ გატრიალდა უკან, ვეფხვივით გადახტა და რევოლვერს დააფრინდა ორივე ხელებით. მაგრამ რევოლვერი იქ აღარ დახვდა. მაშინ გაჰქანდა ტახტისკენ, სადაც ეკიდა ხანჯალი, მაგრამ იქაც სიკომ მიუსწრო, გონივრად შემოჰკრა ცხვირ-პირში მუშტი და ახლა გულაღმა გადმოაგდო ძირსა. თითონაც გადმოჰყვა თანა და წიხლითა და მათრახით შეუბრალებლად უწყო ცემა. ჩვენმა უბედურმა გმირმა რამდენჯერმა სცადა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ყოველ ამ დროს ხან გულსა და ხან ბეჭებში ხვდებოდა სიკოს წიხლი და მუშტი და ხელახლა იშხლართებოდა იატაკზე. ბოლოს ანება თავი ყოველ წინააღმდეგობას და, გასაწკეპლად მომზადებული დამნაშავესავით, პირქვე გაიჭიმა. სიკო ახლა კი მოშორდა; მივიდა მაგიდის უჯრასთან, გამოსწია ის და, რაც ფულები დახვდა შიგ, სულ ერთიან ამოიღო და აუჩქარებლივ ჩაილაგა ჯიბეში. - ჩემი ათთუმნიანიც არის მანდა... - დაუძახა მას გიორგიმ.... - ამოვიღე ისიცა და თან მჟაუნაშვილისებური სარგებელიც ამოვატანე. - მერე გადახედა გაშოტილ მჟაუნაშვილს და სიცილით უთხრა გიორგის: - ერთი შეხე ამ თავსასიკვდილეს, როგორ გატვრინა სული!.. მელიასავით როგორ მოიმკვდარუნა თავი!... ღმერთს ერწმუნე,გავალთ თუ არა ამ სახლიდან, მაშინათვე ფეხზე წამოხტება და ეცემა თავის სტოლის უჯრას!.. - ბატონო სპასოვიჩო, ესეთი შენი შეურაცხება ჩვენი ბრალი არ არის: ბუნების კანონების წყალობით მე და სიკო შენზე ღონივრები აღმოვჩნდით, და დიდებული დარვინის მოძღვრების თანახმად, ღონივრებმა სუსტი მიგტყეპეთ. ღმერთმა ხომ იცის, რომ ესე ყოველივე შენგან ვისწავლე და ნუ შეგვრისხავ, უკეთუ შენგან მიღებული, შენვე უკან მოგართვით, - დასძახა გიორგიმ. ამის შემდეგ ორივენი გამოვიდნენ გარეთ, მოასხდნენ ცხენებს და სწრაფად გაჰქუსლეს თავიანთი სოფლისაკენ. IX გავიდნენ თუ არა გარედ გიორგი და სიკო, იმავე წამს ჩვენმა უძრავად გაშოლტილმა სპასოვიჩმა თავი მაღლა აიღო: მიიხედ-მოიხედა და რაკი ოთახში ვეღარავინ დაინახა, ფიცხლავ წამოხტა ფეხზე და გამალებული ეცა მაგიდის უჯრას, გამოსწია და ორივე ხელები გამწარებით შემოიკრა თავში. მერმე გაიქცა კარებისაკენ, გამოაღო და მორთო გიჟივით ღრიალი: -მიშველეთ, მიშველეთ... გამძარცვეს... ოცი თუმანი ფული წამართვეს... რაზბოინიკები დამეცნენ. მიშველეთ! ამ ყვირილზე ოთახში შემოვარდა ახალგაზრდა მოსამსახურე ბიჭი. დაინახა თუ არა თავისი ბატონი იმ ყოფაში, ელდანაცემივით გაშეშდა ერთ ადგილას. სამზარეულო კარგა მოშორებით იყო ოთახებზე და ამის გამო იქ მყოფმა მოსამსახურემ სრულიად არ იცოდა რა იმ უბედურებისა, რაც ამ ორიოდ წამის წინად დაატყდა თავს მის ბატონსა. ამიტომ თითქმის თავზარი დაეცა, როდესაც ოთახში შემოვიდა და დაინახა თმაგაბურძგვნილი, ტანისამოსდაგლეჯილი და სისხლში მოთხუპნული მიხეილ აღა. გონება დაბნეული სპასოვიჩი ეძგერა მოსამსახურეს, ხელი სტაცა ჩოხის საყელოში, უწყო ძალზე ნჯღრევა და ღრიალი: -დაინახე, განა? ხომ დაინახე ის ავაზაკები? მოწმე იყავ მოწმე! - შეშინებულმა ბიჭმა ძლივს გახსნა კრიჭა და უაზროდ წაილუღლუღა: - დიაღ, დიაღ, ბატონო! ამის შემდეგ ბატონმა ანება თავი, მივიდა მაგიდასთან და ხელახლა უწყო რევა და ჩხრეკა თავის უჯრას. ამ დროის განმავლობაში მოსამსახურე დამშვიდდა, გონება მოიკრიბა და გაუვარდა გარეთ. ცოტა ხანს უკან ისევ დაბრუნდა და შემოიტანა ტაშტი და წყალი. მივიდა ბატონთან, წაავლო ხელი და უთხრა: - ბატონო, ე სკამზე ჩამობრძანდით, თავ-პირი მოიბანეთ, სისხლითა ხარ მოსვრილი. - იქვე სკამზე დაეშვა უბედური მიხეილი; ბიჭმა დაუდგა წინ ტაშტი, მერე ხელში წყალი დაიგუბა და ეს წყალი ნელ-ნელა დაასხა თავზედა. ცივმა წყალმა ცოტა დაამშვიდა ავადმყოფი. თითონ წაიღო წინ თავი, ხელები გაიშვირა და სლოკინ-ტირილით იწყო პირის ბანვა. როდესაც პირში ჩაგუბებული წყალი გამოაქცია მან, თან გამოაყოლა შეკვერებული სისხლის რამდენიმე ნაფლეთი და მათში ერთი კბილიცა. როცა სისხლი სრულიად ჩამოირეცხა, აღმოჩნდა, რომ ცხვირი და ზემოთა ტუჩი გახეთქილი და დასიებული ჰქონდა. შემდეგ სისხლიანი პერანგის გამოსაცვლელად ტანისამოსი გაიხადა და ამ დროს გამოჩნდა შავი ზოლებით დაჭრელებული ბეჭებიცა. ჩაიცვა ტანისამოსი, მივიდა საწოლთან და ლოგინზე გულაღმა გადაწვა, მაგრამ იმავე წამს საცოდავად შეჰყვირა და წამოვარდა ისევ ფეხზე. მიუბრუნდა ბიჭს და უთხრა: - დიმიტრი, წადი დაიძინე... გეხვეწები არავის არ უთხრა, რაც აქ ნახე და გაიგონე ამაღამ. ხვალ ვინც უნდა მიკითხოს, ყველას უთხარი: ავად არის-თქო. ბიჭი გავიდა ოთახიდან. მჟაუნაშვილმა კარები ჩაიკეტა, ლოგინი დაიმზადა, რამდენჯერმე მწარედ ამოიკვნესა და გააქრო სანათი. ნელ-ნელა ჩაწვა ლოგინში და, დასაძინებლად, დახუჭა თვალები. მაგრამ მთელი ღამე თეთრად გაათენა. მის თვალებს ერთ წამსაც არ მიჰკარებიათ ძილი. და ან კი რა ეშმაკი დააძინებდა უბადრუკს!.. დაბეგვილ – დაჟეჟილი ტანი საშინლად სტკიოდა, დასივებული ცხვირ-პირი წამდაუწუმ გულსაკლავად სტეხდა; დამცირებული, შელახული თავმოყვარეობა სამარის ჭიასავით უღრღნიდა მას სულსა და გულსა. მხოლოდ ახლა ამ უბედურების ჟამს, დაინახა მან თავისი მარტოობა. მთელს მის გრძნობა-გონებას შავ-ბნელი გველეშაპივით გადაეფარა უნუგეშობა, სასოწარკვეთილება, რომელიც გახურებული შამფურივით უტრიალებდა მის სულიერ და ხორციელ არსებათ. უეცრად რაღაც ამბავი მოხდა ამ სულიერ არსებაში: რაღაცამ სუსტად გააშუქა და მისი მკრთალი ნათელი სასიამოვნოთ მოეფინა მუნ შეგუბებულ წყვდიადსა. ავადმყოფს შეუყუჩდა, გაუნელდა როგორც ხორციელი, ისე სულიერი ტკივილები. რაღაცის მოლოდინი იგრძნო მისმა გულმა. განაბა სული და, სმენად გადაქცეულმა სცქვიტა ყურები. ამავე წამს მას მოესმა სიტკბოებით სავსე ნაზი და წყნარი ხმა: - ნუ გეშინიან, ჩემო უბედურო, მაგრამ მაინც ძვირფასო მიხაკოჯან!... ნუ დაჰკარგავ იმედს, ნუ დაეცემი სულითა! შეინანე წასული შენი ბოროტებანი, შეაფურთხე ეშმაკსა და ღმერთი წყალობისა და სიყვარულისა ყოველსავე გაპატივებს!... ახლად დაიბადები და ახლად იწყებ უცოდველსა და შეუგინებელ ცხოვრებასა. - შევინანო?.. რა მაქვს შესანანი?.. რა მიქნია ისეთი, რაც კი ასსა და ასიათასს ჩემისთანას არ ჩაედინოს! - კვნესით მისძახა საიდუმლო ხმას ლოგინში მწოლიარემ. - ჩემო საბრალოვ! კიდეც მაგაშია შენი უბედურება, რომ ვერ ხედავ შენგან ჩადენილ ბოროტებათა! - მოესმა კვალად იგივე სათნოიანი ხმა... აბა, გაახილე თვალები და შენს გარშემო მიიხედ-მოიხედე!... რა ყოფაში არიან შენი დაჩაგრული თანამოძმენი, შენი უბედური სამშობლო?.. ამათ თანაგრძნობა, შველა, დახმარება უნდათ... შენ კი, ნაცვლად ამისა, მშიერ მგლად მოევლინე იმათ. აუარებელ მტერს მიჰყუდე შენც ზურგი და მათთან ერთად უწყე შენს მოამაგეს, ტკბილს, ძვირფას დედას გულისა და ღვიძლის წიწკნა. გამობრუნდი ჩემსკენ, მიხაკო, ჩემზე ერთგული, შენთვის თავდადებული მეგობარი არცა გყავს და არც გეყოლება როდისმე. დაუგდე ყური ჩემ ხმასა და დარიგებას!.. იქნება სარჩო-საბადებლით ღარიბი იყვე, მაგრამ სამაგიეროთ, სულით იქნები მაღალი, შინაგანის ნეტარებით იქნები მდიდარი, კმაყოფილი, ბედნიერი!.. ავადმყოფი უცებ წამოიჭრა ლოგინიდან, კუნჭულში, ხატის წინ, დაეცა მუხლებზე და იწყო ცხარე, მდუღარე ცრემლით ლოცვა-ვედრება. დიდება შენსა ძლიერებასა, უმანკოების უქრობელო ლამპარო, ადამიანის სინდისო!.. X ორი დღე იწვა ლოგინში ჩვენი დაჟეჟილი მიხეილი ბაადურიჩი. მესამე დღეს, დილაადრიან, წამოდგა ფეხზე, გაიხედა სარკეში და დარწმუნდა, რომ სახე სრულიად მორჩენოდა. მივიდა ისევ თავის ლოგინთან, ლეიბი გადმოაბრუნა, ერთგან ნაპირი გაურღვია, შეჰყო ხელი შიგა და იქიდან გამოიღო ბანკის ბილეთი. წინანდელი შვიდასი თუმანი ორიათას თუმნად გადაქცეულიყო. ეს ბილეთი უბის ჯიბეში ჩაიდო და შავი სერთუკის ღილები თავით ბოლომდე შეიკრა. ამის შემდეგ ფაციფუცით ჩაილაგა რაც კი ამ ოთახში მის საკუთრებას შეადგენდა, და დამზადებულის ეტლით გასწია რკინიგზის სადგურისაკენ. რადგან ქვეყნიერება ჯერ ისევ ღამის ბინდ-ბუნდში იყო გახვეული, ამის გამო თითქმის სრულიად შეუმჩნევლად დასტოვა თავისი ჯერ გამაბედნიერებელი და შემდეგ შეურაცხმყოფელი ქალაქი. ჩაჯდა რკინიგზის სადგურში და გაჰქანდა საგუბერნიო ქალაქისაკენ, სადაც მას შრომასა და ოფლის ღვრაში უკვე გატარებული ჰქონდა რამდენიმე წელიწადი. საბედნიეროდ მჟაუნაშვილისა, იმ ოთახში ძლიერ ცოტა ხალხი იყო, ამიტომ თავისი ბარგი აქეთ-იქით დაიწყო, ბალიში მისდო ფანჯარასთან და თავისუფლად წამოწვა სკამზე. რკინიგზის გაცხარებულმა ჯახჯახმა პირველ ხანში თითქო რეტი დაახვია მას: თავი როგორღაც გაუბრუვდა, ყურებმა წივილი დაუწყეს, გულს ერეოდა. როგორცა სჩანდა, ორიოდე დღის ავადმყოფობას მის მაგარ აგებულებაზე თავისი გავლენა მოეხდინა. ნახევარ საათის შემდეგ მისი ბუნება უკვე შეეჩვია ახალ გარემოებას: გული დაუმშვიდდა, ტვინმა უწყო გამოფხიზლება. რაც კი იმ წარსულ ორ დღეს ეგრძნო და ეფიქრა, ახალ სულ ერთიან ბოხჩასავით გადაეშალა წინა. მთელი არსება მისი გააფთრებით დასცქეროდა ამ ბოხჩას! გრძნობა დამცირებისა, შეურაცხყოფისა გადაეფინა ამ არსების ყოველ ნაწილს, ყოველ სახსარს, საიდანაც გამოძვრენ, როგორც შხამიანი გველები, სოროებიდან, შურისძიება, სისხლის ღვრა, სიკვდილი. წარბშეჭმუხვნილი, მუშტებ მოღერებული წამოვარდა ფეხზედ და კბილების კრაჭუნით აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა ამ წამს მზად იყო გაბრუნებულიყო უკანვე, იპოვნა თავისი შეურაცხმყოფელნი და,მიპარვით, ან პირდაპირ, გადაეხადა მათთვის სამაგიერო. პატარა ხანს ისევ წამოწვა და, როცა კარგად ჩაუფიქრდა გარემოებათ, ცხადად იგრძნო სისუსტე თავისი და ძლიერება მტრისა. ორი დღე იწვა ლოგინში მწარედ დაბეგვილ-დაჟეჟილი; ერთი გვერდიდან ძლივს ბრუნდებოდა მეორეზე, კვნესოდა, გმინავდა, იტანჯებოდა ვინ იყო მისი შემბრალებელი, ნუგეშისმცემელი? არავინ, სრულიად არვინ! პირიქით ლოგინში მწოლარე ავადმყოფსაც კი არ აძლევდნენ მოსვენებას. წინად თუ სხეული დაუბეგვეს, ახლა სულსა და გულს უჟეჟავდნენ. მის ფანჯრებთან ხალხის გროვა არ ილეოდა. დიდი, პატარა, ქალი თუ კაცი დაბარებულსავით გულდაგულ მოდიოდნენ, უკაკუნებენ ფანჯარას და იცინოდნენ. ერთი შესძახოდა: წუხელის რომ ზურგიელები მოგართვეს, ხომ არ გაჰყიდით ცოტას მაინცაო? მეორე უყვიროდა: დამჟავებულ მჟაუნას ხომ არ ინებებთო? მესამე აბობდა: გიორგი და სიკო სადილად გპატიჟობენ, აბძანდით, გეყოფა მაგდენი განსვენებაო! და სხვ. ყველა ამას მოსდევდა სიცილ-ხარხარი, ტაშის ცემა და ურას ძახილი. ხელახლა წამოუდგა თვალწინ ყოველივე ესა, კისერზე მძიმე ლოდივით დააწვა და თავი მწარედ ჩააკიდვინა ძირს.,,არა, - სთქვა მან თითქმის ხმამაღლა, -არა, ახლა შურისძიების დრო არა მაქვს. მოვუცდი ჟამთა - ვითარების ტრიალსა, და თუ ისინი ვერ მოვიგდე როდისმე ხელში, სხვებს ხომ ბლომად შევხვდები! რამდენია ამ ქვეყნად ჩემზე უღონო, სუსტი, მათ ჩავაფრინდები კლანჭებით, მათ სისხლს დავლევ, მათზე ვიყრი ჯავრსა! მაგრამ ჩემი შურიძიების უმთავრესი ძალა, მომაკვდინებელი შხამი კი მუდამ თქვენთვის მექნება დამზადებული, თქვენთვის, წყეულო თავადებო და წყეულ-შეჩვენებულო აზნაურებო! ჩემი სული მხოლოდ მაშინ იგრძნობს შვება-ლხენასა, როდესაც თქვენს კვნესას გავიგონებ; როდასაც თქვენს გულსა და თირკმელს ნაღვერდალში შევხრაკამ და შევჭამ“. ბოროტებით სავსე ანთებულ თვალებს გიჟივით აბრიალებდა და, სისხლმორეული მხეცივით, წამდაუწუმ აკრაჭუნებდა კბილებსა. შორიდან რომ შეგეხედათ, გეგონებოდათ ამ სკამზე გააფთრებული, ფეხებშეკრული ნადირი წევსო, ის მადლიანი შუქი, რომელმაც ცემის ღამეს ისეთი სასიამოვნო ნათელი მოჰფინა მის ჩაბნელებულ სულიერ არსებას, ამ ჟამად თითქმის სრულიად ჩამქრალიყო, ოდნავ, ოდნავღა ბჟუტავდა საცოდავადა. ახ,ნეტავი იმ ბედნიერს, რომელიც შეიძლებს შენთან მოსვლას, რომელიც დაჰბერავს თავის ძლიერ სულს შენს დაფერფლილ ნაკვერცხალს, გააღვიძებს, გააძლიერებს და გადააქცევს მას მზესავით ცხოველ და მანათობელ ჩირაღდნადა. XI ჩვენი განდევნილ - გაქცეული გმირი ჩაბრძანდა საგუბერნიო დიდ ქალაქში და მეორე დღესვე გამოცხადდა თავის ძველ უწინდელ ხელმძღვანელთან. ამას დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც კი თავს გადახდა პროვინციაში. არ დაუმალავს არც ერთი, თავისგან ჩადენილი საძაგლობა, რომელსაც ოსტატობის სახელით იხსენიებდა. სახელოვანმა ვექილმა ყოველივე ესე გულდამშვიდებით მოისმინა. არც მის თვალებს და არც მთლად მის სახეს ამ დროს არ დასტყობიათ სულ მცირეოდენი უსიამოვნო ზეგავლენაც კი გაგონილი ამბებისა. ცხადად ჩანს, რომ თვითოეული მათგანი მას ეხატებოდა იმ გვარსავე ჩვეულებრივ მოვლენად, როგორიც არის, მაგალითად, დამთქნარება, სუნთქვა ჰაერისა, მოძრაობა და სხვ. ამიტომაც, როცა მჟაუნაშვილმა თავის მოთხრობა გაათავა, მან ძმურ ამხანაგურად დაადო ხელი მხარზე და ღიმილით უთხრა: - გამოცდა გკლებია, ჩემო მიხაკო, გამოცდა! მხოლოდ ერთი რამ არ გეპატიება, ერთი რამ მოგსვლია დიდად სათაკილო, ყველა ვექილისათვის სასირცხვილოა! ეს ისა, რომ იმ ტეტია სოფლელმა ნადირებმა ისე როგორ მოგატყუილეს?! გამოცდა, გამოცდა ძლიერა გკლებია... ვაი იმათ ტყავსა, რომ შენ მაგივრად მე არ ვიყავ! იმათგან დაგებულ მახეში, მათვე გავაყოფინებდი თავსა და მერე ისე, რომ ერთმანეთი ხანჯლებით აეჩეხათ! დიაღ, გკლებია... - დიაღ, ჩემო ერთადერთო კეთილისმყოფელო, იმედო და მფარველო! - მიუგო ამაზე მჟაუნაშვილმა, - გამოცდილების გარდა, სხვაც ბევრი რამ მაკლია. ვისთან შევივსებ ამ ნაკლსა, თუ არ თქვენთან. ნება მიბოძეთ, რომ ეს წელიწადი თქვენი მფარველი კალთის ქვეშ გავატარო! - დიდის სიამოვნებით! - უპასუხა ვექილმა, - მხოლოდ ჯერჯერობით შინ უნდა იმუშაო. ეჭვი არ უნდა, გაზეთებში დაბეჭდავენ შენს თავგადასავალს, ამიტომ არსად არ უნდა გამოჩნდე. ორიოდე თვის შემდეგ ყველას შარშანდელი თოვლივით მიავიწყდები... მერმე კი თამამად გამოხვალ კარზე და გაერევი საზოგადოებაში, სადაც ისე უნდა დაიჭირო თავი, თითქო ბუზიც კი არავის აუფრენია შენთვისა... ყოჩაღად იყავ! მთელი ჩვენი საზოგადოება სულ დიდრონ-დიდრონი არამზადებით არის სავსე. შენი ამბები მათ საქციელთან ბავშვის ტიკტიკად გამოჩნდება. მაშ, ვისი უნდა შეგრცხვეს? ვის წინ უნდა ჩაღუნო თავი? ნუ შეუშინდები იმ ვაჟბატონებსაც, რომელნიც პატიოსნებაზე, სინდისზე და სხვა ამგვარ რამე-რუმეებზე ხმამაღლა ჩხავიან. იცოდე, რომ ყველაზე დიდი და გაქნილი არამზადები ესენი არიან! უნდა ერთი რამ კარგად დაიხსომო! რამდენადაც ცუდი იქნება შენგან ჩადენილი საქმე, იმდენადვე უნდა სითამამე - გამბედაობას მოუმატო. ზოგჯერ ურცხვობას გმირულ თვისებად რიცხავს ხალხი. ესე მოიქეც და მაშინ დაინახავ რაც მოხდება, ნუ გეშინიან! ისე დაგატრიალებ, როგორც სოფლელმა დედაბერმა ჯარა! იქნები ჩემ თანაშემწეთ: შენ ივლი სუდებში, მე ოკრუჟნოი სუდსა და პალატაში. ვიღა დაგვიდგება წინა! ასე და ამგვარად დაიწყეს თავიანთი მომავალი საქმეები ამ ორმა ღირსეულმა მეგობარმა. და თითქმის იმავე საათში იწყეს მათი სასურველი მართვა - წარმოებაცა. მიხეილ ბეგმა, როგორც იყო, თვე ნახევარი გაატარა შინაურ მუშაობაში. შემდეგ კი ვეღარ მოითმინა: გააღო დახურული კარი და, თანახმად ზემოთ აღნიშნულის დარიგებისა, ამაყად გამობრძანდა გარეთ. იწყო სიარული დაბალ სასამართლოებში, რომლებშიაც თითქმის ყოველ ცისმარე დღეს იცავდა რაიმე საქმესა. თუმცა ჯიბე ცარიელი არას დროს არ რჩებოდა, მაგრამ გული კი მაინც გულის ადგილას არა ჰქონდა. მოგეხსენებათ მნიშვნელობა ჩვეულებისა! თუმნების ხვეტას დაჩვეული დღეს მანეთიანების შოვნას არადა არ სჯერდებოდა, არამედ თაკილობდა კიდეცა. ამის გამო ყოველ წამს იგი გრძნობდა რაღაცა გამოურკვეველ მოუსვერნობას. ესეთი მდგომარეობა ხანდისხან ისე გაუმწვავდებოდა, ისე შეაწუხებდა ხოლმე, რომ მზად იყო ყოველივე აქაურობისთვის მიეფურთხებინა და იმავე წამს გაქცეულიყო სადმე. მაგრამ თავის მფარველის წყენისა ეშინოდა, რის გამოც გულის თქმას ებრძოდა, თავს იკავებდა. ასე, რის ვაი - ვაგლახით და ჭაპან - წყვეტით, გაატარა, როგორც იყო, ერთი წელიწადი. ახალი წლის დამდეგს კი ვეღარ მოითმინა. წამოიკიდა თავისი გუდა - ნაბადი და გამოვარდა ქალაქიდან, ჩაჯდა რკინიგზის მატარებელში და გასწია. საით? ეს პირველ ხანებში თვითონაც არ იცოდა. იჯდა რკინიგზის ოთახში და ისეთის აღზნებულის მოუთმენლობით მიჰქროდა წინ, თითქო შეყვერებული ჯაბუკი თავის სატრფოს სანახავად მიეჩქარებაო. ასე ირბინა მთელი დღე და ღამე. მეორე დღეს თავი ამოყო საქართველოს ერთ განაპირა მხარეში. აქ მან, რასაკვირველია, სამაზრო ქალაქს მიატანა. დაბინავდა თუ არა, მაშინთავე აქაც იგივე ოინები გაიმეორა, რაც უკვე ჩადენილი ქონდა წინათა. მის საუბედუროდ, აქაური ქართველები ისეთი ქრისტეს ვირები არ აღმოჩნდნენ, როგორებიც ენახა სხვაგანა. ამის გამო მისი მიბრძანება და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახა-რუხით თითქმის სრულიად შეუმჩნევლად დარჩნენ. ორი- სამი თვე გავიდა და ჯერ არცერთი ხეირიანი საქმე არავის არ მიენდო მისთვის. ის გაოცებით ხედავდა, რომ აქ თითქმის ყველა, მასზე არანაკლებ, იცოდა ყოველ გვარი კანონიერი ხრიკები და გაძრომ-გამოძრომა... და მაშასადამე, მისი დახმარება ამ მხრივ არავისათვის საჭირო არ იყო. სამი თვის შემდეგ ჩაილაგა თავისი ბარგი-ბარხანა და ერთ ღრუბლიან დღეს გამოსწია ჩვენი სამაზრო ქალაქისაკენ. თავისუფლად მობრძანდა ზემოხსენებულ ქალაქში; უმთავრეს ქუჩაზე დაიქირავა სამი სუფთა, მოზდილი ოთახი, რომელნიც ახლად ნაყიდი ავეჯით კოხტად მორთო და მოაწყო. მეორე დღესვე ნახა ყველანი, რომლებთანაც მას რაიმე დამოკიდებულება ექნებოდა მომავალში. გაიცნო ზოგიერთი გავლენიანი მოქალაქენიც; ხოლო ერთი კვირის შემდეგ გამართა სანაქებო, ჩინებული სადილი, რომელზედაც მოიწვია ყველა ახლად გაცნობილი მოხელენი და მოქალაქენი. საზოგადოდ, როდესაც კი ქეიფზე იყო, დიდი მოლხენა იცოდა ჩვენმა მიხეილ აღამ, მაგრამ მოხსენებულ დღეს თავის-თავსაც კი გადააჭარბა მასპინძლობითა, მხიარულობითა და პურადობითა. შუა სადილი ჯერ არ იქნებოდა, როდესაც მან მოიტანა ლამაზი ყუთი, გააღო და იქიდან გადმოაწყო სუფრაზე ვერცხლის მშვენიერი თასები, აზარფეშები, პატარ-პატარა ოქროში დაფერილი ჯამები, ბროლის ყანწები, ვეებერთელა ჯიხვები, ვერცხლით მოჭედილი რაკრაკა კულები. საუცხოო კახური ღვინით უკვე შექეიფიანებული სტუმრები სამხიარულო კიჟინით მიეგებნენ ყველა ამას. ვისაც რა უნდოდა, ის აიღო ხელში და გაჩაღდა მამაპაპური სმა და ლხინი. საზანდრებმა მოუმატეს თარისა და ჭიანურის ეშხიანად დაკვრას; მასპინძელმა დასძახა ამ საკრავებს და, თუმცა ხმა მაღალი არა ჰქიონდა, მაგრამ ჩინებულის კილოთი იმღერა რამდენიმე სპარსული ბაიათი. მას აჰყვნენ სტუმრებიცა და მთელი არემარე იმ ხალხისა აღტაცებულ მხიარულების ჟრიამულმა დაჰფარა. საღამოს ჟამზე ყინულიდან ამოღებულმა შუშხუნა შამპანიურმაც იწყო ტკაცი-ტკუცი ოთახში. სადილს მიჰყვა ჩაი. მხოლოდ ჩაის შემდეგ გაჩაღდა ქაღალდის თამაშობა. მასპინძელმა ჯერ მომრიგებელ მოსამართლესთან ითამაშა და მოაგებინა მას ოცდახუთი მანეთი, მერმე მაზრის უფროსთან და აქაც თუმანი წააგო... ამგვარის მასპინძლობით, ოსტატური ქცევით და ლაპარაკით მჟაუნაშვილმა ერთბაშად მოხიბლა და მოინადირა მთელი იქ დამსწრე საზოგადოება. ქალაქში გაისმა ახალი „ადვოკატის“ ქება-დიდება. გასათხოვარმა ქალებმა იწყეს მის ფანჯრების წინ სიარული, სეირნობა; საქმის მქონე ხალხი მიაწყდა მის კაბინეტს. ბედ-იღბლის კუდიანმა ანგელოზმა კვალად მიიბრუნა სპასოვიჩისაკენ თავის მაცდური, მოღიმარი სახე. XII ერთ საღამოს, როდესაც მოსამსახურემ ოთახებში ლამპრები აანთო და ჩვენი ბედნიერი სპასოვიჩი მოუჯდა საწერ მაგიდას, კარები ვიღაცამ გაუბედაბად დააკაკუნა. რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ სახლის პატრონმა ამ ამბავს ყურადღებაც არ მიაქცია, გავიდა ცოტა რამ ხანი და უცებ მას შემოესმა ნელი და ნაზი ჩახრანტალება. ამ ხმამ ელოქტრონის ნაპერწკალივით გაურბინა მთელს ტანში მჟაუნაშვილსა; კალამი ხელიდან გავარდა და თვითონ თვალის დახამხამების უმალ ფეხზე წამოხტა. გაიხედა კარებისკენ და იქ დაინახა ერთი ისეთი ვინმე, რომელმაც იმავე წამს სულ მთლად შეიპყრო მისი სული და გული. კარებთან იდგა შავ ქართულ ტანისამოსში მოხდენილად გამოწყობილი ახალგაზრდა მანდილოსანი, რომლის სილამაზე განთქმული იყო მთელს იმ მხარეში. მინახავს შემოდგომის ღამეში საავდრო ღრუბლებით შავად დაბურული ცა, უცებ დაუბერია ქარს, დაუგლეჯია შუაზე ეს შავი ღრუბლები და მოწმენდილი ცის პატარა სივრცეზე გამოჩენილა ობლად მოციმციმე ბჟღვრიალა ვარსკვლავი, რომლის ნაზ ელვარებას მადლით აუვსია ცაცა და ქვეყანაცა. სწორედ ამ შავ ღრუბლებში მოელვარე ვარსკვლავსა ჰგავდა ეს ქალი. სპასოვიჩმა მოკრძალებით გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი და ენა დაბმით მოიწვია თავის მაგიდასთან, სადაც ზრდილობიანად მოუმზადა სავარძელი, ქალმა პაწია თეთრი ხელით ფუნჩულა კავები გაისწორა; ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ვარდისფერ ლამაზ ტუჩებზე მოხდენილად მიისვ-მოისვა; მერმე აიღო თავი მაღლა და ნელ-ნელა გასწია დამზადებული ადგილისაკენ. კავალერი წინიდან ჩამოეცალა, სავარძელზე მიუშვირა ორივე ხელები და მოწიწებით მოახსენა: - გთხოვთ, დაბრძანდე, კნეინა! ქალმა უცებ გაიკისკა, მაგრამ თავი მალე შეიკავა და დაბალის ხმით იწყო გულიანი ჭუკჭუკი. მჟაუნაშვილი გაშტერდა, ჭკუაგონება დაებნა და რამდენსამე ხანს შერცხვენილი, პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი დარჩა. უცებ ერთმა – საიმედო აზრმა გაურბინა თავში. ასე თავისუფლად მოკისკისე ქალი სწორედ საჩემკბილო უნდა იყვესო. ჩვენმა მიხეილმა ამავე წამს სული მოიდგა; ხმამაღლა გადაიხარხარა ამანაც და თვალების ბრეცით მოახსენა სტუმარსა: - თუმცა თქვენი სიცილი სამოთხის გალობად ესმის ჩემს ყურებს, მაგრამ მაინც კი მინდა შევიტყო, - რა არის მიზეზი თქვენი ეგრეთი მხიარულებისა! - მე კნეინა არა ვარ, ბატონო! - წარმოსთქვა, უკვე დამშვიდებულის ღიმილით ქალმა, - მოქალაქის ქალი და ხელოსნის ქვრივი გახლავართ. - მაშ, მაგაზე იცინით? - დაიძახა ახტაცებით მიხეილმა, - მადლობა ღმერთს! მაგრამ გულასხმით მოგახსენებთ, რომ აგერ ოცდათხუთმეტი წლის კაცი ვარ, მრავალი ლამაზი კნეინები მინახავს, მაგრამ მათში არც ერთი არ ყოფილა თქვენისთანა ამომავალი ცისკარი, თქვენისთანა მოწყვეტილი ვარსკვლავი, თქვენნაირად შემკული სიტურფითა და მშვენიერებითა! ვაგლახ მე, რომ დიდებულის მგოსნის ნიჭით არ ვარ ღვთისაგან დასაჩუქრებული! რომ დღე და ღამ ხელში ჩანგი არ მიჭირავს და თქვენს კალმით აუწერელს სიკეკლუცეს განუწყვეტლივ არ ვაქებ და არ ვადიდებ! ქალი ნაზად იღიმებოდა, სიამოვნებით ლოყები თურაშული ვაშლივით დასტრუცოდა და ეშხით აღზნებული შავი თვალები ტრფიალების ცეცხლიან ისრებს ელვასავით ისროდნენ აქეთ-იქით. ჩვენი მიხეილ ბაადურიჩი თუმცა კი გაქნილი,,პლუტი“ იყო, მაგრამ ამ ისრებისაგან მაინც სასტიკად დაიჭრა. მთელი მისი სხეული ცახცახმა აიტანა, სისხლი მიაწვა თავში და პირუტყვულმა ჟინმა სულ მთლად მოიცვა მისი ბუნება, უცებ ქალის წინ დაეცა მუხლებზე და გაშალა ხელები, რომ მოხვეოდა მის ფეხებს, მაგრამ ქალი მარდად გაუსხლტდა ხელიდან, წამოხტა ფეხზე და კარებისაკენ გაიქცა. - რას სჩადიხართ, ბატონო? - დაიძახა კარების ახლო შემდგარმა ქალმა, - რა საკადრისია მაგისთანა ქცევა! ჯერ სამი თვე არ არის, რაც ქმარი დავმარხე და თქვენ კი... - აბრამის წიახსა შინა განუსვენოს იმ თქვენ ქმარს! - შესძახა მჟაუნაშვილმა – ვფიცავ თქვენს ლამაზ თვალებს, რომ ყოველ თვე და კვირა არ დავაკლებ იმას პანაშვიდს!.. დიდ, უზარმაზარ მარმარილოს ქვას დავადებ მის საფლავს!.. - ნუ სწუხდებით, ყმაწვილო, ნუ სწუხდებით! - გააწყვეტინა ქალმა; შემდეგ მსწრაფლად გატრიალდა უკან და ისე უეცრად გავარდა გარედ, რომ ჩვენმა სულწასულმა დონჟუანმა ერთი დაძახებაც კი ვეღარ მოასწრო. ხომ გინახავთ, ჩემო ბატონო, მძიმე ტვირთქვეშ მოკაკული, ლაფში ჩაფლული ჯორაკა? - სწორედ ამ სულიერს ჰგავდა კაი ხანი ჩვენი ვაჟბატონი, როდესაც მარტოკა დარჩა თავის კაბინეტში. ორიოდე წამის შემდეგ აზრები შემოიკრიბა და გაცხარებული ეცა კარებსა, გამოაღო და გავრდა ქუჩაში. აქ მრავალი ქალი და კაცი დადიოდა, მედუქნეები რაღაცას გაჰკიოდნენ; მოსეირნე ხალხი ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხუმრობდა, იცინოდა. ყველა ამან თითქო პანღური, ამოჰკრა ჩვენს მიხეილსა, რომელიც საჩქაროზე უკანვე შემოაგდო ოთახში. მას ეგონა, რომ სახლში მომხდარი ამბავი ქუჩამ იცოდა და ყველაფერი, რაც კი იმ ქუჩაში მან დაინახა, ან გაიგონა, ყველაფერი შეეხებოდა მას. შუა ოთახში შეჩერდა, ორივ ხელები აიღო მაღლა და იწყო ცემა კისერში ხან ერთი მუშტით და ხან მეორეთი. თანაც ხმამაღლა სიბრაზითა და ნიშნმოგებით იძახოდა: - აი ასე გინდა, ასე, შე სულწასულო, შე მოუთმენელო მგელო!.. ედემიდან მოფრენილი მტრედი ხელზე გიჯდა და ისე გაგიფრინდა, რომ ერთი ბუმბულიც კი ვერ გამოაძერი... შე ვირო, შენა!.. შენ სპასოვიჩი კი არა, უტვინო დოყლაპია, წუწკი ნაცარქექია უნდა გერქვას!.. XIII რომ იტყვიან: ამ კაცს ღმერთი გასწყრომიაო, სწორედ ჩვენს პატივცემულ სპასოვიჩზე შეიძლებოდა ამის თქმა, ლამაზი, უცნობი ქვრივის ისე მოულოდნელად გამოცხადებამ და შემდეგ მისმა საოცარმა გაქრობამ სულ ერთიან აურია მას ჭკუის დავთრები. მართალია, სასამართლოში წინანდებურად დადიოდა, ძველებურადვე წერდა არზებს, ლაპარაკობდა და ივსებდა ფულით ჯიბეს, მაგრამ ყველა ამას რაღაცნაირად გაუხუნდა ფერი, მოაკლდა შნო და მარილი. მსჯელობის დროს მას უცებ ავიწყდებოდა საჭირო სიტყვა, ეკარგებოდა აზრთა კავშირი, რის გამოც ერთგან რომ ოჩან ცხენივით ჩერდებოდა, მეორე ადგილას კაჭკაჭივით ხტოდა ერთი საგნიდან მეორეზე. აღარც ხმა ჰქონდა ისეთი რიხიანი, იმგვარად გამომხატველი მხნეონბისა და გაბედულობისა, როგორც წინადა. მთელი ბუნება მჟაუნაშვილისა მოცული იყო გააფრთებული პირუტყვული ჟინითა. სადღაც და როდესღაც ენახა ცირკში ერთი ნახევრად დედიშობილი ახალგაზრდა მოთამაშე ქალი. ეს ქალი შემდეგ სრულიად მიავიწყდა და მხოლოდ დღეს ხელახლა აღსდგა იგი ფიქრებში. აღსდგა, გამოეჭიმა წინ მის სულიერ თვალებს და დღე და ღამ აღარ შორდებოდა, ხანდაისხან ისე გუცხოველდებოდა ხოლმე ეს წარმოდგენა, რომ ხორციელის თვალითაც კი გასაოცარის სინამდვილით ხედავდა მის ტიტველ ტლოკებს, პატარა ფეხებს, თეთრ მკერდსა, მოარშიყე თვალებს და საკოცნელად დამზადებულ ტუჩებსა. ერთ წუთს თვალწინ ქართულად თავდახურული ლამაზი ქვრივიც გაურბენდა ხოლმე, მაგრამ, საკვირველია მთელი ტანით კი არა, არამედ მხოლოდ თავი მისი, ტანი და ფეხები კი ისევ იმ ცირკის ქალისა ჰქონდა. მთელი თვე გასტანა ამგვარმა მდგომარეობამ და ამ დროის განმავლობაში ყოველ დღე გახელებული ეძებდა გაფრენილი მტრედის გზას და კვალსა. ბოლოს გაუღიმა ბედმა: შეიტყო რომელ ქუჩაზე, რომელ სახლში სცხოვრობდა იგი. გაიგო ცოტა რამ მისი წარსული და აწმყო ცხოვრებიდან. კეთილმა ხალხმა არ დაიზარა და მის ზნესა და ხასიათზედაც გადასცეს რამდენიმე საყურადღებო ცნობარი. მჟაუნაშვილმა შეიტყო, რომ იმ ქვრივს სახელად ერქვა მაშინკა. ქმარი მისი იყო კალატოზი, სახელგანთქმული ოსტატი, უსტაბაში კალატოზებისა. თავის ხელობით მას შეეძინა კარგა დიდი ქონება, უყვარედა მთელი ორი-სამი თვე განუწყვეტელი მუშაობა, და, როცა ამ სამუშაოს ფულს მიიღებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ წამსაც ვეღარავინ ვერ ნახავდა მას ფხიზელსა. ორ-სამ თუნგ ღვინოს ჩანთქამდა, დათვრებოდა უგრძნობლად და იქვე სუფრაზე გაიჭიმებოდა მკვდარივითა. გაიღვიძებდა თუ არა, მაშინვე სველ-სველ ნახევარ თუნგს სტაცებდა ხელს, მოითხოვდა დოშსა და ხიზილალას და იმდენსა სვავდა, სანამ ხელახლა არ დაჰკარგავდა გძნობასა. ამნაირად გაატარებდა ხშირად მთელ კვირიაკელს, შემდეგ კვალად დგებოდა ფეხზე, შოულობდა საქმეს და გამგელებული იწყებდა მუშაობასა. საუცხოვო სანახავი იყო ის ამ დროს!.. მოხდენილის დაბალის ხმით განუწყვეტლივ ღიღინებდა და თან ორივე ხელებით, თვალით, ფეხით გალომებული იბძოდა. მისი მუშაობა სწორედ გაცხარებული ბძოლა იყო. შვიდი-რვა მარჯვე ბიჭი ვერ ასწრებდა მასალის მიტანას. სწორედ, მაგრად და მოხდენილად ამოჰყავდა კედლები, ჰყრიდა შეურყეველ ბურჯებს, გადაყავდა ცის გუმბათივით ლამაზად დაქნილი თაღები. სადაც საჭირო იყო, კედელს ისე ააჭრელებდა, ისე გაალამაზებდა, რომ კალატოზის ნამუშევარი კი არა, კალმით ნახატი ჩუქურთმა გეგონებოდათ. ამიტომაც ნიკოლა კალატოზის სახელი შორს იყო გავარდნილი, და ვისაც კი დიდი და კარგი რაიმე შენობის დაწყება უნდოდა, მას ეწეოდა ორივ კალთებით თავისკენ. ფულს ბლომად შოულობდა და ამ ფულით ყიდულობდა ვენახებს, დუქნებს, სახლებს. ფულადაც კარგა ბლომად ჰქონდა გაცემული. გარდა საქეიფო დღეებისა, კალატოზი ხელმომჭირე კაცი იყო: თვეებს ისე გაატარებდა, რომ ორი-სამი მანეთის მეტს არ დახარჯავდა თავისთავზედ. მარად ძველი, დაგლეჯილი ტანისამოსით დაიარებოდა, მაგრამ თავის ლამაზ მაშინკას კი ქალბატონივით ინახავდა. სახლში ორორი მოსამსახურე ჰყავდა: ბიჭი და დედაკაცი, ამის გამო სულ უბრალო და სუბუქი ხელსაქმის გარდა, მაშინკა არაფერს არ ეკარებოდა. იცვამდა მკერვალებისაგან საუცხოვოდ დამზადებულ ტანისამოსსა, ირთვებოდა ოქრო-ვერცხლის, თვალ-მარგალიტის ძვირფასი სამკაულებით. ზოგიერთა ქმარს ძილი და მოსვენება ეკარგება, როდესაც მისი ცოლის სილამაზეს აქებს ვინმე; მხოლოდ ჩვენი კალატოზის აღდგომა მაშინ თენდებოდა, როცა მაშინკას სიკეკლუცე ქება-დიდების საგნად ხდებოდა. ამ დროს მისი სახე ნეტარების შუქით იმოსებოდა, გულიანად ხითხითებდა. თუ ესეთი ლაპარაკი თავადიშვილებში ჩამოვარდებოდა, მაშინ მათთან შელაზღანდარავებული კალატოზი სიცილ-ხარხარს შემდეგ სიტყვებსაც დაუმატებდა ხოლმე: ღმერთს ერწმუნე, ღმერთსა, ჩემ მაშინკას დუჟინ-ნახევარ კნეინებშიც არ გავცვლი. - რაგვარ შთაბეჭდილებას ახდენდენ ეს სიტყვები „კნეინებზე“, ამას მკითხველი თითონ მიხვდება, ხოლო „კნიაზების“ შესახებ ვალდებულად ვრაცხ ჩემ თავსა მოგახსენოთ, რომ ზოგიერთა მათგანნი სული თანამგრძნობელნი ბრძანდებოდნენ ამ აზრისა. ამ თარაგრძნობას ხშირად საქმითაც ამტკიცებდენენ: კეთილმორწმუნე, ბრწყინვალე მეუღლეებს ანებებდნენ თავსა და გულის გასართობად იკრიბებოდნენ ხოლმე კალატოზის კოხტა, მოარშიყე ცოლთან. XIV მათ ბრწყინვალებათა შორის უფრო ერთი განირჩეოდა სხვებისაგან თავის შინაურული დაახლოებით ამ ოჯახთან. ეს იყო დიდი მემემულე, მთის და ბარის პატრონი, კარგი შემძლებელი თავადი თონიკე ბადრიძე. თონიკე იმ დროს სამოც წლამდე იქნებოდა მიხწეული, მაგრამ შეხედულება კი ჯერ კიდევ ჭახმაკი და მაგარი აგებულობის ვაჟკაცისა ჰქონდა. იგი, როგორც ჩაცმა-დახურვით, ისე ქცევითა და დინჯი, ზრდილობიანი სიტყვა-პასუხით სასიამოვნოთ მოგაგონებდათ ძველ დარბაისელ ქათველს. თავადი დაუახლოვდა ამ ოჯახს მაშინ, როდესაც დიდი თავმდაბლობა გამოიჩინა და ყმაწვილ ღარიბ კალატოზს ქორწილში მეჯვარედ გაჰყვა. ჯვრის წერის შემდეგ კალატოზმა ზედ შუა ქალაქში იყიდა კარგა მოზდილი ადგილი, რომელზედაც ორ სართულიანი ლამაზი სახლი გამოსჭიმა. ხმა იყო გარცელებული, რომ ნიკოლამ ეს სახელები თონიკეს ფულით აიშენაო. მათი ბრწყინვალება ქვრივი იყო; ხშირად დაიარებოდა კალატოზის ოჯახში და რჩებოდა იქ იმ დროსაც, როცა სახლის უფროსი შინ არა ბრძანდებოდა. თონიკეს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც წლით-წლობამდის ქალაქში, გიმნაზიის პანსიონში, ცხოვრობდა. ამიტომ რა საკვირველი უნდა იყვეს, რომ მამულის მოვლით გაჯერებული, უზარმაზარ ციხე-დარბაზში მარტოდმარტოდ დარჩენილი თონიკე, ხშირად გამოქცეულიყო სოფლიდან და მისგან დავალებული კალატოზის ოჯახი ცოტა რამ სიამოვნებას მისცემოდა. ჯვრის წერის შემდეგ, მეორე წლის დამლევს, მაშინკას ეყოლა ქალი და ბოროტი ენები შეუპოვრად გაიძახოდნენ, რომ ეს ბავშვი თონიკეს უფრო ჰგავს, ვიდრე კალატოზსაო... ესა და სხვა მრავალი ამგვარი ჭორები თონიკეს და მაშინკას შესახებ პირველ ხანად ბლომად დადიოდნენ იმ უბანში, მაგრამ, რაკი მათ ყურადღება არვინ არ მიაქცია, ამიტომ თავისთავად გაჰქრნენ. ყოველივე ეს ცნობანი აქა-იქ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად სხვადასხვა პირთაგან შეჰკრიბა მიხეილ ბაადურისძემ. თუმცა ამ ცნობებეს ბევრი რა აკლდათ; ურწმუნო ადამიანს შეიძლებოდა არც სავსებით მიეღო იგინი, მაგრამ ჩვენმა გმირმა მაინც მაგრა მოხვია მათ ხელი. თავის პრაქტიკულის ჭკუით მან ეს უკავშირო ამბები შეაერთა, საფუძვლიანი წარმოდგენებით შეავსო და შემდეგ უსათუოდ ჭეშმარიტ დასკვნასაც გამოიყვანდა აქედან, თუ რომ აზრის სწორ მოქმედებას აქოთებული გრძნობა არ გადასდგომოდა წინა. როგორ?.. სიბრაზით დაიძახა მან ერთ საღამოს... აქაც ის წყეული თავადები მეღობებიან გზაში!.. მიფრთხილდით, ბატონებო, მიფრთხილდით!.. დღეს ისეთი ვირ-ეშმაკა ნუღარ გგონივართ, როგორიც ვიყავ მაშინ!.. ეხლავე, ემ წამში მოვდივარ თქვენთან და, მაშ სპასოვიჩი ნუღარ ერქვას ამ ბიჭსა, თუ მაგ სახლში თქვენი სინსილა არ გავაწყო. მარდად წამოხტა სკამიდან, ჩაიცვა ფარჩის ახალუხი, ყომრალ თივთიკის ჩოხაზე ოქროში დაფერილი ქამარ-ხანჯალი შემოიკრა, წაბლის ფერი პატარა, სუბუქი კალმუხის ქუდი დაიხურა; შემდეგ ჩაიდო შარვლის ჯიბეში სავსე რევოლვერი და ამაყად, თავმომწონეთ გამოვიდა გარედ. - ღმერთი კი არ გამიწყრეს და ამ საქციელით საუკუნოდ საქმე არ გავიფუჭო!.. ნეტა ვიცოდე, უზდელობა ხომ არ არის, რომ ასე დაუპატიჟებლად მივდივარ იმის სახლში, რომელსაც იმ წყეულ საღამოს მე ისე ბრიყვულად მოვექეცი!.. - უთხრა მან თავის თავსა, როდესაც ერთ წამს თავის კარებ წინ შესდგა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დაცინვით გაიღიმა, ხელი უსიამოვნოდ ჩაიქნია ძირსა და დაღრეჯით წარმოსთქვა: - რას მიქვიან ზდილობა?.. ზდილობა ქლესა, ფარისეველი ხალხის საქმეა; მე პირდაპირი კაცი ვარ და, ი რაღაც ზდილობა ბრძანდება, ფეხებზედაც არა მკიდია!.. XV თუმცა ხშირი ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული, მაგრამ ზაფხულის გრილ საღამოს მრავალი ხალხი გამოეწვია დახშულ, წამხდარ ჰაერიან სახლებიდან ქუჩაში სასეირნოდ. კოხტად გამოწყობილმა მიხეილმა ამ ხალხს გვერდზე ჩაუარა და ჩქარის ნაბიჯით გასწია წყაროს უბნისაკენ. რამდენიმე ნაცნობმა ჩაუარეს გვერდზე, დააცქერდნენ. მაგრამ ახალ ქართულ ტანისამოსში ვერ იცნეს იგი. ეს გარემოება კეთილ ნიშნად ჩასთვალა და უფრო გულმაგრად მოუმატა ნაბიჯსა. გაიარა უმთავრესი ქუჩა, გავიდა წყაროს უბანში და ბოლოს, გულის ფანცქალით, მიადგა ორსართულიან ქვითკირის სახლსა, აიარა კიბე და, აივანზე გასულმა, ნელ-ნელა, გაუბედავად დაუკაკუნა კარები. იმავე წამს შიგნიდან ვიღაცამ მოირბინა კარებთან, გააღო იგი და ,,ვინა ბრძანდების“ მაგივრად, შინაურულად შეიპატიჟა სახლში. სიბნელის გამო სპასოვიჩმა კარის გამღები ვერ გაარჩია, მაგრამ წმინდა, ნაზ ხმაზე შეატყო, რომ ის უნდა ყოფილიყო ქვრივის ქალიშვილი, რომელზედაც უკვე ცოტა რამ ჰქონდა გაგონილი. ყმაწვილმა ქალმა გააღო შემდეგ ევროპიულად მოწყობილი, განათებული ოთახი და ახლა იქ შეიპატიჟა სტუმარი. თითონ კი მაშინათვე უკან გამობრუნდა, შეირბინა დედის ოთახში და სიცილით დაიძახა: - დედიკო, დედიკო!.. ერთი ვიღაც უცხო კავალერი გეწვია! მე ვინმე ნაცნობი მეგონა: შინაურულად მოვიპატიჟე და, როცა სანათზე შევხედე, მაშინ კი დავინახე, რომ ის ამის მეტად არსად არა ყოფილა აქა. დედამისი თითქო მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო ეს კავალერი, ცოტა სახე შეუწითლდა. საჩქაროზე გამოიცვალა კაბა, ლეჩაქ თავსაკრავი გაიკეთა და, ყარყატივით ყელმოღერებულმა, გასწია სასტუმროსაკენ. კარებთანვე დახვდა ფეხზე მდგომარე სპასოვიჩი, რომელმაც მძიმედ დაუკრა თავი და მოკრძალებით მოახსენა: - იმედი მაქვს სასტიკად არ გაჰკიცხავთ ჩემ სითამამეს და სულგრძელობით მაპატივებთ, რომ გავბედე ასე უდროვოდ თქვენთან მოსვლაი... - რად ბრძანებთ მაგას!.. - მიუგო ქვრივმა, - მეც იმ დღეს თითქმის ამ დროს მოვედი თქვენთან, თუმცა კი მე, როგორც ქალსა, არ შემშვენოდა ის საქციელი. მოვტყუვდი, ერთის მხრივ, იმის გამო, რომ მეტისმეტად აღელვებული, გამწარებული ვიყავი, და მეორე მხრივ, კიდევ იმიტომ, რომ თქვენ მხოლოდ ადუკატად, საქმის კაცად წარმოგიდგინეთ, და, რაკი ძლიერ საჭირო საქმე მქონდა, გავბედე თქვენთან შემოსვლა. ჩემი სითამამისათვის კი ღმერთმა დამსაჯა... ოხ, როგორ შემაშინეთ!.. - უფრო მაგ გარემოებამ გამაბედვინა დღეს თქვენთან ხლება. მინდა მივიღო თქვენგან სასჯელი იმ ბრიყვული დანაშაულობისათვის, რომელიც იმ საღამოს მე ჩავიდინე. - სასჯელი გნებავთ?.. ძალიან კარგი!.. - წარმოსთქვა ქვრივმა მოხდენილი ხმით, - მაშ, მომინდვია შესრულება იმ საქმისა, რომელმაც მომიყვანა იმ დღეს თქვენთანა!.. კავალერმა ცალ მუხლზე დაიჩოქა, თავი ოდნავ დახარა ძირსა და, გულზედ ხელის მიდებით, წარმოსთქვა: - ეგ ჩემთვის სასჯელი კი არა, არამედ დიდი, ენით გამოუთქმელი ბედნიერებაა! სასიამოვნოდ ვრწმუნდები, რომ მაგ ეშხით სავსე თვალებს, ვარდ-შაქარა ბაგეს და ენას ამოქმედებენ კეთილი გული და მაღალი, ანგელოზური სული. - თქვა თუ არა ეს, კოხტად წამოხტა ფეხზე, ნამდვილ აქტიორულად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და წარმოსთქვა სწორედ ისეთის ხმით და ხელების ქნევით, როგორც არა ერთხელ ენახა სცენაზე: - უბრძანეთ თქვენს ყურმოჭრილ მონას, რაში მდგომარეობს საქმე?.. ქალმა ჯერ გულიანად ჩაიცინა, შემდეგ ენად გაკრეფილი კავალერი მაგიდასთან მიიწვია, ჩამოჯდა სკამზე და მასაც სთხოვა დაბრძანება. როცა დასხდნენ, ქალმა ლამაზი თვალები მიაპყრო მჟაუნაშვილს, რომელსაც ამის გამო მსუნაგი კატასავით პირი ნერწყვივით აევსო და ტანში, თავით-ფეხებამდე, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურბინა... შეხედა და იწყო: - საქმე აი რაში გახლავთ, ჩემო ბატონო!.. ჩემ უბედურ ქმარს... - ღმერთმა აცხონოს! - წაიბუტბუტა მიხეილმა. - რას ბრძანებთ?.. - არაფერს, ქალბატონო, არაფერს!.. გთხოვთ გააგრძელოთ... - ჩემ უბედურ ქმარს ერთი ცუდი ზნე სჭირდა: ორ-სამ თვეში ერთხელ აიჩემებდა ღვინის სმას და რამდენსამე დღეს უგრძნობლად თვრებოდა. შეურჩევიათ მისთვის ესეთი დრო და ხელი მოუწერინებიათ ერთ ქაღალდზე. ეს ქაღალდი ნასყიდობის ქაღალდი გახლავთ: ვითომც ჩემ ქმარს თავის ძმისთვის ას თუმნად მიუყიდნია ერთი მოზდილი, ორი-სამი დღის ვენახი და ათი დღიური სახნავ-სათესი მიწა. ამ ამბისა მე არაფერი არა ვიცოდი რა, და მხოლოდ იმ დღეს შევიტყვე, რა დღესაც თქვენთან შემოვედი. მაშინათვე გავედი იმ სოფელში, დავიბარე მამასახლისი და მოვატანინე ის ქაღალდი. დავხედე თუ არა, მაშინათვე ვიცანი ჩემი ქმრის ნაბღაჯნი. დავუწყე მუქარა: მთვრალისათვის მოგიწერინებიათ ხელი მეთქი... ამაზედ მომყვეს პირი და მაკადრეს ყველაფერი, რაც კი მის ცოლსა და ქალებს ეკადრებათ. - ვაი იმათ ტყავსა, რომ იმ წამში იქ არ გავჩნდი!.. - წამოიძახა სიბრაზით მიხეილმა. მერე მიუბრუნდა ქალსა და უთხრა: - იმ ქაღალდს სულ ნაკუწ-ნაკუწად დავაფხრეწ მე იმათ თავზედა! ერთი ეს მიბრძანეთ: თქვენი ქმრის ნაწერი ხომ არა გაქვთ-რა?.. - არა მგონია, წერა ჭირივით ეზარებოდა, მაგრამ მოიცა... იქნებ აიქ, შკაფში, იყვეს რამე. წამოდგა ფეხზე მაშინკა, გავიდა მეორე ოთახში და ათიოდე წამის შემდეგ იქიდან შემოიტანა ერთი დავთარი, რომელშიაც კალატოზის ხელით ეწერა ზოგიერთი რამ ხარჯი ოჯახისა და ერთიც პატარა ბარათი, ხელმოწერილი კალატოზისაგან. ესენი გასინჯა ვექილმა და გაიძვერულის ღიმილით დაეკითხა სახლის პატრონს: - როგორც გამოგონია თავადი თორნიკე თქვენ ოჯახთან დაახლოებული კაცია, თქვენს ქმარს კარგად იცნობდა... არ შეიძლება, რომ ცოტა რამეში გვიმოწმოს? - ტყუილად, თუ მართლა? - ტყუილად! - არ იზამს!.. ის ამ უკანასკნელ ორ-სამ წელიწადში ძლიერ გატყდა, სიკვდილს დღე-დღეზე მოელის და სულის ცხონების საქმეს არის შემდგარი. როცა აქა რჩება, მთელს ღამეებს ლოცვა-ვედრებაში ატარებს ხოლმე. ეს სიტყვები იაზმის წყლად ეპკურა მჟაუნაშვილის ეჭვით დაჩხვლეტილ გულსა. მან მხიარულად გაიცინა და სთქვა: - არც არის საჭირო! მე ამ ქაღალდებს შინ წავიღებ, ამაღამვე გადავწერ; გადავწერ ცოტათი მსგავსი ხელითა. შევადგენ კიდევ ერთ ათიოდე სხვადასხვა ბარათებს, წერილებს და სხვ. შემდეგ თქვენ უნდა მომცეთ ორასი თუმნის თამასუქი. მე გიჩივლებთ თქვენ და მერე აგიწერთ იმ ვენახსა და მიწებს. რაღა თქმა უნდა, ისინიც დაფაცურდებიან, იშოვნიან ვინმე ჯაგლაგ ადვოკატს და იმ ნაყიდობის ქაღალდს სუდში წარადგენენ. ჩვენ იმ ქაღალდს,,პადლოგად“ გამოვაცხადებთ. წარვადგენთ ჩვენს დოკუმენტებს და მათის წყალობით დავამტკიცებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ მათი ქაღალდი მათგანვე ხელმოწერილი,,პადლოგია“. თქვენ იქნებ არ იცოდეთ რასაც ნიშნავს ეს,,პადლოგი“? - მრისხანე ხმით შესძახა სპასოვიჩმა, - ეს იმას ნიშნავს, რომ ბანსა და ერდოს თავზე დავაქცევ! დედაბუდიანად მიწასთან გავასწორებ იმ პირუტყვ ნადირებს, იმათა! თქვენ შეურაცხება მოგაყენონ და მე კი მათი ჯავრი არ ამოვიყარო? რაღა კაცი ყოფილა სპა... მიხეილ ბაადურიჩ მჟაუნაშვილი?!. - გმადლობთ, გმადლობთ, მიხეილ ბაადურიჩ, - იმეორებდა ქალი და თან მხიარულად კუჭკუჭებდა, - ეგ სუყველა კარგი, მაგრამ ახლა თქვენი გასამჯელოც უნდა ბძანოთ. - ჩემი გასამჯელო? მოგახსენებთ, ჩემო საგვირგვინო დედოფალო! ნება მიბოძეთ, რომ ხშირად გნახოთ ხოლმე. მალიმალ დავიტკბო თვალი თქვენის ცქერით და ყური თქვენი ხმის სმენით. ეს იქნება ჩემთვის ფასდაუდებელი გასამჯელო, შეუდარებელი საჩუქარი! ფულის გახსენება ჩემთვის სიკვდილი იქნება. ბანკში იმდენი ფული მაქვს შენახული, რომ ას წლამდე მეყოფა, თავზედ რომ მუჭით ვიყარო. ჩემს ობოლს, მარტოხელა გულს ალერსი უნდა, თანაგრძნობა და სიყვარული სწყურიან. - კარგით, კარგით, - გააწყვეტინა ქალმა... - მაგ საგანზე შემდეგ ვილაპარაკოთ, შემდეგ, როცა უფრო დაახლოვებით გავეცნობით ერთმანეთსა. ეხლა კი მშვიდობით. აგერ დერეფნიდან ფეხის ხმაურობა ისმის. ვიღაცა მოდის. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ქალმა ხელი ჩამოართვა და კარებისაკენ დაიწყო ცქერა. მჟაუნაშვილმა მაგრა ჩამოართვა ხელი, გამოაღო ეს კარები და აღელვებულ-აღტაცებულის გრძნობით გამოვიდა გარედ. დერეფანში მას არავინ არ შეხვედრია, მაგრამ მეორე ოთახის კარები კი ამ დროს ნელ-ნელა იხურებოდა შიგნითკენა. XVI სპასოვიჩი ჩვეულებრივის მხნეობით დატრიალდა. მეორე - მესამე დღესვე საქმე სრულიად გაჩარხა. იმ კვირიაკის დამლევს მას მსვლელობაც მისცა. გაკეთებული,,დოკუმენტებით“ ცრუ მოწმეებით, რევოლვერისა და ხანჯლის ტრიალით უბედური გლეხკაცი, ძმა კალატოზისა, მიწასთან გაასწორა. წაართვა სადავო ვენახი და მიწები, აუწერა შემდეგ საკუთარი სახლი, კალო - საბძელი, პაწაწკინა ვენახი და უსათუოდ შარაზე გააგდებდა ცოლ-შვილით თუ რომ რძალს არ შესცოდებოდა ისინი და არ ჩარეულიყო საქმეში. ქმრის ნაჩუქები უკანვე წაართვა, ხოლო სხვა ყველაფერი აპატივა, დაუბრუნა. ამ საქმემ ორ წლამდე გასტანა და ამ დროს განმავლობაში ლამაზი ქვრივი და მჟაუნაშვილი სრულიად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ უკანასკნელმა აისრულა თავისი მურტალი გულის წადილი. ქვრივი ჯვარისწერას ემუდარებოდა, მაგრამ ის სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა და ამ თხოვნის აღსრულებას ყოველ ჟამს იშორებდა თავიდანა. საქმე იმაში გახლდათ, რომ მოხსენებული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა ვაჟბატონმა დაახლოვებით გაიცნო ქვრივის გასათხოვარი ქალიც, რომლის კალმით ნახატმა ნორჩმა სიტურფემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ღმერთგამწყრალ ადამიანზე. დედასთან რომ დაიკმაყოფილა ჟინი, მასზედ გული აიყარა და ახლა თექვსმეტი წლის ახლად გადაფურჩქნილ კოკობ ვარდს უწყო მსუნაგის თვალით ცქერა. გარდა სიტურფე-სიყმაწვილისა, ეთერის ცოლად შერთვა უფრო სარფიანი იყო, ვიდრე მისი დედისა, კალატოზის მთელი ქონება, ექვსას თუმნამდე გაცემული ფულით სრულიად ქალის სახელობაზედ იყო დამტკიცებული. მთელი ტარტაროზული ძალა მჟაუნაშვილის ჭკუაგონებისა ამ ჟამად იმაზე იყო მიქცეული, თუ როგორ აესხლიტა თავიდან დედა, რათა სრულიად მის ქალს დაჰპატრონებოდა. გაქნილ-გაოსტატებული,,აბლაკატი“ ამას ადვილად მოახერხებდა, მაგრამ ერთი გარემოება იყო აქ ვეშაპივით ჩაწოლილი. ამ ვეშაპს ბევრი ურბინა, გარშემო, მაგრამ გადასახტომი დაბლობი მაინც ვერსად უპოვნა. ქვრივი ორსულად იყო. უნდა გენახათ ეს ამაყი, თავის სილამაზის მცოდნე, მოხდენილი ქალი ამ ჟამად როგორ მობუზულიყო წყლიდან ამოყვანილი სველი ქათამივითა. მარტოდ მყოფი ხშირად ტიროდა, ხოლო როცა მჟაუნაშვილთან რჩებოდა, დამამცირებელ, გამათახსირებელ თხოვნა-ვედრებად იყო გადაქცეული. გულნამცეცა სპარსოვიჩი კი განგებ არ აქცევდა ყურადღებას მის მდგომარეობასა. უზრდელად ექცეოდა, ხეირიანად ხმას არ სცემდა, უტევდა, ებუზღუნებოდა. საშინელი იყო საწყალი ქალის მდგომარეობა!.. მაგრამ ამაზედ ბევრად საშინელი ის იყო, რასაც თავის ჭვარტლიან გულში ფიქრობდა ხოლმე მასზე მჟაუნაშვილი. საწამლავი უკვე ნაშოვნი ჰქონდა და, ვითარცა იუდა ისკარიოტელი, მხოლოდ მარჯვე დროს ეძებდა, მაგრამ გარემოება ისე მოეწყო, რომ საწამლავი საჭირო აღარ გახდა: მისი საზარელი დანიშნულება მისმა პატრონმა შეასრულა. ერთ დღეს სპასოვიჩი სადღაც მიიმალა. ოთხი დღის შემდეგ გამოჩნდა მწარედ ცხვირჩამოშვებული. მკლავზე სამგლოვიარო ლენტი ჰქონდა გაკეთებული. გამხდარ-გაყვითლებულ ქვრივს ოხვრა-კვნესით გამოუცხადა თავისი, უკვე მიწადქცეული, მამის გარდაცვალება. საწყალი ქალი სრულიად ვერ მიუხვდა ვერაგობას; მისი ფარისევლური მწუხარება ხალას ოქროდ ირწმუნა და, თვალცრემლიანი, ალერსიანი ხვეწნა-კოცნით აძლევდა ნუგეშსა, მაგრამ გველნაკბენივით გადახტა იქით, როდესაც მგლოვიარე ვაჟბატონმა განაცხადა: ერთ წლამდე ჯვარს ვერ დავიწერ მამის სიკვდილის გამოო. მაშინვე მთლად გაშრა, გაიყინა და დაცემულის ხმით დაიკვნესა; ხომ ლაფი დამესხმის თავზე, ოთხი თვის შემდეგ შვილი მეყოლებაო. ამაზედ სპასოვიჩმა დამშვიდებულის კილოთი უპასუხა: ნუ მიიყვან იქამდისინ საქმეს, წაიხდინე მუცელი... მორჩება და გათავდებაო!.. ეს საზიზღარი უკიდურესი შეურაცყოფა კი ვეღარ მოითმინა ქალმა, ძუ ლომივით გააფთრებული ეძგერა თავის შემრცხვენელს, ცალი ხელი მაგრა ჩასჭიდა თმებში, ხოლო მეორეთი ცხვირპირში უწყო გამეტებით ცემა. მაგრამ რას გახდებოდა თავის სუსტი ღონით, თავის პაწია, დალეული თითებით!.. რაღა თქმა უნდა, მჟაუნაშვილს ამ ცემით არა ეტკინებოდა - რა... სირცხვილს კი მათმა კეთილშობილებამ დიდი ხანია პანღური ჰკრა და ზიზღით შეაქცია სამუდამოდ შეაქცია ზურგი... რაკი, ამნაირად, გაკაპასებული ქალის ქცევაში სრულიად არა იყო რა გასაჯავრებელი, ამიტომ ჩვენმა პატიოსანმა გმირმა ძალათი გაიბრაზა თავი. საჩქაროზე ააშვებინა ხალი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჰკრა წიხლი შიგ მუცელში და გულშეწუხებული ქალი, უგრძნობლად დასცა იატაკზედა. სახლში არავინ იყო; ფაციფუცით დაიხურა ქუდი და ქურდულის შეუმჩნევლობით გამოვიდა გარეთ. XVII რამდენსამე წამის შემდეგ თავისთავად მოსულიერდა მაშინკა, რის ვაი-ვაგლახით მივიდა ტახტთან და დაწვა ზედ. პატარა ხანს უკან იგრძნო საშინელი ტკივილი გვამში. მიხვდა, რომ ნამდვილად მუცელი უხდებოდა და ამიტომ ყველაფერი დაუმალა შინ დაბრუნებულ თავის ქალს. ამ უკანასკნელს ექიმის მოწვევა უნდოდა, მაგრამ ავადმყოფმა არა ჰქნა. იქვე ახლა ერთი მოხუცი დედაბერი იდგა, ის მოაყვანინა. იმ ღამეს საშინლად შესწუხდა ქვრივი და გათენებისას ჯოჯოხეთურ ტანჯვაში დალია საბრალომ სული. იმავე დღეს ჩამობრძანდა სოფლიდან თ. თონიკე, და მეტისმეტად შეწუხდა; როდესაც საიდუმლოდ შეიტყო მოხსენებული დედაბრისაგნ მიზეზი მაშინკას გარდაცვალებისა. თუმცა სამოც წელს კარგად გადაცილებული იყო, მაგრამ მაინც თავის თავს მიაწერა მომხდარი უბედურება. მას ეგონა, რომ ორსულმა ქვრივმა ამ ჟამად კი ვეღარ აიტანა მუცლის წამხდენელი წამლის მიღება და ამის გამო მოეღო ბოლო... გარდაცვალებული თავის ხარჯით დამარხა; ოცდაათთუმნიანი ლამაზი მატური შეუკვეთა მისი საფლავისათვის, ხოლო ობოლი ქრისტიანულის კაცთმოყვარეობით იშვილა და წაიყვანა თავისთან სოფელში. მთელი სამი დღის განმავლობაში მიხეილ მჟაუნაშვილი ერთ წამსაც არ მოშორებია მოხუცებულ თავადს. ყოველ წამს თვალსა და წარბში შესცქეროდა და დაუყოვნებლივ ასრულებდა მის სურვილსა და ბრძანებას. თავისი პრაქტიკული, სწრაფი და მარჯვე მოსაზრებანი ამ შემთხვევაშიაც უხვად გამოიჩინა, რის გამოც დაიმსახურა სრული ყურადღება და პატივისცემა შემძლებელი მებატონისა. როცა სასაფლაოდან დაბრუნდნენ, სპასოვიჩმა ცალკე ოთახში გაიხმო თავადი თონიკე და უჩვენა ქვრივისაგან ხელმოწერილი შინაური ანდერძის ქაღალდი, რომლითაც განსვენებული თავის ქალის მზრუნველად ნიშნავდა მიხეილ ბაადურის ძე მჟაუნაშვილს. თონიკემ დახედა ნაწერს და იცო ხელი მაშინკასი. გულში საშინლად ეწყინა ასეთი არამეგობრული საქციელი ქვრივისა, მაგრამ ეს წყენა გულგარეთ არ გამოუშვა.,,ალბათ, მეტისმეტად იყო საწყალი ჩემზე გაჯავრებული, რომ არც თავის მდგომარეობის შესახებ უთქვამს რამე ჩემთვის და არც ამ ანდერძის ქაღალდში ვუხსენებივარ მე“ - ფიქრობდა თავადი... თონიკემ სრული თანხმობა განაცხადა ქვრივის უკანასკნელის განკარგულებისა. მჟაუნაშვილის შთაგონებით ის წავიდა ვისთანაც საჭირო იყო და სთხოვა თავის მხრივაც, რომ ობლის მზრუნველად რაც შიძლება მალე დაენიშნა მჟაუნაშვილი. ხუთიოდე დღის შემდეგ თონიკე გაემგზავრა სოფლისაკენ და თან წაიყვანა ეთერი და ამის მომავალი მზრუნველი. სახლში მისვლის უმალვე თონიკემ გადასცა მჟაუნაშვილს რამდენიმე არევ-დარეული, სადავიდარებო საქმე და სთხოვა – გაერჩია და გაესწორებინა ეს საქმეები. უკეთუ საჭირო აღმოჩნდებოდა, ეწარმოებინა იგინი სასამართლოშიაც და დაჰპირდა ოცი თუმნის მიცემას თვითეული საქმის გაკეთებაზე. ვექილი დატრიალდა!.. დასწერა რამდენიმე ქაღალდი, რომელთაც ეძახოდა ზოგს რწმენის ფურცელს, ზოგს მოწმობას და ზოგსაც პირობის ქაღალდს. სიბერისა და ამღვრეული სინდისის მხილებისაგან გამოშტერებულმა მოხუცმა ყველა ამ ქაღალდებზე დაუფიქრებლივ მოაწერა ხელი. საუცხოვო გუნებაზე დადგა სპასოვიჩი!.. ამ მგლოვიარე ხალხშიაც კი ვეღარ მალავდა თავის აღტაცებას, კმაყოფილებას!.. ეთერს ისე შესცქნაოდა თვალებში, როგორც ზღაპრული მშიერი მელია მაღლა დაკიდებულ მსუქან ძეხვებს, რამდენჯერმე გაეხუმრა, ტკბილი, ალერსიანი სიტყვები გაუგორა წინა, ბოლოს არშიყობაც დაუწყო. იმ დილით, რა დღესაც სპასოვიჩი ქალაქში აპირებდა დაბრუნებას, თონიკემ შეიყვანა იგი თავის ოთახში და უთხრა: - მე გავიგე, შვილო, რომ შენ ბანკში ფულები გაქვს შენახული. ღმერთმა ხომ იცის, ძიელ მიამა!.. ახლა ხუთასი თუმანი დამჭირდა, შეიძლება ცოტას ხნობით შენგან ხელი მოვინაცვლო?. - რატომ, ბატონო!.. დიდის სიამოვნებით... ხვალვე გეახლებით ქალაქში, გამოვიტან ფულსა და ზეგ დიდის კმაყოფილებით მოგართმევთ. - ქალაქში ჩახვალ?.. მაშ იცი, შვილო, რას გეტყვი!.. აიღე ის ხუთასი თუმანი ფული და ამ ობლის სახელობაზე შეიტანე სახელმწიფო ბანკში. ზეგ, როგორცა სთქვი, ამოდი და ის ბილეთიც ამომიტანე აქა... დიდად დამავალებ, დიდად!.. თამასუქიც დასწერე; სარგებელი აბაზზე ნაკლები არ ჩასწერო!.. ისიც მომიტანე, რომ ხელი მოვაწერო. - თქვენო ბრწყინვალებავ, - დაიძახა ახტაცებული ხმით მჟაუნაშვილმა, - თქვენ ისეთ კეთილ საქმეს სჩადიხარ, რომ დავალებაზე ლაპარაკი აქ სრულიად მეტია!.. პირიქით, მეც და ყოველი პატიოსანი ადამიანიც თქვენის ნამდვილი ქრისტიანულ კაცთმოყვარეობით გახლავართ დიდად დავალებულნი! თქვენს ბრძანებას წმინდად ავასრულებ. XVIII ეთერი დარჩა თავადის სახლში, ყოველ წამს მარტოდმარტოკა ყოფნამ მწუხარება გაუმწვავა და გაუორკეცა. დღე და ღამ ცრემლი არ შრებოდა მის სევდით სავსე მაყვალა თვალებს. დედის მოულოდნელი სიკვდილი და თავისი ოხერტიელ-ობლად დარჩენა თავზარსა სცემდა. თუმცა პატარაობითვე დაახლოვებული იყო მოხუც თავადთან, მას სიყვარულით ეგებებოდა ყოველთვის, რადგან იცოდა, რომ,,ბატონ პაპას“ უსათუოდ რაიმე საჩუქარი ექნებოდა მისთვის მოტანილი, მაგრამ უცხო სახლში ყოფნას არ იყო დაჩვეული და ამიტომ მოხუცის ახლო ყოფნაც ვერ უმსუბუქებდა გულში მძიმე ლოდივით ჩაწოლილ დარდსა და ვარამს. სახლის უკან, ზვარში, იდგა რამდენიმე კაკლის ხე, რომელთა მწვანედ დაბურული ტოტები კარავივით იყვნენ დაშვებულნი წმინდა ბალახით ახავერდებულ დედამიწაზე; ეთერი მთელ დღეს აქ ატარებდა. გაუშლიდნენ ხალიჩას, დაუწყობდნენ მუთაქებს, წამოწვებოდა ზედ და ჩუმად, მდუმარებით ატარებდა აქ მთელ საათებსა. წოლით რომ დაიღლებოდა, მერმე დგებოდა ფეხზე, რომელსამე ძირს დაშვებულ ტოტს გადახვევდა მკლავებს, დაებჯინებოდა ზედ მკერდით, ნელ-ნელა აქანავებდა მას და თვითონაც აყოლებით მოხდენილად ინძრეოდა მასთან. მაღლა, მოკრძალებული ლაჟვარდი ცისკენ, ამაყად წასულ უზარმაზარ ტოტებს შორის კი ამ დროს უთვალავ სულდგმულთა სიცოცხლე მხიარულად სდუღდა და გადმოდიოდა. მრავალ დიდსა და პაწია ფრინველებს მოეყარა აქ თავი, მარდად დაცქრიალობდნენ ტოტიდან ტოტზე, ჭყრიპინობდნენ, უსტვენდნენ, გატაცებულის ჟივილ-ხივილით ავსებდნენ იქაურობას. გრილი, წმინდა, სურნელოვანი ნიავი მოუსვენრად დაძვრებოდა უთვალავ ყლორტებს შუა და სქლად დაბურულ ფოთლებს ნაზად არხევდა, აშრიალებდა. ეს საიდუმლო ხმაურობა უსულდგმულო ბუნებისა მწყობრად უერთდებოდა ფრთოსან სულდგმულთა გალობას და ირგვლივ სუფევდა ისეთი მშვიდობა, ნეტარება, სიხარული, რომელთა მსგავსს ჩვენს ცოდვილ დედამიწის ზრურგზე ხშირად ვერ შეხვდება ადამიანი. მაგრამ ის ადამიანი კი, რომლის გარშემო ბუნებას გაემართა ეს დღესასწაული, ყველა ამას თითქო ვერც კი ამჩნევდა. წყეულს და ბოროტ მწუხარებას მისთვის ყურთასმენა დაეხშო და თვალთა წინაშე შავი, სქელი ფარდა ჩამოეშვა. მხოლოდ მაშინ ერკვეოდა ფიქრებიდან, როცა ზემოთ ტოტებში უეცრად გაისმოდა უსიამოვნო ჩხავილი საიდანღაც მოფრენილის ყვავისა; ის ამ დროს იღებდა თავს მაღლა და შეშინებულის თვალებით მოუსვენრად აშტერდებოდა იმ ადგილს, სადაც უნდა მჯდარიყო შავი და ბნელი მოციქული სიკვდილისა. ღმერთო ჩემო, რა ენით გამოუთქმელი მშვენიერება იყო ის ამ წამს! სადღაც და როდესაც მინახავს მშვენიერი სურათი სევდით მოცული მფარველი ანგელოზისა, რომლისათვისაც ეშმაკებს წაერთმიათ ცოდვილი ადამიანის სული და მიჰყავდათ ჯოჯოხეთისაკენ. სწორედ იმ ანგელოზს ჰგვადა იმ დროს ეთერი თავისი ფერმკრთალი სახით, სევდით სავსე დიდრონი თვალებით, მაღალი შუბლით და გულზე გადმოფენილი სქელი, შავი თმითა... წყდებოდა უბედური ფრინველის ხმა და ეთერის გულში კვალად ბრუნდებოდნენ სევდა-ნაღველით გაჟღენთილი სამწუხარო ფიქრები. როცა ფეხზე დგომით დაიღლებოდა, ხელახლა ჯდებოდა ისევ ხალიჩაზედა. ჩაიდებდა კალთაში მუთაქას, ორივ იდაყვებით დაებჯინებოდა ზედ და მიეცემოდა ახალ წარსულ დროთა წარმოდგენა-მოგონებასა. მას აგონდებოდა ხოლომე თავისი ბავშვობა და იმ დროინდელი ცხოვრება უბედური დედ-მამისა; ხშირად უფრო დედისა, რადგან მამა ორ-სამ დღეობით თუ გაჩნდებოდა სახლში, თორე მომეტებულ დროს ის ატარებდა გარედ, ბევრჯელ შორეულ სოფლებსა და ქალაქებში. თითქმის ყოველ დღე მათ სახლში სტუმრები არ ილეოდნენ. ლამაზი მაჭატა გოგონა ამ სტუმრების ნებიერი და საყვარელი სათამაშო იყო. მრავალი ლამაზ-ლამაზი ტიკინები, კანფეტებით სავსე ყუთები, შლიაპები და საკაბეები მოჰქონდათ მასთან. ესეც ყოველ მიმსვლელს სიხარულით უღებდა კარსა და თავისი მოტიკტიკე ენით ეპატიჟებოდა სახლში. პატარა იყო, მაგრამ კარგად ხედავდა, როგორც ექცეოდნენ ეს სტუმრები მის დედას. პირველ ხანებში გრძნობდა მხოლოდ შურსა მათ წინააღმდეგ, რომელიც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ მაშინკას. ტირილით მივარდებოდა ხოლმე წრეს გადასულ მოარშიყეთ, აშორებდა დედას და თვითონ ეკვროდა მას გულში. შემდეგ, როცა მოიზარდა, თითქო მიხვდა იმ ხვევნა-კოცნის ხასიათსა და იწყო მორიდება: მეორე ოთახში გადიოდა, დასხამდა ტახტზე ტიკინებს და მათთან ერთობოდა, სინამ ძილი არ დაუხუჭავდა პაწია თვალებსა. გახდა შვიდი-რვა წლისა; მიაბარეს საქალო-სასწავლებელში. ამ დროს მას უკვე შეტყობილი ჰქონდა ბევრი ისეთი რამ, რაც სრულიად არ შეეფერებოდა მის წლოვანებას. კარგად იცოდა რისთვისაც ეხვეოდა მის დედას ყმაწვილკაცობა; რადა რჩებოდა ხოლმე მათ სახლში ჭაღარაშერთული თავადი თონიკე და როგორ ატარებდნენ ღამეებს ისა და მაშინკა. უკვე იცოდა და მტკიცედ ჰქონდა შეთვისებული ზოგიერთი საარშიყო ზნე-ჩვეულებანი. როდესაც დარბაზში მის დედას სტუმრები ეხუმრებოდნენ, ეთერი ახლა სულ ტიკინებთან როდიღა იჯდა ხოლმე. დგებოდა, ჩუმად იპარებოდა ბნელ დერეფანში და ღია კარებიდან, ან გასაღების ჭუჭრუტანიდან შეიცქირებოდა შიგნითა. რაც უფრო თავისუფალი იყო ყოფაქცევა დიდებისა, იმდენად უფრო წინ იწევდა პატარა, იმდენად უფრო აცეცებდა თვალებსა. აკვირდებოდა მოქმედებასა. როცა შენიშნავდა, რომ კარებისაკენ წამოვიდოდა ვინმე, ის საჩქაროზე ბრუნდებოდა თავის ოთახში, უჯდებოდა სათამაშოებს და დარბაისლურის სიტყვა-პასუხით უბამდა თვალებს მის დასაზვერავად გასულთა. გამოცდილ და ჭკვიან უფროსებს ეგონათ, რომ ატყუებდნენ პაწაწინა გოგოსა, ნამდვილად კი სრულიად წინააღმდეგი ხდებოდა. ამ პაწაწინა გოგოს ბევრჯელ შუაღამემდის უყარაულნია დედისთვის, სულგანაბული წოლილა ლოგინში და ისე ოსტატურად დაუწყვია ფშვინვა, რომ მოტყუებულა დედა: წამომდგარა ლოგინიდან, გასულა მეორე ოთახში და იქ ჩაუდენია ისეთი საქციელი, რასაც ადამიანები მოწმეებთან არასდროს არ იზამს!.. გავიდოდა თუ არა დედა ოთახიდან პატარა ყარაულიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ხოლმე მას. დაინახავდა, გაიგონებდა ყველაფერს, მერმე ფრთხილად ბრუნდებოდა უკან. გახდა თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ქალი. ამ დროს მას უკვე მოწყენილი ჰქონდა დედის ცქერა-ყარაულობა: მის ყოფა-ქცევაში ახალს ვეღარაფერს ხედავდა. ახლა გარეთ, ქუჩასა და სასწავლებელში გადაიტანა უნარი თავის დაკვირვება-შემჩნევისა და ხრიკები ბავშვობაშივე შეძენილი არშიყობისა. XIX არა ერთსა და ორყმაწვილ კაცს ჰქნდა მისი, ვარსკვლავივით მოციმციმე და გველივით შხამიანი, თვალებისაგან გული დაჭრილი, დასერილი! ვინ მოსთვლის რამდენ ნიჭიერ და კეთილ ზნეობიან მოსწავლეს აურია ამ წყეულმა გზა და კვალი, აუცრუა სწავლაზე გული და დამშვიდებულ სულში ჩაუსხა შხამი ღელვა-შფოთვისა და მოუსვენრობისა!!. როცა სახლიდან სკოლაში მიდიოდა, ან სკოლიდან ბრუნდებოდა შინა, მთელი ხროვა ამ გვარ მოარშიყეთა დასდევდა უკანა. შორიახლო მისდევდნენ და დაბალის ხმით უმღეროდნენ საარშიყო ლექსებსა. აი, სწორედ ამ დროს დაერქვა ეთერს,,სულიკო“. ალბად. რაღაც ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაარსებული მოხსენებული საქალო სასწავლებლი!!. იმ ჟამად მასში მხოლოდ ერთი მამაკაცთაგანი იყო მასწავლებლად და ისიც სამოცდაათი წლის ნემეცი, კაცი მრისხანე, მარად მუნდირში გამოჭიმული, წარბშეკრული. წარმოიდგინეთ, რომ იმ ეშმაკის ფეხმა, არ გასაშვებმა სულიკომ, ესეც კი არა დაინდო! ესეც კი ააცუნცრუკა თავის ანგელოზური სიტურფთა და ტარტაროზული არშიყობით, ხშირად აიყოლებდა ხოლმე კლასში და გერმანული ენის ნაცვლად საარშიყო ამბებს ათქმევინებდა, ორაზროვანი სიტყვების ხმარებით აცინებდა. რამდენჯერმე,,ატანცავა“, ორჯელ თუ სამჯელ ამღერა კიდეცა. უბადრუკს პამპულად ხდიდა და მთელ სასწავლებელს მასზე აცინებდა. უკვე ხანშიშესული, გასათხოვარი მასწავლებელი ქალები სიბრაზისაგან გულზე სკდებოდნენ, რომ მათ არც აფიცრები და არც სხვა ვინმე ყურადღებასაც არ აქცევდნენ. მაშინ, როდესაც ჯერ ისევ ბალღს, მათ მოსწავლეს ხროვა-ხროვა დასდევდნენ თაყვანისმცემელი კავალერები. ამის გამო მეტისმეტად შეიძულეს მათთან სრულიად უდანაშაულო სულიკო.,,ედინაცია-დვოიკები“ სეტყვასავით ცვიოდა მის თავზე, მაგრამ ეს კოპწია, მოხდენილი თავი აინუნშიაც არ იგდებდა ამ სეტყვას. როდესაც კი დროს უპოვიდა უსათუოდ რომელსამე მათგანს გააჯავრებდა, გააწიწმატებდა და ცოფიანივით გაკაპასებულს სასაცილოდ გახდიდა ხოლმე. მერმე ვარდისფერ ტუჩებს ზიზღით მიიგრეხ-მოიგრეხდა და ქართულად გადასძახებდა ამხანაგებს: ამ უცხვირპირო ჯოჯებს შურთ ჩემი სილამაზე და იმიტომ მექცევიან ასეო! მთელ კლასში ერთბაშად გაისმოდა სიცილი. რის გამო მასწავლებელი უფრო გაკაპასდებოდა, წიოდა, კიოდა და ბოლოს ცრემლებითა და ტირილით გარბოდა გარეთ. იმავე წამს მასწავლებლის მაგიდასთან სულიკო ამოჰყოფდა თავს. ათას ნაირად დაიღრეჯდა სახეს, უხეირო ბატივით დაიწყებდა კლასში ბაჯბაჯსა და თანაც მოჰყვებოდა გაკვეთილის ახსნას, ისეთი საშინელი ხმით, თითქოს შვიდი-რვა უსაპნო ურემი ერთად ჭრიჭინებსო. გაათავებდა ახსნას, დაუძახებდა შემდეგ რომელსამე მოსწავლეს და უბრძანებდა ახსნილის გამეორებას. დაიწყებდა თუ არა მოსწავლე ლაპარაკს, ის გოჭივით დაიჭყვირებდა, შეაყენებდა და ეტყოდა დორბლების ყრით: არ მიყვარხარ, არ მომწონხარ! შენ აზიური ცხვირი გაქვს. ქართულად აჭყეტავ თვალებს, სომხურად იქნევ ხელებსა... ედინიცას, დვოიკას დაგიწერ ამ წამში... მაშინათვე ორმოცზე მეტი მოსწავლე ქალები სალოკ თითს ნესტოებთან მიიდებდნენ და ცხვირის წვერს, რაც კი შესაძლებელი იყო, აიწევდნენ მაღლა. გადახედავდა ამათ თავისთავად გამწესებული მასწავლებელი და უშნო-უხეირო სიცილით იტყოდა; ვიშ, ვიშ, გენაცვალეთ! რა მშვენიერი ხართ! რა კალმით ნახატები ხართ! თქვენ კი თავს შემოგევლოთ აგრაფინა მიტროფანოვნა და მატრიონა ტროფიმოვნა! ეშმაკობდა, მაიმუნობდა, მაგრამ ცალი თვალი და ყური კი კარებისაკენ ეჭირა. გაიგონებდა თუ არა იქიდან ფეხის ხმას, მაშინვე თავის ადგილს გაჩნდებოდა, ჩაღუნავდა თავსა და გაცხარებით იწყებდა ბუტბუტსა, ვითომც ერთი შემომხედეთ და სცანით, როგორა ვარ წიგნის კითხვით გატაცებულიო. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, მასწავლებელთა ყურამდეც მიაღწევდა ხოლმე. ცხადია, როგორც დაუწყებდნენ სულიკოს ცქერას, ისედაც მასზე გულამღვრეული მასწავლებელი. როგორც იყო, დასრულდა სასწავლო წელიწადი. მაისის გასულს, უკანასკნელ პედაგოგოურ კრებაზე, მასწავლებელთა მოთხოვნილებისამებრ დადგენილი იქნა სულიკოს შეასხებ: მიეცეს წინადადება, რომ თავის ნებით გავიდეს სასწავლებიდანაო. როცა სულიკოს გამოუცხადეს ეს გადაწყვეტილება, მან მხიარულად დაუკრა თავი უფროსს; შევიდა სასწავლო ოთახში, თავის წკრიალა ხმით ერთი კიდევ იმღერა,,სულიკოს“ ლექსი, შემდეგ გამოეთხოვა თვალცრემლიან ამხანაგებს და გასწია შინისაკენა.,,ოხ, რა წუწკები იყვნენ ის უცხვირპირო ჯოჯოები, ისინი“!.. დაიძახა მან ხმამაღლა. ამ ხმამ მის ყურამდეც მიაღწია, ფიქრები გაუფანტა, თავი მაღლა ააღებინა და აქეთ-იქით მიახედ-მოახედა: სხვამაც ხომ არავი გაიგონა ესე მაღლა წარმოთქმული ჩემი სიტყვებიო. ამ დროს კაკლის ტოტებ შუა მან დაინახა ახლად წვერულვაშამწვანებული, მშვენიერი შეხედულობის ყმაწვილი კაცი, რომელიც ერთ ადგილას შეჩერებულიყო და გაოცებით დაეშტერებინა თვალები ხალიჩაზე წამოწოლილ ლამაზი ქალისთვის. ცოტა ხანს კიდევ იდგა იქ, შემდეგ მოიხადა გიმნაზიური ქუდი და სიჩქარით წამოვიდა სულიკოსაკენ. უკანასკნელმა მაშინათვე ფერი იცვალა: სქელი თმა გულზედ გადმოიფინა, ცალი ხელით მუთაქას დაებჯინა და გაცოცხლებული ანთებული თვალები მდუმარებით შეანათა ყმაწვილ კაცს, გიმნაზიელი ხალიჩის ნაპირას შეჩერდა, შეკრთა; ერთ წამში რამდენჯერმე გაყვითლდა-გაწითლდა... ბოლოს როგორც იყო, მოიკრიბა გაბედულობა, ხელი გაუშვირა ქალსა და წარმოთქვა: -მე გახლავართ გედევან თონიკეს ძე ბადრიძე. ქალმა ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან გაიწია, თითქო დასაჯდომ ადგილს უცლისო და ნაღვლიანი კილოთი უთხრა: -დაბრძანდით!.. ეს ორი-სამი დღეა ჩვენ ყველანი მოუთმენლად გელოდით... თვალები დაგვებრიცა თქვენი გზისაკენ... დაბრძანდით, გენაცვა!.. დაღლილი იქნებით. XX გედევანი ერთადერთი შვილი იყო თავადი თორნიკესი. მას კარგად ესმოდა სწავლა-განათლების მაღალი მნიშვნელობა და ამიტომ შვილი აღსაზრდელად არ ერიდებოდა არავითარ ხარჯსა. არც თონიკეს მეუღლე იყო უჭკუო დედაკაცი. ამასაც გულით უნდოდა, რომ თავისი ვაჟი განათლებული, მაღალ სამსახურში მყოფ „ჩინოვნიკად“ ენახა. რამდენადაც კი შეეძლო, კიდეცა ცდილობდა ამ დანიშნულებისათვის შვილის მომზადებასა. მართალია, რუსული არ იცოდა, მაგრამ ქართული ენა და საღმრთო წერილი კარგა ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული. ამ ცოდნას დიდის გულმოდგინებით უზიარებდა თავის „მზესა და მთვარეს“ თითქმის იმ დროდგან მოკიდებული როდესაც ბავშმა ენა ამოიდგა, ცოტაოდენ ჭკუაში ჩავარდა. სამი წლის მეტისა არ იქნებოდა გედევანი და უკვე რამდენსამე ლოცვებს ზეპირად ამბობდა ხოლმე. ეკლესიაში მოწიწებით დგომა, მუხლის მოყრა და ლამაზად პირჯვრის წერა ლოცვებზე უფრო ადრე იცოდა. ცოცხალი მგრძნობიარე სულის ბავშვი დედის მაგალითს უცქეროდა და იმ მაგალითის გავლენით ღვთის შიშსა და სიყვარულს სარწმუნოებრივ ცხოველ გრძნობას ითვისებდა. როდესაც ბავშვს ექვსი წელიწადი შეუსრულდა, დედამ ქართული ანბანიც დააწყებინა. ყმაწვილი პატარაობიდანვე ხედავდა წიგნის მკითხველ დედას, სულგანაბული უგდებდა ყურსა და თუმცა არა ესმოდა-რა, მაინც აღტაცებაში მოდიოდა ძვირფასი ადამიანის ლმობიერი ხმითა, მისი ტუჩებისა და თავის ნძრევითა. წიგნის სულით და გულით შეიყვარა, რადგან იგი უყვარდა მის ტკბილ დედიკოსა; ამიტომ, როცა ანაბანის წიგნი მისცეს, მის სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა. ერთი თვის განმავლობაში გედევანმა დაისწავლა ჩათვლით კითხვა, შემდეგ ხელი მიჰყო წერასა. სამიოდე თვის შემდეგ იგი მკაფიოდ კითხულობდა პატარა-პატარა მოთხრობებსა, ზღაპრებსა; ზეპირად სწავლობდა ლექსებსა, ანდაზებსა, გამოცანებსა. ლამაზი მრგვალი ხელით სულ დაწერილი ჰქონდა სამი-ოთხი რვეული. ის იყო ხუცურიც უნდა დაეწყებინებინათ, მაგრამ დედამისი ერთ საღამოს როგორღაც გაცივდა, ფილტვების ანთება გაუჩნდა და ერთი კვირის შემდეგ საუკუნოდ გამოესალმა საყვარელ შვილსა და ქმარსა. მეორე წელიწადს გედევანი ჩაიყვანეს ქალაქში და იქ ერთი საუკეთესო გიმნაზიის პანსიონში მისცეს სასწავლებლადა. პირველ წელიწადს ბავშვს ცოტა უძნელდებოდა სწავლა, მაგრამ მეორე-მესამე წელიწადს იგი უკვე გაიმართა რუსულ ენაში და მისმა დალოცვილმა ნიჭმაც თავისუფლად გაშალა ფრთები. მალე წინ გაუსწრო ყველა თავის ამხანაგებს, და იმ დროიდან მუდამ პირველ მოსწავლედ გადადიოდა კლასიდან კლაში. იმ წელსაც, როდესაც გედევანი გავიცანით, იგი პირველ შეგირდად გადავიდა მეხუთე კლასიდან მეექვსეში, და გახარებული გამოფრინდა სამშობლო ადგილ-მამულისაკენ. თავიანთ სახში ეთერის ყოფნა მან მხოლოდ შინ მოსვლისას შეიტყო. მამამ გააცნო იგი „ოხერტიელი“ ბავშვის სახელით და მაშინვე გაგზავნა ზვარში მის სანახავადა. ყმაწვილი კაცი ცნობისმოყვარეობამ გაიტაცა: უნდოდა მალე ენახა სტუმრად შემოხიზნული ობოლი ქალი, მაგრამ თავის ყოველწლიურ ჩვეულებას მაინც არ უღალატა. ჯერ ეკლესიაში შევიდა, დედის საფლავის წინ დაემხო პირქვე, შუბლი საფლავის ქვას დააყრდნო და რამდენსამე წამს გულმხურვალედ ტიროდა და ლოცულობდა. შემდეგ გამოვიდა ტაძრიდან და პირდაპირ „ოხერტიელი ბავშვის“ სანახავდ გასწია კაკლებისაკენა. მან ეს ბავშვი მართლა შვიდი-რვა წლის, მზისაგან გარუჯულ, ჩითის კაბაში გამოხვეულ სოფლელ გოგოდ წარმოიდგინა... და როდესაც ხალიჩაში წამოწოლილი, ფიქრებში გართული, ლამაზი, მოხდენილად ჩაცმულ-დახურული ყმაწვილი ქალი ნახა, გაოცებით შეკრთა. პატარა ხანს უცქირა და შემდეგ ჩუმად გამოტრიალდა უკანა. ალბათ, ეს სხვა არის ვინმეო, გაიფიქრა მან გულში. ზვრის კარებთან მას შეხვდა მოურავი და ამას ჰკითხა ვინაობა კაკლებ ქვეშ მწოლიარე ქალისა. ეგ ის ობოლი ქალია, მამათქვენმა რომ მოიყვანა ემ წინაზედა, - მიუგო მან. ამ სიტყვებზე გედევანს რაღაც მადლიანმა სხივმა ჩაანათა გულში. მცირე ხანს იყოყმანა: არც ზვარიდან გასვლა უნდოდა და ქალთანაც ვერ ბედავდა მისვლასა, ბოლოს თმაზე ხელი გადაისვა, ბლუზა გაისწორა და გასწია პირდაპირ უცნობი სტუმრისაკენ. გაიცნო იგი და პირველსავე წამს მისი ქცევისა, სიტყვა-პასუხისა და სილამაზისგან მოჯადოებულ იქმნა. ჩვენს კეკლუცა ჯადოქარსაც კავალრებზე ბადის სროლა ამ ჟამად როგორღაც ვერ მოუვიდა ძველებურად, თავისებურად. მართალია, ლამაზი ყმაწვილი გიმნაზიელი ადვილად მოიგდო ბადეში, მაგრამ თითონაც მასზე არა ნაკლებ გაება და გაიხლართა იმავე ქსელში, ამ დროიდან მათ იგრძნეს რაღაც ძლიერი მადლი, რომელიც საიდუმლოდ გადმოეფინა მათ ჭკუა-გონებას, მათ გრძნობას და გულისქმათა. ამიერიდან ყოვლად წმინდა სიყვარულმა დაიდგა მათ გულში თავისი ბრწყინვალე ტახტი და სუსტ, მომაკვდავ არსებათ მოჰფინა საუკუნო ნათელ უმაღლეს სიხარულსა, ნეტარებისა, ბედნიერებისა. XXI ცხოველმა, აღგზნებულმა გრძნობამ გედევანი და ეთერი მალე დაუახლოვა ერთმანეთს. მათი ყოველდღიური ცხოვრების გარემოებანიც ხელს უწყობდნენ ამ დაახლოვებას. მოხუცი თავადი, სხვადასხვა საქმეების გამო, ხშირად დადიოდა აქა-იქა. ბევრჯელ სამ-ოთხ დღეობით მას კაცი სახლში ვერ ნახავდა. ყმაწვილ ვაჟსა და ქალთან, ანუ, როგორც ჩვენი გლეხები იტყვიან ხოლმე, თივასა და ცეცხლთან, რჩებოდა ოთხმოცი წლის მოხუცი თინათინი, გამდელი გედევანის დედისა და ამის შემდეგ თვით გედევანიცა. თინათინი დიდის ერთგულებით ემსახურებოდა თავად თონიკეს, ღვიძლ დედასავით თავს ევლებოდა გედევანსა, დაუფიქრებლივ შესწირავდა სიცოცხლეს ამათ ოჯახს, უკეთუ ეს მსხვერპლი რითიმე სასარგებლო იქნებოდა მათთვის. ძლივს დაპამპალებდა, მაგრამ ძველებურადვე შეერჩინა აზრი და მხნეობა ჭკვიანი ადამიანისა და ამათის წყალობით მთელი ოჯახის ვითარებას ყოჩაღად ადევნებდა თვალყურსა. ყმაწვილი ქალისა და ვაჟის მდგომარეობა ვერ გამოეპარა მის გამოცდილ ყურადღებასა, მაგრამ – ამ მხრივ გამოუცდელ მოხუც ქალწულს - მხოლოდ ახალგაზდულ თამაშობათ, ყმაწვილურ დროს გატარებათ ეჩვენებოდა იგი. თონიკეს ოჯახში დატრიალებდა კიდევ ერთი ადამიანიც. ეს გახლდა ცალთვალა, ბრუციანი დემეტრე, დიდი ხნის მოურავი, კაცი ორმოცდაათ წელს გადაცილებული, ცბიერი, გაიძვერა, მთელი ქვეყნის მატყუარა. ქართველი კაცი ამბობს: კოჭლისა და ბრუციანისაგან არის ქვეყანა ამოვარდნილიო. და ეს ჩვენი დემეტრე მოურავი სწორედ ამგვარ, ქვეყნის ამომგდებ, კაცთ ეკუთვნოდა. თუმცა უშვილო იყო, მაგრამ ცალი გროშისათვის სულს მიჰყიდდა ეშმაკსა. გასაოცარის ოსტატობით ატყუებდა ბატონსა, თინათინსა, მოჯამაგირე ბიჭებსა, ნაყმევ გლეხებსა, გარეშეთა და მეზობელთ. სხვაგან ფეხის გაშლა უყვარდა, ლხინი და ქეიფი მოსწონდა; თავის სახლში კი წელიწადში ორჯერ არ გაატარებდა სტუმარსა და მაშინაც ცხვირი მამალი ინდოურივით ჰქონდა ხოლმე დაშვებული. იძენდა და აგროვებდა სარჩო-საბადებელს; რომ გეკითხნათ-ვისთვის?.. მერწმუნეთ, ვერაფერს გეტყოდათ. მისი მეზობელი გლეხები კი უეჭველია მოგიგებდნენ: - ეშმაკისთვისაო. ეს არაწმინდა სულის კაცი, რაღა თქმა უნდა, არავითარ დაბრკოლებას არ აღმოუჩენდა ახალგაზრდა ბატონის მაშინდელ გულის თქმათ, პირიქით, ალღო რომ აეღო როგორმე, ყოველგვარ მოუმართავდა ხელსა, ყოველ საძაგლობაზე წააქეზებდა. ამნაირად, სრულიად თავისუფალნი იყვნენ ჩვენი შეყვარებულნი... და, ხომ მოგეხსენებათ, რა ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს თავისუფლება ყოველგვარ გრძნობათათვის!.. გედევანი და სულიკო ერთმანეთს, თითქმის, არც დღე და არც ღამე აღარა შორდებოდნენ. ოთახში ყოფნა-მუსაიფი რომ მოსწყინდებოდათ, ზვარში გადიოდნენ ხოლმე. ლამაზ ჩრდილებ ქვეშ სეირნობდნენ, სურნელოვან ბალახებზედ გორაობდნენ და ერთმანეთის ხვევნა - ალერსში ნეტარებით ატარებდნენ დროსა. ერთს საღამოს ამგვარად გამოვიდნენ ზვარში, სიყვარულით გადახვიეს ერთმანეთს ხელი და ნელ-ნელა იწყეს სიარული ვენახის ბილიკა გზებზე. კარგა ხშირი ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული. გარშემო ისეთი მშვიდობა და მყუდროება იყო დამყარებული, თითქო ყოველი არსი ამა ქვეყნისა რაღაც ღრმა ფიქრებში იყო ჩანთქმული, გაშტერებული იდგა ცოტათი ნოტიო ჰაერიც, გაჟღენთილი ათასნაირ ყვავილების სურნელებითა. მარად დაუყენებელ ცელქ ნიავსაც თითქო სადღაც მისძინებოდა, რის გამოც უთვალავი ფოთლები ვაზისა, ხეებისა გაუნძრევლად დაჰკიდებოდნენ ყლორტებს და, დაღლილ-დაქანცულ სულდგმულებივით, მდუმარებით მისცემოდნენ მოსვენებასა. მაღლა მთელი ცა ნაჭერ-ნაჭერი პატარ-პატარა თეთრი ღრუბლებით იყო დაფარული. ამ ღრუბლებ შორის აქა-იქ გამოჩანდა მოწმენდილი ლაჟვარდი ცა, რომელზედაც მხიარულის ციმციმით ბჟღვრიალებდნენ ვარსკვლავები. გაფანტული ღრუბლებიდან ეს კუდიანები ისე გამოიჭყიტებოდნენ, თითქო ქვეყანაზე რაღაც სასიამოვნო ამბავსა ხედავდნენ, ამის გამო ერთმანეთს თვალს უშვრებოდნენ და ჩუმის საიდუმლოებით ნაზად იღიმებოდნენ. ამბობენ: ბედნიერთა და უბედურთათვის ცისა და ქვეყნის სიმშვენიერეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. არ ვიცი, საზოგადოდ რამდენად მართალია ეს აზრი; ხოლო ამ შემთხვევაში, ჩვენი ბედნიერებისათვის, სრულიად უმნიშვნელოდ რჩებოდა იმ საღამოს მშვენიერება. იგინი ვერც კი ამჩნევდნენ მას. დაბურულ ხეებ ქვეშ დამსხდარიყვნენ, და, თუმცა ირგვლივ სუფევდა სამარისებული წყვდიადი, ერთმანეთს მაინც კარგა ხედავდნენ. რომელი მზე და მთვარე, ლამპარი და ჩირაღდანი გაანათებენ ისეთის მადლითა და ბრწყინვალებით, როგორც ანათებენ თვალები შეყვარებულისა?.. გედევანმა მებაღის ქოხიდან მოარბევინა ნაბადი და მუთაქი. ნამიან ბალახზე გაშალა ნაბადი, დასდო ზედ მუთაქა და წამოწვა. სულიკომ მიჰბაძა მას, მაგრამ დასდო თუ არა მუთაქაზე თავი, საჩქაროზე წამოჯდა ისევა, მუთაქას ოფლისა და ჭუჭყის საშინელი სუნი ასდიოდა. ტანიდან გაიძრო საზაფხულო წამოსასხამი, გადააფარა მუთაქას და მერმე ზედ დაუდო თავი გედევანსა. თითონაც წამოწვა ნაბადზე და მხურვალებით ჩაეკრა გულში სათაყვანო არსებას. - ვინა სთქვა, ქყვეყანაზე ბედნიერება არ არიო?!. - ჩუმათ, სასოებით წარმოსთქვა გედევანმა. - მაშ, ეს რა არის, თუ არ სრული, უკვდავი და უმაღლესი ბედნიერება?!. - ბედნიერებაა, გენაცვალე! სამოთხის ნეტარებაა, თავს შემოგევლე!.. მაგრამ გული კი, როგორღაც მოუსვენრად მიჩქროლამს, -დაბალის ხმითვე სთქვა სულიკომ... - მომავლის შიში არ შორდება დღევანდელ სიამოვნებასა და ამის გამო მეშხამება წუთისოფელი!.. - რადა, გენაცვალე, ჩემო ღვთაებავ!.. მოიშორე თავიდან ეგ შავი ფიქრები... უშენოდ ჩემი სიცოცხლე შეუძლებელია. - ვიცი, ჩემო ნეტარებავ, რომ გიყვარვარ, მაგრამ მამა არა დროს არ დათანხმდება ჩვენს ჯვრის წერაზე. შენს თავს მომაშორებს, რომელსამე დიდ მზითვიან თავადის ქალს შეგრთავს, და მე კი საუკუნოდ დავიღუპები!.. - ეგ სულ ტყუილი ფიქრებია, ჩემო ანგელოზო! მამის უარის თქმა ვერასდროს ვერ დამიშლის შენთან შეუღლებასა. თუ მართლა გაჯიუტდა, თავს დავანებებ ყველაფერს: მასაც, ნათესავებსაც, მამულსაც... ქალაქში ჩაგიყვან და იქ ვიცხოვრებთ ბედნიერადა. - ბედნიერადა?.. ოხ, ღმერთმა ინებოს! მაგრამ მე კი გული როგორღაც მიკვნესის, გედევან! მარტო მამამ ხომ არა, მთელი თავად-აზნაურობა აღშფოთდება, პირს დააღებს და ღრიალს მოჰყვება: როგორ თუ ბრწყინვალე თავადმა ვიღაც კალატოზის გლეხუჭა გომბიო შეირთოვო... -ჩვენ ერთმანეთის სიყვარულში სიცოცხლე დავიტკბოთ, გენაცვალე, სხვების ლაპარაკს კი მოვუყრუოთ ყური. დაე, ვისაც რა ნებავდეს, ის იყბედოს. -ამ საქმეს ეგრე ადვილად ნუ უცქერი, საყვარელო!.. წოდებრივ განსხვავებას, ზნესა და ჩვეულებას, დიდი, დიდი მნიშვნელობა აქვს, გეთაყვანე!.. გლეხებსა და თავადებს შორის, მთელი უფსკრულია გათხრილი; მთელი უზარმაზარი მთებია აყუდებული. - მართალია, მაგრამ ჩვენს დროში მაგათ როდი-ღა აქვთ აგრე რიგად დიდი მნიშვნელობა. ყოვლად შემძლებელი სიყვარული ამოავსებს იმ უფსკრულს, ყოვლად ძლიერი განათლება შემუსრავს იმ მთებსა და ჩვენ შუა, ჩემო ძვირფასო თვალის ჩინო, დამყარდება ხელის გულივით სწორე ვაკე, რომელზედაც თავისუფლად გადავეხვევით ერმანეთსა. - ეგ ლამაზი სიტყვებია, ჩემო გედევან, მაგრამ მათი განხორციელება კი ჯერ არც მინახავს და არც გამიგონია! პირიქით, არ შემხვედრია არსად ისეთი განათლებული თავადიც კი, რომელიც თავის შთამომავლობას, გულში მაინც, დიდ მნიშვნელობას არ აწერდეს, არ ამპარტავნობდეს მამა-პაპით, თუნდა, რომ ამ მამა-პაპას მოძმეთ შეწუხებისა, ქვეყნის რბევისა, მამულისა და სარწმუნოების ღალატის მეტი არა ჩაედინოს-რა! ამ ჟამად შენს გულში, ჩემო გედევან, წოდებრივი გრძნობა გვერდზეა მიგდებული, სიყვარული მადლის ქვეშ არის მოქცეული, შემდეგ კი, როცა სიყვარულის მღელვარება განელდება, ის გრძნობა კვალად ამოძვრება ზემოთ, დაგავიწყებს აწინდელ ლამაზს სიტყვებს და მათ მაგივრად წარბშეჭმუხვნილს გაბრძანებინებს: ჰეი, კალატოზის ქალო, გლეხის გომბიო, მოიტა ჩქარა ტაშტი და წყალი; ხელპირი მინდა დავიბანო! - სულიკო-ჯან, გენაცვალე, თავს შემოგევლე, ნუ ლაპარაკობ ეგრე! ყოველივე ეგ მე სრულიად არ შემეხება. მალე დაგიმტკიცებ, ჩემო ღმერთო, რომ სრულიად ტყუილად აზვიადებ ი რაღაც წოდებრივი გრძნობაა, იმის ძალასა და მნიშვნელობას. შენ იქნები დედოფალი, მე შენი ქვეშევრდომი, შენ იქნები დედოფალი, მე შენი ყმა, ვინც შენ შთამომავლების გამო რაიმე შეურაცხებას გაგიბედავს, მე იმას სიცოცხლეს გამოვასალმებ. გლეხი და თავადი, ჩემო სამოთხევ, ერთი და იმავე დედ – მამის შვილები არიან. დიდი, ენით გამოუთქმელი ვნება მოგვიტანა ერთი ერის რამდენსამე ნაწილად დაგლეჯამა. დროა ახლა კი შევიგნოთ ეს ვნება! დროა დავუბრუნდეთ მას, რაც ღვთისაგან გვქონდა მონიჭებული და ზიზღით გავდევნო ის, რაც ბოროტმა ეშმაკმა ჩამოსთესა ჩვენში. ჩვენი მამა ქართლოსი იყო და ჩვენ, ყველა ქართველები, მისი შვილები ვართ. - გენაცვალე, გეთაყვანე, ჩემო ღმერთო, ჩემო საყვარელო გედევან, მშვენივრად ლაპარაკობ, მაგრამ სხვები, შენზე უფრო გამოცდილი ჭკვიანი კაცები რომ არ ამბობენ მაგას? ხომ გახსოვს, გუშინ რომ ორი მოთხრობა წავიკითხეთ? ხომ გახსოვს, როგორ უბედურად გათავდა ორივე თხზულებაში გლეხისა და თავადის სიყვარული! - იმ მოთხრობაში, ჩემო ანგელოზო, თითქო განგებ არის არევ – დარეული ეს საგანი. ერთ მოთხრობაში აღწერილია განათლებული თავადი და გაუნათლებელი გლეხის ქალი; მეორეში გამოყვანილია განათლებული გლეხის ქალი და გაუნათლებელი თავადი. ერთი მიბრძანე, გენაცვალე, რა აქვთ განათლებულს და გაუნათლებელს თვის შორის საერთო? როგორ უნდა გაჩნდეს მათ გულში ნამდვილი სიყვარული? ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი თავი! ვფიცავ შენს სახელს, რომ არას დროს არ შევირთავდი გაუნათლებელ,,კნიაჟნას“, თუნდაც რომ იგი მეფის შთამომავლობისა ბრძანებულიყვეს! აგრეთვე დარწმუნებული ვარ, რომ არც შენ გათხოვდებოდი რომელსამე გაუნათლებელ გლეხზე. ჩვენი მდგომარეობა კი სრულებით სხვანაირია:ჩვენ ორივენი ნასწავლები ვართ; საერთო, სამეგობრო, ბევრი, ძლიერ ბევრი რამ არის ჩვენ შორის და მაშასადამე ჩვენი ცოლ – ქმრობა ბუნებრივიც იქნება და სასურველიცა. ყოველს ამ სიტყვებს გაფაციცებით ყურს უგდებდა, დამშეული კაცივით ჰყლაპავდა სიხარულით გატკრციალებული სულიკო და როდესაც შესდგა გედევანი, ორივ ხელები მაგრა მოხვია კისერზე და გაგიჟებით უწყო კოცნა თვალებში, ტუჩებში, შუბლში, ხელებზე. გედევანმაც მოხვია წელზე ხელი და, ტრფიალების ცეცხლით აღგზნებულნი ერთად დაეცნენ მუთაქაზე. რამდენსამე წამს აღარა ისმოდა რა, მათი გულის გაცხარებული ფანცქალის მეტი. ბოლოს ქალი წამოხტა ფეხზე. - კმარა, გენაცვალე, გედევან! კმარა, თორემ დავიღუპები!.. - ცოტა ხანს კიდევ დაწექ, ჩემო ღვთაებავ... ერთი, ერთი კიდევ ჩაგიკრა გულში!.. - არა, თავს შემოგევლე, არა!.. მე რომ უბედურება მეწვიოს, შენც ხომ გაუბედურდები!.. ადე, სიცოცხლევ, ადექი, წავიდეთ შინა!.. გედევანი წამოჯდა, ცალი ხელით მისწვდა სულიკოს, მაგრამ ეს უკანასკნელი გაუსხლტა ხელიდან და გაიქცა ზვრის კარებისაკენ... მცირე ხანს უკან დამშვიდდა, ყმაწვილი კაციც, წამოხტა და სულიკოს გამოუდგა უკანა... დაეწია, შეაყენა და უთხრა: - ჩემო სულიკო, მაპატივე, თავს შემოგევლე!.. ხომ არ მიჯავრდები, გენაცვალე... - არა, ჩემო სასოებავ!.. მე შენზე გაჯავრება არ შემიძლიან. მე შენი ერთგული მონა ვარ... შენ გეკუთვნის ჩემი სული, გული, ჭკუა, აზრი... ჩემი სხეულიც შენია, მხოლოდ დრომდის მოვიცადოთ, გენაცვალე!.. - კარგი, თავს შემოგევლე!.. იცი სულიკო!.. დღეს დავრწმუნდი, რომ შენ უფრო მაგარი, ძლიერი ხასიათის ყოფილხარ, სინამ მე... პირუტყვულმა ჟინმა მე კი დამიმორჩილა, შენ ვერა!.. და ამისათვის უფრო, უფრო მეტად შემიყვარდი, ჩემო ლამაზო, დახატულო, მშვენიერო ანგელოზო... - არა, ჩემო ძვირფასო, შენ ჩემზე ყველაფრით მაღლა დგეხარ!.. პირუტყვული ჟინი ჩემში შიშმა დასძლია და არა ხასიათის სიმტკიცემ... XXII მარიამობისთვის გასულს გედევანი ქალაქში უნდა წასულიყო სასწავლებლადა, მაგრამ გული მეტად დაუმძიმდა. სევდა-ნაღველი, შავი ღრუბელივით გადაეფარა მისი სიცოცხლის ყოველ წამსა, რამდენიც ახლოვდებოდა წასვლის ვადა, იმდენად ისეთი მდგომარეობა უფრო უმწვავდებოდა, მისგან გამოწვეული ტანჯვა უფრო ძლიერდებოდა. რომ ცოტა ხნობით მაინც გაენელებინა ეს ტანჯვა, ავადმყოფობა მოიგონა და ქალაქისაკენ გამგზავრება ძლივსძლივობისას შესძლო მხოლოდ ენკენისთვის გასულსა. გასწია ქალაქისაკენ. მაგრამ ვაი ამ წასვლას!.. იქ მიდიოდა მხოლოდ სხეული, ფერმკრთალი, უსიცოცხლო, სრულიად მოდუნებული სხეული ხოლო გული კი, სავსე სიყვარულის სანეტარო მადლითა, რჩებოდა სოფელში. გასაოცარი იყო მდგომარეობა მისი სულისა! ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე ადამიანის გრძნობათ ექვემდებარება, თვით უკანასკნელი ფეხთა მტვერი რომელიმე უმნიშვნელო სულდგმულისა, მას ეჩვენებოდა ღვთაებრივ სხივით,მოსილ მშვენიერებად; მაგრამ, ამავე დროს, გული არსად არ უდგებოდა, სული ყველგან აშფოთებული ჰქონდა, რადგან აქ ვერსად ვერ ხედავდა იმ მანათობელს, რომლის ბრწყინვალე სხივებით მოფენილი იყო ყოველი სულიერი და უსულო ამა ქვეყნისა. ფიქრითა და ოცნებით ყოველ წამს მას უცქეროდა, მას ეტრფოდა, ეთაყვანებოდა... და ამსთანავე გმინავდა, კვნესოდა, სასოწარკვეთილების გენია ეკიდებოდა,რომ ამ ოცნებათა მეუფეს თვალით ვერ ხედავდა, მისს წინაშე მარად მუხმოდრეკილი არ იდგა და მთელ თავის სოცოცხლეს მოწიწებით არ უშლიდა მას ფიანდაზადა. ეტლი, რომელშიაც გედევანი იჯდა, ხან ნიავსავით მიჰქროდა, ხანაც ნელ-ნელა ტაატით მიდიოდა. დილით მზე იდგა და თავის ცხოველ სხივებს აყრიდა ყმაწვილ კაცს ქუდმოხდილ თავსა და სახეზე; შუა დღისას ღრუბლებმა დაჰფარეს მზე,შემოდგომური ცივი ქარი ამოვარდა და წვრილმა ჟიჟმატმა წვიმამ გაჯავრებით წამოუშინა ეტლში მჯდომარეთა. გზაზე დიდძალი ხალხი მიდი-მოდიოდა. მათ შორის მრავალნი იყვნენ მცნობი გედევანისა. ესენი პატივისცემით სალამს აძლევდნენ მიმავალს, ქუდს უხრიდნენ, ხმამაღლა ეუბნებოდნენ „გამარჯვებასა“, მაგრამ ფიქრებში ჩანთქმული გედევანი გარინდებულ-გაშტერებული იჯდა ერთს ადგილზე; ვერაფერს ხედავდა, ვერავის ამჩნევდა. არა ესმოდა-რა! მთელი ოცდაათი ვერსი ისე გაირბინა, რომ ერთ წამსაც არ გამოფხიზლებულა. რკინიგზის სადგურთან ის მცირე ხანს გამოერკვია, მაგრამ დაიძრა თუ არა მატარებელი, იგი ხელახლა გაჩნდა ოცნებათა სამთავროში და აქ ხან უკვდავების წყაროს ეწაფებოდა, ხანაც შხამიან გველთა და ასპიტთა შორის ეგდო და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-ვაებას გრძნობდა. ამ ყოფით ჩავიდა ქალაქს, გამოცხადდა სასწავლებელში, აიღო ხელში წიგნები, მაგრამ დარწმუნდა, რომ წიგნებისა და სწავლის ხალისი სადღაც გაპარულიყო. ყოველ ცისმარე დღეს გედევანი ოსიცოცხლოდ, უხალისოდ დადიოდა ოთახებში; არაფერსა სწავლობდა, ყურს არავის არ უგდებდა. პირველად ის ავადმყოფი ეგონათ და ამიტომ უფრთხილდებოდნენ, ძალას არაფერში არ ატანდნენ. მაგრამ როდესაც ექიმმა გასინჯა და ვერავითარი სნეულება ვერ ჰპოვა, მაშინ მთავრობამაც გული აიყარა მასზე, როდესაც რამდენმამე თვემ გაიარა, და წინანდელი ნიჭიერი მოსწავლე უკანასკნელ შეგირდად გადაიქცა, მაშინ კი განათლებულმა და სწავლულმა უფროსებმა ბრძნულად დაადგინეს და მეცნიერულად დაამტკიცეს ის ჭეშმარიტება, რომ უკულტურო აზიელს, მართალია, ცოტას ხნობით შეუძლიან ნიჭისა და ჭკუა-გონების გამოჩენა, მაგრამ ეს ნიჭი და ჭკუ - გონება მეცადინეობას დიდხანს ვერ აიტანს, მალე იღლება, იქანცებაო. თუმცა ესეთი განაჩენი, მის დამადგენელთა აზრით, მტკიცე საფუძველზე იყო დამყარებული, მაგრამ ხანდისხან, მასთავე თვალში, ძირიან - ფესვიანად ირყეოდა, დაშლა-დაფუტკვნასა ლამობდა იგი. ორ-სამ თვეში ერთხელ გედევანი უცებ გამოერკვეოდა ხოლმე ფიქრებიდან, ამაყად იღებდა თავს მაღლა, ძველებურად აფრინდებოდა წიგნებს და მისი ნიჭიერება კვლავ შლიდა ფრთებს, კვლავ მიჰქროდა წინ. გაოცებული მასწავლებელნი უაზროდ შლიდნენ ხელებს, იკრავდნენ წარბებს, ფიქრობდნენ და ვერაფრით ვერ აეხსნათ ეს „სასწაული“, მაგრამ ესეთი გამოფხიზლება გედევანის ჭკუა-გონებისა გასტანდა ხოლმე მხოლოდ რამდენსამე დღესა. შემდეგ ხელახლა უბრუნდებოდა ოცნებათა სამთავროს, სადაც სახელმწიფო ტახტზე მზესავითა ბრწყინავდა მშვენიერი ღმერთი პოეზიისა, ღვთაება სიყვარულისა. ასე მიდიოდა გედევანის საქმე მაისის გასვლა. XXIII დასრულდა სასწავლო წელიწადი. გედევანი იმავე კლასში იქნა დატოვებული, მაგრამ ეს გარემოება მას აინუნშიც არ ჩაუგდია! იგი ამ დროს მხოლოდ ერთი აზრით, ერთი ნატვრით იყო გამსჭვალული. მას უნდოდა, ენატრებოდა თავისი ძვირფასი, საყვარელი, სათაყვანო სულიკოს ნახვა. სამი, სამი დღე კიდევ და მერე ეს ნატვრაც აუსრულდება გედევანსა. მაგრამ, სამი დღე, ღმერთო ჩემო, როდის მოეღება ბოლო ამ სამ დღესა? და ნაღვლიანად ფიქრობდა გედევანი. მას ეს სამი დღე სამ საუკუნედ ეჩვენებოდა, და აჰა, გარემოებათა მსვლელობამ თითქოს შეიბრალა იგი... ერთ დღეს, ჯერ ისევ დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც სასწავლებლის მოსამსახურემ გადასცა მას დეპეშა, რომლითაც ატყობინებდნენ მამის ავადმყოფობას და სთხოვდნენ რაც შეიძლება მალე მისვლასა. იმავე დღეს გედევანი სოფელში დაიბადა. კარგა ხშირი ბინდი იყო, როდესაც თავის სახლ-კარს მიადგა, ეზოს კარებში მას დახვდა ცოტა გამხდარი, ფერმკთალი, მაგრამ დიდად გალამაზებული სულიკო, აქამდე გედევანს ხშირად აგონდებოდა ავადმყოფი მამა. სულიკოს დანახვაზე კი ყველანი და ყველაფერი მიავიწყდა. ჯერ ისევ მომავალი ეტლიდან მარდად გადმოფრინდა და მარტო მყოფ სულიკოს ტუჩებს დაეკრო და დაეწაფა. ასე იდგნენ იგინი დიდხანს სულგანაბულნი, სუნთქვა შეხუთულნი. შემდეგ, როცა ერთმანეთს მოშორდნენ, თვალცრემლიანმა გედევანმა ნეტარებით შეხედა ბედნიერებით გატკრციალებულს, სიკეკლუცის ღვთაებად გამობრწყინებულ სულიკოს და აღტაცებით წარმოსთქვა: - ოხ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემი სული და გული, გრძნობა და აზრი, მთელი ჩემი სიცოცხლეც შენს მშვენიერ სხეულში იდგეს, რომ ჩვენ ორნი ერთ არსებად ვიყვეთ გადაქცეულნი! - ეგრეც იქნება, გენაცვალე, ეგრეც, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო იმედო, ჩემო სასოებავ! - შესძახა სულიკომ და აღზნებულის მხურვალებით კვალად ჩაეკრო და ჩაეკონა გულში. ამ დროს მათ შემოესმათ ფეხის ხმაურობა, ფიცხლავ განშორდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ახლა მოაგონდათ მოხუცი ავადმყოფი. გედევანი შევარდა სახლში. პალტო და ქუდი ტახტზე მიჰყარა და გაჰქანდა მამის ოთახისაკენ. ფრთხილად შეაღო კარები და შევიდა შიგნით. პირველად მან დაინახა ოლარჩამოგდებული მღვდელი, რომელსაც პატარა კოვზით წმინდა საიდუმლო ეჭირა ხელში. მღვდლის წინ, მაღალ განიერ ტახტზე მან შენიშნა ლოგინში მწოლარე, ბალიშებზე მისვენებული გამხდარ-გაყვითლებული მოხუცი, რომელიც ისე იყო გამოცვლილი, რომ კაი ხანს სრულიად ვერ იცნო იგი. მოხუცს როგორც ჩანდა, თვალები კარებისაკენ ეჭირა. დაინახა თუ არა შვილი, სახე გაუბრწყინდა, თავი მაღლა აიღო და ხელით ანიშნა-მოიცადეო, მოწიწებით მიიღო საიდუმლო. შემდეგ დაუძახა შვილს და რამდენჯერმე აკოცა შუბლზე. როცა ცოტა შეისვენა, თავი გადმოიღო შვილისკენ და დაბალი, სუსტი ხმით წარმოსთქვა: - მადლობ, ჩემს გამჩენ მეუფეს, რომ შენი უნახავი არ მომკლა! - შემდეგ მღვდელს ანიშნა, რომ გასულიყო გარეთ. ოთახში მხოლოდ მამა-შვილი დარჩა. კაი ხანს გარშემო სამარისებული სიჩუმე იყო დამყარებული, მაგრამ ესე თხუთმეტიოდე წამის შემდეგ უცებ გაისმა მთელ სასახლეში შემაძრწუნებელი ღრიალი, მაშინათვე მღვდელი, ექიმი, თინათინი, სულიკო შეცვივდნენ ავადმყოფის ოთახში. ტახტის წინ, იატაკზე მათ დაინახეს გულშეწუხებული გედევანი, ხოლო ტახტზე უგუნურად თვალებდაჭყეტილი, მთლად გადარეული სულთ-მბრძოლო მოხუცი. გედევანს დასტაცეს ხელი, გამოიტაცეს მეორე ოთახში და სიჩქარით უწყეს მოსულიერება. გულშეწუხებული მალე მოვიდა გრძნობაზე. დაუბრუნდა თუ არა მოაზრება, გედევანი წამოვარდა ფეხზე, ტორტმან-ბარბაცით შევარდა მამის ოთახში და უკვე მიბინარებულ მომაკვდავს დაეცა გულზედა, აცახცახებულის ხმით დაიძახა: - მამა, მამა, შენი ჭირიმე, ერთი კიდევ გამაგონე: მართალია, რაც მითხარი, თუ არა? მომაკვდავმა თვალები გაახილა, ჯერ ხატს მიაპყრო იგინი, მერმე შვილსა და გასაგონად, ცხადად და მკაფიოდ წარმოსთქვა: - მართალია!.. - და დალია სული. გედევანმა ორთავხელები ღონივრად შემოიკრა თავში და აცახცახებულის ხმით დაიძახა: - სულიკო!.. - რა გინდა? შენ თავს შემოგევლოს სულიკო!.. აქა ვარ, აქ, შენს სახელს ვეთაყვანე, გედევან!.. - სულიკო მივარდა გედევანს და, თავდავიწყებული, მხურვალედ უპირებდა მოხვევნას, მაგრამ მთლად გაყვითლებულმა, სახეშეშლილმა გედევანმა ხელი ჰკრა, თავიდან მოიშორა და უთხრა: - შორს, შორს, ჩემგან, სულიკო!.. რაც ვცოდეთ ისიც კმარა!.. ახლა შენ კი არ მინდიხარ, დანა მინდა, ხანჯალი, რევოლვერი, სიკვდილი მინდა, სიკვდილი!! - მოშორდით ყველანი... - დაიძახა ექიმმა. მერმე მივიდა გედევანთან, ხელი წაავლო და ნელ-ნელა გაიყვანა განაპირა ოთახში. სულიკო მისდევდა უკან, გიჟივით ურბენდა გარშემო, ლამაზ თმებს გამწარებით იბრდღვნიდა და გულამოსკვნით ქვითინებდა. იტირე, იტირე, ჩემო საბრალოვ!.. ამიერიდან დასრულდა შენი სიცოცხლის ვარდ-ბულბულიანი გაზაფხული!.. ულმობელმა გარემოებამ მტვრად აქცია შენი წმინდათა წმინდა!!! ყელი გამოსჭრა შენს ღვთაებას!.. დედამიწის ზურგიდან აღგავა შენი ბედნიერება!.. შენისთანა უბადრუკს ამქვეყნად სხვა რაღა დარჩენია, თუ არა ტირილი და თავში ცემა!.. ოხ, მუხთალო, უსამართლო წუთისოფელი!.. წყეული იყვეს, წყეული შენი ბოროტი დაუდგომლობა, შენი ცბიერი, უსწორმასწორო, წაღმა - უკუღმა ტრიალი!!.. XXIV მეორე დღეს დილა ადრიან, მოიჭრა ქალაქიდან ჩვენი ძველი ნაცნობი, მიხეილ ბაადურიჩი. ამან ჯერ მაღალის ხმით გამოიტირა განსვენებული თონიკე და შემდეგ, ვითომდა მეტისმეტად შეწუხებულმა გედევანის მდგომარეობით, გასწია ავადმყოფის ოთახისკენ. აქ დახვდნენ ექიმი, სულიკო, მოხუცი გამდელი და ლოგინში უგრძნობლად მწოლიარე ახალგაზრდა მემკვიდრე გარდაცვალებულის თავადისა. ექიმმა აუხსნა მჟაუნაშვილს გედევანის ავადმყოფობა, რომელსაც უწოდა სახელად ტვინის ანთება. წინააღმდეგ ექიმთა ჩვეულებისა, გააბა ლაპარაკი მოხსსენებულ ავადმყოფობაზე, ილაპარაკა, ილაპარაკა იმდენ ხანს, სინამ თვითონაც არ დაიღალა და თავის მომთმინო მსმენელთაც თავი არ მოაბეზრა: ბოლოს დაუმატა, რომ თუმცა ავადმყოფი დიდ განსაცდელშია, მაგრამ-ერთის მხრივ-ახალგაზრდა ბუნებისა, მეორეს მხრივ – მოვლისა და წამლობის იმედი მაქვს, რომ განსაცდელიდან იგი უვნებელ გამოვაო. ყველა ეს ჩვენმა მიხეილმა ყურადღებით მოისმინა, მძიმე თავის დაკვრით მადლობა განუცხადა ექიმს მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის და სთხოვა, რომ არ დაეზოგა მას არავითარი ღონისძიება, ეხმარა ყოველი საშუალება,რათა ძვირფასი ავადმყოფი მალე ფეხზე დაეყენებინა. შემდეგ დაკვირვებით მიესალმა მწუხარებისაგან სახეშეშლილ სულიკოს. საწყალმა ამჟამად კი ვეღარ შეძლო თავისი გრძნობის დამალვა!.. ორივ ხელები გაუშვირა მიხეილს და ცრემლით შესთხოვა მორჩენა გედევანისა. აქამომდე თუ რაიმე ეჭვი ქონდა ამ ყმაწვილი ქალ-ვაჟის ურთიერთ გრძნობის შესახებ, ახლა, როცა ასე ჭერმეტყველურად გამოეხატა ეს გრძნობა, მჟაუნაშვილმა ყველაფერი ცხადად დაინახა. გულში რამდენჯერმე გაბრაზებით შეუკურთხა საზოგადოდ ყველა თავადებს, ხოლო ენით კი მშვიდობიანად წარმოსთქვა შემდეგი: - კარგად მესმის ჩემი მოვალეობა და ყოვლის ღონის ძიებით ვეცდები, რომ მას არ ვუღალატო. დაგარწმუნებთ, რომ ავადმყოფს არა დაუშავდა - რა. ამის შემდეგ მეორე ოთახში გაიხმო მოხუცი თინათინი და მასთან დიდხანს ითათბირა თონიკეს დასაფლავების შესახებ. დაიბარა მოურავი, გასცა საჭირო ბრძანებანი შესახებ დიდი სანოვაგის დამზადებისა; დაათვალიერა მარანი სავსე საუცხოვო ძველი ღვინოებით; გაგზავნა აქეთ-იქით ბიჭები სხვადასხვა გვარის მინდობილებითა, ხოლო თვითონ იმავე დღეს გაეჩქარა ქალაქისაკენ. აქედან გაგზავნა რამდენიმე დეპეშა, რომელთა შორის ერთი უფრო მეტის მეცადინეობით შეადგინა. ეს იყო ტელეგრამა თონიკეს დის, კნეინა რუსუდანის, სახელობაზე, შემდეგ შვილისა მოხსენებული კნეინა ბრძანდებოდა ყველაზე დაახლოებული ნათესავი თავადი თონიკესი. იგი იყო გათხოვილი საქართველოს ერთგანაპირა მხარეში. მეუღლე მისი, თავადი ზურაბი, სამსახურიდან გამოსული გვარდიის პოლკოვნიკი ბრძანდებოდა. დიდი შეძლება, ლამაზი შეხედულება, მხიარული ხასიათი და თვით სამსახურით ნებას აძლევდნენ ახალგაზრდა აფიცერს, რომ უდარდელად ეტარებინა შესაფერისი სასიამოვნო ცხოვრება. ყველამ კარგად იცის ამ ცხოვრების დედა-აზრი! სიცოცხლე ხანგრძლივი არ არის!.. რამდენათაც კი შეიძლო, დაეწაფა წუთისოფლის სიტკბოებასაო!.. ამბობს იგი. და ჩვენი უდარდელი რაინდი ერთგულად ასრულებდა ამ მოძღვრების მცნებათა. იგი იყო ყოველი ლხინისა და დროის გატარების თაიგული. სადაც კი სუფრა გაიშლებოდა, იქ აუცილებლად ტოლუმბაშობდა თავადი ზურაბი. თავის რიგობაზე იგი ყველაფერით შემკული იყო. მხოლოდ საუბედუროდ, ერთ რამ ნაკლულევანება ჰქონდა: ბახუსის ერთგულებით სახელგანთქმული თავადი, სამსახურში ვერ იჩენდა ერთგულებასა. ამის გამო ოცდაათ წელიწადზე მეტი გაატარა სამსახურში და მაინც პოლკოვნიკობაზე ზევით ვეღარ აიწია. ორმოცდაათ წლამდე იცადა და როცა ამ წლოვანების შესრულდა, გამოვიდა სამსახურიდან, შეირთო სილამაზით განთქმული, დროს შესაფერად განათლებული რუსუდანი და სამუდამოდ დაიმკვიდრა მამა-პაპეულ ადგილ-მამულში. წარსული ცხოვრებით დაღლილ-დაქანცული, იგი ადვილად დაემორჩილა მშვიდი და წყნარი მეუღლის გავლენას, აქეთ-იქით სიარულს, ფულის უხეიროდ ფლანგვას, მშვენიერ სქესთან ფრენა-ლხენას თავი დაანება. ერთი ნაწილი მამულისა გაყიდა, ეს ფული მეუღლის მზითევს დაუმატა და მით ძლივ-ძლივობისას გაითავისუფლა მოვალეების ბრჭყალებში მყოფი თავი. დანარჩენი მამულის შემოსავლით და თავისი პენსიით იწყო არა მდიდრაჯული, მაგრამ მყუდრო და ლაზათიანი ცხოვრება. საქმე ისე კარგად წაიყვანა, რომ ბედნიერ კაცად ჩარაცხა თავის თავს, ერთი წყეული გარემოება რომ არ აჰკვიატებოდა. ეს გახლდათ უშვილობა, რომელიც ცოლსაცა და ქმარსაც ძლიერ აწუხებდა. ბევრნაირი საშუალებანი სცადეს; ექიმებსაც მრავალჯერ მიმართეს, ერთ წელიწადს საზღვარგარეთაც ბრძანდებოდნენ, მაგრამ მოხსენებულ გარემოებასთან მაინც ვერა გააწყეს-რა. რუსუდანმა იცოდა ქმრის წარსული ცხოვრება და ამის გამო უშვილობის მიზეზად მხოლოდ მას რაცხდა. დიდის სიფრთხილით და საიდუმლოებით იგი მთელი ოთახი წლის განმავლობაში ბეჯითად სცდიდა ამ დასკვნის სიმართლეს, მაგრამ ბოლოს მწუხარებით დაინახა მისი სრული უსაფუძვლობა. ამის შემდეგ კნეინამ მიმართა ლოცვა- ვედრებას, მონასტრებსა და სალოცავებში სიარულს. საუბედუროდ, აქედანაც ხელცარიელი დარჩა. რაკი სხვა საშუალებანი ვეღარა გამოძებნა-რა, იძულებული გახდა-დამორჩილებოდა თავის უწყალობო ბედსა. ამასობაში გავიდა დრო და ჟამი! მეუღლე უდროოდ მოუხუცდა, დაუსნეულდა. მხიარულ და სასიამოვნო ზურაბს ამჯამად კაცი ვეღარ იცნობდა. წყეულმა ავადმყოფობამ, გამუდმებულმა ლოგინში წოლამ სრულიად შეუცვალა არა მხოლოდ გარეგანი შეხედულება, არამედ თან მიაყოლა მისი ხასიათიცა. დილიდან საღამომდისინ მის ოთახში ისმოდა მხოლოდ ერთი უსიამოვნო ბუზღუნი და ხანდისხან ამ ბუზღუნს ამაზედ უფრო უსიამოვნო ლანძღვა გინებაც მისდევდა. რაც უნდა მტკიცედ აღესრულებინათ მისი სურვილი, ის მაინც იპოვიდა რაიმე მიზეზს და სულ უბრალო რამეზე ასტეხდა ერთ უშველებელ დაუსრულებელ აურზაურსა. გაანჩხლებული, გაბოროტებული ქმარი მშვიდსა და ჭკვიან ცოლსაც არ აყრიდა ხეირსა. ხშირად გამოიგონებდა ხოლმე რაიმე სულელურ ამბავს, თავის უდანაშაულო მეუღლეს ჩაურევდა ამ ამბავში და შემდეგ ბალღივით მოჰყვებოდა ტირილს, წუწუნს, ორ-სამ დღეობით ებუტებოდა ცოლსა, ხმას არ სცემდა. როცა ამ უნძრახობას ათავებდა, მერმე სხვადასხვა ცილისწამებას მიჰყოფდა ხოლმე ხელსა და უშვერი საყვედურებით ახრჩობდა საწყალ მეუღლეს. ყოველ ამ სიკეთეს ბოლო ჟამს ეჭვიანობაც დაემატა. ტვინშერყეული მოხუცის აზრით, არა მხოლოდ სტუმრები, არამედ მოსამსახურენიც კი სარგებლობდნენ მისი კნეინის სარეცელითა. მომეტებულად აითვალისწუნა ერთი ლამაზი ხელზედ მოსამსახურე იმერელი. აითვალწუნა და სინამ არ გააგდო, მოსვენებას არ აძლევდა. რასაკვირველია, ყველა ეს შედეგი იყო ხანგრძლივის სნეულობისა, მაგრამ თვით ეს შედეგიც უმნიშვნელოდ როდის წყდებოდა.. ტრიალდებოდა ხშირად უკანა და თავის მიზეზედ ახდენდა გავლენას, მის ძალსა და ბოროტებას აორკეცებდა. ამის გამო უბედური ზურაბი მალე სრულიად დაუძლურდა და ერთ ღამეს თავის საბედნიეროდ და მის გარშემო მყოფთა სასიამოვნოდ გამოეთხოვა იმ წუთისოფელს, რომელიც, პოეტისა არ იყვეს; „არვის დაინდობს, არვის გაიტანს; უდროვოდ ალხენს, უდროვოდ აწყენს, კაცს აბურთავებს, სად არ გაიტანს“. თავადი ზურაბი გამოეთხოვა წუთისოფელს, მაგრამ ამ წუთისოფლის ზოგიერთი რამ საქმეები კი წესიერად დასტოვა. აღმოჩნდა კანონიერად შედგენილი ანდერძი, რომლითაც მთელი მოძრავი ქონება განსვენებულისა რჩებოდა კნეინა რუსუდანს. ანდერძთან აღმოჩნდა აგრეთვე იმავე რუსუდანის სახელობაზე სამიათასი თუმნის თამასუქი, რომლის შემწეობით განსვენებულის უძრავი ქონებაც ქვრივმა კნეინამ დაინარჩუნა. რუსუდანი ამ დროს ორმოც წელს გადაცილებული იყო... უკანასკნელმა წელიწადმა მასზე საშინელი გავლენა მოახდინა: გუნებით მაგარი აგებულების ქალი უდროვოდ გასტეხა, თმაში ჭაღარა გამოურია, ლამაზი სახის კანი ათასნაირად დაუნაოჭა. თუმცა ეს ასე იყო, მაგრამ დაქვრივების შემდეგ მაინც ბლომად აღმოჩნდნენ მისთვის „გაგიჟებული ჟენიხები“. ჭკვიანმა რუსუდანმა ყველა ესენი ზრდილობიანად მოიშორა თავიდან, დარჩა ქვრივად და სიამოვნებით მიეცა თავისუფალ, ნებიერ ცხოვრებასა. XXV კნეინა რუსუდანს რკინიგზის სადგურზე დახვდა მიხეილ მჟაუნაშვილი. ენა მოქარგული მიხეილი რამდენიმე ფარისევლური სიტყვით და თავდაბლური მორჩილებით მიესალმა მწუხარე კნეინას. დამზადებული ეტლი მიართვა მას და მაშინათვე გამოაქანა სოფლისაკენ. გზაზედ მიხეილმა ცხადად დაინახა, რომ კეთილი შთაბეჭდილება მოახდინა ხნიერ მანდილოსანზე. ხოლო ეს კეთილი შთაბეჭდილება ერთი-ორად გაძლიერდა, როდესაც მათმა ბრწყინვალებამ თავისი თვალით იხილა სამგლოვიაროდ დამზადებული დარბაზი, რომელშიაც იდგა ძვირფასი კუბო, მოფენილი ათასნაირი ყვავილებით; აგრეთვე, როდესაც მიიხედ-მოიხედა და გამოცდილის თვალით ყველგან შენიშნა საკვირველი წესრიგი და შესაფერი მზადება განსვენებულის ბრწყინვალედ დასაფლავებისათვის. კნეინამ მაშინათვე ჭკვიან კაცად აღიარა მჟაუნაშვილი და ოჯახის ერთგულ მეგობრად სცნო იგი. პირველ გამოტირების შემდეგ ესეთი თავისი აზრი რუსუდანმა სიტყვითაც გამოსთქვა: აქო მიხეილის ყველა განკარგულება და გულწრფელი მადლობა მოუხადა მას. გამოცდილმა მჟაუნაშვილმა ისარგებლა ამ წამით და მოახსენა კნეინას: - თქვენო ბრწყინვალებავ! ვიდრე თქვენ აქ არა ბრძანდებოდით, უბედურმა შემთხვევამ ამ ღირსეულ ოჯახში პირველობა მარგუნა! მე ვახდენდი განკარგულებას, ვაძლევდი ბრძანებას. ამ ჟამად კი თქვენა ბრძანდებით უფროსი ამ სახლისა. როცა გნებავთ, ბრძანეთ, და მე უმორჩილესად ავასრულებ ყოველ თქვენს ბრძანებას!.. მოახდინეთ განკარგულება და იგი იმავე წამს იქნება აღსრულებაში მოყვანილი. - არა, ჩემო კარგო, - უპასუხა პატივისცემით კნეინამ, - სიამოვნებით ვხედავ თქვენს გონიერებას, თქვენს ერთგულებას და ამიტომ ამ ჟამადაც ისევ თქვენ უნდა დარჩეთ უფროსად თქვენგან საქმეებისა. როცა ჩემი გედევანი კარგად გამიხდება, მაშინაც თქვენ უნდა იყვეთ მისი ხელმძღვანელი რამდენსამე წელსა. - ამის შემდეგ მიხეილი მეორე ოთახში გაიყვანა და დაბალის ხმით უთხრა: - თუმცა ეხლა დრო არ არის ამ საგანზე ლაპარაკისა, მაგრამ, სინამ შემდეგ დავუბრუნდებოდეთ მას, მინდა ცოტა რამ ეხლავე გავიგო. მითხარით, გულგახსნით მითხარით ყველაფერი: ვინ არის ის ლამაზი ყმაწვილი, რომელიც ჩემი ძმისწულის ოთახშია და ისე ერთგულად უვლის ავადმყოფსა? - ეგა, ბატონო, ერთი ობოლი გლეხის ქალი გახლავთ, განსვენებულს, თქვენს ძმას, შებრალებოდა და მოიყვანა აქა.,,სამიოდ-ოთხი წელიწადი ჩემთან ვამყოფებ და მერმე მე თითონ გავათხოვებო......“ იტყოდა ხოლმე თავადი დონიკე. - რამდენი ხანია, რაც ეგ ქალი აქ არის? - ეს მეორე წელიწადი სრულდება! - განა მავნებელი არ არის მაგისთანა ლამაზი გოგოს დარჩენა ჩემ ძმისწულთანა? - დიდად მოხარული ვარ, კნეინა, რომ ამ საგანზედაც ჩვენ ერთი და იმავე აზრისა ვყოფილვართ. განსვენებულს რამდენჯერმე მოვახსენე – რამდენად მავნებელია ახალგაზრდა ქალ-ვაჟის დაახლოვება, მაგრამ ის ყურადღებასაც არ აქცევდა ჩემს სიტყვებს, და მეც იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავ. - ჩემი უბედური ძმის პატივისცემით მე მაგ ქალს ამ ოჯახიდან არ დავითხოვ, მხოლოდ გედევანს კი უთუოდ უნდა მოვაშოროთ. ეხლა კმარა ამაზედ ლაპარაკი.... ვიფიქროთ კიდევ და ხვალ თუ ზეგ ასე თუ ისე გადავწყვიტოთ. დღეს კი ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ გარდაცვალებული ისე დავასაფლავოთ, როგორც შეჰფერის მის გვარიშვილობას. - მჟაუნაშვილმა, ნიშნად თანხმობისა და მორჩილებისა მძიმედ დაუკრა თავი და გამობრუნდა უკან. საჭირო იყო ყველგან მისი ყოფნა. ყოველი მხრიდან აუარებელი სტუმარი მოაწყდა თონიკეს ოჯახს. მობრძანდა ღრმად მოხუცებული ეპისკოპოზი მრავალი სამღვდელოებით; მოვიდნენ გუბერნიისა და ორი- სამი მაზრის კეთილშობილთა წინამძღვრებიც, რომელთაც დიდძალი თავადაზნაურობა მოჰყვა. მთისა და ბარის მცხოვრებნი, დროებით ვალდებულნი გლეხნი თონიკესი, ჭიანჭველასავით ირეოდნენ მთელ სოფელში. დაიკლა ორას სულამდე წვრილი და მსხვილი საქონელი. მარტო თევზეულობა სამოცი თუმნისა იქმნა ბაზრიდან მოტანილი. დაინთქა და დაილია ას კოკამდე ღვინო. დიდის ამბით და ყოფით გამოასვენეს გარდაცვალებული და უთვალავი ხალხის თანდასწრებით შეასვენეს იგი ბაგრატ დიდის დროს აშენებულ, დროთა ბრუნვისაგან დაძველებულ, დიდებულ ტაძარში, სადაც იყო გამზადებული საუკუნო სავანე განსვენებულისათვის. წირვასა და პანაშვიდზე რამდენიმე სიტყვა იქმნა წარმოთქმული. მქადაგებელთა ქება-დიდებით მოიხსენიეს განსვენებულის თეთრი პური, წითელი ღვინო, სტუმართმოყვარეობა, მისი მოხდენილი ახოვანება, ვაჟკაცური შეხედულობა, რომლის გამო იგი შეადარეს ვახტანგ გორგასლანს და დავით აღმაშენებელს, არ დასტოვეს უყურადღებოდ მისი ლაზათიანი ქართული ჩაცმა-დახურვა, მისი მოსწრებული მახვილი სიტყვა-პასუხი... ერთის სიტყვით, მოხსნეს მჭერმეტყველების გუდას პირი და, რა გინდა სულო და გულო, რომ იქიდან არ ამოყაჭეს?.. ბოლოს, პანაშვიდის დასასრულ, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოზმაც წარმოსთქვა მოკლე, მაგრამ დიდად საყურადღებო სიტყვა, რომელიც მომყავს აქ თავით ბოლომდე. მათმა მეუფებამ პირველად აიღო თავი მაღლა და იწყო თვალიერება ტაძრისა; შემდეგ ხელი გაიშვირა ეკლესიის გუმბათისაკენ და ხმამაღლა დაიძახა: -აის რა ამბავია? რა მოსვლია ამ მშვენიერ გუმბათს? -მთელმა საზოგადოებამ აიხედა მაღლა, ორიოდ წუთის შემდეგ გაისმა რამდენიმე ხმა: -წვეთი ჩამოსულა!.. -დიახ, დაიძახა მოხუცებულმა მღვდელმთავარმა, - სწორედ წვეთი ჩამოსულა და გაუოხრებია ძვირფასის ხელოვნებით შემკული გუმბათი. აგერ, მარცხნივ თაღშიაც ჩამოსულა წვეთი, ჩამოურეცხავს მთელი კედელი და თან ჩამოუტანია საუცხოვო ძველი მხატვრობანი, წაუშლია წმინდა მამათა სახენი. აჰა, დიდებული ხატი ცისა და ქვეყნის შემოქმედისა!.. შეხედეთ – რა ყოფაშია! აქაც წვიმა ჩამოსულა და ჩამოუნგრევია ზემოთა პირი კედლისა... ახლა, ამ ოდესმე მშვენიერ კანკელსაც მიაქციეთ თქვენი ყურადღება, რანაირ დაძველებულა, გაფუჭებულა ყველაფერი. მთელი ტაძარი შიგნით, თუ გარედან უზრუნველობას, უპატრონობას ნაოხრად გადაუქცევია, ახლა მიბრძანეთ: ვინ არის დამნაშავე ყველასავე ამაში?.. შენ, შენა ხარ უმთავრესად, განსვენებულო თავადო თონიკე!.. რას აკეთებდი შენ მაშინ, როცა ეს სასიქადულო ძეგლი დიდებულ წინაპართა ამ ყოფაში ვარდებოდა?.. რა შრომა გაგიწევია, რა ამაგი დაგიდვია ამ ტაძრისათვის, რომ მის წმინდა კედელთა შორის განგიზრახავს დასაფლავება? ვინმე, მუქთახორა, რომ შემოსულიყო შენის სასახლის რომელსამე ოთახში და მოენდომებინა სამუდამოდ აქ დარჩენა, რას ეტყოდი მას, განსვენებულო?.. ეჭვი არ უნდა, განრისხდებოდა თქვენი ბრწყინვალება და ბატონ-კაცური ფეხების ბრახუნით გამოაგდებდა კარზე იმ თავხედ ვაჟბატონს. ხოლო შენ რომელი უფლების ძალით შემოსულხარ მრავალ ტანჯულ მეფისაგან აგებულ ღვთის ტაძარში და გნებავს საუკუნოდ მოკალათება მასში?.. მიბძანე, ერთი: რა გაქვს შენ შენის მეცადინეობით, გამჭრიახობით შეძენილი? - არაფერი! ყოველივე, რაც კი გაქვს ღვთისა და ხელმწიფის წყალობაა! ღმერთმა მოგცა სარჩო, ხელმწიფემ გაგიმრავლა დოვლათი. ხოლო შენ ვის აძლევდი შემწეობას! ნუგეშს!.. ვის უწევდი წყალობას?.. საზოგადო და საქვეყნო საქმეზე რა დაგიხარჯავს? დარწმუნებული ვარ, სულიც რომ გედგას, ამ კითხვების პასუხად სიტყვასაც ვერ მოახერხებდი, კრინტსაც ვერ დასძრამდი! ისევე გაიკმენდდი ხმას, როგორც ეხლა ხარ, უბადრუკო, ენა ჩავარდნილი. მაგრამ იქ, ზეციერ სამსჯავროში, ეგ სიჩუმე ვეღარაფრად გამოგადგება! საცოდავო, უსულ-დგმულო მთვარისაგან მაინც მიიღებდი მაგალითსა! მთვარე მზისაგან იღებს სინათლეს, ხოლო ამ სინათლეს იგი მარტო თავისთვის როდი ინახავს: ღამღამობით ჩვენს დედამიწასაც უგზავნის იგი ნათელსა: დიდსა და პატარას, ღარიბსა და მდიდარს ერთგვარად უშუქებს და უტკბობს სიცოცხლესა. შენ?.. შენ მხოლოდ შენს თავს ასიამოვნებდი: სჭამდი, სვამდი, აფუფუნებდი იმ სხეულს, რომელიც დღეს ასე გახრწნილა, აყროლებულა და დღესვე სამარის ჭიისა და მატლის მსხვერპლი შეიქმნება. ახლა, მიბრძანეთ ერთი: ამ გახრწნილი გვამის პატივსაცემად რამდენი თუმანი ფული დაიხარჯება დღეს?.. როგორც გავიგონე, დღევანდელი ხარჯი ათას თუმანს აღემატებაო. ღმერო ჩემო!.. ათასი თუმანი აყროლებული გვამის გასაპატიოსნებლად?! რა უბედურებაა ჩვენს თავსა?! ეკლესიას, სამშობლო ქვეყანას, ქვრივ-ობოლთ, ჩვენი ესოდენ სიღარიბეს და გაჭირვებას რამდენი თუმანი უანდერძა განსვენებულმა? ამაზედ არაფერი არა ისმის – რა და დარწმუნებულიცა ვარ, რომ არაფერიც არ იქნება. ყველა ამაში მარტო გარდაცვალებულს როდი ვამტყუნებ. აქ დიდად დამნაშავეა ის სასულიერო წოდებაც, რომელიც ამ გვარ სულიერ შვილებსა ზდის; ხოლო ყველაზე უფრო მეტად დამნაშავე ვარ მე, ცოდვილი და უბადრუკი მონა ღვთისა. სჩანს მეც დიდად ცოდვილი ვარ, რომ ამ გვარ შვილებს შევესწარ, მათთან ვცხოვრობ და მათ კი არა ესმით- რა ჩემი. ცოდვილთა შემწყნარებელო ღმერთო, შემინდე ბოროტებანი ჩემნი, აღხოცე უსჯულოება ცხოვრებისა ჩემისა!.. მოჰფინე მადლი შენს ქვეყანასა, შენთვის ჯვარცმულსა! აღადგინე ჩვენს ერში სული მათი, რომელთაც აღაშენეს წმინდა ესე ტაძარი, სული ბაგრატისა, ძისა მისისა გიორგისა და ყოველთა მათთა, რომელნიც გასაოცარის მხნეობით და ვაჟკაცობით ებრძოდნენ უძლეველ მტარვალთ, ღვთის რისხვა თემურსა: ხოლო ამ უბედურსაც, განსვენებულ თავადს, თონიკესაც, მიუტევე ყოველივე შეცოდებანი მისნი და დაამკვიდრე სული მისი წიაღსა შინა აბრაამისასა. ამინ. გათავდა სიტყვა, გაჩუმდა ყოვლად სამღვდელო. დიდი გავლენა მოახდინა ამ უბრალო სიტყვამ საზოგადოებაზე. მცირეოდენი შეგნებული ნაწილი საზოგადოებისა აღტაცებული იყო სიტყვის შინაარსით, ხოლო უმრავლესობა აღშფოთდა, ეკლესიაშივე აღრიალდა, მოხუც მქადაგებელს მუქარითა და ლანძღვა-გინებით იხსენიებდა. - გამოყრუებულა სიბერისაგან ეგ უბედური?.. - იძახოდა ერთი. - მთელს თავადაზნაურობას შეურაცხება მოგვაყენა... უსათუოდ მარშლებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი, ყვიროდა მეორე. - გიჟია და ამასთანავე გაუზრდელი, ბრიყვი... ან კი რა ზრდილობა უნდა მოსთხოვონ მაგას. მამა ჰყავდა გუთნისდედა, ძმები და სახლის-კაცები დღესაც მეღორეებად და მეწისქვილეებად უდგანან, - ღრიალებდა მესამე. კაცების ამ გვარ ალიაქოთს, დედაკაცებიც კვერს უკრავდნენ: თავიანთი ცნობილი მართებული სიტყვა-პასუხი ამ ჟამად გვერდზე მიეგდოთ და ჭეშმარიტების მღაღადებელ უფლის მსახურს უწმაწური სიტყვებით იხსენიებდნენ. ყველა ამათ იმედი ჰქონდათ, რომ კნეინა რუსუდანი ეპისკოპოზის წინააღმდეგ ხმას აღიმაღლებდა. გამბედავ ბერს ენას მოაკვნეტინებდა, მაგრამ ეს მოლოდინი უსაფუძვლო გამოდგა; კნეინა რუსუდანს, არა თუ სიტყვით არა უთქვამს – რა მქადაგებლის წინააღმდეგ, სახეზედაც კი არა გამოუხატავს – რა ამ გვარი. მხოლოდ სადილს უკან, როცა ხალხი დაშლას აპირობდა, მჟაუნაშვილი გაიხმო ცალკე ოთახში და წყნარად ჰკითხა: - ეპისკოპოზისთვის რამდენი გაქვს გადადებული? - ოცი თუმანი მქონდა, მაგრამ ეხლა ბევრი მირჩევს, რომ ოცი მანეთის მეტი არ მივცე. -ყურს ნუ უგდებ იმათ! ოც თუმანს ოციც დაუმატე და ორმოცი თუმანი მიართვი. მშიერს მაშინ გააჩუმებ, როცა მაძღრისად მისცემ საჭმელსა. მოხუცმა მღვდელ-მთავარმა ლოცვა-კურთხევით მიიღო ორმოცი თუმანი, იქვე საზოგადოების წინაშე ოთხ ნაწილად და ბავშურის გულწრფელობით იწყო: ეს ათი თუმანი წმინდა გიორგი მთაწმინდელს; ეს მეორე ათი თუმანი ქართულ გალობას; მესამე ათი თუმანი წმინდა ნინოს სამრევლო სკოლას; ხოლო უკანასკნელი ათი თუმანი ღარიბ სტუდენტებს. - თქვენა, ყოვლად სამღვდელო. თქვენ რაღა? - დაიძახა ამ დროს ერთმა ყმაწვილმა მღვდელთაგანმა. აპისკოპოზმა სიბრალულით გადახედა ამის მთქმელს, შემდეგ წარბი შეიკრა და ხმამაღლა დაიძახა: - მღვდელო, მღვდელო, ნუ სცოდავ, მაცდურს ნუ ჰბაძავ... განვედ ჩემგან, განვედ, უგუნურო! XXVI თონიკეს დასაფლავების შემდეგ სრული თვე დარჩა რუსუდანი მამაპაპეულ ოჯახში. იგი მთელს დღესა და ღამეს ატარებდა გედევანთან. ღვიძლი დედა ვერ მოუვლიდა საკუთარ შვილს ისეთის ერგულებით, როგორც კნეინა რუსუდანი უვლიდა ავადმყოფ ძმისწულს. გარდა ნათესაური გრძნობისა, რუსუდანს საგვარეულო, თავმოყვარეობა ამოქმედებდა, მისი გვარი ერთ დროს უწარჩინებულს გვარად ითვლებოდა მთელ საქართველოში. ძლიერება მისი ხანდისხან იქამდისინ მიდიოდა, რომ სახელმწიფოში პირველობას ჩემულობდა, აგროვებდა შეიარაღებულ ჯარს და ბევრჯელ ძლევამოსილებით ებრძოდა მეფეებს. მეცხრამეტე საუკუნის ცვლილებას ეს გვარეულება აღტაცებით მიეგება. რუს-მთავრობის დამყარებას დიდს ერთგულებას უწევდა, სწორედ ისე, როგორც უწინდელ დროში ხონთქრისა და ყეენის ძალმომრეობას ემასახურებოდა ხოლმე. ამის გამო დიდება და გავლენა მისი ამ საუკუნის პირველ ნახევარში არა თუ არ შემცირებულა, არამდ უფრო მეტად ამაღლდა, ამ ქვეყნიური ბრწყინვალებით შეიმოსა. მაგრამ ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ სახელოვან გვარეულობას რაღაც ძლიერი სენი გაუჩდა ძვალში და რბილიში. ბრძოლის ველზედ დაბადებული და აღორძინებული გვარი, მშვიდობიანი შრომის ასპარეზზედ თვალებ ახვეულ ადამანს დაემსგავსა. სინამ ორიოდ-სამი მოხუცებული გენერლები ჰყავდა ამ გვარეულობას, თვის ძველ სახელსა და მნიშვნელობას კიდევ არა ჰკარგავდა; მაგრამ, როდესაც ეს გენერლები ერთიმეორეს ჩაჰყვნენ სამარეში, მოხსენებულმა სნეულებამ თავი იჩინა. სამსახურში მყოფნი მისი წევრნი ნელ-ნელა სხვადასხვა დანაშაულობისათვის, გამოძევებულ იქმნენ. სასწავლებელში მყოფი ახალგაზრდობა, ზოგი ზარმაცობისა და უნიჭობისა გამო და ზოგიც აბეზარი, აუტანელი ხასიათისათვის გამორეკეს. დაეცა, დაწვრიმალდა როგორც ქონებით, ისე ზნეობით, დაუძლურდა დიდებული გვარი. ამ ბოლოს დროს საქმე იქამდისინ მივიდა, რომ ერთი ამ გვარის წარმომადგენელი რკინიგზაზე მსახურობს უბრალო კონდუქტორად, ხოლო მეორე დღესაც სატუსაღოში ზის ნახირიდან ღორების მოპარვისათვის. ერთადერთი ოჯახი, რომელმაც დაიცვა ძველი სახელი, იყო ოჯახი თონიკესი. რუსუდანი ჭკვიანი, გამოცდილი მანდილოსანი ბრძანდებოდა. მან იცოდა თავის გვარის წარსული დიდება და ენატრებოდა, რომ ამ გვარს არ მოჰკლებოდნენ ღირსეული წარმომადგენელნი. ამგვარ წარმომადგენლად მომავალში ხედავდა იგი განსვენებული ძმის ერთადერთ მემკვიდრეს, თავის საყვარელ ძმისწულს, რომელიც ამჟამად შეწუხებული ავადმყოფი იწვა და მის მოვლა-ერთგულებას თხოულობდა. კნეინა რუსუდანი არ ზოგავდა თავის თავს. ნებიერ ცხოვრებას დაჩვეული, იგი დღეს სიამოვნებით ეწეოდა მომვლელი დედაკაცის, უღელსა. ყოველ წამს თავს დასტრიალებდა ავადმყოფს, მაგრამ ამავე დროს სულიკოს ქცევას, მის მცირეოდენ მოძრაობასაც, ის ერთ წამსაც არ ტოვებდა უყურადღებოდ. ზრდილობიანი კნეინა პირდაპირ მის საწყენს არაფერს ამბობდა, არაფერს არ სჩადიოდა, მაგრამ ყოველი მოქმედება, თვითოეული სიტყვა მისი ისე იყო მიმართული, რომ ყველა ეს ლახვარივითა ჰხვდებოდა სულიკოს დატანჯულ გულსა. მას ოთახში თითქო სრულად ვერავინა ხედავდა; მისი სიტყვა მუდამ უპასუხოდ რჩებოდა; მისი დახმარება არავისთვის საჭირო არ იყო. არა თუ ავადმყოფის მოვლას, არამედ მასთან ახლოს მისვლასაც კი მუდამ რაიმე დაბრკოლება ეღობებოდა წინა. ამ გვარის ქცევით იგი მეორე დღესვე იძულებული გახადეს გასცლოდა ამ ძვირფას, ტაძარზე უწმინდეს ოთახს. კნეინას განკარგულებით იგი დააბინავეს სახლის მეორე მხარეს, ერთ განაპირა ოთახში. ექიმმა აუკრძალა ყველას და მათ შორის სულიკოსაც ავადმყოფთან სიარული. ამ აკრძალვამ მეტისმეტად შეაწუხა სულიკო. პირველ ხანებში ისე ძლიერი იყო ეს შეწუხება რომ მას ეგონა ჭკუაზე შევიშლებიო, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დაწყნარდა, სასოწარკვეთილების საზარელმა სიმშვიდემ მოიკავა მთელი მისი არსება. გამხდარ-გაყვითლებული ქალი დღედაღამ ერთ ადგილას იჯდა, უაზროდ გაიყურებოდა ფანჯარაში და თითქმის განუწყვეტლად რაღაცას ბუტბუტებდა. მხოლოდ ხანდისხან ოცნება გაიტაცებდა ხოლმე, ხმას იმაღლებდა და ამ დროს ისმოდა სევდავარამით სავსე სიტყვები: „სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, სწორედ ასე! ვინ მე და ვინ ისა? სად ვიღაც ოხერ-ტიალი კალატოზის გომბიო და სად დიდი და მდიდარი თავადის შვილი? მე რაც უნდა მომივიდეს, ოღონდ იმას ნურა აუტყდება-რა! გედევანს შემოევლოს ჩემი თავი, ჩემი ბედნიერება!“. სულიკო ხშირად მიმართავდა ხოლმე ლოცა-ვედრებასაც. და ამ დროს ძარღვებ დასუსტებული ქალი გულმოსაკლავად ტიროდა და ქვითინებდა. ასე და ამ ყოფაში გაატარა მთელი თვე და ამ დროს განმავლობაში არც ერთხელ არ უნახავს გედევანი. ნაცვლად გედევანისა იგი თითქმის ყოველ დღე ხედავდა მიხეილ მჟაუნაშვილს. ეს ვაჟბატონი ხშირად დაიარებოდა ხოლმე სულიკოსთან, შევიდოდა თუ არა მის ოთახში, მაშინვე ათასნაირ საარშიყო და საალერსო სიტყვებს გაუშლიდა წინ მწარედ დაღონებულ ქალსა. მაგრამ ეს უკანასკნელი თითქო ვერც კი ამჩნევდა მას. არ ესმოდა მისი სიტყვების რახა-რუხი. როცა პირუტყვული ჟინით გააფთრებული მოარშიყე წრეს გადავიდოდა და ენასთან ხელსაც აწყებინებდა ფათურსა, მხოლოდ მაშინ იკრავდა წარბებს სულიკო, სიბრაზით სავსე თვალებს გიჟივით უბრიალებდა და წყევლა-შეჩვენებით აძევებდა თავის ოთახიდან. ახირებული მოარშიყე იმედს მაინც არ ჰკარგავდა: კარებისკენ მიმავალი ერთ წამს შეჩერდებოდა და მსუნაგ კატასავით ნერწყვის ყლაპვით ეუბნებოდა ტარტაროზად გადაქცეულ ყმაწვილ ქალსა: - რაც უნდა ბევრი იჯავრო, ჩემო მარგალიტო,ბოლოს მაინც ჩემი გახდები და მაშინ მარწყვის ტუჩებს ერთი-ათად გადვუხდი სამაგიეროს. ერთ დილითაც ამნაირად შემოვიდა მჟაუნაშვილი სულიკოს ოთახში და, არშიყობის ნაცვლად, კარებიდანვე დაიძახა: - სულიკო, გედევანს შენი ნახვა უნდა... ადე, წამო ეხლავე, თუ შენც გესიამოვნება მისი ნახვა. სულიკო დაფაცურდა. ლოყები ალისფრად დაუწითლდა და ლამაზ თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალმა ძველებურად გაუელვა. მაშინათვე წამოხტა ზეზე და ფეხაჩქარებით გაჰყვა უკან ამჟამად სასიამოვნო მოციქულსა. როდესაც ავადმყოფის კარებთან მივიდა, პატარა ხანს შეჩერდა. სულს თავისუფლად ვეღარ იბრუნებდა, ძალზე აფანცქალებულ გულს ძაგა-ძუგი გაჰქონდა... ორივ ხელები მაგრა მიიჭირა გულზე და მის წინ გაღებულ კარებში ფრთხილად შედგა ფეხი. პირველად ვერავინ დაინახა. ერთ ადგილას გაჩერდა და შეშინებული თვალები მიაპყრო იმ მხარეს, საითკენაც ეგულებოდა გედევანის საწოლი. - ეთერ, გამარჯვება შენი!.. - უცებ მოესმა სუსტი, მაგრამ ნაცნობი ძვირფასი ხმა. მაშინათვე იცნო ეს ხმა. მოინდომა გაქანებულიყო იქით, საიდანაც მოესმა ეს ხმა, მაგრამ სიტყვა,,ეთერი“ მახვილივით ჩაეცა გულში, მრისხანებით წამოვიდა და უზარმაზარი ზვავივით ჩამოწვა გედევანსა და მის შორის. - შენ რაღადა ხარ ეგრე გამხდარი, ფერწასული?.. შენც ხომ ავად არ იყავ?.. - კვალად მოესმა იგივე სანეტარო ხმა. ახლა კი მოვიდა სულიკო სრულს გრძნობაზე; ახლა კი კარგად დაინახა იგი, ვის თვალის მოკვრასაც მთელი ოცდაათი დღის განმავლობაში სულის ცხონებასავით ნატრობდა. სიყვარულის მადლით გაბრწყინვალებული თვალები მიანათა იმას და ალერსით სავსე კილოთი უპასუხა: - არა, გენაცვალე! მე არა მიშავს-რა!.. ოღონდ შენ იყავ კარგადა. - ახლა მოდი, ვერა გავიგონე-რა! - დაიძახა გედევანმა. - მაღლა ილაპარაკეთ... - უთხრა მას ექიმმა, - ავადმყოფობისაგან ყურთ დააკლდა. სულიკომ მწუხარებით გადახედა გედევანს და მხოლოდ ეხლა შენიშნა მის გვერდით სავარძელში მჯდომი რუსუდანი, რომელიც წარბშეკრული უსიამოვნოდ გამოსცქეროდა მას. - მე სამიოდე დღის შემდეგ მამიდაჩემთან უნდა წავიდე, - წარმოსთქვა კვალად გედევანმა, - ჩემი სახლ-კარი შენა და მიხეილს უნდა გებარებოდეთ. ამ დღიდან, ეთერ, შენ და მე და-ძმანი უნდა ვიყვეთ... და როცა დავბრუნდები, ისედაც გიპატრონებ, როგორც ჩემ საკუთარ დასა. სულიკოს უნდოდა ბევრი რამ ეთქვა, მაგრამ ყელში თითქო რაღაც მოებჯინა, გულის ფანცქალი შეუჩერდა და ენა დაება. კაი ხანს გაშტერებული იდგა, მთელი ტანით თრთოდა, კანკალებდა, ბოლოს როგორც იყო, გაიხსნა კრიჭა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოსთქვა: - ოღონც შენ იყავ კარგად, გედევან, და მე სხვა არა მინდა-რა!.. თუ საიჭიროა, დღესვე წავალ აქედან. - არა, არა, ჩემო სულიკო! - დაიძახა აღელვებით გედევანმა, - შენ რომ აქედან წახვიდე სადმე, მე, ძიელ, ძიელ მეწყინება. აქ უნდა დარჩე, ჩემო ეთერ, სინამ მე დავბრუნდებოდე. მომეცი პატიოსანი სიტყვა, რომ ამ ჩემს სთხოვნას შეასრულებ. - დამშვიდდი, ჩემო გედევან! დამშვიდდი! ვფიცავ შენს კარგად ყოფნას, რომ შენს დაბრუნებამდე მე აქედან არსად არ წავალ! - კნეინა რუსუდანი უკმაყოფილოდ წამოდგა ფეხზე, ძმისწული ბალიშზე მიაწვინა და ექიმს რაღაც ანიშნა თავილითა. უკანასკნელი მივიდა სულიკოსთან და დაბალის ხმით უთხრა: - ახლა კი წაბრძანდით! ავადმყოფისათვის ჯერ კიდევ მავნებელია ბევრი ლაპარაკი. სულიკო გამოვიდა ოთახიდან. იქვე დერეფანში მიეყუდა კედელს და ჩუმის ქვითინით იმეორებდა: - ვაი ჩემს თავს! ვაი ჩემს სიცოცხლეს! როგორ გამხდარა! როგორ გამოცვლილა! მშვიდობით, გენაცვალე! მშვიდობით, თავს შემოგევლე! შენი ბოროტი მამიდას თვალებში ცხადად სჩანს, რაც უდევს მას ჩემს შესახებ თავის დასამიწებელ გულში. შენს თავს აღარავინ მიჩვენებს მე უბედურსა. მოკლე ხნისა იყო ჩემი ბედნიერება, მაგრამ სულით და გულით გმადლობ ამისთვისაც! შენის წყალობით ვიგრძენ სამოთხის ნეტარება! შენი მეოხებით ვიგემე ამქვეყნიური ბედნიერება. ნეტარება, სიამოვნება, ფიანდაზად გაუშალოს უფალმა ყოველს შენს ნაბიჯს, ყოველ წამს შენის ცხოვრებისას! მშვიდობით, ჩემო ღვთაება, ჩემო ანგელოზო! მშვიდობით! XXVII რამდენიმე ხნის შემდეგ კნეინა რუსუდანი და კარგად მომჯობინებული გედევანი ჩასხდნენ ეტლში და წავიდნენ პირდაპირ საგუბერნიო დიდ ქალაქში. ნახეს ყველა იქაური წარჩინებული ექიმები. მოისმინეს მათი რჩევა-დარიგების შესახებ გედევანის მოვლისა და წამლობისა და შემდეგ ერთგულად შეუდგნენ ამ რჩევა-დარიგების ასრულებასა... სხვა ყველაფერში ერთი მეორის მოწინაამღდეგე ექიმები ერთი საგნის შესახებ თითქმის ყველანი თანახმანი იყვნენ ერთმანეთისა. ეს საგანი გახლდათ გედევანის ყურთასმენა. მათის აზრით, ამ სნეულების სრულიად განკურნება ყოვლად შეუძლებელი იყო, მაგრამ შესუსტება მისი, ცოტაოდნად მაინც აღდგენა ყურთასმენისა, მოხერხდებოდა, უკეთუ ავადმყოფი წავიდოდა საზღვარგარეთ, ეჩვენებოდა იქაურ ექიმებს და იბანებდა იქაურ წყლებში. მოისმინა თუ არა ესე რუსუდანმა, მაშინათვე სოფლიდან დაიბარა თავისი მოურავი, მოახდინა საჭირო განკარგულებანი სახლ-კარისა და ადგილ-მამულის მოვლის შესახებ და შემდეგ გედევანითურთ გასწია უცხოეთში სრული ექვსი თვე დარჩნენ გერმანიასა და საფრანგეთში, ნახეს ყველა სახელგანთქმული ყურის ექიმნი და ამათის ჩვენებით იყვნენ საბანებლად რამდენსამე ალაგას. რაღა თქმა უნდა, რომ ყველა ამ წამლობას განუყრელად უკან დასდევდა ერგული მოვლა-პატრონობა ავადმყოფისა და ამათის მეოხებით გედევანმა მალე იგრძნო თავის თავი სრულიად ჯანსაღად. ყურთასმენაც შესამჩნევად გაუუმჯობესდა; მასთან ლაპარაკის დროს წინანდელი ყვირილი აღარ იყო საჭირო, თუმცა დაბლა წარმოთქმული სიტყვები და ჩურჩული ჯერ კიდევ ვერ ესმოდა მკაფიოთა. დაუბრუნდა ძველებური ჯანის სისაღე და მასთანვე გედევანის გულში გაიღვიძეს წინანდელმა იდეებმა, სურვილებმა. მას სულის ცხონებასავით მოუნდა სწავლა-განათლების გაგრძელება. მაგრამ რუსუდანმა სასტიკი წინაამღდეგობა გამოუცხადა ამ სურვილს და ამის გამო განხორციელება მისი შემდეგისათვის გადიდო. ამის სამაგიეროდ მათ მოიარეს მთელი დასავლეთ ევროპის ქვეყნები მათი მდიდრად შემკული ბრწყინვალე სატახტო ქალაქებითა; ნახეს ბევრი რამ ძვირფასი და საგულისხმიერო და ბოლოს სიამოვნებით გამოსწიეს სამშობლო ქვეყნისაკენ. შავ ზღვაზე მომავალ გემს ძლიერი ქარიშხალი წამოეწია... აღელდა, ჯოჯოხეთად გადაიქცა მთელი ზღვა, რომლის უზარმაზარი ტალღები პაწია ნაფოტსავით ისროდა აქეთ-იქით ვეებერთელა ორთქმავალს. მეტისმეტად შეწუხდენენ გემში მყოფი მოგზაურნი, ხოლო ყველაზედ მეტი შეწუხება ამ ღელვამ ჩვენს გედევანს მიაყენა. ეს ქანცმოწყვეტილი, არაქათგამოლეული მომკვდარივით იწვა ლოგინზე და ეგონა, რომ ამ განუწყვეტელ პირღებინებასთან მალე თვით სულიც ამოხდებოდა... მაგრამ ცოტა ხანს უკან ქარიშხალი ჩავარდა, ზღვის ღელვამ იწყო დამშვიდება და სწორედ ამ დროს გაისმა სანეტარო ხმა: ნაპირი გამოჩდაო. ავადმყოფი გედევანი ამ ხმაზედ ჩიტივით წამოფრინდა, გამოვარდა გემის ბანზე და მართლა აღმოსავლეთი დაინახა სამშობლო ქვეყნის ნაპირი... დაინახა და უცებ რაღაც უჩინარმა ცხოველმყოფელმა მადლმა ჩააშუქა მის სულსა და გულში... წამს გაჰფანტა ის, აქამომდე გამოუცდელი, მწარე სევდა-ნაღველი, რომელიც მას არ შორდებოდა უცხოეთში მოგზაურობის დროს... ამ სევდა-ნაღველის ნაცვლად მთელ მის შინაგან არსებას მოეგფინა უმაღლესი ნეტარება, სიხარული, სიამოვნება. გედევანს წინათაც უღვივოდა გულში სამშობლო ქვეყნის სიყვარული, მაგრამ ჯერ ამის მეტად არსად არ გამოეცადა ამ მადლიანი გრძნობის ესოდენი ძლიერება, სიდიდე და როდესაც ხმელეთზე გადმოხდა, დაეცა მუხლებზე, მოწიწებით ემთხვია დედამიწას და აღტაცებით დაიძახა: სამშობლო ქვეყნის სიყვარულო, უფალმა აკურთხოს, უფალმა, შენი ბრწყინვალე სახელი, შენი ქვეყნად მომავლინებელი!!. და შემდეგ მაღალის ხმით დაიმღერა: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა...“ XXVIII რუსუდანმა თავისთან წაიყვანა გედევანი და ალერსიანი ღიმილით გამოუცხადა, რომ არსად გაუშვებდა მას, ვიდრე ცოლს არ შერთავდა. ეს აზრი კნეინას ევროპაში ყოფნის დღესვე მოუვიდა. სულიკო, მისი სილამაზე, მისი აღგზნებული სიყვარული გედევანისა ერთ წამსაც არ გამოსულა კნეინას ფიქრებიდან. მისი აზრით, ლამაზი გოგოს შერთვა არა მხოლოდ მის ძმისწულს დაამცირებდა, არამედ მთელს საგვარეულოს მიწასთან გაასწორებდა, შეურაცხმყოფელ ჩირქს მიაცხებდა. ამ საშინელების თავიდან ასაცდენად რუსუდანს გადაწყვეტილი ჰქონდა - ეხმარა ყოველი საშუალება, რომელთა შორის ყველაზე უებრად მიაჩნდა ისა, რომ შინ დაბრუნებამდე ძმისწულისათვის შეერთო ცოლი. იგი მტკიცედ დაადგა ამ გადაწყვეტილებას და მაშინათვე იწყო აზრით ძებნა შესაფერი სასძლოსი. მისი ფიქრი მალე შეჩერდა თავად თეიმურაზ ნაზარიშვილზე. მათი ბრწყინვალება მეზობელი იყო რუსუიდანისა. ჰქონდა მას იმოდენა აუარებელი ადგილ - მამული, რომ თითონაც ხეირიანად არ იცოდა, რამდენი დღისა იყო იგი, ანუ სადა მდებარეობდნენ სხვადასხვა მისი ნაწილები. ესოდენი მამულის შემოსავლით ჭკვიანი ადამიანი სწორედ მეფურად იცხოვრებდა, მაგრამ თეიმურაზის მდგომარეობა ბევრით არაფრით განირჩეოდა სხვა თავადების მდგომარეობიდან. ამის მიზეზი, ერთის მხრივ - გახდათ ჩვეულბრივი დაუდევრობა ქართველი კაცისა, ხოლო, მეორეს მხრივ - დიდძალი ვალები, რომლის სარგებელი ჰნთქავდა ყოველ წლიურ შემოსავლის თითქმის ნახევარს. ეს უკანასკნელი გარემოება ბევრმა არ იცოდა და, ვგონებ, რუსუდანსაც ამაზე შემცდარი აზრი ჰქონდა შედგენილი. ამის გამო თავადი თეიმურაზის შეძლებას იგი მხოლოდ ერთის მხრივ ხედავდა. და საკვირველიც არ იყო, რომ ეს შეძლება მას დიდ რამედ მოსჩვენებოდა. ამიტომაც რუსუდანი ხარბის თვალით შესცქეროდა თეიმურაზის ოჯახს, სადაც მას ეგულებოდა გასათხოვარი ქალი, ერთადერთი მემკვიდრე შემძლებელი მამისა. დაბრუნდა თუ არა უცხოეთიდან, რუსუდანმა თეიმურაზის სახლობას დარბაზობა გაუწია. რაღა თქმა უნდა, ამ დროს გედევანიც თანა ჰყავდა. თეიმურაზი ამათ მიეგება სწორედ ჩვენებური, ქართველური, ალერსით, პატივისცემით და სტუმართმოყვარეობით. როდესაც შეიტყო, რომ გედევანი სამუდამოდ ოჯახში აპირებდა დარჩენას, სახლის პატრონი ცოტა ჩაფიქრდა, ღიმილ ულვაშზე ხელი გადაისვა და მასპინძლობის მოვალეობას ერთი-ორად შეასხა ფრთები. გედევანს მამაშვილურად მოხვია ხელი და ტკბილი ბაასით გაიყვანა სუფთად, ლამაზად მოვლილ ბაღში, სადაც აჩვენა ყირიმიდან გამოწერილი სხვადასხვა მშვენიერი ხეხილი საგანგებოდ დახუნძლულის ნაყოფით. აქ სეირნობის დროს უეცრად თავს წაადგნენ ერთს საზაფხულო თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ ყმაწვილ ქალს, რომელიც გადაშლილ ფრანგულ წიგნს დასცქეროდა და ჩუმათა კითხულობდა. -ააა!.. ქალო, შენც აქა ყოფილხარ?.. - დაიძახა თეიმურაზმა, - მოდი, ერთი კარგი, სანაქებო და სასურველი სტუმარი გაგაცნო! - ქალი ფეხზე წამოდგა... მასპინძელი და სტუმარი მივიდნენ მასთან. - გთხოვთ, იცნობდეთ ჩემს ასულს!.. - უთხრა პირველმა მეორეს. მერმე გედევანი წარუდგინა ქალს. ამის შემდეგ სამივენი იქვე სკამზე ჩამოსხდნენ და იწყეს სხვადასხვა უმნიშვნელო საგნებზე ლაპარაკი, გავიდა ცოტა რამ ხანი და შინ დარჩენილი მანდილოსნებიც, ესე იგი თეიმურაზის მეუღლე თეკლე და კნეინა რუსუდანი, ამათ შემოუერთდნენ. რუსუდანს კარგა ხანია არ ენახა თავადის ასული. თვალი დაკვირვებით გადაავლო და რაღაც არა სასიამოვნო გრძნობა გამოეხატა სახეზე. თეიმურაზმა, ვგონებ, შენიშნა ეს, მიუბრუნდა რუსუდანს და მოახსენა: - ჩემი ბერტა, ვგონებ, კაი ხანია აღარ გინახავთ! ემ ერთი კვირის წინად რამდენჯერმე გააცივა და ი წყეულმა ესრე გამოცვალა!... - მე მახსოვს, კნიაზო, რომ თქვენს ქალს მართა ერქვა... არა, კნიაჟნა? - წარმოსთქვა რუსუდანმა. - დიახ, კნეინა, - უპასუხა თეიმურაზმა, - ჩემს ქალს ოთხჯერ გამოუცვალეს სახელი. პატარაობისას მართა ერქვა; მერმე ერთი ფრანცუჟანკა მოვიწვიეთ ბავშვის ყურის მგდებლათა და იმან მარტა დაარქვა. სასწავლებელში მარტა მარფათ გადააკეთეს. ახლა ამ დიდობისას თითონ ბერტა მოისურვა. ვგონებ, სადღაც რომანში ამოუკითხავს ეს სახელი და მოსწონებია. -დიახ, - წარმოსთქვა,,კნიაჟნამ“ რუსულად, ბერტა ევროპიული სიტყვაა; თავის კეთილხმოვანებით დაშორებით სასიამოვნო მოსასმენი და წარმოსათქმელია, სინამ აზიური მართა. დედ-მამამ გადიხარხარეს. გედევანვა მიჰბაძა მათ; რუსუდანმა კი თავი დაბლა დაჰხარა და ზრდილობის გამო არაფერი არა თქვა. ცოტა ხნის შემდეგ სტუმრებმა დააპირეს სახში დაბრუნება, მაგრამ თეიმურაზმა და მისმა მეუღლემ ეს შორს დაიჭირეს. - ევროპიული ვიზიტები, ბატონებო, - წარმოსთქვა მასპინძელმა, - გამოსაყენებელია ქალაქებში, ანუ ერთსა და იმავე სოფელში რომ ვცხოვრობდეთ ორივე ოჯახი, მაშინაც კიდევ შეიძლება ვიზიტობა; მაგრამ ეხლა, როცა თქვენ ერთი სოფლიდან მეორეში მობრძანდით, ევროპიოულ ადათს ჩვენი მამაპაპური სტუმართ მოყვარეობა სჯობიან. იქვე, ლამაზ ჩრდილებს ქვეშ, მხიარულად მოჩახჩახე რუს ნაპირზე გაშალეს სუფრა, რომელიც თვალის დახამხამების უმალ საუცხოვოდ დამზადებული გემრიელი საჭმელებით აავსეს. მათმა ბრწყინვალებამ მოიმხიარულა... მშვენიერი და ძვირფასი ოქროს აზარფეშა მოატანინა და მითი იწყო სადღეგრძელოების სმა. კნეინა რუსუდანი ქება-დიდებით ზეცამდე აიყვანა; გამოუცდელი, უმანკო გედევანი თავისი ოსტატური ყოფაქცევით მოხიბლა. საღამო ჟამზე დიდად ნასიამოვნი სტუმრები დაბრუნდნენ სახლში. მეორე დღეს თეიმურაზმა მთელი თავის სახლობით გადაუხადა რუსუდანს დარბაზობა. ამ დღესაც სტუმარ-მასპირძელი საღამომდის ერთად დარჩნენ, ისიამოვნეს, იმხიარულეს და ხშირ ბინდისას გაშორდნენ ერთმანეთს იმ პირობით კი, რომ ხშირად ევლოთ ერთმანეთთანა. გედევანმა სტუმრები გააცილა და შემდეგ მინდორში გაისეირნა. რუსუდანი კი მარტოკა დარჩა აივანზე. ჯერ კაი ხანს მიმავალ სტუმრების ეტლს უცქეროდა; როცა ეს ეტლი თვალს მოეფარა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და მიეცა ფიქრებსა. ფიქრობდა გედევანის მომავალზე, გვარის ამაღლებასა და გაბრწყინვებაზე. თავად თეიმურაზი, მისი დიდი მამული მას ძლიერ მოსწონდა; მაგრამ ახალგაზრდა მემკვიდრე მისი როგორღაც თვალში არ მოსდიოდა. არ მოსწონდა ამ ქალის ჩამოგრძელებული, გამხდარ-უფერული სახე. ვერ მოსდიოდა აგრეთვე ჭკუაში მისი წინ წამოწეული მხრები და უკან შევარდნილი გულის ფიცარი. კნეინას გაგონილი ჰქონდა, რომ აგვარი მოყვანილობის მკერდი ნიშანი იყო გულისა და ფილტვების სისუსტისა, მაგრამ ყველაზედ მომეტებულად მისმა თვალებმა მოახდინეს რუსუდანზე ცუდი შთაბეჭდილება. გაოცებული იყო მითი, რომ ვერც ერთხელ ვერ შენიშნა, როდის და როგორ ახამხამებდა ყმაწვილი ქალი თვალის ქუთუთოებსა. როდესაც კი ყურადღებას აქცევდა, იგი მუდამ ხედავდა გაჭყეტილ უსიცოცხლო თვალებს, რომელნიც მარად გაოცებასა და გაკვირვებასა ხატავდნენ. ამასთანავე მან იცოდა, რომ,,კნიაჟნას“ პატარაობისას ხშირათა სდიოდა ხოლმე ცხვირიდან სისხლი. აგრეთვე გაგონილი ჰქონდა, რომ იგი სკოლაში უხეიროთა სწავლობდა, რის გამოც მშობელნი იძულებული გახდნენ - გამოეყვანათ მეოთხე კლასიდან. ყოველივე ეს თვალწინ უდგა დაფიქრებულ კნეინას და უსიამოვნოდ შეუცვალა სახის გამომეტყველება. ესეთი წარმოდგენანი პირველ ხანად მოსვენებას არ აძლევდნენ კნეინა რუსუდანს, მაგრამ შემდეგ, როცა ქალი დაახლოვებით გაიცნო, ნელ-ნელა შეეჩვია მათ და ბოლოს სხვადასასხვა ღირსებათ, რომელიც აღმოაჩინა ყმაწვილი ქალის ხასიათსა და ცხოვრებაში, სრულიად დაჰფარეს აღნიშნული ნაკლულევანებანი მართა - მარტა - მარფა - ბერტასი. ერთი თვის შემდეგ ეს ორი ოჯახი ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმაღა იყო საჭირო მათ სამუდამო დაკავშირებისათვის. ეს სასურველი სიტყვა თეიმურაზისაგან იქნა წარმოთქმული; კნეინა რუსუდანმა სიამოვნებით განაცხადა თანხმობა. მხოლოდ ეხლა განუზიარეს ქალსა და ვაჟს მათ უნებურად დაწყობილი და გათავებული საქმე. ამათ ეს განცხადება ისე მიიღეს, როგორც საზოგადოთ მივიღებთ ხოლმე ძველს, რამდენჯერმე გაგონილს ამბავს. ორი ქონებით სავსე ოჯახი დაფაცურდა. წინათვე დამზადებული მზითევი ხელახლა, რუსუდანის თანასწორებით, გადასინჯულ იქმნა. რაც კი რამ იყო საჭირო ჩინებული ქორწილისათვის, დაამზადეს... მოიწვიეს მრავალი დიდკაცობა და ერთ მშვენიერ დღეს გააჩაღეს სანაქებო ქორწილი. მიზანი ამ ქორწინებისა ის კი არ იყო, რომ მის მეოხებით ქვეყნიერებაზე დეაემკვირდებინათ ახალი ოჯახი მის წევრთა გასაბედნიერებლად, მომავალი თაობის ასაღორძინებლად და აღსაზრდელათ. არა, ეს აზრი ფიქრათაც არავის მოსვლია!.. როგორც თეიმურაზი, ისე რუსუდანი და ამათის გავლენით ახალგაზრდანიც მხოლოდ იმასა ფიქრობდნენ, რომ ესეთის დაკავშირებით უერთდებოდა ერთმანეთს სამი ოჯახი მთელი მათის სიმდიდრით, განუზომელის ადგილ-მამულით, საქართველოს ყოველ მხარეში გადაჭიმულ მთა და ბარით. უსულდგმულო ადგილ მამულის შეერთებაზე ბევრი ითათბირეს, ხოლო ცხოველყოფელი სულისა და გულის დაკავშირებაზე ფიქრით ერთ წამსაც არავის შეუწყენია თავი!.. XXIX ახლად ჯვარდაწერილმა ცოლ - ქმარმა ორი თუ სამი კვირა თეიმურაზის სახლში გაატარეს; შემდეგ რამდენისამე დღით კნეინა რუსუდანთან გადინაცვლეს ბინა და, ბოლოს, გამოსწიეს საკუთარი ოჯახისკენ. მესამე წელიწადი გადიოდა, რაც გედევანს აღარ ენახა თავისი მამაპაპეული სახლ - კარი. ამ სახლ - კარს მოხსენებულ დროს განმავლობაში განაგებდა მიხეილ მჟაუნაშვილი. ამან მოიარა მთელი ადგილ მამული ახალგაზრდა მებატონისა, გამოცდილის თვალით ასწონ - დასწონა ღირსება თვითეულის მათგანისა. ტყისა და საძოვრის დასაცველად დაიჭირა ხუთი - ექვსი თავით ფეხებამდე შეიარაღებული ჩაფარი, რომელნიც მხეცურის მძულვარებით უცქეროდნენ საზოგადოდ მთელ ქართველ ერსა და მომეტებულად ქართველ გლეხ - კაცობას. აირჩია ერთგული თანამშემწენი და, ამათის დახმარებით, იწყო მოვლა - გამგეობა დიდი მამულისა. გლეხკაცობამ, რომელიც არც წინათ ყოფილა როდისმე დაჩვეული ნებიერ ცხოვრებას, ადამიანურ მოპყრობას, ამ ჟამად მწარეთ იგრძნო ძალა ღონიერის მარჯვენისა, მტარვალი, შეუბრალებელი ხელისა. რამდენჯერმე სცადეს წინააღმდეგობა, მაგრამ ყოველი ესეთი ურჩობა მეტისმეტად ძვირად უჯდებოდათ: როგორც მჟაუნაშვილისაგან, ისე სასამართლოებში სასტიკად ისჯებოდნენ. ამის გამო გლეხთა უმრავლესობა დამორჩილდა, მოიკაკვა წელში; ხოლო უმცირესობიდან, განსაკუთრებით ორიოდ შემძლებელმა და გამოცდილმა გლეხმა, გამოიდვეს თავი: ძალმომრეობას წინ დაუხვედრეს ძალა, სამართალს მიეგებნენ კანონიერის მოქმედებით, მაგრამ გაოსტატებულმა,,აბლაკატმა“ მალე მოუგრიხა ამათაც კისერი. ორას თუმანში დაზღვეულ საბძელს ერთ ბნელ ღამეში თვითონვე ჩუმად წაუკიდა ცეცხლი, ხოლო ბრალი დასდო მოხსენებულ გლეხებს, მრავალი მოწმეების ჩვენებით დაამტკიცა ეს ბრალდება და უბედური, უდანაშაულო კაცები გაისტუმრა ციმბირისაკენ. ამ ამბავმა თავზარი დასცა გლეხებს. ამათ ცხადათ დაინახეს, რომ ყოველ მათგანის დაღუპვას ადვილად მოახერხებდა სულზედ ხელაღებული მოურავი. ჯავრი და ვარამი ჩაიხვიეს გულში და ყოველის უარის უთქმელად იწყეს მორჩილება მისი. ამგვარად საქმის დაყენება ჯეროვანი ნაყოფი გამოიღო; შემოსავალმა ერთი ორად, ერთი სამად იმატა. სადაც წინათ ცალი გროშის დანაფასევსაც ვერვინ იღებდა, იქ ეხლა შემოსავლის წყაროებმა იწყეს დენა. თუ თონიკეს დროს მთელი შემოსავალი ათას თუმნამდე ძლივს ადიოდა, მჟაუნაშვილი ამ ჟამად სამი ათას თუმანსაც ცოტაობდა. მამულის გაუმჯობესებაზე, გზებისა და სარწყავი თხრილების გაყვანაზე, ახალი ბაღებისა და ვენახების მოშენებაზე და სხვა ამგვარ საქმეებზე, მჟაუნაშვილი სრულიად არა ფიქრობდა. მომავალი მას არ ეკუთვნოდა, მისი იყო მხოლოდ დღევანდელი დრო და მხოლოდ ამ დროზე იყო მიქცეული მთელი მისი ზრუნვა - მეცადინეობა. ძვირფას მამულს სწორედ ისე ექცეოდა, როგორც ექცევა ხოლმე მშიერი მგელი უეცრად ნაპოვნ ლეშსა. ამის გამო დღითი - დღე იზრდებოდა, ივსებოდა ჯიბე მოურავისა. თუმცა ამ ჯიბის ზრდას ხალხის ცრემლი, წყევლა - შეჩვენება განუწყვეტლივ მისდევდა უკანა. მაგრამ ვის გაუგონია, რომ ხარბსა და სინდისზე ხელაღებულ ადამიანს ამგვარი რამეებისათვის ოდესმე ყურადღება მიექციოს. თვით მამულის პატრონისთვისაც კი არ იწუხებდა იგი აგრე რიგად თავსა. პირველ წელს, თანახმად კაკონიერის პირობისა, ერთი გროშიც არ მიუწოდებია გედევანისთვის: იმ წლის შემოსავალი სრულიად, ხელაღებით დაეთმო მას დასაფარავად იმ ხარჯისა, რომელიც გასწია თონიკეს დასაფლავებაზე. მეორე წელიწადს ორჯერ გაუგზავნა გედევანს სამას - სამასი თუმანი და ერთი ასიოდ თუმანიც ახლა ჰქონდა მისთვის დამზადებული. გედევანისაგან მუდამ მეგობრული მადლობის წერილები მოსდიოდა და, მაშასადამე, ამ მხრივ მის სულის სიმშვიდეს არაფერი არ არღვევდა. სრულიად სხვაგვარ მდგომარეობაში იყო ეს სული ლამაზი ეთერის შესახებ. მიხეილ ბაადურიჩმა ამ ქალზე ვერა გააწყო - რა ვერც ალერსით და დაყვევებითა, ვერც ჩხუბით და მრისხანებითა. რამდენჯერმე სცადა თავისი ჩვეულებრივი ხრიკებიც, მაგრამ ფრთხილად მყოფს სულიკოსთან ამაებითაც ვერას გახდა: ყმაწვილი ქალი გასაოცარის მოთმინებით უდგა წინ აწყმოს და რაღაც მკრთალი, გამოურკვეველი იმედით გასცქეროდა მომავალს. თითონაც კარგად გრძნობდა, რომ ამ იმედს არავითარი ხელში დასაჭერი საფუძველი არ უჩანდა, მაგრამ ამის გამორკვევას მისი გონება დიდ ხანს არ უჩერდებოდა. სასოწარკვეთილების საზარელ აჩრდილს თითქო განგებ იშორებდა თავიდან და თვალებახვეულ კაცსავით დაბარბაცებდა იმედისა და უიმედობის შორის. მართალია, უნუგეშობა ხშირად მძიმე ლოდივით აწვებოდა გულზედა, მაგრამ ამაზე უფრო ხშირად იმედის ბრწყინვალე სხივებში გატაცებით დასცურავდა მისი სუბუქფრთიანი ოცნება. არა ერთხელ უნახავთ სახე გაცოცხლებული, ვარდის ფერი, საკოცნელად დამზადებული ტუჩებით და აღგზნებული, ცეცხლის მფრქვევი თვალებით მაყურებელი სადღაც ცარიელი სივრცისაკენ. სულიკოს ხანდისხან მოსდიოდა გედევანისაგან პატარპატარა წერილები, რომელნიც ერთი ორად აცხოველებდნენ ისედაც საზღვარ დაკარგულ ოცნების ლხენა - ფრენასა. ის დღე და საათი, როდესაც ამ წერილებს იღებდა, ყველაზე უნეტარესი დრო იყო სულიკოს აწინდელ სიცოცხლეში. აკანკალებულის ხელებით ხსნიდა კონვერტს და, როგორც მშიერი საჭმელს, ისე დააფრინდებოდა დაწერილ ქაღალდს ანთებული თვალებითა, წაიკითხავდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ხშირად დღეში ათჯერ და არა თუ არა სწყინდებოდა მისი კითხვა, არამედ ყოველ ამგავარ წაკითხვის შემდეგ უსათუოდ რაიმე ახალს და სასიამოვნოს პოულობდა... ერთმანეთზე გადახვეულ ოცნება - მეხსიერებების წყალობით საჩქაროზე სწავლოდა ამ წაკითხულს ზეპირად, სწავლობდა არა მხოლოდ შინაარს, ფრაზებს, სიტყვებს, არამედ გასაოცარი სინამდვილით იხატებოდა მის წარმოდგენაში ყოველი ნიშანი, ყოველი ასო და თვითეული მოხაზულობა ამ ასოსი... რაც შეეხება შინაარსს, ამას კი არ კითხულობდა, არამედ ხედავდა ყველაფერს, რაც ამ შინაარსში იყო მოთავსებული. მაგრამ აღფრთოვანება ოცნებისა ისე არასდროს არა ცხოველდებოდა, როგორც მაშინ, როცა იგინ ეხებოდა დამწერს ამ წერილებისას. ამ გვარ შემთხვევაში სულიკოს ოცნებას ემონებოდა არა მხოლოდ ერთი რომელიმე გრძნობა, არამედ თითქმის ყველანი: იგი ერთსა და იმავე დროს კიდეც ხედავდა მას, კიდეც ესმოდა მისი ხმა, სუნთქვა; ხელსაც ჰკიდებდა, ეხვევოდა, ჰკოცნიდა. ბევრჯელ ამოიღებდა ხოლმე ყველა წერილებს, გაშლიდა, თავს დააყრდნობდა დაბჯენილ იდაყვებსა და კალმით აუწერელს აღტაცებით დასცქეროდა მათ ხშირად მთელი საათის განმავლობაში. დასცქეროდა, სტკბებოდა და ხანაც ნეტარების ცრემლებს აფრქვევდა ზემოდან. როცა ამ გვარის ცქერით მოიჯერებდა გულსა, იღებდა თავს მაღლა, ჰკეცავდა წერილებს და ინახავდა გულთან ახლო, განგებ იმისათვის დამზადებულ ჯიბეში, ამ წერილებს არც ღამ - ღამობით იშორებდა: ლოგინში თან ჩაიტანდა ხოლმე და ბალიშის ქვეშ ისე სდებდა, რომ გული მიდამ მათ სიახლოვეს ჰქონდა. ჩაეძინებოდა და ძილშიაც მისი სული გრძნობდა იმ გვარსავე ტანჯვა - ნეტარებას, როგორსაც ცხადლივ. გამოეღვიძებოდა და მაშინაც ყველაზე უწინარეს მათთვის უნდა წაევლო ხელი, მათის ცქერით უნდა დაეტკბო თვალები. ასეთი იყო საცოდავი ქალის მდგომარეობა პირველი წლის განმავლობაში. მეორე წელიწადს ეს მდგომარეობა უფრო გამწვავდა: ამ წელს მხოლოდ ერთი წერილი მიიღო და ისიც სულ სამიოდ სტრიქონისაგან შესდგებოდა. მესამე წელიწადს ერთი სიტყვითაც აღარავის უხსენებია. ამ დროს მას შემოესმა გედევანის დაბრუნება უცხოეთიდან, მისი დანიშვნა შემძლებელი თავადის ქალზე. მართალია, გულმა კვნესა დაუწყო, მწუხარებამ შხამივით დაუარა სულსა და გულში, მაგრამ სულ მთლიანად ეს ხმა მაინც არ ირწმუნა: ეჭვი შეიტანა მის სინამდვილეში და სწორედ ამ გარემოებამ გადაარჩინა იგი აუტანელ ვაებასა; თითქო დასაჯერებელიც იყო ეს ხმა, რომელმაც სასახლეში ყველანი ფეხზე დააყენა: ფაცაფუცით იწყეს მზადება, დასუფთავება ოთახებისა, კარმიდამოსი. მაგრამ, ამავე დროს, ისიც კარგად იცოდა,რომ ასეთი ხმები მრავალჯერ გამტყუნებულან, ჭორებად გამომდგარან. იყო გაჩერებული ამ იმედისა და უიმედობის შორის და გულმილეული ელოდა ბედის ჩარხის ან წაღმა, ან უკუღმა გადატრიალებასა. ამანაც დიდხანს არ ალოდინა! ერთ საღამოს სასხლის ეზოში შემოვიდა კნეინა რუსუდანის მოურავი, რომელმაც თან მოიტანა ორი დაბეჭდილი წერილი. ერთი იყო სულიკოს სახელობაზე, მეორე მჟაუნაშვილისა. პირველმა საჩქაროზე იცნო ნაწერი, გულის ფანცქალით გაიქცა თავის ოთახში, გახსნა და წაიკითხა გედევანის წერილი. მთელი ფურცელი იყო გაჭრელებული, მაგრამ აქედან სულიკომ მხოლოდ ის ამოიკითხა, რომ გედევანს ორი დღის წინად ჯვარი დაეწერა და ამ ცოტა ხანში მოსვლას აპირობდა თავის სახლ - კარში. ფერწასულმა სულიკომ ნამცეც - ნამცეცად აქცია წერილი, აუჩქარებლივ შეყარა ბუხარში და მერმე ცეცხლი წაუკიდა, მივიდა სარკესთან, ჩაიხედა შიგ და იმავე წამს ელდანაცემივით გამოტრიალდა უკან. ოთახის კარები გამოაღო და გავიდა ზვარში. ნელ - ნელა მოიარა და ხელახლად ნახა ის ადგილები, რომელნიც იყვნენ მოწმენი მისი გრძნობის ჩასახვისა და გადაფურჩქვნისა. ნახა და სრულიად გამოცელილი დაბრუნდა იქიდან. ნაცვლად უნუგეშო მწუხარებისა, მის ალანძულ სახეს გადაჰფენოდა გრძნობა სიამაყისა და უსაზღვრო ზიზღისა, მძულვარებისა. მას წინ შეეჩეხა მჟაუნაშვილი, შეხედა ამ სახეს და იმავე წამს გაშეშდა ერთ ადგილას. მერმე ფეხის თითებზე შესდგა და ჩუმად გაუარა გვერდზე საზარელ ყმაწვილ ქალსა. XXX დიდის ამბით მიეგება გედავანსა და მის მეუღლეს მიხეილ მჟაუნაშვილი. დაიბარა ზოგიერთი გლეხები, თითო ჩარექი ღვინო გადააკვრევინა და წაიყვანა სოფლის განაპირას, აქ, გზის ახლო, ერთი მუხის ქვეშ დაამწკრივა, თავში დააყენა მედალ ჩამოკიდებული მამასახლისი, მისცა ხელში ლამაზად გაკეთებული ახალი ხონჩა, რომელზედაც ელაგა პურ - მარილი. დასტოვა ესენი აქა და თითონ თავისი ცხენოსანი ჩაჩნებით გაჰქანდა მისაგებებლად. როდესაც დაუახლოვდა ეტლით მომავალ ნეფე - დედოფალს, მაშინათვე შეაჩერა ცხენი, გადმოხტა და ფეხით მიეგება მათ. მილოცვისა და მისალმების შემდეგ მარდად მოახტა ცხენს; ორი ცხენოსანი წინ გაუმძღვარია ეტლს, სამი უკან მიაყოლა, თითონ მიუდგა გვერდზე და ამ გვარად წამოვიდნენ სოფლისაკენ. იქ, სადაც გლეხები იდგნენ მჟაუნაშვილი ხელხლად გადმოხტა ცხენიდან, მამასახლისს ამოუჯდა გვერდში და ორივემ ერთად მიართვეს პურ - მარილი ჯერ კნეინას და მერე სიხარულისაგან სახე გატკრციალებულ გედევანსა. სასახლის კარებთან ახალგაზრდა ცოლ - ქმარს მიეგება სულიკო, მოხუცი თინათინი, ნამოურავალი დემეტრე, ეს მარჯვენა ხელი ახალი მოურავისა, და მოსამსახურე გოგო - ბიჭები. კოპწიაობა, კოხტაობა მუდამ უყვარდა სულიკოს, მაგრამ ცხადადა სჩანდა, რომ ამ ჟამად მთელი თავისი მეცადინეობა დაესრულებინა საგანგებოდ მორთვაზე... ახალი, ძვირფასი კაბა და ხავერდის მსუბუქი წამოსასხამი ცოტათი ფერმკრთალ სულიკოს მეტისმეტად უხდებოდნენ... ზოგიერთა ლამაზ ქალს ერთი გასაოცარი ნიჭი აქვს: როცა უნდა, ისე გაკეკლუცდება, ისე გამობრწყინდება, როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი. სულიკოსთვისაც ეს ნიჭი უხვად გადაეცა მრავალ მოწყალე ბუნებას. კარებთან მდგომი, ყელმოღერებული ეთერი სწორედ ამ ამომავალ ცისკარსა ჰგავდა,. პატარძლის დანახვაზედ პირველ წამს საშინელმა მწუხარებამ გადაჰკრა სახეზე სულიკოსა, მაგრამ მსწრაფლად შეიკავა თავი და, როდესაც გედევანი დაინახა, სრულიად დამშვიდდა; მომჯადოებელი ღიმილი გადაიფინა სახეზე და ძველებური ცეცხლი აინთო მშვენიერ თვალებში. გადასგდა წინ ორიოდ ნაბიჯი და საგანგებოდ დამზადებული ვარდის კონა მიართვა კნეინას. ამან განზრახ ვერ შენიშნა გაშვერილი ხელი, წარბები შეიკრა და დაცინვის ღიმილით გადმოხედა სულიკოს. - კეთილი იყვეს, კნეინა, თქვენი მობრძანება ამ ოჯახში! - გაისმა სწორად ამ დროს სულიკოს ხმა. კნეინამ ახლა კი ჩამოართვა კონა. იმავე წამს გადასცა ქმარსა და იმავე დაცინვის ღიმილით უთხრა: - ხომ იცი, მე კარტული ლაპარაკი არ ვიცი. Вместо мениа передай благодарность этой особе, - სთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინათვე სისწრაფით გასწია კარებისკენ. მიმავალმა იგრძნო, რომ ქმარი უკან არ მისდევდა, უცებ შესდგა და უსიამოვნოდ დაიძახა: - რას გაჩერებულხართ, თავადო! გამიძეხ წინ და მიჩვენე ე თქვენი,,დვორეცი“. გედევანი აღტაცებით მიესალმა სულიკოს, უნდოდა რიღაცის თქმა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოუტრიალდა ცოლი. დამზადებული სიტყვა ენაზე შერჩა...,,ემ წამში“... დაიძახა და გაიქცა კნეინასაკენ. ბოროტი, ჯოჯოხეთური მხიარულებით გაუბრწყინდა სახე სულიკოს, ფეხაჩქარებით შეირბინა ზვარში, აქედან მიირბინა თავის ოთახთან, კატასავით მარდათ გადახტა ფანჯრიდან და გააბა შიგნით ტარტაროზული სიცილ - ხარხარი. მერმე სარკის წინ შეჩერდა, თავი მოიბრუნა კარებისკენ და, თითქო ხედავს ვინმეო, იწყო ხმამაღლა: - ქრისტიანებო, მოდით, ერთი ნახეთ მათი ბრწყინვალება!.. ნახეთ, რა ჯოჯო წამოუსვამთ კისერზე ამ უბედურისთვის!.. ემაგ ყვიციან სახადის ანგელოზზე გამცვალე რაღა, ვაჟბატონო?.. რით მჯობიან მე ეგა? მაგის კატის კნუტივით წირპლიანი და ჩემი ცეცხლითა და ეშხით სავსე თვალები განა არ განირჩევიან ერთმანეთისაგან?.. მაგის მიმჭკნარ - უფერული და ჩემ ფუნთუშა, დატკრუცულ ლოყებ შუა განა ვერავითარ განსხვავებას ვერა ხედამ?.. ახლა შეადარე ჩემი ლალის ფერი ვარდშაქარა ტუჩები ემაგ მაიმუნის გაწრიოკებულ, მომაკვდავის ტუჩებსა!.. მარტო ჩემი ერთი ქვემოთა ტუჩი, მაისის ვარდივით ეშხით გადმოფურჩქნული, საფლავში მდებიარესაც კი ნეტარებით ააჟრჟოლებს, ასწლოვან მოხუცსაც კი კოცნა - ალერსს მოანდომებს! რა აქვს ამისი ბადალი მაგ უშნოდ აწოწილ ქალბატონსა? განა მაგას სიყვარული შეეძლება? განა ეგ უსიცოცხლო ქმნილება შეიძლებს ხან ზეციერ ანგელოზად და ხანაც ჟინით გააფთრებულ ძუ ვეფხვად გადაქცევასა?.. რითი მჯობიან მე ეგა?.. რითი?.. იქნებ იმითი, რომ,,კარტული ლაპარაკები“ არ იცის?.. უი, მეხი კი დავათხლიშე ი გარუსებულ გოგრაში!!. როგორ მედიდურად გადმომხედა იმ უსულდგმულო ტიკინამა და!.. რაკი თავადის მუცლიდან გამომძვრალა, თავისი თავი დიდ რამედ მიაჩნია, უბედურსა!.. უნდა სულ მთლად უტვინო იყვეს ის კაცი, რომელიც ნამდვილ ღირსებათ კი ვერ დაინახავს და ამა თუ იმ მუცლიდან გამოვარდნას კი დიდს, დიდს მნიშვნელობას აწერს!!. ჯერ ცოტა დამაცადე, მაიმუნების საფრთხობელავ, რა შტუკები გიყო... როგორი ჯოჯოხეთური გენია დაგინთო მა გამოფშუტულ სულსა და გულში!.. კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ამ დროს უეცრად კარი ყურთამდე გაიღო და ოთახში შემოვარდა სახეგაბრწყინებული მჟაუნაშვილი. - სულიკო, სულიკო! - დაიძახა მან კარებიდანვე, - ჩვენი ძვირფასი კნიაზი და კნეინა ჩხუბობენ. ისინი რომ სასახლეში შევიდნენ, მე ცოტა შევიგვიანე გარედ და შემდეგ, როცა ზალაში შევიდი, მეორე ოთახიდან შემომესმა გაცხარებული უსიამოვნო ლაპარაკი. ამ ლაპარაკის დასაწყისს ვერ მოუსწარ, მაგრამ რაც მერმე ითქვა, ის კი ყველაფერი კარგად გავიგონე... ცხადია, რომ შენ გამოისობით მოსვლიათ შეხირება . ინსტიტუტში გაზდილი კნეინა შენ,,შლიუხას“ გეძახის. ქმრისაგან თხოულობს, რომ დღესვე გაგაძეონ აქედან. გედევანი ჯერ ტკბილად, დაბალის ხმით ელაპარაკებოდა, მერე ესეც გაცხარდა, აიმაღლა ხმა და თითქმის ყვირილით შესძახა: - რა ნება გაქვს, რომ ჩემ ოჯახში მყოფ ქალს შენ,,შლიუხას“ ეძახი? ვერ იცნობ, არ გენახა... მოგეგება პატივისცემით და შენ კი უკმეხად, უზრდელად მოიქეცი! მიბძანეთ, რა დანაშაული მიუძღვის იმ საცოდავს შენთანაო?.. საშინელი კაპასი უნდა იყვეს ჩვენი კალმით ნახატი კნეინა!.. როგორც გეზელქორი, ისე მოჰყვა წიკვინსა. გაიკრა ჯიბეს ხელი, ამოიღო იქიდან რაღაც პატარა ბარათი და ზედ გულზე მიარტყა ბრწყინვალე მეუღლესა. ეს დასწვდა ძირს დაცემულ ბარათს, აიღო ხელში და, როდესაც გაშალა, მამაკვდავის ფერი დაედო. ცოტა ხანს გაშტერებული იდგა, მერმე ბარათი დახია და ცოლს უთხრა: - მომილოცავს!.. კაი ზნისა და ხასიათს ბრძანრბულხარ კნეინა!.. მართებული ადამიანი ზედაც არ მიეკარება სხვის წერილებს და თქვენ კი ჯიბეებშიაც ჩაგიყვიათ ხელები მათ მოსაპოვებლად. - თქვენ, კნიაზო, სრულებითაც არ გაქვთ უფლება მართებულებაზე ილაპარაკოთ! განა რომელი ზრდილობა იძლევა იმის ნებას, რომ კაცი ჯვარს იწერდეს ერთზე და ამავე დროს მეორისაგან საარშიყო წერილებს იღებდეს. რა მოხდა ამის შემდეგ, აღარა ვიცი რა, რადგან ოთახში რომელღაცამ იწყო სიარული და მეც გამოვიქეცი აქეთკენ. - მე აქ აღარ მედგომინება, - სთქვა დაღონებით სულიკომ, - ის ბარათი ნამდვილად ერთი ჩემი წერილთაგანი უნდა იყვეს. - სულიკო! - დაიძახა ხმის კანკალით მიხეილმა, - გამაბედნიერე, გენაცვალე, გამომყე ცოლათა. მალე დაგიმტკიცებ, რომ მე უფრო კაი ქმრობას გაგიწევ, სინამ ის უხასიათო, ქალაჩუნა თავადუშკა. სულიკომ ხელი გაუშვირა და ცრემლმორეული თვალებით უპასუხა: - კარგი... თანახმა ვარ!.. - და ცოტა ხანს უკან დაბალის ხმით დაუმატა: - ეხლა ჩემთვის სულ ერთია, ვისი ცოლიც უნდა გავხდე! - გახარებული მჟაუნაშვილი ვეფხვივით ეცა სულიკოს, მაგრად ჩაიკრა გულში და გაშმაგებით უწყო კოცნა გარინდებულ ყინულივით გაცივებულ ქალსა. XXXI როგორც იმ ღამეს, ისე მეორე დღეს გედევანმა ვერ მოახერხა სულიკოს ნახვა. ეჭვიანი მეუღლე ერთ წამსაც არა სტოვებდა მარტოკასა, თვალსა და ყურს ადევნებდა ყოველს მის ნაბიჯსა. რაკი პირდაპირ ნახვა სულიკოსი ვერ მოახერხა, გედევანმა მიმართა შუამავალს. დაიბარა მჟაუნაშვილი, ცალკე ოთახში გაიყავანა და უთხრა: - მიხეილ, მეტისმეტ ცუდ მდგომარეობაში ვარ ამჟამად ჩავარდნილი. კნეინასთვის ვიღაცას რაღაც ჭორები მიუტანია ჩემზე და სულიკოზე. ღმერთმა ხომ იცის, სულიკოს ისე ვუცქერი, როგორც დასა. იმას კი სხვანაირათა ჰგონია. მამის სახლშივე ყოფილა სულიკოზე გაჯავრებული და ამიტომ აქ მოსვლისას ვერ დაინახა კაი თვალზედა. გუშინდელს აქეთ ჩამციებია: უნდა დაუყოვნებლივ დაითხოვო ამ სახლიდან სულიკოო. თუ ეგ არ წავიდა, მე დღესვე გავშორდები აქაურობას და მთელს ჩემს სიცოცხლეში პირსაც აღარ ვიზავ ამ სოფლისკენაო. თუ რამე არ მოვახერხეთ, ჩემო მიხეილ, ნამდვილად „სკანდალი“ მოხდება და მთელი ქვეყნის სალაპარაკოდ მე გავხდები. გეთაყვა, მიხეილ, მიშველე რამე! გამოცდილი, ჭკვიანი კაცი ხარ და იქნება მოახერხო როგორმე, რომ ესეც დავამშვიდოთ და სულიკოც არსად გავისტუმროთ. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ: არც მწვადი დავწვათ და არც შამფურიო. - მე, გედევან, საქმის კაცი გახლავართ! როდესაც რომელსამე საქმეს მიზანში ამოვიღებ მაშინათვე პირდაპირ გავწევ ხოლმე იმისკენ; ერთ ადგილზე შეჩერება, მიწის ტკეპნა და ტორტმანი ჭირივით მეჯავრება. ამ შემთხვევაშიაც მე პირდაპირობას ვარჩევ საქმის გადადება-გადმოდებას. შამფურის დაწვას თუ მოვერიდეთ, უსათუოდ „სკანდალი“ მოხდება. რაკი დამეკითხებით და მოისურვეთ ჩემი აზრის გაგება, მოგახსენებთ: სულიკო დღესვე უნდა წავიდეს აქედან... ნება მიბოძეთ, წავიდე და გამოვუცხადო მას ესეთი გადაწყვეტილება. - არა, შენი ჭირიმე, მიხეილ!.. - დაიძახა აღელვებით გედევანმა, - ეგრე არასგზით არ შეილება! ერთის მხრივ - მამიჩემის ანდერძი, მეორეს მხრივ - ჩემი პირადი პატივისცემა ნებას არ მაძლევენ, რომ ეგრე ბრიყვულად მოვექცე სულიკოს. დროებით სხვაგან სადმე უნდა წავიყვანოთ ისა; მერმე ვეცდები, დავამშვიდებ როგორმე კნეინასა და მაშინ ისევ მოვიყვანოთ აქა. აღთქმა მაქვს დადებული, რომ სულიკო ამ ოჯახიდან უნდა გათხოვდეს ისე, როგორც შეჰფერის ჩვენი ოჯახის შვილს. - მაშ გულგახსნით მოგახსენებთ, გედევან!.. სულიკო გათხოვდა კიდეცა. ე.ი. საქმრო ნაშოვნი ჰყავს და პირობაც მიცემული აქვს. ამ სიტყვებზე გედევანს უცებ ფერი ეცვალა... გულზედ ხელი მიიდო და რამდენსამე ხანს ელდანაცემივით დარჩა. შემდეგ აიღო თავი მაღლა, მომღიმარე მჟაუნაშვილს დააცქერდა და დაბალის, ნაღვლიანის ხმით ჰკითხა: - შენ ხომ არახარ ის ბედნიერი? - დიახ, ჩემო ბატონო, მე გახლავართ!.. - ძალიან კარგი მამილოცამს!.. ჭეშმარიტად, ბედნიერი კაცი ყოფილხარ!.. ვწუხვარ მხოლოდ იმას, რომ ამ ჟამად ქორწილს ვერ გაგიმართამთ. მემართოს! ამასთანავე ჩემს კისერზე იყვეს სულიკოს მზითებიცა. - ბატონო გედევან, მე მოგახსენებთ ერთ საშუალებას, რომელიც კარგ მზითევს შესძენს სულიკოსა. აბა, გადაშინჯეთ განსვენებული მამა თქვენის ქაღალდები, მე კარგად მახსოვს, რომ მათმა ბრწყინვალებამ სულიკოს სახელობაზე ხუთასი თუმანი შეიტანა ბანკში. ბილეთი ამ ფულისა სახატეს ქვეშ რომ რკინის ყუთი დგას, იქ უნდა იყვეს შენახული. გედევანს სიხარულით სახე გაუბრწყინდა. იქვე სკამზე ჩემოდანი გახსნა და ამოიღო რამდენიმე ერთად შეკრული გასაღები. მაშინათვე გაჰქანდა იმ ოთახისაკენ, სადაც ინახებოდა მოხსენებული ყუთი და რამდენისამე წამის შემდეგ გამოარბევინა ნაპოვნი ბილეთი. იგი გადასცა მჟაუნაშვილს და თითონ ხელ - ახლა გაიქცა იმავ ოთახისაკენ. ცოტა ხანს უკან იქვე შეიხმო მიხეილი, მისცა ხელში ერთი მომცრო, ლამაზი კაკლის ყუთი და უთხრა: - ამ ყუთში საწყალი დედაჩემის ნაქონი ოქროსი და ვერცხლის ნივთებია. ეგ ბილეთი და ეს ნივთებიც გადაეცი ჩემს მაგივრად სულიკოს და უთხარი, რომ შემდეგშიაც არასდროს არ დავივიწყებ მე იმას. - დიდად გმადლობთ, დიდად, ჩემო ბატონო! ეს ისეთი ძვირფასი საჩუქრებია, რომლის გეცემაც მხოლოდ თქვენისთანა დიდებული ოჯახის შვილს შეუძლიან... დაუვიწყარი იქნება მუდამ ჩვენთვის ეს გულუხვი წყალობა. შემდეგ ცოტაოდენის სიჩუმისა მიხეილმა ამოახრანტალა და მიჰმართა გედევანს: - თქვენგან გაბედნიერებულს ერთი თხოვნა მაქვს თქვენთანა: აი ეს წიგნი (აქ უჩვენა კარგა მოზრდილი ყრდიანი რვეული) თქვენი მამულის შესავალ - გასავლის წიგნი გახლავთ. ფურცლის ერთ გვერდზე შემოსავალია ჩაწერილი, მეორე გვერდზე - გასავალი. გთხოვთ, რომ დაწვრილებით გაშინჯოთ ეს წიგნი, შეამოწმოთ ყველაფერი საბუთები და, სადაც საბუთები არ გახლდეთ, კეთილ სინდისიანი მოწმეების ჩვენება... და თუ ყველაფერი კანონიერად აღმოჩნდეს, გთხოვთ თქვენის ხელის მოწერით დაამტკიცოთ იგი. - დიდის სიამოვნებით, ჩემო მიხეილ! მხოლოდ საბუთები, მოწმეები და სხვა ამგვარი რამე - რუმეები ჩემთვის სრულიად საჭირონი არ არიან. მე შენ სულით და გულით გენდობოდი და ეს წიგნიც რომ არ გქონდა, ანგარიშზე კრინტსაც არ დავძრავდი. ასე, ჩემო სიძე ბატონო!.. მაჩვენე სად და რა უნდა მოვაწერო. აღტაცებულმა „სიძე ბატონმა“ მაშინათვე გადაუშალა გულუბრყვილო გედევანს მოხსენებული წიგნი და ყველგან, სადაც საჭირო იყო, მოაწერინა ხელი. ამის შემდეგ ხელახლა გადაუხადა გედევანს მადლობა, აიღო ყუთი, ბილეთი, თავისი წიგნები და სრულიად ბედნიერი გამოვიდა გარეთ. შევიდა თავის ოთახში და დასწერა წერილი ქალაქელ მეგობრებთან. მისცა იგინი ერთს თავის ჩაფრთაგანს და სასწრაფოდ გაისტუმრა სამაზრო ქალაქისაკენ. იმავე დღეს მზის ჩასვლისას სახლის ეზოს უკანა კარებიდან გამოვიდა ექვსი ცხენოსანი, წინ მოდიოდნენ სახეგაბრწყინებული მიხეილ ბაადურჩი და მწარედ დაღონებული სულიკო, უკან მოზდევდნენ ჩაფრები. ამათ ჩქარის ნაბიჯით გაიარეს სოფელი და დაადგნენ ქალაქისაკენ მიმავალ დიდ შარა გზასა. კარგა ხშირი ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული, როდესაც თავი ანებეს ამ გზას და გასწიეს იქვე ახლო მდებარე მთისკენ, რომლის ქედზე ლამაზათ გამოჩანდა უკვე ანთებული სანთლებით გაჩაღებული პატარა ეკლესია. - აგერა, სულიკო! - ხელის გაშვერით დაიძახა მჟაუნაშვილმა, - აიმ საყდარში უნდა დავიწეროთ ჯვარი. ჰხედამ, ჩემს მეგობრებს უკვე გაუჩაღებიათ ეკლესია. სულიკო გაშტერებული იჯდა ცხენზე, მთელი ეს გზა არც აქეთ მიუხედნია, არც იქით. არ შეინძრა არც ეხლა და მჟაუნაშვილის სიტყვები დარჩნენ უპასუხოდ. მალე შეუდგნენ მთის ფერდობს, აუარეს გვერდზე ჩაბნელებულ პატარა ხეობას, რომელშიაც დამაყრუებელის გრიალ - ჩქრიალით მორბოდა ქაფად გადაქცეული მდინარე. გაიარეს დაბურული ტყე და ბოლოს ავიდნენ მოხსენებულ ეკლესიასთან. სამი ახალგაზრდა და ერთიც ჭაღარაშერთული კაცი დახვდათ აქ. მიხეილ ბაადურიჩმა მაშინათვე გააცნო იგინი სულიკოს. - აი, ჩემო ძვირფასო, ესენი არიან ჩემი კარგი, დაახლოებული მეგობრები... ნამდვილ ძმებში არ იქნება ისეთი სიყვარული, როგორც ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ეს (მიუშვირა ხელი ჭაღარაზე) ბრძანდება გამოჩენილი ადვოკატი... დანარჩენი, აქ ვინცა ვართ, ჩვენ ოთხნი ამისი მოწაფენი გახლავართ. სულიკომ ცივად ჩამოართვა ყველას ხელი: არც ხმა გაუცია და არც შეუხედნია არავისთვის. შევიდნენ საყდარში. მღვდელმა იწყო ჯვრისწერა. მთელი ეს დრო სულიკო იდგა გაშტერებულ - გაშეშებული. გათავდა ჯვრისწერაც. მეფე - დედოფალს საყრდარშივე აკოცნინეს ერთმანეთს. იწყეს მილოცვა. როდესაც შემოსილმა მღვდელმა უკანასკნელად დალოცა მეფე - დედოფალი და მიულოცა მათ გაბედნიერება, მხოლოდ ეხლა შეინძრა სულიკო, მიიხედ - მოიხედა და, გასაოცრად ყველა იქ მოყოფთა, ხმამაღლა დაიძახა: - გათავდა ყველაფერი? - დიახ, გათავდა ყველაფერი, ჩემო დუშკა!.. - უთხრა მას შემკრთალმა მიხეილმა. სულიკო ჯერ მღვდელს დააშტერდა, მერმე შეხედა ქმარს, აავლ - ჩაავლო თვალი სათითაოდ ყველა მეჯვარეებს და მოულოდნელად შეეკითხა ამათ: - თქვენა, ბატონებო, ჩემი ქმრის ერთგული მეგობრები ბრძანდებით? - დიახ, ქალბატონო, დიახ!.. - მიუგეს მათ ერთმხრივ. სულიკომ გაიცინა, გაიხარხარა... მერმე მაგრა ჩამოართვა ყველას ხელი, აჩქარებით გამოვიდა საყრდიდან და მარდათ შეხტა ცხენზე. იმავე წამს ამხედრდნენ დანარჩენნიც. მშვენიერი, სულისა და გულის წარმტაცი სურათი იყო მათ წინ გადაშლილი. ბადრი, სავსე მთვარე კარგა მაღლა ამოსულიყო მოწმენდილ ლაჟვარდ ცაზე და ალერსიანის ღიმილით გადმოსცქეროდა მის ქვეშ გადაშლილ, გაზაფხულის მადლით აყვავებულ ქვეყნიერებას. მისი ნაზი, მკრთალი ნათელი უხვად მოჰფენოდა ამ ქვეყნიერების ყოველ კუთხეს, უთვალავ ბრწყინვალე სვეტებად ჩაშვებულიყო მოხსენებულ ხეობაში და ძირიდან თავამდე აევსო იგი ზღვასავით მოციმციმე, სარკესავით მოელვარე ჰაერითა. აქედან, ამ დღესავით განათებულ ხეობიდან, წეღანდელი მრისხანე შხუილის მაგივრად ამჟამად ისმოდა სიცოცხლით სავსე სასიამოვნო ჩხრიალ - ჩუხჩუხი პატარა მდინარისა. მარად მოუსვენარი გრილი და წმინდა ნიავი მარდად დაჰქროდა, დაძვრებოდა აქეთ - იქით. ხან დაბურულ ტყეს ესტუმრებოდა, უთვალავ ტოტებსა და ფოთლებს შუა დასრიალებდა და ამ დროს ისმოდა იქიდან გაბმული შრიალი, გუგუნი, რომელსაც ხშირად უერთდებოდა მუნ დაბინავებულ ფრინველთა და ნადირთა ხმაურობა; ხანაც მთის ახავერდებულ ფერდობებს ურბენდა, კლდის ნაპრალებში ძვრებოდა. გზებსა და ბილიკებს ათვალიერებდა და მათზე მოსიარულეთ გუნდრუკის კმევით სალამს აძლევდა, ფიანდაზად ეშლებოდა წინა. აგერ თვალი მოჰკრა ჩვენს ცხენოსნებსაც, უცებ შემოტრიალდა მათკენ, შემოურბინა გარშემო, ცხენზე მჯდომარე კეკლუცი დაინახა, მის წინ შეჩერდა და სულგანაბული ცქერად გარდაიქცა. სწორედ ამ დროს მშვენიერი დედოფალი შეინძრა, ყელი მოიღერა და ლამაზი, ვარდ - შაქარა ტუჩები გახსნა. მიმშვიდებულ, მიწყნარებულ ჰაერში გაისმა ეშხითა და გრძნობით სავსე მაღალი წკრიალა ხმა... - ქალი მღეროდა და ამ სიმღერაში ისმოდა საზარელი კვნესა, გოდება, ქვითინი უიმედო სულისა, სასოწარკვეთილების ცეცხლით დამწვარი გულისა. მომღერალი თითქო ხედავდა ძვირფას სამარეს, რომელშიაც იმარხებოდა მისი ბედნიერება, ყმაწვილ ქალობა, ოცნება. ამათ დასტიროდა, ცრემლს აფრქვევდა, საუკუნოდ ეთხოვებოდა. მსმენელნი პირველ ხანს შეკრთნენ, გაოცებით შეხედეს ერთმანეთს, მაგრამ გავიდა ორიოდ წამიც და ამათაც ვეღარ მოითმინეს, გრძნეულმა ხმამ მოაჯადოვა, გაიტაცა იგინიც... და, აჰა, ამათაც ხმა შეუერთეს მომღერალს; ხმაშეწყობილად, გრძნობით მიჰბანეს მას. მაღალმა ქედმა, დაბურულმა ტყემ, ჩაღრმავებულმა ხეობამ, კლდის ნაპრალებმა ყოველის მხრიდან მოსცეს გუგუნით ბანი. სულგანაბულმა ნიავმაც აღტაცებით შეიფრთხიალა, განივრად გაშალა თავისი მძლავრი ფრთები; გრძნობა, ეშხი, კილო სიმღერისა შეისხა მათზე და ელვასავით გააქან - გამოაქანა. თვალის დახამხამებაზე მთელი მიდამო, ჰაერი, მთა და ბარი მათი ღვთაებრივი მადლით მოჰფინა. XXXII მთელს კვირას მჟაუნაშვილის სახლში ლხინი და წვეულება არ შეწყვეტილა. სულიკო ყოველ დღეს სხვადასხვანაირად იცვამდა, თავგამოდებით კეკლუცობდა და ამ კეკლუცობით ახალგაზრდებსა და მოხუცთ ერთნაირად აგიჟებდა. ყოველ დღე გატაცებით მღეროდა. საარშიყო, ორაზროვან ლექსებს ეშხიანად აკრიალებდა. როგორც ჩვენებური, ისე ევროპული ცეკვა საუცხოვოთ იცოდა და ამით დამსწრე საზოგადოების მთელს ყურადღებას თავისკენ იზიდავდა. დაუმატეთ ყველა ამას მისი გასაოცარი სილამაზე, ეშხი, სიცოცხლე და მაშინ ცხადი იქნება ის გარემოება, რომ არ დარჩენილა ამ ხალხში არავითარი ისეთი, რომელიც კი მისი თაყვანისმცემელი არ გამხდარიყო. ყველაზე უწინარეს ეს თაყვანისცემა იგრძნეს მეჯვარეებმა, მჟაუნაშვილის ერთგულმა მეგობრებმა, ჯვრისწერის ღამესვე ამათ არშიყობა დაუწყეს სულიკოს. უკანასკნელმა ეშმაკურის ღიმილით და უზნეო კოპწიაობით წააქეზა ისინი. ორი დღის შემდეგ ქალაქელმა სახელოვანმა ვექილმა მარტოკა მყოფ სულიკოს ჯერ ხელები დაუკოცნა და მერე გაუბედავად მის ლამაზ ტუჩებსაც შეეხო. ეს გაუბედაობა მალე გაქრა: მისი ალაგი თავისუფალმა ხვევნა - ალერსმა დაიჭირა. როცა ამ ვაჟბატონის მეგობრული გრძნობის სიმტკიცე - უმანკოება გამოცადა სულიკომ, მერე დანარჩენ მეგობრებს მიჰმართა. ამათ უკვე თავბრუ ჰქონდათ დახვეული მისი არშიყობისაგან და ამის გამო პირველსავე შემთხვევას სიხარულით მიეგებნენ. ავადმყოფი, გონებაარეული ქალის ჭუჭყიან იუბკას დაუფიქრებლივ შესწირეს მსხვერპლად თავიანთი მეგობრული გრძნობა, სიფაქიზე ზნეობისა და სიმშვიდე სინდისისა. ყოველ დღე ღალატობდნენ მეგობარს და ამავე დროს თავისუფლად ლაპარაკობდნენ მასთან, მის ჭერ ქვეშ ისხდნენ, მის სუფრაზე ლხინობდნენ, მის პურ - მარილს გემრიელად შეექცეოდნენ: არც ერთ მათგანს სრულიად არ ემჩნეოდა არავითარი მხილება სინდისისა. მაგრამ რაებს ვლაპარაკობ მეცა! ლხინება იქ არის შესაძლებელი, სადაც სინდისი სულ მთლად არ არის გათხუპნული საძაგლობისა და ბოროტების ჩირქითა. რა ხელი აქვს სინდისს იმ ორფეხა პირუტყვებთანა, რომელთაც ეს სინდისი დიდი ხანია მეტ ბარგად ჩაურიცხავთ, ამოუგლეჯიათ სულიდან და გულგრილად გადაუსროლიათ სანაგვეზედ?.. უბედური სულიკო დღე და ღამ რაღაც აღგზნებულ, აღელვებულ მდგომარეობაში იყო. ლხინობდა, თავგამოდებით მხიარულობდა, მის გატაცებულ სიმღერას და ცეკვას საზღვარი აღარა ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი თვალი და შემტკივარი გული ყველა ამაშიც ცხადად დაინახავდა არაჩვეულებრივ მოვლენას: ავადმყოფი სულის პრანჭვა - გრეხას, არეული გონების მოუსვენარ შფოთვას, შენიშნავდა აგრეთვე ქმრისადმი აუხწერელს მძულვარებას. არც ერთი საალერსო სიტყვა არ დასცდენია პირიდან მეუღლის შესახებ. არც ერთხელ არ მოხვევია მას გრძნობით. არც ერთხელ გაუღიმია მისთვის ეშხითა და სიტკბოებით!.. ხალხში თავდაჭერით, ზრდილობიანად ექცეოდა, მარტოკა კი მარად წარბშეკრული, თვალებდაბღვერილი ებუზღუნებოდა. როდესაც ქმრის რომელსამე მეგობართან პირუტყვულს ჟინს იკლავდა, საზიზღარის დაცინვით იბრუნებდა სახეს იქით, საითკენაც ეგულებოდა ამ ჟამად ქმარი და უგნურის ნიშნმოგებით ამბობდა: ჰე, მოგხვდა!.. დაგასხი თავზე ლაფი თუ არა?!. ამას ისეთის კილოთი, ისეთის რიხით იტყოდა, თითქო მართლა მის ქმარს ესხმოდა თავზე ლაფი და თითონ კი თოვლივით სპეტაკი და ანგელოზივით უმანკო რჩებოდა. რამდენსამე თვის შემდეგ სულიკოს მობეზრდნენ მოხსენებული,,კავალერები“. ახლა სხვები იშოვა, სხვებთან იწყო გაგრძელება დაწყებული ცხოვრებისა. მჟაუნაშვილი კაი ხანს ვერას ამჩნევდა: მეგობრებს ნდობით ექცეოდა და მათ შესახებ გულში ეჭვსაც კი არ იტარებდა. ბოლოს ერთ მათგანს მოასწრო ცოლის საწოლში, გაბრაზებულმა იძრო ხანჯალი და მძიმედ დასჭრა იგი, რის გამოც ჩავარდა ლოგინად და ექვსიოდე კვირის შემდეგ ჩაჰბარდა პატრონსა. რადგან ჭრილობის მიზეზად თვით დაჭრილმა სრულებით სხვა შემთხვევა აღიარა, ამის გამო მკვლელისათვის ბუზიც არავის აუფრენია. გულშეწუხებული სულიკო ამ ჟამად უნებლად გადარჩა, მაგრამ ამის შემდეგ ქმარმა უწყო თვალყურის დევნება და თითქმის ყოველდღე იტყიპებოდა ხან მათრახითა და ხელით, ხანაც წიხლით და ჯოხით. უბედურს ერთ დროს თავმომწონე ქალს, ყოველივე ეს დამცირება ამ ჟამად აინუნშიც არ მოსდიოდა, მეორე დღესვე აღარაფერი ახსოვდა და ერთი კვირის შემდეგ იგივე გვერდების მტვრევა, თმის ბრდღვნა, მიწაზე თრევა ატყდებოდა თავს, რაც მოსდიოდა წინათა. ბოლოს ერთმა ხვთისნიერმა მოხუცმა ექიმმა მიაქცია ყურადღება მჟაუნაშვილისა და სულიკოს ავადმყოფობაზე, გაბოროტებულ მეუღლეზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დამშვიდებულის გონებით უწყო ცქერა ცოლის ყოველ დღიურ სიტყვა - პასუხს, ყოფა - ქცევას და მართლა დარწმუნდა, რომ ექიმის აზრი საფუძვლიანი იყო. ჩასთვალა იგი სულით ავადმყოფად და ამ დროიდან მიუშვა აღვირი და მიანება თავი. მომეტებულ დროს იგი ატარებდა სახლის გარეთ. გაიჩინა ამანაც,,სატრფო გულისა“ და მასთან უფრო ხშირად იყო, ვიდრე ჯვარდაწერილ მეუღლესთან. ამავე დროს მიხეილ ბაადურიჩი კვლავ დაუბრუნდა თავის ხელობას. საკუთარი საქმეებიც მრავალი აღმოუჩნდა და ამის გამო სხვადასხვა სასამართლოებში სიარულს ერთ დღესაც ვეღარ ართმევდა თავსა. მომეტებულად კი იგი იყო გატაცებული იმ საჩივრით, რომელიც იწყო თავად გედევანის წინააღმდეგ. XXXIII ჩვენი სპასოვიჩი ხელახლად ჯარასავით დატრიალდა სხვადასხვა სასამართლოებში. გედევანის წინააღმდეგ მან წარადგინა სამი წერილობითი საბუთი. ერთი ამათგანი იყო ხუთი ათასი თუმნის თამასუქი; მეორე გახლდათ პირობის წერილი, რომლითაც მჟაუნაშვილი ვალდებული ხდებოდა ეწარმოებინა ყოველგავარ სასამართლოებში თ. თონიკეს საქმეები. ამ სამსახურისათვის მოხსენებული თავადი ჰპირდებოდა წელიწადში სამას თუმანს. მესამე საბუთიც პირობის წერილი იყო. ამ ქაღალდით მიხეილ ბაადურიჩი ხდებოდა განსვენებული მებატონის ადგილ-მამულის თვალ-ყურის მჭერლად, მოურავად, რისთვისაც უნდა მისცემოდა წელიწადში ორასი თუმანი. ყველა ეს ქაღალდები იყვნენ შედგენილნი სრულიად კანონიერად; ეწერათ ნამდვილი ხელი თონიკესი და ნოტარიუსისაგანაც იყვნენ დამტკიცებულნი. როგორ მოხერხდა ყოველივე ესა? როგორ მოხდა, რომ ხუთასი თუმანი ხუთი ათასად გადაიქცა? საიდან გაჩდნენ პირობის წერილები? რანაირ იქმნენ დამტკიცებულნი ეს წერილები მაშინ, როდესაც თონიკეს უკანსკნელ წლებში ნოტარიუსი შორიდანაც კი არ დაუნახავს?.. ეს ყოველივე მხოლოდ სპასოვიჩმა და მისმა სახელოვანმა ოსტატმა იცოდნენ. გედევანს ელდა ეცა. შეიტო თუ არა, იმავე წამს გაჰქანდა მჟაუნაშვილთან. ნახა ეს ვაჟბატონი და რამდენსამე წამს გაოცებულ - გაშტერებული დარჩა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა: ეგონა, რომ ეს წარბშეკრული, ამაყად მდგარი მჟაუნაშვილი კი არა, სხვა ვინმე, მისი მსგავსი იყო. მაგრამ თავის და სამწუხაროდ, მალე დარწმუნდა ამგვარი ფიქრის უსაფუძვლობაში. დაიწყეს ლაპარაკი, რომლის დროსაც ხან ჩხუბობდნენ, ყვიროდნენ, ხანაც დაბალის ხმით მშვიდობიანად აძლევდნენ ერთმანეთს პასუხს. მთელი საათი ილაპარაკეს, მაგრამ ბავშვივით გამოუცდელმა გედევანმა გაამაყებულ მოწინააღმდეგესთან სრულიად ვერა გააწყო რა. ერთადერთი სარგებლობა, რომელიც ამ ლაპარაკიდან გამოიტანა, ის იყო, რომ თვალები აეხილა; ახლა კი ცხადათ დაინახა ვისთანაც ჰქონდა საქმე. დაინახა თავის ნამდვილ ტყავში იგი, რომელსაც წინად მუდამ ბატკნის ტყავში გახვეულს ხედავდა. თვალები აეხილა, მაგრამ ვაი რომ მეტისმეტად გვიან მოხდა ეს ამბავი!.. გაცეცხლებულ, გაბრაზებულ გედევანს უცებ ერთი უბედური აზრი დაებედა თავში: მოდი, სულიკოს ვნახავ... იქნება იმან დაიყოლიოს როგორმე ეს შეჩვენებული და შინაურულად გამითავოს საქმეო. ამ აზრით წამოდგა ფეხზე და, ნაცვლად გამოსალმებისა, მოუბრუნდა მჟაუნაშვილს: - შეიძლება ეთერი ვნახო?.. ეთერის მეუღლემ ჯერ მწარედ გაიღიმა, და მერმე დაცინვის კილოთი უპასუხა: - რატომ! მიბძანდი აგერ აი იმ ოთახში. გედევანი გატრიალდა იქით. სულიკომ პირველსავე ხმაზედ იცნო გედევანი, წამოდგა ტახტიდან, ყური მიადო კარებს და იწყო ჩუმად სმენა ყველა იმისი, რასაც ლაპარაკობდნენ გედევანი და მჟაუნაშვილი, აღტაცებით ისმენდა უკანასკნელის ამაყ პასუხებს, ჩუმად ტაშს უკრავდა ამის ბრიყვულ კითხვებს. კარგად გაიგონა გედევანის უკანასკნელი სიტყვებიც და მოემზადა დასახვედრად: შესდგა თუ არა გედევანმა მის ოთახში ფეხი, იმავე წამს გაისმა დამცინავი ხმა სულიკოსი. - ააა გამარჯვებათ, კნიაზო! როგორ ბრძანდება თქვენი ბრწყინვალება? როგორ ჰსუფევს თქვენი კალმით ნახატი, კეკლუცი და მშვენიერი კნეინა? გავიგე მისი ავადმყოფობა და ვფიცავ მის ლამაზ თვალებს და დატკრუცულ ლოყებს, ძიელ მეწყინა! მის დიდებულ წინაპართა წმინდა საფლავებს გეფიცებით, რომ მწყურიან ნახვა მისი, მაგრამ გლეხის გომბიო გახლავართ და ვაი თუ არ მიკადროს. გედევანი შეკრთა. ჯერ გაწითლდა, მერე სიყვითლის ფერმა გადაჰკრა, იქვე კარებთანვე შეჩერდა და დააპირა უკან გაბრუნება. ეს შენიშნა სულიკომ, კატასავით გადახტა და ჩადგა კარებსა და მის შუა: - როგორ იქნება, კნიაზო, ასე მალე წაბრძანება! მოითმინეთ, ღვიძლსა და თირკმელს რომ ცეცხლი მიწვავს, გამინელეთ; გატანჯული გული მომაოხებინეთ... იმ დღეს შემთხვევით ვნახე თქვენი ჭკუა-გონებით სავსე შვილები. ვაჯს ყურები გავუზომე და ხა, ხა, ხა, სიგრძე თითო ყურისა სწორედ სამი გოჯი გამოვიდა. მშვენიერი იყო აგრეთვე იმავე თქვენი ვაჟის ქვემოთა ტუჩი, დამპალ-დაწყლულებული დორბლისა და ფურთხისაგან. ქალი ცოტათი თქვენ გგავთ, კნიაზო, მაგრამ მეტად სამწუხარო ამბავი შევიტყვე მის შესახებ: ბნედა მოსდის ხოლმეო!.. სწორედ სულში ჩასაძვრომი გვრიტები ყოფილან, ენაცვალოთ იმათ თავიანთ მაღალ ხარისხოვანი დედა!.. გახსომთ, კნიაზო, ერთხელ როდისღაც რო იძახოდით: ვინა სთქვა, რომ ქვეყნიერებაზედ ბედნიერება არ არისო?.. იჰ, აბა რა სათქმელი იყო ესა!.. გლეხუჭას გომბიოს ხვევნა-კოცნას რომელი თავადიშვილი ჩასთვლის ბენიერებად?.. ბენიერი აი ეხლა ბრძანდებით, თქვენო ბრწინვალებავ! მშვენიერი და დიდათ განათლებული მეუღლე, მარგალიტი ნიჭიერი შვილები... მამიდა თქვენის რუსუდანის სახელსა ვფიცავ რომ სწორედ მოსალოცი ქმარი და მამა ბრძანდებით, მაშ მომილოცავს!..ღმერთმა ამრავლოს თქვენს გვარეულობაში თქვენი შვილებისთანა ღირსეული წარმომადგენელნი, დიდებულ და სახელოვან მამა-პაპათა დამამშვენებელნი!.. - სულიკო, ეთერ, გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს! - შესძახა აღელვებით გედევანმა... - ჩემზედ, ჩემ ცოლზედ, რამდენიც გნებავს ილაპარაკე, ილანძღე... რას ერჩი პატარა ბავშვებს?.. რა დანაშაული აქვთ იმათ შენთან? ნუთუ თავიანთ უბედურობა არ ეყოფათ, რომ შენც წიხლით არ შესდგე იმათ?.. - ხა, ხა, ხა... - გადაიხარხარა სულიკომ ხმა მაღლა... - უბედურნი არიან ისინი?.. მე?.. მე განა ბედნიერი ვარ?.. ოხ, რა კარგი იქნებოდა, რომ მეც იმათსავით ტვინი არ მედოს თავში, რომ მეც იმათსავით არაფერს ვგრძნობდე, არაფერი მესმოდეს!.. ისინი კი არ არიან უბედურნი, უბედური მე ვარ, მე თქვე წყეულებო, თქვე შეჩვენებულებო... ხა, ხა, ხა, ხა!.. - აქ უბედურმა, სახე დაღრეცილმა ქალმა გააბა საზარელი წივილ-კივილი. თავზარდაცემულმა გედევანმა ქალი ტახტთან მიიყვანა, დასვა და თითონ გამოვარდა კარზე. XXXIV მთელი ის დღე გედევანს შინიდან ფეხი აღარსად გაუდდგამს. სულიკოს დაღრეცილი, სიბრაზით და ავადმყოფობისაგან დამახინჯებული სახე აღარ შორდებოდა მის თვალებს, მისი საზარელი წივილ – კივილი აღარ გამოდიოდა მის ყურებიდან. იჯდა კარჩაკეტილ ოთახში და წყევლა - კრულვას უგზავნიდა იმ გარემოებათ, რომელთაც ჯერ დაუახლოვეს ერთმანეთს სულიკო და იგი და შემდეგ საუკუნოდ გაჰყარეს იგინი. გრძნობდა თავის დანაშაულს სულიკოს წინაშე და ყოველს თავის აწმყო უბედურებას სთვლიდა განგებისაგან მოვლენილ სასჯელად, სულით და გულით უნდოდა ამ დანაშაულის გასწორება, მაგრამ როგორ? რა გზით? - აი საკითხი, რომლის პასუხს ამაოდ ეძებდა თავის გრძნობა – გონებაში. რაკი ამ მხრივ საქმეს ვერა უშველა - რა, მიმართა უკვე ნაცნობს, მრავალჯერ გამოცდილს საშუალებას: დაუძახა ბიჭს, მოატანინა ერთი ბოთლი კონიაკი და ღვინის ჭიქით იმდენი სვა, სინამ ადამიანურ გრძნობასა და ფიქრს პირუტყვულ ტყავში არ ამოაყოფინა თავი. მეორე დღეს რომ წამოდგა ლოგინიდან, წინა დღის შთაბეჭდილებანი თითქმის სრულიად დავიწყებოდნენ. ახალი ტანისამოსი ჩაიცვა და გასწია თავის ნაცნობ – ნათესავებთან. ნახა ყველა ესენი და ყველას დაწვრილებით უამბო მასზედ, თუ რა საქმეს უშვრებოდა მას მჟაუნაშვილი. სიტყვით ყველანი სწუხდენენ, თანაგრძნობას უცხადებდნენ, რჩევა – დარიგებას აძლევდნენ. ნამდვილად კი ამ ამბით გული არავის არ დასწვია, საქმით დახმარება ფიქრადაც არავის მოსვლია. იყვნენ ამათში ისეთებიც, რომელთაც მეზობლის უბედურებაზე სიამოვნებით აუტოკდათ გული. გედევანმა ფეხზე დააყენა რამდენიმე ნათესავი მოხუცი გენერლებიც. ამათ ეგონა, რომ ამ საქმესაც ისე ყოჩაღად მოუღებდნენ ბოლოს როგორც ერთ დროს დაღესტნის ციხე - კოშკებს, გამაგრებულ, მიუვალ სოფლებს უღებდნენ ხოლმე, მაგრემ ყოველივე ცდა ამაოდ დარჩა. სპასოვიჩმა გაიმაჯვა ყველა აქაურ სასამართლოებში; შემდეგ პეტერბურგში წავიდა და სენატიდანაც გამარვებული გამოვიდა. რვა ათასი თუმნის აღმასრულებელი ფურცელი აიღო და ჩვენგან ცნობილი თონიკეს სასახლე, ზვარი სამასი დღის სახნავ - სათესი მიწა, კარგა დიდი ტყე და საძოვარი ადგილები ასწერა და თავის საკუთრებათ დაინარჩუნა ხუთი ათას თუმანში. მამაპაპეულ სოფლიდან აბარგა საწყალი, სულით დაცემული, არყითა და ღვინით გაჟღენთილი გედევანი და თვით მჟაუნაშვილი დიდის ამბითა და ყოფით გადასახლდა იქ. სულიკო სწორედ გაგიჟებული იყო აღტაცებით. ამას სულის ცხონებასავით უნდოდა ენახა თავისი თვალით კნეინას გამოძევება, დამცირება. მაგრამ ვერ აუსრულდა ბოროტი საწადელი. როცა ძვირფას ახალ ტანისამოსში გამოპრანჭული სულიკო მოვიდა თონიკეს სოფელში, წინანდელი მებატონე უკანასკნელისა იქ აღარ დახვდა. ამპარტავნულად თავაღებული მჟაუნაშვილი და მისი გადარეული მეუღლე დასახლდნენ დიდებული გვარის ნატამალზე და ქარაფშუტულის სიამაყით იწყეს ნგრევა და გადაკეთება ყვალა იმისი, რაც კი ძველი ოჯახის უწინდელ დიდებას აგონებდა კაცსა. ეზოში საუცხოვო ჭადრები იყვნენ ჩამწკრივებულნი. ესენი შიგ ძირში დააჭრევინეს და მათ ნაცვლად ჩარგეს კაკლისა და თუთის ხეები, ზვარში, ორ - სამ მაღლობ ადგილზე იდგნენ მშვენიერი ვარდ - ყვავილებით და ფათალოს მწვანე ფოთლებით დაბურული სალხინოები. სულიკომ იცოდა, რომ ამ სალხინოებში კნეინას ხშირად უყვარდა დროს გატარება. ამის გამო სამივენი ერთ დღეს დააშლევინა; ლამაზი ჩუქურთმიანი ხეები და ფიცრები დააწვევინა და მათ ადგილზე დაათესვინა პრასა - ნიახური, კართოფილი და კომბოსტო. სასახლე სულ ერთიან გადააკეთებინეს. მრავალნაირი ცვლილბა მოახდინეს სახლის გარეთაც. როდესაც გლეხაბმა მჟაუნაშვილი და მისი წყეული ჩაფრები ხელახლად დაინახეს, მთელ სოფელში ერთი საშინელი ვაი - ვაგლახი დატრიალდა. ხალხი ისე ჰგლოვობდა ამ ამბავს, როგორც უწინდელ დროში გლოვობდნენ ხოლმე მტრის შემოსევას და ქვეყნის აკლებასა. შეწუხებული გლეხკაცობა არა მალავდა წინანდელი ბატონის სიყვარულს და აწინდელის მძულვარებასა. თავგასულმა სპასოვიჩმა ესეთი დახვედრა ითაკილა, ბატონკაცურად განრისხდა და პირველსავე დღიდანვე იწყო შევიწროება მომავალი მეზობლებისა. სოფელს არც ტყე ჰქონდა საკუთარი, არც საძოვარი. ერთსაც და მეორესაც შეიარაღებული ყარაულები დაუყენა. საღალოდ გაცემულ მამულს ღალა ერთი - ოარად მოუმატა. გაჩნდა ბრძოლა მცხოვრებთა და ახალ მებატონეს შორის, ბრძოლა ჯერჯერობით ჩუმი, ფარული, მაგრამ მედგარი და შეუბრალებელი. ისე დღე არ გაივლის, რომ ორი - სამი განაჩენი არ შემდგარიყო სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ. დამწყვდევა, დაჭრა, დახოცვა საქონლისა, გლეხკაცების ცემა და თავ პირის მტვრევა – ჩვეულებრივ მოვლენად გადიქცნენ. მაგრამ ყველაზე მომეტებულად მამასახლისთან, პოლიციის ბოქაულთან და სასამართლოში გამუდმებულმა ხეტიალმა გაუჭირა საქმე გლეხკაცობას. რაღა თქმა უნდა, ესენიც არ ზოგავდნენ თავიანთ შემაწუხებელს. გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ პიტდაპირობით გაოსტატებულ,,აბლაკატთან“ და მის თვალსისხლიან, კაციჭამია ჩაფრებთან ვერას გააწყობდნენ; ამიტომ მიმართეს ქურდულ მოქმედებას. ჩუმად ცეცხლს უკიდებდნენ ტყესა, ღამღამობით უძოვებდნენ სიმინდსა და ყანებს, უფუჭებდნენ სარწყავ რუებს, უჭრიდნენ ნამყენებს, უჩეხავდნენ ვაზს. ყოველივე ეს უფრო უარესად აცოფებდა მიხეილ ბაადურიჩს. სამი ოთხი გლეხი ჩაამწყვდევინა სატუსაღოში; ეზოსა და ზვრის სიახლოვეს მცხოვრებელნი ძალმომრეობით აჰყარა, მოუშალა მამაპაპური კერა, დაუსხა ცეცხლზე წყალი. ამგვარ ვაისა და ვაგლახში გავიდა სამი წელიწადი. მეგობრები ურჩევდნენ მჟაუნაშვილს - შეჩერებულიყო; ეკმარა რაც ჰქონდა, თვითონაც მოესვენა და სხვებისათვისაც მიენიჭებინა მშვიდობა, მაგრამ სამგლე გოჭივით ატეხილი, ხარბი და აბეზარი კაცი არავის და არაფერს ყურადღებას აღარ აქცევდა. რაც უფრო მეტს იძენდა, იმდენად უფრო უძლიერდებოდა სურვილი უმეტესი შეძენისა. ადამიანი სიხარბედ გარდაიქცა და ეს სიხარბე მშიერ მგლად მოევლინა ქვეყნიერებასა. გაუჭირდა სოფელს არსებობა!.. გამწარდა სიცოცხლე!.. მრავალტანჯულ იობს შემოელია მოთმინება!.. XXXV შემოდგომის ცივი, ავდრიანი დღე დაღამდა. შავის ღრუბლებით დაბურული ცა ძაძებში გახვეულ მგლოვიარესავით ჩამოსცქეროდა მაღლიდან დედამიწის მომაკვდავ ბუნებას. ხანდისხან სევდა - ნაღვლით სავსე გაბმულის ზუზუნით წამოუბერავდა ხოლმე დასავლეთის სუსხიანი ქარი და ამ დროს დედამიწაზე ცვიოდა წვრილი, ჟიჟმატა, სეტყვასავით ცივი წვიმა. თუ სადმე მყუდრო ადგილას ან მწვანე მცენარე მოსჩანდა, ან რომელიმე პაწია სულდგმული იმალებოდა, საკმარისი იყო ამ სუსხიანი წვიმის ერთი დაცემა, რომ მაშინათვე ფერი სცვლოდა, სიცოცხლე მოსწრაფებოდა. მინდორი და ველი სულ დაცარიელებულიყო; მხოლოდ აქა - იქა სარწყავ ადგილებში გამოსჩნდნენ ჯერ კიდევ მოუჭრელი გამხმარი სიმინდები. ერთი ამგვარი სიმინდით სავსე მიწა შარა გზის პირად იყო გაჭიმული. ამ სიმინდში, გზის ახლო, რამდენიმე კარგა მოზრდილი ბუჩქი მოჩანდა. კაცს რომ დაკვირვებით დაეთვალიერებინა ეს ბუჩქები, ეჭვი არ უნდა, თვალს მოჰკრავდა მასში ჩამალულ სამს ახალგაზრდა გლეხსა. ერთ ამათგანს ორლულიანი უბრალო სანადირო თოფი ეჭირა, დანარჩენთ წელზედ ხანჯლები ერტყათ და ხელშიც ხანჯალზედ არა ნაკლებად მძლავრი იარაღი, დალურსმული, მსხვილთვალიანი და გრძელტარიანი კომბლები ეჭირათ. ესენი ერთმანეთს თითქმის სრულად არ ელაპარაკებოდნენ; ისხდნენ ჩუმათ, თითქო მცირეოდენი განძრევისაც კი ეშინიათ, თვალები მარად გზისკენ ეჭირათ, სახეზე აღელვება, მოუსვენრობა ეტყობოდათ. მალი მალ ხან ერთი დგებოდა, ხან მეორე და სიფრთხილით დასავლეთისაკენ იცქირებოდნენ. სჩანდა, მათი გაბოროტებული გული იქიდან ვიღასაც მოელოდა. ამ მოლოდინმაც დიდხანს არ გასტანა. კარგა ხშირ ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული, როდესაც მოხსენებულ გზაზე გამოჩნდა ორი ცხენოსანი: მიხეილ მჟაუნაშვილი და ერთი მისი ჩაფართაგანი. პირველი ნაბადში იყო გახვეული და მშვენიერ ცხენს კოხტად მოაგოგმანებდა. ჯერ ორმოცდახუთის წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ თმა და წვერულვაში კი თოვლივით გასთეთრებოდა. თუმცა თვალებიდან ძველებურადვე გამოჰკრთოდა მხნეობა და ხასიათის სიმტკიცე, მაგრამ ამსთანავე მთელს სახეს ცხადი ბეჭედი აჯდა დაღლილობისა, დაქანცვისა, უდროვოდ დაბერებისა. არ ვიცი, წაკითხული ჰქონდა თუ არა განსვენებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ღრმა აზრიანი სიტყვები შესახებ ადამიანის სიხარბისა და მოუსვენრობისა;,,შფოთვენ და დრტვიან... და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თითონ არიან“. ჯანითა და ღონით სავსე კაცმა რით დაიბერა ასე უდროოდ თავი?! რისთვის მოიწამლა, უბადრუკმა, ისედაც მოკლე სიცოცხლე? რა მიზანი, რა აზრი ჰქონდა მის ყოველდღიურ შფოთვა - ღელვას, ტანჯვასა და მოუსვენრობას? რა მოგახსენოთ! ჰკითხევით, ჩემო ბატონო, ადამიანის უგუნურებას! საბრალო! ისეთნაირად ებღაუჭებოდა წუთისოფელს, თითქო საუკუნოდ მის ნებიერ და საალერსო სტუმრად დარჩებოდეს ამ ქვეყნად!.. უცებ საზარელის ხმით დაიგრიალა ორის ტყვიით გატენილმა თოფმა.,,მომკლეს“! გაისმა იმავ წამს მჟაუნაშვილის ღრიალი. ცხენი დაფრთხა: ჯერ ერთ გვერდზე გადახტა და მერე დაფეთებული უგზო – უკვლოდ გაჰქანდა სოფლისაკენ. პატრონი მისი პირველსავე შეფრთხობაზე ცხენიდან გადმოვარდა და უგრძნობლად დაეცა სიმინდის პირად. ჩაფარს უნდოდა პირქვედაცემული ბატონის მიშველება, მაგრამ თვალი მოჰკრა გააფთრებულ გლეხს, რომელიც ვეფხვივით გადმოხტა გზაზე; შეშინდა, ცხენის კისერს სალტესავით გაეკრა და გაჰქუსლა. გლეხმა დაუმიზნა თოფი, ესროლა მაგრამ გაქცეულს ვერ მისწვდა ტყვია. თოფი მიწაზე დაანარცხა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოჰკურცხლა. სიბრაზისაგან გადარეულს უნდოდა დასწეოდა გაჭენებულ ცხენს. მალე იგრძნო სისუსტე და გულში მუშტის ცემით შეჩერდა. შეჩერდა, მაგრამ გაფითრებული სახე და ანთებული თვალები ვეღარ მოეშორებინა მომავლისათვის. ამ დროს მისმა ამხანაგებმაც მოირბინეს მასთან. - ე რა ღმერთი გამიწყრა, - სთქვა მან გაბრაზებით, - გაფრენილ ჭივჭავს არ ავაცდენდი ხოლმე ტყვიასა და ეხლა კი ვეებერთელა ცხენსაც ვერ მოვახვედრე. მაგრამ მაგის ჯავრს მაინც არ წავიღებ ციმბირში. სანამ მაგას დედას არ აუტირებ, ამ არემარეს არ მოვშორდები. მერე კი მე თითონ მივალ ნაჩალნიკთან და ვეტყვი ყველაფერს. - ჩვენც ეგრე ვიზამთ, ჩვენც შენი ამხანაგები ვართ, როგორც აქა, ისე ციმბირშიც... - უთხრეს მას ამხანაგებმა. - არა, ძმებო, ჯერ ერთი, რომ ეგ ძაღლი მარტო მე მოვკალი, და მეორეც ისა, რომ მე არავინა მყავს... ვინ ამიტირებდა, რომ დავიღუპო?.. თქვენ კი დედ – მამა, ძმები, დები გყვანან. წადით ეხლავე სოფელში და ისე მოიქეცით, ვითომც არაფერი არა იცით რა ამ საქმისა. დაე, მარტო მე გავხდე სოფლის ჭირის სანაცვლო!.. მშვიდობით... - ამ სიტყვებზე ორივე ამხანაგი გადაჰკოცნა და ის იყო აპირებდა ჭალისაკენ გადახვევას, როდესაც მოაგონდა თოფი. მის მოსაძებნად სამივენი გამობრუნდნენ უკან. როდესაც დაუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც მოხდა მკვლელობა, მათ გაოცებით დაინახეს შემდეგი სურათი: მხარში დაჭრილი მჟაუნაშვილი მოსულიერებულიყო, საღ მკლავს დაბჯენოდა, და როგორც სჩანდა: ცდილობდა ადგომასა. - ბიჭო, ბიჭო! - შესძახეს სამივემ ერთად, - ეს ძაღლი ისევ ცოცხალი ყოფილა... არიქა, კომბლები მაგას. სახე შეშლილი, გამხეცებული გლეხები მისცვივდნენ მჟაუნაშვილს... ორის მხრივ დაუდგნენ და შეუბრალებლად დაუშინეს თავსა და პირში კომბლები. სცემეს იმ დრომდე, ვიდრე სისხლი, ძვლები, თმა, ტვინი ერთმანეთში არეულ-აზელილი არ შეესხათ სახეზე. მაშინ კი შეჩერდნენ და ამღვრეულის თვალებით დაუწყეს ცქერა საზარელ გვამსა. მჟაუნაშვილი ერთი ღონივრად გაიზმორა, მარჯვენა ფეხი გააკანკალა და... უბედური, უბედური!!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი