გენია და სამრეკლო


შენ ელვარებდი ნაღვერდალივით,
შუქს სცემდი ღამეს და სასოებას.
რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო,
შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას.

სად მიგვლალავდი. ავდრების ცოდვით
კივილი ედგათ უდაბურ ველებს.
ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით
ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს.

ტყის ყვავილების სუნთქვით დაგვზარდე.
თან დედასავით გვაყრიდი ნათელს.
ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე!

დავიხოცებით... დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი