ლიახვის ნაპირებს
ჩემო მდინარევ, დამხვდი ბალღივით, მე კი გესტუმრე გზების ავყია. ჩემი მკლაურით შლილი ტალღები შენს მდიდარ ჭავლზე ეხლაც აწყვია. ეს ნაირები როდიღა მცნობენ, მეც ვეღარ ვამჩნევ სიყრმის ალაგებს, შევყურებ ზვირთებს გაოცებული, ვით ბრუტსაბძელის შეშლილ სარანგებს. ლოდებს ხავსის ქვეშ შექვავებიან ნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები, ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან, როგორც გარეჯის ხელთნაწერები. შურთხის ფრთებს ჰგევხარ, ჩემო ლიახვო, ნეტავ ამ ფრთებზე მომეკლა თავი, რომ შენს ჩანჩქერებს ჩემს ძვლების ოხჩში ემღერათ სევდა დაუღალავი. ან აელოკა გული ნაკადულს... სანთლების შუქზე ეფიქრა ცხედარს, რომ ჩემი გვამის ხელის კანკალით გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას. საღამო მოდის, ნისლი ზედაშეს სვამენ და დაისს მთები კენკავენ. ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ საქართველოდან გამოგვრეკავენ. რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრი გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს, და შეადარებს გაკმენდილ ზარებს მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი