უკანასკნელი ქრისტიანები


1. ბეთანია

გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებს
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირ ფერებით
და ხან ცხვრის ფარა კვარცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი.
მიწა გაირღვა თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!..
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს რმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მივდიოდით აღმართზეთ ერთად,
რატომღაც ჩუმად რაღაც უიღბლოდ...

2. ხილვა

აქ დანდობილა გლეხი სახრეზედ
აქ შესწრებია ორშაბათ დილას,
ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ
ჯალალედინის შემოკრულ სილას.

აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმებში ჩაუწნავს ბაბთის შაირი,
აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს,
წყემსდაღუპული სოფლის ნახირი.

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭაღის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს,
რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი.

3. ვედრება

აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

რო ეთქვათ ქარებს მადლი დედაშენს!
თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა დაგეტალახა.

4. ლოცვის ანეული

კედელზე სანთლის შუქი იჭრება,
სჩანს წმინდანებმა როდი მიგვიღეს,
რა გვეშველება წყეულ ნაბიჭვრებს,
თუ გზაც ავდრებმა გადაგვიტიხრეს.

დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება სდგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.

მათხოვარი ზის, როგორც ობობა-
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.

5. თქმულება

აქ წარმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ დიდ გიორგობას,
თურმე ამ ჯვარცმას რო უყურებდნენ,
გვჭორავდნენ: ხედავთ კაცობრიობას?!

სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი გაყრიდა ნაგავს.
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა,
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.

აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები,
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი,
გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი,
და ალაგ-ალაგ ღვია და კვრინჩხი.

6. გამობრუნება

გზა სჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ჰქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა ხატის მიზეზით
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.

ძნელია მუდამ გულდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით
უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი1 თვის წინ

საუკუნო შედევრია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი