ფარშავანგები ქალაქში


ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს
მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში:
(ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს,
და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში).
ქალაქში სიცხე იყო. ეტლები ჰქროდნენ,
მზეს ემდუროდნენ მომეტებულ ნეტარებისთვის;
მხოლოდ კატები ქვეყნის დუღილს შეეხაროდენ,
რომ ინახავენ თავის ვნებას ცხელ დარებისთვის:
როგორც დამსხვრეულ შუშების მტვერი,
ისე ელავდა ლურჯი ჰაერი.
და მოძრაობდა ჩქარ ელვარებით
ხალხი, მორთული ცხელ ოლარებით.
ქარხნების ყვირილი და კვამლი ღვრია,
ქუჩებში სნეული ძაღლები ყრია.
კნავიან სახლებზე ფერადი კატები;
საყდრის გუმბათები
ცას ეშურებიან, ვით ცეცხლის ენები.
მხურვალე ცახცახით დაჰქრიან ცხენები.
მწვანე და წითელი ქოლგების ტრიალი,
სადღესასწაულო დროშების ფრიალი,
ლურჯ ხავერდიან ხეების ლანდები,
ოქროს და ძვირფასი ქვის შუშაბანდები...
სისხლისფერ გველეშაპს ბრაზი ემატება.,
ქალაქში შენიშნეს ჰაერის ანთება...

*
მოულოდნელად, მდუღარე მზის მთვრალი განგებით,
ჰაერი აყვავილდა წითელი ფარშავანგებით.
იყო მათი მოვლენა წითელი ქარტეხილი,
იყო მათი ყვირილი მხურვალედ დატეხილი.
ფრთებზე სდუღდა სპილენძი და კიოდნენ ყვითელ ციდან,
თითქოს ახლა ამოსცვივდნენ გახურებულ ქვაბებიდან,
რომელშიდაც სჩქეფდა რკინა;
და ფრთებდამწვრებს ვერ ეპოვათ ვერსად ბინა.
და ელავდა მათი ტანი სისხლით,
თითქოს ვინმე მოსდევდა ფარშევანგებს მზის ხმლით.
ცხელ ჰაერის ცისფერ ხორცსა გლეჯდნენ მკაცრი ნისკარტებით
და ქალაქში მოფრენილნი გაგიჟებულ მზის დარდებით,
ქუჩებს, ოქროს მდინარეებს, აკვნესებდნენ ახალ შიშით-
და აივსო ეს ქალაქი ხმაურობით და სიგიჟით:
ლიწინით სცვიოდნენ ხეებს ტოტები
აინთნენ სახლები ალმურის მოდებით.
ხალხი ირეოდა კვნესით და ვაებით
ყვირილით მიჰქროდნენ ჩქარი ტრამვაები.
და ფარშავენგები ჰკიოდნენ, ჰკიოდნენ,
მაღალ სახლებიდან კატები სცვიოდნენ.
და გიჟი ცხენები ხედვა ახვეული,
მოსჩანდნენ სვეტებზე მკერდგადახეული.
ოხრავდნენ გაერში მზისგან დავნილები,
სისხლით ატლასობდნენ ძირს ქვაფენილები.
წითელ ქარში ზართა რეკა შემოისმა ყრუ და ჩქარი.
ყველა შიშმა გადარეკა, მხოლოდ მკვდართან მოსჩანს მკვდარი,
ცხელი ორთქლი, ცრემლისფერი, მხურვალე ცას ეფინება,
ჩუმად არის ყველაფერი, ქალაქს წითლად ეძინება.
და სხივოსნობენ გუმბათები, და ოქროს ჯვრები,
იისფერ ნისლში მდუმარებით სჩანან ველები.
ვით დაფლეთილი, სისხლისფერი, სოველი ჩვრები,
ხეებზე სხედან დაღალული მზის ფრინველები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი