სტრიქონების ქარაფი


ციალა თოფურიძეს

ნუ დამაყვედრი დაუსტამბავ ლექსების ნაყარს,
ნუ დამყვედრი.
ხომ იცი, რიდი იყო ჩემი გუდამაყარი.
ალალი ხვედრი.
შენც ხომ გქონდა ყაჭის ბანდივით,
რაღაც ელდა შემონახული?
და ზედ ეფარა, შეხერეზადას ხილაბანდივით,
მძლე სიხარული.
დაშლილი ტივი.
ხომ გინახავს ტალღების ქერზე.
ორთაყვირების თავჩაქინდვრა და სინანული,
მოწყენილ მზეზე,
როგორც ტირიფი?
აი, ის მიყვარდა...
და მერე როგორ!
კეთილი გოგო.
მოწყვეტილი ქარების ტაში.
საკია-მუნის შეშლილი სტვენა.
ხნიერ ღრუბლების დიდი ნახირი... ელვის ტაატში.
ჭანდრების ჭავლზე ქარის გაფრენა.
ჭალის ძახილი.
და, იცი კიდევ რა მხიბლავდა?
სიზმრების ნიშზე ანთებული მგზავრის ფარანი...
წარმავლობის ოხერ მარანთან,
ნაირ ფიქრების მწველი ჭრიჭინი,
დარდების ჭილი,
განვდების ზვარი...
ეს იყო, ესა, ჩემის ბალადა,
ჩემი გულის ხუროთმოძღვარი.
ზამთრის პირზე შუაღამისას,
ბუხრის ჩიჩინი: ,,სიცოცხლეს ნატავ რასა ბლანდავ ნაფეხურებით”...
ლექსები ტანში ფართხალებდნენ, ვით ბეღურები.
პოეზია იყო ვერაგი ჭირი,
რო შემეყარა მე ბალღობისას.
ჩემი ფუტურო ძვლების მერქანში
სუსხიან ავდრებს შეთქმულივით უთენებიათ.
ამ დროს, ვიღაც ხრჩოლავდა ქარში.
აქ ცრემლისფერი ამინდებია.
ხო და, იმას გიყვებოდი:
ნუ დამაყვედრი სტრიქონების უიღბლო ნაყარს...
ნუგეშის ქირდვა, მეგობარო, ცოდოა, ცოდო.
დღეთა ჭერებზე ყრმობა მაინც
მარად ყვაოდა.
ჩემი საყდარი თვით ალიონზეც
ზარს არ რეკდა, იცოდე გოგო!
სახეს ჩააკვდა უნდობლობა ყველა უნდობის...
მკერდის ქვეშვცხოვრობ განაბული, ჯანყი მერევა.
შემში ფასკუნჯის ცხედარი ბუდობს,
არ ნახული ბედნიერება.
ის იყო, ისა, მარადისობის ყელმოღერება,
ლაჟვარდების უსურვაზებში
მივარდნილი ქვეყნიერება;
დაუსაბამო, ულეველ გზებზე
ატეხილი მშვენიერება...
მარტო არ უნდა გაგვეშვა, გოგო,
ცოდოა, ცოდო,
ერთად ერთი ბედნიერება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი