მეც გამოგყვები ..
მარიამს (მეუღლეს) მეც გამოგყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი, გასწვრივ ზარები სივრცეებში ჩაახველებენ, ლოდების ბღავილს მთების ზათქი ჩააფრინდება, ჩემი ლექსები შენს უბეში იფართხალებენ. ლექსებს ჩაგატან... აბა, მეტი რა მაქვავია, ოხრად დაგრჩება ერთადერთი შენი პოეტი. ჩვენ ხომ გვხიბლავდა ქარვისფერი ლოცვების სვია, და ფანჯრებიდან შემოჭრილი სუროს რტოები. გახსოვს, ქარი რომ ბურტყუნებდა დედის ბალადას?.. ხან კი მწირივით ყაყანებდა ხნიერ ცაცხვებზედ?!.. ხელში მთაწმინდას რო ეჭირა ტატო ბალღივით, და, ღვთისმშობელი გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე?.. თუმცა რათ გვინდა, ყველაფერი რომ გავიხსენოთ, ან ნუკრებივით ძუძუ ვწოვოთ შუქნარა ჩანჩქერებს, ერთიღა დამრჩა... შენს ცრემლების ქვეშ დავისვენო, დახევებული სიყმაწვილე შამბებმა შთანთქეს. ბარბაცით მოვალ მეც ოდესმე შენს სამარესთან, ლოდები მიწას გადასწევენ, რომ დაგინახო, და იცი, რისა მეშინიან?.. მჭვალავს, ღმერთმანი, ბალდახინებმა ხელმეორედ არ დაგიძახონ! მე გაგასვენებ ჩემი მხრებით, რომ დავბრუნდები, ღვინის სარდაფთან დანდობილას ჩამაძაღლებენ, შენს მკერდში ისევ გავიკეთებ ფიქრის საბუდარს, ჩემი ლექსები შენს კუბოში იფართხალებენ. შენს შემკრთალ ძეგლთან მესაფლავე აიტუზება, ცარიელ გზებზე შეაჩერებს მორბენალ თვალებს, დაუშენს წვიმა, წვივებამდე გაიწუწება, ის კი გზებისკენ ცქერას მაინც არ გაათავებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი