ლოცულობს ყველა ..


ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება.
მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება
ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,
თვალის სინათლეს მწუხრნი კენკავენ,
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ,
სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

ნიშა ტალღების ზვიად ფერხულზე
იცეკვებს ნისლი _ ავდრების დარი.
ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.

მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,
ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.
მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.

ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს არა, ჩემო ლიახვო.
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!

გვემული ტანი რომ აგატანო,
ვაითუ, მოსყდნენ შენი ტალღები.
ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს,
და შევკრთე უცბად ცხედრის წაღებით.

ისევ მე ჩავფლავ ჩემს მწირ ცხოვრებას,
იქ, სადაც თვლემდა არმაზის კერპი,
იქ ბინდებს სძოვდნენ თამარის ცხვრები
ღამე კი შიშით ყვიროდნენ მკვდრები.

და როცა იქით გაავდარდება,
სადაც ეგდება ნეშტი პოეტის.
შენ ამიყვავე ჩემი დარდები,
და ის წარწერა:,,კაცს ვერ ვპოვებდი.”

მივალ, გიტოვებ გულს ქერქდაგლეჯილს,
ლოკე და ლოკე მდურარე სისხლი.
ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი