გადმორბენა სამყაროსკენ
მე გადმოვრბოდი. ცრემლი გალობდა. ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე... ხატებთან ენთო: უბინაობა და კამერებში მტრედების ბუდე. მიწები ჩანდნენ, ოდნავ ეძნიათ. ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს. მინდოდა ზეცა გადამერბინა და საფლავები სტვენით ამეკლო. ჩრდილ წამოსხმული იჯდა ცხედარი, იცქირებოდა იგი ნაკლებად... ისმოდა: წყევლა შორეულ ხმების და სივრცეებში ძაღლების ყეფა. ქარებს ბურავდა მსუბუქი მტვერი, მიტოვებული ვიწრო ღრუბლებთან. მე ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან. სადღაც სანთლებთან ტიროდნენ ტბები და მე მლოცავდა გზებზე ყორანი. თვალებში იდგა განმარტოებით სქელი სიბნელე როგორც ბორანი. ნაძვები ბაღში ვარდებს უკრავდნენ... გუმბათებს ნთქავდა თოვლივით წირვა. ქარს მთვარის ელვა მსოფლიოს უკან წლების შუქივით გადაეწია. შიში მეფინა მხრების ზემოდან შორს იყო კიდევ დისკოთა მზვარე. კუბო წვიმების წინ ეცემოდა და გრიგალები რეკავდნენ ზარებს. ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი, და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები. სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი, სამყარო არის! დანამდვილებით. პლანეტებს მიღმა ვიღაც ნანობდა, ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს... ლოდებთან ენთო უბინაობა, და ქამარებში მტრედების ბუდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი