დაუსაბამობის ხილვა


მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო.
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ...
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ
ცადაკარგული ხშირი ზარები.
სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,
მონასტრებს ზევით ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულ ადამიანებს.

ნისლის სტევები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა.
გული იწვოდა და ლურჯი კვამლი
მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან.
მე ხმა მესმოდა, როცა ქვეშ მკვდრები
მძიმე ურდულით კეტავდნენ კარებს.
ქარში ლოდები ზედ მაფურთხებდნენ:
არ მიგიკარებთ, არ მიგიკარებთ.

წასვლა მიწისკენ მეზარებოდა.
ხავსივით მედო სახეზე ცრემლი.
თუმცა ზარები კიდევ მეძახდნენ
და ანათებდნენ ზღვა სივრცეები.
მთვარე ქვასავით ედო სამყაროს,
სიბნელე წლებთან ერთად კიოდა
მხოლოდ სინათლე ამ წუთისოფლის
თხელ კამერებში გამოდიოდა...

ვიხედებოდი დასაბამისკენ.
ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ.
უნდა წახვიდე! - მისტვენდნენ გზები,
- უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო,
ვეხვეწებოდი შერყეულ ხელებს,
პლანეტებს უკან ნუ იყურებით.
ბინდში ელავდნენ გრიგალებივით
ღიმმორეული ნაფეხურები.

შეხვედრილ ქარებს ვწერდი პირიჯვარს,
რომ დამშვიდება მაინც მეხილა.
ნაბიჯს ვადგამდი ფილტვებშემკრთალი
და ვახველებდი სივრცეში ფრთხილად.
კუბო მიჰქონდათ ვერხვების ტოტებს
და შემოდგომის დღეები გრილი.
გამომცქეროდნენ მკვდრები ჯგუფ-ჯგუფად,
გრიგალის შუქი ეფინათ ირგვლივ.

აქ, მსოფლიოში, მზე ჩადიოდა,
მე იქ, კამარებს, თვალს ვაფარებდი.
სადღაც ქარბუქი ლექსებს ამბობდა
და ყურს უგდებდნენ სველი მტრედები.
ვიღუპებოდი უვარსკვლავებოდ,
ვიწევდი მაღლა ფეხის ცერებით.
უკან ზარები ისევ ტიროდნენ
და გუგუნებდნენ ზღვა სივრცეები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი